"გაპრავებული" დანაშაული და ვაჭრობა სიკვდილით - კვირის პალიტრა

"გაპრავებული" დანაშაული და ვაჭრობა სიკვდილით

რამდენიმე დღის წინ ქვეყნის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუს მსახიობმა ხათუნა ბოკუჩავამ გარდაცვლილ პოლიციელზე განაცხადა: "ალბათ, მოსაკლავი იყო, რამდენი ადამიანი ეყოლებოდა მაგას გამწარებული. გადმონაშთია იქედან და გამწარებული ჰყავთ ხალხი".

ამ განცხადებიდან სამ დღეში ვარკეთილში ორ პოლიციელს ესროლეს, აქედან ერთი სამართალდამცავი, ბექა მარგიშვილი გარდაიცვალა.

და ისევ დღის წესრიგში მხოლოდ ერთი კითხვა დგას - არა ის თუ რატომ მოკლეს კანონისდამცველი, არა ის თუ რატომ მოკლეს უდანაშაულო მოქალაქე, არამედ ის თუ როგორ უნდა "გაპრავდეს" ეს მკვლელობა? "გაპრავება" კი, სამწუხაროდ, თურმე ყველაფრის შესაძლებელი ყოფილა და ყველაზე არაჰუმანური გზითაც კი - მოსაკლავი იყო! ბენზინის ფული საიდან ქონდა?! იქნებ შეაგინა?! "რეციდივისტი" იყო და ადგილზე უნდა ჩაეცხრილათ!

ამდენ "გაპრავებას" შორის თითქმის აღარავის აინტერესებს ადამიანის უმთავრესი ღირებულება - სიცოცხლე. კიდევ რამდენი ადამიანის (პოლიციელის) სიცოცხლის ხელყოფა უნდა მოხდეს, რომ საზოგადოებამ დასვას კითხვა - რატომ ხდება ეს მკვლელობები? თუმცა,

ვიდრე ეს კითხვა გაჩნდება, იქამდე ტელეეთერი უნდა გაიწმინდოს, უნდა გაიწმინდოს ისეთი "საზოგადო მოღვაწეებისგან", რომელთაც მმართველი ძალის მაამებლობის გამო, ყველაფერი შეუძლიათ იკადრონ. აქ მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მმართველი ძალა, მსგავს ინდივიდებს შესწევთ უნარი ხელისუფლებას მიეტმასნონ და შემდეგ ტელეეკრანებიდან ინტელიგენციის სახელით საზოგადოებას მორალი წაუკითხონ და ყველაზე საშინელი დანაშაულიც კი გაამართლონ. წამყვანი პოლიტიკური თოქ-შოუებიც არ ახანებენ და მათ სტუმრად გამალებით იწვევენ.

სამწუხაროდ, ვერც პოლიტიკური ძალები და რაც ყველაზე სამწუხაროა, ვერც მედია რეიტინგის იქით ვერ იყურებიან. მედიას ეშინია, რომ თუ ქეთა გაბიანსა და ხათუნა ბოკუჩავას არ მიიწვევს და რეიტინგი არ ექნება. სამწუხაროდ, ანალოგიური პრობლემაა პოლიტიკურ პარტიებშიც. ხალხი პოლიტიკური თოქ-შოუსგან სულ სხვა რამეს ელის - მოქალაქე ელოდება პოლიტიკურ შეფასებებს, ექსპერტების აზრს, სერიოზულ განხილვას კვირის მნიშვნელოვან მოვლენაზე. ამის სანაცვლოდ კი მორიგ იმედგაცრუებასა და ფსიქოლოგიურ ძალადობას იღებს. იმ ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც შეიძლება, მორიგი მკვლელობის მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდეს.

პოლიტიკოსები იმაზე საუბრობენ საიდან იშოვნა ადამიანმა თავის დასაწვავი ბენზინის ფული და არა იმაზე, რატომ ცდილობდა ეს ადამიანი თავის დაწვას. ზოგადად, ამ ქვეყანაში მიცვალებულების გამოყენება მშვენივრად ეხერხებათ - ერთი მხარე ქუჩაში მოკლულ ბიჭებსა და სამართლიანობის აღდგენაზე აპელირებს, ხოლო მეორე - კრიმინალების მიერ დახოცილ პოლიციელებზე საუბრობს და ამით მხოლოდ ქულების დაწერას ცდილობენ.

გამოდის, რომ დღეს ადამიანის სიკვდილი პოლიტიკური რეიტინგის შემადგენელი ნაწილია. ამ ყოველივეს კი საზოგადოება გულგრილად უყურებს და მხოლოდ პასიური დამკვირვებლის როლით შემოიფარგლება. ჩვენს ირგვლივ უგმირო ტრაგედია ვითარდება და ამაში მთლიანად საზოგადოებაა დამნაშავე, ის საზოგადეობა, რომელიც ხშირად ქალზე მოძალდეს და მკვლელსაც კი ამართლებს... ზოგადად ხომ, ყველაზე საშინელი დანაშაული გულგრილი ადამიანების უმოქმედობითა და მათი ჩუმი თანხმობით ხდება.

ფაქტია ერთია, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს თვალისდაუხამხამებლად კლავენ. მოსახლეობის უმეტესობას კი დაუცველობის გრძნობა გაუჩნდა, რადგან ხედავენ, რომ სამართალდამცავები თავად არ არიან დაცულები - ვინმე შალვა აბულაძეს შეუძლია ქალაქიდან ქალაქში იმოგზაუროს და გზა და გზა პოლიციელები დახოცოს...