შეზღუდული შესაძლებლობების მქონე "ნორმალური" საზოგადოება - კვირის პალიტრა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე "ნორმალური" საზოგადოება

საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ხელმომწერი ქვეყანაა. კონვენციაში დეტალურადაა აღწერილი თუ როგორ უნდა იზრუნოს სახელმწიფომ შშმ პირებზე, მათ შორის ბავშვებზეც და რა მეთოდებით უნდა მოხდეს, ამ ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაცია.

ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 119 000-მდე შშმ პირია, თუმცა ჩვენში სულ სხვა რეალობას ვხედავთ. შშმ პირები ჩვენს საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებიან, ისინი საკუთარ სახლებში, ოჯახებში გამოკეტილები ამაოდ ცდილობენ გარე სამყაროსთან სრულფასოვან კავშირს და ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ პრობლემას აწყდებიან. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ელემენტარულად, პანდუსებიც კი არ არის, მაგრამ სადაც არის, იქაც უმეტესად ფორმალურ ხასიათს ატარებს. საავადმყოფოებში, სხვადასხვა დაწესებულელებში არ არის სპეციალური საშუალებები, რათა შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანმა დამოუკიდებლად გადაადგილება შეძლოს და თავი სხვაზე დამოკიდებლად არ იგრძნოს.

თუმცა, დავანებოთ ამ ყველაფერს თავი და რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტი განვიხილოთ. დედის მტკიცებით, მისი შშმ არასრულწლოვანი შვილი მძღოლმა ავტობუსიდან ჩამოსვა, ხოლო ერთ-ერთი მამაკაცი მას ცემით დაემუქრა. ეს ყველაფერი გამოწვეული იყო იმით, რომ თურმე ბავშვი მგზავრებს "აწუხებდა". როგორც ეს ქალბატონი ამბობს, მათთან ერთად მყოფმა მეორე შვილმა სთხოვა, რომ დასთან ერთდ ქუჩაში აღარ გაეყვანა.

ადამიანებისა და პასუხისმგებელი ორგანიზაციების ნაწილი (სატრანსპორტო კომპანია, მერია) ამბობს, რომ დედის ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, პრობლემა ამ კონკრეტული შემთხვევით არ განისაზღვრება. მსგავს სცენებს ქუჩაში ხშირად ვაწყდებით. არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციები, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ყოველთვის ლაპარაკობენ იმაზე, რომ საზოგადოების და თავად მშობლების განათლებისა და ცნობიერების დონე არის ასამაღლებელი. თუმცა, ამ კუთხით, რეალურად, თავადაც ძალიან მოიკოჭლებენ.

თუმცა, ვიდრე ცოდნა ამაღლდება და შშმ პირების დღეები ფორმალურად და მათი მხარდასაჭერი კამპანიები კამპანიებისთვის გაიმართება, განვიხილოთ თუ როგორ იქცევა ადამიანების უმეტესობა შშმ ბავშვების "არაადეკვატური" ქცევის დროს. მათი ლექსიკონი ასეთია: საწყალი დედა, საცოდავი ბავშვი, ღმერთმა გაძლება მოგცეთ და ა.შ. ყველაფერს თავი დავანებოთ და არავინ ფიქრობს, რომ შებრალებით ყველაზე დიდი ტკივილი მშობელს ვაყენებთ. იმის ნაცვლად, რომ შშმ ბავშვსა და ადამიანს საზოგადოებაში საჭირო პიროვნებად აგრძნობინონ თავი, მათ თანაგრძნობითა და ამრეზით უყურებენ.

ეს მორალის კითხვა არაა, ეს უბრალოდ, ფაქტებია და შეგიძლიათ, ასე მოქცევა განაგრძოთ, ეს თქვენი უფლებაა, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ შშმ პირებსაც ანალოგიური უფლება აქვთ საზოგადოებაში და მათ მშობელსაც შეუძლია დაგემუქროთ ცემით თუ თქვენმა "ნორმალურმა" შვილმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხმაური და დებოში ატეხა. თუმცა, "ნორმალურ" ბავშვს ხალხი შეხედავს და იტყვის - უიმე, რა საყვარელია! ბავშვმა თუ არ იხმაურა, აბა, ისე როგორ?! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ ვლაპარაკობ მხოლოდ ამ კონკრეტული ფაქტის შესახებ, უამრავი მსგავსი რამ ხდება ჩვენს ირგვლივ.

არ ვიცი, რამდენი ხანი დასჭირდება იმას, რომ განათლების არ მქონე "ნორმალურმა ადამიანებმა" მოქცევა ისწავლონ და ქრომოსომები არ ითვალონ. იმას აღარ გავუსვამ ხაზს, რომ ნებისმიერ დროს, შესაძლოა, თავად თქვენც აღმოჩნდეთ მსგავსი პრობლემის წინაშე.

..და კიდევ, იმ ბავშვის მდგომარეობა წარმოიდგინეთ, რომელიც დედას ეუბნება, რომ თავის შშმ დასთან ერთდ აღარ გაიყვანოს ქუჩაში, რადგან ხალხი მას ემუქრება...