უიმედო იმედი! - ნაკრები არც ქეცბაიაა, არც - მერებაშვილი და არც - ცხადაძე - კვირის პალიტრა

უიმედო იმედი! - ნაკრები არც ქეცბაიაა, არც - მერებაშვილი და არც - ცხადაძე

ზუსტად 20 წლის წინ, 29 მარტს საქართველოს გერმანიის საფეხბურთო ნაკრები ეწვია. მაშინაც, როგორც ახლა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი იყო. მოუთმენლად ველოდით მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან თამაშს - 5 წლის წინ იმ გერმანიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა მოგებული. გარდა იმისა, რომ ცოცხლად ვიხილავდით იურგენ კლინსმანს, ლოთარ მათეუსსა და ა.შ. საქართველოს ნაკრები არ იყო ადვილად დასამარცხებელი გუნდი და გარკვეული იმედები არსებობდა.

იმ თამაშიდან 20 წელი გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა ორივე ნაკრებისთვის, გერმანიის ნაკრებს ჰქონდა გარკვეული წარუმატებელი პერიოდი, მაგრამ ახლა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის რანგში ჩამოდის თბილისში, ხოლო საქართველოს ნაკრები და ზოგადად ქართული ფეხბურთი, მხოლოდ რეგრესს განიცდის. აქ ლაპარაკ იარ არის იმაზე, რომ ჩვენც ბუნდესნაკრებივით წარმატებულები უნდა ვიყოთ. აქ ლაპარაკია სისტემის მანკიერებაზე. როდესაც შარშან გერმანიამ მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, ბუნდესნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა განაცხადა, რომ გერმანიას ქონდა 12-წლიანი გეგმა და ამან ნაკრები წარმატებამდე მიიყვანა. მაინცდამაინც, გერმანიას რომ არ შევედაროთ, შეგვიძლია, ავიღოთ ალბანეთის, ესტონეთის, სომხეთისა და სხვა პატარა ქვეყნების საფეხბურთო ნაკრების მაგალითები, რომლებიც წარმატებას სწორი მენეჯმენტის წყალობით აღწევენ.

შეიძლება, 20 წლის განმავლობაში აღარ გყავდეს ისეთი ფეხბურთელები, როგორციაა კალაძე, ქინქლაძე, ცხადაძე, არველაძე, მაგრამ სწორი მენეჯმენტის შემთხევაში, მდიდარი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქვეყანაში აუცილებლად გეყოლება საფეხბურთო ნაკრების 20-23 წევრი, რომელიც შენ ქვეყანას ღირსეულად წარმოაჩენს. საფეხნურთო ამინდს ქვეყანაში ყოფილი ფეხბურთელები უნდა ქმნიდნენ. ყველამ ის უნდა აკეთოს რაც უკეთ გამოსდის. თუმცა, მაგალითად, კახი კალაძე გერმანიასთან მატჩში მხოლოდ იმით თუ დაგვეხმარება, რომ სტადიონს დენის მიწოდება შეუწყვიტოს.

თუმცა, დღეს საქმე იქამდე მივიდა, რომ გულშემატკივრების ნაწილი (საბედნიეროდ მათი რაოდენობა მცირეა) მოედანზე 11 ფეხბურთელის სანახავად მიდის და ეს 11-ვე ფეხბურთელი, სამწუხაროდ, გერმანელია. თუმცა, ალბათ, მსგავსი გულშემატკივრები ქართული ფეხბურთის ყველაზე უმტკივნეულო პრობლემაა.

დღეს და ეს "დღეს" უკვე ათწლეულებია გრძელდება ვხედავთ, რომ ფეხბურთის ფედერაციას დაფინანსება ეზრდება, მაგრამ ვერ ვხედავთ მის მიზანმიმართულ ხარჯვას და შესაბამისად, შედეგს. გულშემატკივარმა უკვე იცის, რომ ახალი შესარჩევი ციკლი ახალი იმედი კი არ არის, არამედ მომავალი შესარჩევი ციკლისთვის მზადებაა. მიუხედავად ამისა, მაინც დადის სტადიონზე და მაინც ელოდება სასწაულს, მაინც აქვს უიმედო იმედი, მაგრამ გვირაბის ბოლოს სინათლეს ყველაზე ოპტიმისტი ადამიანიც ვერ ხედავს.

აქვე, ბილეთების ყიდვის თემაზეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას. ფეხბურთის ფედერაციამ 1 წლით ადრე იცოდა როდის იქნებოდა თამაში, მაგრამ ბილეთების საყიდლად მისულ ხალხს სრული ქაოსი დახვდა. თუმცა, აღნიშნული პრობლემები გადამყიდველებს არასდროს აქვთ. არავის მოსდის აზრად, იკითხოს, საიდან ჩნდება ერთი ადამიანის ხელში ასობით ბილეთი. თითქოს ნორმაა, რომ თამაშის დღეს სტადიონის ირგვლივ უამრავი გადამყიდველია და მათ გვერდით არხეინად დასეირნობენ პატრულის თანამშრომლები.

