წყვილები. იპოლიტე ხვიჩია და ლუბა ქარქაშაძე - კვირის პალიტრა

წყვილები. იპოლიტე ხვიჩია და ლუბა ქარქაშაძე

შეხმატკბილებული ცოლ-ქმარი

1910 წლის 31 დეკემბერს, საშინელ თოვასა და ყინვაში, იმ დროს, როცა წუთი-წუთზე ახალი წელი უნდა შემობრძანებულიყო, ხონთან ახლოს, სულ რაღაც სამ კილომეტრში, სოფელ კონტუათში, ალექსანდრე ყვინჩიას სახლში გაჩნდა მეექვსე შვილი, ვაჟი - ქართული თეატრისა და კინოს მომავალი კომიკოსი იპოლიტე ყვინჩია. გავა დრო და მისი გვარი ჟღერადობას შეიცვლის. ხონის, მერე კი ტყიბულის თეატრის შემდეგ იპოლიტე ქუთაისში მიდის. ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში დოდო ანთაძე დახვდება. მას უკვე გაგონილი აქვს იპოლიტეს ნიჭის შესახებ და ინტერესით ელოდება ახალ მსახიობს.

- მე იპოლიტე ვარ, ყვინჩია! - წარუდგა რეჟისორს იპოლიტე.

- ააა, ყვინჩია, არა? ყურს ცუდად ხვდება "ყ" და რა მოხდება, "ხ"-თი რომ შევცვალოთ, - შესთავაზა ანთაძემ.

- არც არაფერი, - მიუგო მსახიობმა, - ორივე ერთი ოხერია.

ასე გახდა ყვინჩია ხვიჩია და სულ მალე ქუთაისის თეატრის სალაროსთან რიგები დადგა იმ სპექტაკლებზე დასასწრებად, რომელშიც ის თამაშობდა.

მას ყველა უბადლო კომიკოსს უწოდებდა, თავად იპოლიტე კი ამბობდა: მე, ტრაგედიისთვის დაბადებული კაცი, კომედიაში ვიღუპებიო. არადა, ყველა აღიარებდა, რომ ის უდიდესი კომიკოსი და სიცილის დიდოსტატი იყო.

კანის კინოფესტივალზე, როცა "ბურთი და მოედანი" აჩვენეს, რეზო ჩხეიძის გვერდით მჯდარა დიდი ჟან გაბენი. რამდენიმე წუთის შემდეგ აღფრთოვანებულმა გაბენმა ჩხეიძეს გადაულაპარაკა, ეს რა გენიოსი გყოლიათო.

ის მართლაც გენიოსი იყო, რომელსაც შეეძლო მაყურებლის ჰომერული ხარხარი გამოეწვია.

მისი განუყოფელი ნაწილი, იპოლიტეს მეორე ნახევარი მსახიობი ლუბა ქარქაშაძე (მერჯანიძე) გახლდათ. მათ ერთმანეთი ქუთაისის თეატრში გაიცნეს. ლუბას მაშინ ქმარიც KvirisPalitra.Geჰყავდა და ქალიშვილიც, მაგრამ მათ შორის ისეთი გრძნობა გაჩნდა, რომელიც ადამიანს მოვალეობის ჩარჩოსგან ათავისუფლებს... ლუბა და იპოლიტე შეუღლდნენ. იპოლიტემ ისე შეიყვარა ლუბას შვილი, ნუნუ, როგორც საკუთარი. ლუბამ სამსახიობო კარიერას თავი დაანება და იპოლიტეს მიუძღვნა მთელი სიცოცხლე. ისინი ყველგან ერთად იყვნენ. დედისერთა ნუნუმ ხუთი შვილი გააჩინა. იპოლიტეს მათზე მზე და მთვარე ამოსდიოდა. ყოველი ფილმის გადაღებისას მთელი ოჯახი სრული შემადგენლობით თან ახლდა იპოლიტეს. ლეგენდები გაჩნდა ამ ცოლ-ქმრის სიყვარულზე. ბაკაბუკით იცოდა სიარული ხვიჩიამ, რის გამოც ლუბა სიყვარულით ბაკუნას ეძახდა, ცოლს კი იპოლიტემ "ხაჭაპუროვნა" შეარქვა. მართლაც უგემრიელეს ხაჭაპურებს აცხობდა ლუბა და მისი დიასახლისობით ყველგან ამაყობდა მსახიობი.

