ცოლის მოკვლაც კრიმინალია! - კვირის პალიტრა

ცოლის მოკვლაც კრიმინალია!

რამოდენიმე დღის წინ ყბადაღებულ კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებას ამცნო - "საქართველოში კრიმინალი არ გაზრდილა, ერთადერთი, კაცების მხრიდან ქალების მიმართ აგრესიამ იმატა, მაგრამ მეტი არსად კრიმინალის ზრდა არ დაფიქსირებულა". იუსტიციის მინისტრის ნათქვამი კვლავაც აქტუალური იყო, როდესაც ილიას უნივერსიტეტში ინგლისურის ლექტორი მაკა წივწივაძე ყოფილმა ქმარმა მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ასეთი გულგრილობით უყურებს ასეთ მნიშვნელოვან პრობლემას. ცდილობენ საკუთარი უსუსურობა მოძველებული ფრაზებით "გააპრავონ" – "ალბათ, შეაგინა", "ყველა მკვლელობას აქ მიზეზი" და ა.შ. ამით ცდილობენ, რომ დანაშაულის მიზეზები კონკრეტულ პიროვნებებში ეძიონ და საქმე გაიადვილონ. ორმაგად სამწუხაროა, რომ ქალებზე ძალადობასა და კრიმინალის ზრდას თეა წულუკიანი, ეკა ბესელია (ამავდროულად პარლამენტის ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე) და მანანა კობახიძე ამართლებენ. მათი მხრიდან უფრო უპრიანი ქალური სოლიდარობის გამოხატულება იქნებოდა.

თუმცა, რა თქმა უნდა პრობლემა მხოლოდ ხელისფულებაში არ არის. ჩვენს ირგვლივ უგმირო ტრაგედია ვითარდება და ამაში მთლიანად საზოგადოებაა დამნაშავე, ის საზოგადეობა, რომელიც მკვლელს ამართლებს - ცოლი თუ გღალატობს ის ყველაფრის ღირსია, ცოლს თუ აღარ უყვარხარ და შენგან წასვლა უნდა -ისიც ყველაფრის ღირსია და ა.შ. ყოველი გამმართლებელი პოტენციური მკვლელია. ყოფილ ცოლზე როდესაც ეჭვიანობ და მისი ქმედებები შენს "კაცობასა" და "მეობას" ლახავს - აქ უკვე მენტალურ პრობლემებთან გვაქვს საქმე. მკვლელობაზე გამახსენდა, არც ის დაგვავიწყდეს, რომ იმ საზოგადოებაზე ვსაუბრობთ, რომელიც მსოფლიოში გოგონებზე აბორტებით ერთ-ერთ პირველ ადგილას იმყოფება. ეს ფაქტიც მეტყველებს თუ რა როლი უჭირავს ქალს დღევანდელ რეალობაში.

ზოგადად, გათხოვება არ ნიშნავს, რომ ქალმა უარი თქვას საკუთარ სურვილებზე, საკუთარი პიროვნების განვითარებაზე და უარი თქვას დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებაზე. ქორწინება ეს ორი ადამიანის თანაცხოვრებაა და არა ერთი ადამიანის დიქტატი მეორეზე... თუმცა, საქართველოში სამწუხაროდ ასეა.... კარგი იქნებოდა მამაკაცებმა სუფრასთან მანდილოსნების სადღეგრძელოს ნაცვლად ჭკვიანი და ლამაზი ქალების დღეგრძელობა რომ დავიწყოთ...

ამ პრობლემის მოსაგვარებლად ყველა ერთად უნდა დადგეს - ერი და ბერი. თუმცა, ეჭვი მაქვს ამ კონკრეტულ მომენტში, ბერი სხვა მხარეს იქნება და ქალებს მორჩილებისკენ მოუწოდებს. არადა, სწორედ ზედმეტი მორჩილებაა ცოლის საკუთრებად ქცევის მნიშვნელოვანი წინაპირობა. ჯობს, რეალობას თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ ცოლის მოკვლაც კრიმინალია!

...და ბოლოს, საზოგადოების მდგომარეობაზე ისიც მეტყველებს, რომ დღისით-მზისით, ლექციის დროს, შეიარაღებული ადამიანი უპრობლემოდ გადაადგილდებოდა უნივერსიტეტში, სტუდენტებით სავსე უნივერსიტეტში...