რა თქმა უნდა, აქ ლაპარაკი ტოპგუნდებზეა, რომლებიც ნამდვილად არ გვაკლია, თორემ მალტა და გიბრალტარი გადამყიდველის ოცნება ნამდვილად არ არის. ბილეთის ფასი ცალკე სასაუბრო თემაა. რამდენი ადამიანია, რომელსაც 300-400 (ან უფრო ცოტა) ლარი აქვს მინიმალური შემოსავალი და უნდა მას, რომ წავიდეს შვილთან ერთად და დაესწროს საფეხბურთო ზეიმს. რა ქნას ამ ადამიანმა საკუთარი ხელფასის 20% ორ ბილეთში გადაიხადოს?!

აქვე ნაკრებში არსებულ სიტუაციასაც შევეხები. ნორმალურად დანიშნული არ იყო კახა ცხადაძე და გიორგი მერებაშვილმა განაცხადა, რომ ცხადაძის ნაკრებში ის არ ითამაშებდა, რადგან გამოიძახეს და შემდეგ სიიდან ისე ამოიღეს, რომ არც გააფრთხილეს. კვლავ გამომზეურდა ნაკრების შიდა სამზარეულო და ის განხილვის თემად იქცა. ესეც ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა - ყველას ჰგონია, რომ ის ნაკრებზე მაღლა დგას, მწვრთნელსაც და ფეხბურთელსაც. მერებაშილის განცხადებაზე პირველი გოგა გახოკიძე გამახსენდა, შემდეგ გოგუასა და ქეცბაიას კონფლიქტი, ამისულაშვილი, ხიზანიშვილი...

განხილვის დროს ზოგმა ისიც თქვა, რომ მერებაშვილს რა უნდა ნაკრებში, მის პოზიციაზე 4-5 მაღალი დონის ფეხბურთელი გყვავს, გაიბუტოს და აგერ, ყენია ასწავლის ცივი წყლის დალევა როგორ უნდაო. კი გყვავს, მაგრამ აი, ანანიძემ ტრავმა მიიღო, შეიძლება ოქრიაშვილს ისევ აღარ მოუნდეს ფეხბურთის თამაში, კობახიძე კვლავ უგუნდოდ დარჩეს და 5-6-დან რამდენი ფეხბურთელი დარჩება?! ელემენტარულად, შეიძლებოდა, მერებაშვილისთვის დარეკვა და იმის ახსნა თუ რატომ გადაიფიქრეს მისი ნაკრებში გამოძახება.

თუმცა, მედალს მეორე მხარეც აქვს - "მე ცხადაძის ნაკრებში არ ვითამაშებ", ზუსტად საკუთარი თავის ნაკრებზე წინ დაყენებას ნიშნავს - მერებაშვილი კი არა რონალდინიო და ტევესი არ წაიყვანეს მუნდიალზე, ხოლო რიკარდო კაკა ახლაც ამბობს თუ ჩემს ნაკრებს დავჭირდი ნებისმიერ დროს ვემსახურებიო და ულტიმატუმის ენით არ საუბრობს. ნაკრები არც ქეცბაიაა, არც - მერებაშვილი და არც - ცხადაძე, ნაკრები შენი ქვეყნის ღირსებაა.

მაგალითად, საქართველოს რაგბის ნაკრების შიდა სამზარეულოდან მე მხოლოდ ის მახსნედება, როგორ მიმართავდა კაპიტანი მოთამაშეებს გასახდელში რუსეთთან დაპირისპირების წინ. იმავე რაგბის მაგალითი რომ მოვიყვანო, რამდენიმე დღის წინ, პირველად არსებობის ისტორიაში, რეიტინგში ჩვენმა ნაკრებმა ექვსი ერის გუნდს გადაასწრო. საფეხბურთო ნაკრები კი, რომელიც ერთ დროს საუკეთესო 50 გუნდში შედიოდა, დღეს რეიტინგში ფარებების ნაკრების გვერდით მყარად არის გამაგრებული.

საქართველოს ნაკრების დღევანდელი მდგომარეობის საჩვენებლად კი ერთ-ერთი იუმორისტული ტელეარხის ხუმრობას დავესესხები, რომელიც ნაკრებში კახა ცხადაძის მიერ საკუთარი შვილის გამოძახებას შეეხება: "გიორგი სააკაძის შემდეგ, საქართველოს ისტორიას შვილის ასეთი გაწირვა არ ახსოვს".

პ.ს. 29 მარტს, იმედია, 20 წლის წინანდელი შედეგი არ განმეორდება და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებთან არ წავაგებთ. მეც, როგორც რიგით ქართველ გულშემატკივარს ყოველთვის მაქვს უიმედო, მაგრამ მაინც იმედი... ყოველი შესარჩევი ციკლის წინ მაქვს იმედი და ყოველი თამაშის წინ მაქვს იმედი...