უპრიანი სპეციალური საპოლიციო კონტროლი - კვირის პალიტრა

უპრიანი სპეციალური საპოლიციო კონტროლი

რამოდენიმე დღის წინ, საღამოს 9 საათზე დიდ დიღომში ვიდექი და "მარშრუტკას" ველოდი. ვინც არ იცის ავუხსნი, რომ საღამოს 9 საათის შემდეგ დიდ დიღომში მხოლოდ მძღოლის კეთილ ნებაზე ხარ დამოკიდებული - შეიძლება დიდი ხანი მოგიწიოთ "საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის" ლოდინი. შესაძლოა, "მარშრუტკისთვის" ლოდინი სულაც ამაო გამოდგეს - "რა ვქნა, ძმაო, ხალხი არაა"-ს რკინის არგუმენტით. მოკლედ, დაახლოებით 40 წუთი ვიცდიდი და ვფიქრობდი - ნეტავ, როდის იქნება ამ ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკუთარ სახელს რომ გაამართლებს-თქო.

ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც ძალიან პატარა მანქანამ გამიჩერა და იქიდან ვიღაც პიროვნება დაინტერესდა, მქონდა თუ არა მშვიდობა. ზოგადად, თუ ღამე უკაცრიელ ადგილას მოხვდით, ხშირად ინტერესდება ადამიანი შენს თავს არსებული მდგომარეობით. მეც "გულისხმიერ" მძღოლსა და მანქანაში მჯდომ კიდე ორ ადამიანს გადავხედე, ჩემი მშვიდობის ამბავი ვამცნე და ვანიშნე, რომ წასულიყვნენ. თუმცა, პატარა მანქანა ადგილიდან არ დაძრულა და ერთ-ერთმა დაძაბული ხმით მითხრა - აბა, აქეთ მოიწიე, ერთი წამიო. სამჯერ დავაკვირდი ზურგზე და სამჯერ ხმამაღლა წავიკითხე წარწერა "პოლიცია" და მერეღა ჩავწვდი საქმის არსს - სამართალდამცავები სპეციალურ საპოლიციო კონტროლს ახორციელებდნენ, იმ საპოლიციო კონტროლს თავისი შინაარსით, ე.წ. "რეიდს" რომ ჩამოჰგავს. წარმოიდგინეთ სცენა - სამი პოლიციელი მეკითხება, თუ რატომ ველოდები "მარშრუტკას" და ზოგადად, ჩემი იქ დგომა რომ უფრო დაემძიმებინათ, მეუბნებიან, რომ ამ ტერიტორიაზე ასეთი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს. მხოლოდ მას შემდეგ დაწყნარდნენ, როდესაც ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ, ხოლო როცა შემოწმების მიზეზი ვიკითხე, დაძრული მანქანიდან მომაძახეს, რომ ეს უბრალო საპოლიციო კონტროლია.

მათი წასვლის შემდეგ თავში უპრიანი ფიქრები მომივიდა, მაგრამ უმეტესობას პასუხი ვერ გავეცი. ელემენტარული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ვერ დაგირეგულირებია და პოლიცია "მარშრუტკის" მომლოდინე ადამიანს ეკითხება, თუ რატომ ელოდება ტრანსპორტს საღამოს ათის ნახევარზე?! თუმცა, აქ ყველაზე გამაღიზიანებელი სხვა ფაქტორია - პოლიციის შემადგენლობაში "მოძველბიჭო" ელემენტები როდემდე უნდა იყვნენ?! კანონის დამცველმა ჯერ ზრდილობა და ლაპარაკი უნდა იცოდეს და შემდეგ დაიწყოს მოქალაქეების შემოწმება. იმ შემთხვევაში თუ ჟურნალისტი არ ხარ და პოლიციური კონტროლის დროს შენი უფლებები იკითხე, სამართალდამცავებისგან პასუხად აგრესია მოდის. კანონის დამცველებს ნერვები ეშლებათ, როდესაც კანონს ასწავლი, როდესაც ასწავლი იმას, რაც უნდა იცოდეს და არ იცის.

ამასთან, დაშაულის ჩადენის პრევენცია დანაშაულის ჩადენითა და სხვისი უფლების დარღვევით მეორე უკიდურესობაში გვაგდებს. პოლიციელის მიმართ დღეს დაუსჯელობის სინდრომი მოქმედებს. სამართალდამცველმა დღეს იცის, რომ მოქალაქის უფლების დარღვევისთვის არავინ დასჯის. ამიტომაცაა, ზოგიერთს ვიდეოგადაღების გამო იჭერენ, ზოგიერთს იმის გამო, რომ მზერა არ მოეწონათ მისი, ხოლო ზოგიერთს უბრალოდ იჭერენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს საპოლიციო კონტროლი დაიწყო იმ დროს, როდესაც მთავრობის წევრები ერთიმეორეს მიყოლებით ამტკიცებენ, რომ კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია. მე იმ კრიმინალის ჩამდენს რა ვუთხარი, რომელიც "რეიდის" დროს დაგეგმავს დაშაულს და იმ პოლიციელს რა ვუთხარი, რომ გონია დიდ დიღომში "მარშრუტკის" მომლოდინე ბიჭი გადაჭრილი "ვინჩესტერით" დახვდება.

..და ბოლოს, რაიმე პრობლემის მოგვარება მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც პრობლემის სუღრმეებზე დაიწყებს საზოგადოება ფიქრს და სიტუაციის შეფასების დროს ამა თუ იმ ადამიანს რომელიმე პარტიის მხარდამჭერის იარლიყს არ მიაკერებენ...