არის თუ არა ეს ბილეთი?! - არა, ეს ისტერიული "რეფრეშია" - კვირის პალიტრა

არის თუ არა ეს ბილეთი?! - არა, ეს ისტერიული "რეფრეშია"

"საიტზე მიმდინარეობს შეტევა. ვმუშაობთ გასანეიტრალებლად." ამ ფრაზით იგერიებდა BILETEBI.GE-ი ათეულ ათასობით ფეხბურთის გულშემატკივრის შემოტევას. თუმცა, სავარაუდოდ, ეს იმ შეტევის დასაწყისია, რასაც საიტს უბილეთოდ დარჩენილი გულშემატკივრები მოუწყობენ.

ამასთანავე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გამოვიდა და განაცხადა, რომ ვებგვერდი 2 500 კაცზე იყო დატესტილი და არ ეგონათ ასე თუ მოხდებოდაო. და თქვენ რა გეგონათ, ბატონო ზვიად, გორის "დილასა" და საჩხერის "ჩიხურას" მატჩის ბილეთებს ტესტავდნენ?! თუ, რახან გადამყიდველების ხელში არ მოხვდებოდა ბილეთების ძირითადი რაოდენობა გულშემატკივრებზე ზრუნვას აზრი არ ჰქონდა?! კი გაიძახის ფედერაცია ბილეთების გაყიდვა მხოლოდ BILETEBI.GE-ს პრეროგატივა იყოო, მაგრამ როდესაც უეფა 45 000 ევროს უხდის საიტს, რომელმაც უნდა გაყიდოს უმნიშვნელოვანეს მატჩზე დასასწრები ბილეთები, ასეთ დროს საქმეში ფედერაცია ცოტა მეტად არ უნდა ჩართულიყო?!

მით უმეტეს, აღნიშნულ ვებ-გვერდს დღეში მაქსიმუმ რამდენიმე ათეული ბილეთი თუ ექნებოდა აქამდე გაყიდული რომელიმე კინო ან თეატრის სეანსზე. თუმცა, BILETEBI.GE-ი შეტევას მეზარბაზნეების გარეშე შეხვდა. ზოგადად, საიტზე შეტევა "ლათინური სიტყვაა" და ქართულად საიტზე ერთდროულად 2 500-ზე მეტი ადამიანის შესვლას ნიშნავს. მსგავსი დონის თამაში საქართველოს (დამოუკიდებელ საქართველოს საკლუბო დონეზე) არ ღირსებია და კიდევ დიდი ხანი არ ეღირსება, თბილისში ჩამოდის მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, რომელსაც ლიონელ მესი მოუძღვის... აი, ის მესი ტელევიზორში პირდაღებული რომ უყურებ, თვეობით ოცნებობ, რომ დიდ საფეხბურთო ზეიმს დაესწრები... და რა ხდება? - უცებ, გამოდის ვინმე BILETEBI.GE-ი და ისტერიულად გეუბნება: აშმალახაა, აშმალახააა და არანაკლებ ისტერიულად გისვრის საიტიდან... რა აღარ ცადეს ქართველმა იუზერებმა სისტემაში შესასვლელად - მაგრამ ამაოდ... თურმე, SMS.TSU.GE-სა და GEORGIAN WATER AND POWER-ზე ცუდი საიტიც არსებობს...

შენ გიყვარს ცეკვა, სხვებს უყვართ ფეხბურთი. თუ ისინი ვერ წავლენ საყვარელი გუნდის მატჩზე, ვერც შენ წახვალ ცეკვაზე - აი, ასეთია ცხოვრება. ბილეთების სამწუხარო გაუგებრობაში სუხიშვილებიც მოყვნენ. ხვალიდან მათი საქველმოქმედო კონცერტის ბილეთები განთავსდება აწ უკვე ლეგენდარულ საიტზე.

ისე, თუ ასეთი გრანდიოზული შეტევა იყო, შსს-ში საქმე უნდა აღძრულიყო. თუმცა, საქმის აღძვრისთანავე გამოირკვეოდა, რომ არავითარი თავდასხმა არ ყოფილა და BILETEBI.GE-ი უმაქნისი საიტია, რომელიც "ბარსელონას" ფანების სიძულვილის სიაში მადრიდის "რეალზე" წინ დადგა. დიდი ფიქრი არ უნდოდა იმას, რომ ერთდროულად ათი ათასობით ადამიანი შევიდოდა საიტზე, მაგრამ 45 000 ევროთი რომ გაფინანსებენ, ძნელია მსგავს "წვრილმანებზე ფიქრი".

როდესაც 45 000-ევროიან კონტრაქტს აფორმებ, ლამის მთელი საქართველო ამ დღეს უცდის, რომ ბილეთი შეიძინოს და შენ საიტს 2 500 კაცზე ტესტავ - ეს შეტევა არაა... ეს არის დილეტანტიზმი, საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება და გულშემატკივრების შეურაცხყოფა.

კიდევ ერთი ფაქტორიც, უეფა-ს სუპერთასი საერთაშორისოზე საერთაშორისო ივენთია, ხოლო BILETEBI.GE-ი ერთადერთი საიტი, საიდანაც ბილეთის შეძენა შეგიძლიათ. საიტის ადმინისტრაციამ აქაც ივაჟკაცა და მხოლოდ ქართულად აქვეყნებდა ინფორმაციას. ერთი უცხოელი დილიდან საღამოს 5-მდე ზრდილობიანად ითხოვდა მისთვის ინფორმაციის მიწოდებას. თუმცა, საბოლოოოდ საიტმა მასაც კი გამოსტყუა გინება. ზოგადად, საიტის "ფეისბუქის" გვერდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ კომენტარები ცენზურის ქვეშ არ გაატარა და სიტყვის თავისუფლება სრულად დაიცვა. კომენტარებში ცენზურის დაუცველობამ აშკარად გამოაჩინა, რომ BILETEBI.GE-ის სოციალური ქსელის გვერდი, თავად საიტზე გაცილებით ამტანი ყოფილა.

ერთადერთი კარგი, რაც საიტმა გააკეთა, არის ის, რომ ხალხი კომპიუტერსა და მის F5-ის ღილაკს მიაჯაჭვა და გარეთ მოსიარულე ვეფხვთან შემხვედრი ადამიანების რიცხვი 0-მდე დაიყვანა.

პ.ს. არის თუ არა ეს ბილეთი???? - არა, ეს ისტერიული "რეფრეში" -  F5,  F5,  F5,  F5,  F5,  F5,  F5-აააააააააააა...