ერთხელ, როცა დასრულდა ფილმის "არ დაიდარდო" გადაღება, იპოლიტემ მთელი გადამღები ჯგუფი დაპატიჟა. მართალია, ეროსი იქ არ თამაშობდა, მაგრამ იპოლიტეს ისე უყვარდა, მის გარეშე სუფრას არ შლიდა... და აი, ლხინი ზენიტშია, სტუმრებმა ლამის ჭერი ახადონ სიმღერით, ლექსითა და ცეკვით და ამ დროს ეროსი მრავალმნიშვნელოვნად აცხადებს: "რა არის, იპოლიტე, ამისთვის დაგვპატიჟე?"- და ღიმილით გადახედავს სუფრას. იპოლიტე უმალ ბრძანებას გასცემს: "ხაჭაპუროვნა, დაამატე ახალი კერძი, აბა, ჰე, არ შევრცხვეთ სტუმრებთან". ლუბასაც მოაქვს ნაირ-ნაირი კერძი. ეროსი ცოტა ხნის შემდეგ კვლავ გამოთქვამს "უკმაყოფილებას": "სულ ესაა, იპოლიტე?" კვლავ ჭექავს ხვიჩია: "აბა, ხაჭაპუროვნა, მწვადი შემოიტანე"... და როცა მესამედ თქვა ეროსმა, ამით ვერ გამაკვირვებო, გამწარებულმა იპოლიტემ იყვირა: "ცოლო, დაკალი სიდედრი". რახან სიდედრი ვახსენეთ, აქვე უნდა გიამბოთ ერთი ეპიზოდიც... სწორედ იმ გახმაურებულ "ბურთსა და მოედანს" იღებდნენ, მაგრამ ისეთი ტრუსი ვერ ნახეს, რომელიც მთავარი გმირისთვის ზედგამოჭრილი იქნებოდა. რაღაც ისეთი უნდა ყოფილიყო, თვალში საცემი და სასაცილო... გადაღებიდან შინ დაბრუნებულ იპოლიტეს თვალში მოხვდა მათ აივანზე ბაირაღივით გადმოფენილი სიდედრის გრძელი შავი ნიფხავი. ამაზე სასაცილო და განსხვავებული სადღა უნდა მოეძებნა? ბევრი აღარ უფიქრია, ჩამოხსნა და დასაძინებლად წავიდა. მეორე დღეს ვერიჩკამ თავისი ნიფხავი რომ ვერ ნახა, ქვეყანა შეძრა, ყველა მეზობელს შეეკითხა, ძირს დაგდებული ხომ არ გინახავთო. ყველა მხრებს იჩეჩდა. ერთი კვირის შემდეგ გადაღებები გაგრძელდა. იპოლიტე შინ გვიან ბრუნდებოდა, თან ძალიან დაღლილი. ოჯახი რომ არ შეეწუხებინა, აივანზე წვებოდა ხოლმე. ერთხელ, როცა ვერიჩკამ მაწვნისა და რძის საყიდლად დააპირა წასვლა და დილაადრიანად ადგა, აივანზე ჩაძინებულ იპოლიტეს მოჰკრა თვალი.

- დიდუუ, ამას რას ხედავს ჩემი დასაფსები თვალები! - აკივლდა ვერიჩკა.

- ქალო, გაჩუმდი, რა მოხდა ასეთი? - ამშვიდებს იპოლიტე.

- რავა რა მოხდა? სად იყო, ბიჭო, მაი ტრუსიკი?

- კაი ახლა, ვერიჩკა, - ეხვეწება იპოლიტე, - რომ ჩავიცვი, ამით რა დაშავდა? შენს ჩაცმულს ვერავინ ნახავდა და აწი ეს ნიფხავი მსოფლიოს მოიარს, აბა!

ერთ-ერთი ფილმის გადაღებაზე (გადაღება რუსეთში მიმდინარეობდა) დროულად ჩასვლა ვერ მოახერხა "ხაჭაპუროვნამ", მსახიობებმა გადაწყვიტეს, გახუმრებოდნენ მოყვარულ ცოლ-ქმარს. ქალბატონმა მეგი წულუკიძემ ლუბას ტელეფონით "გაანდო": დროზე ჩამოდი, თორემ ქმარს წაგართმევენ რუსი ქალები, მის კოტეჯთან მუდმივად კიბეა მიდგმულიო. გადაირია ლუბა. დათქმულ დროზე ადრე აიღო ბილეთი და სასწრაფოდ გაემგზავრა "დანიშნულების ადგილას". უკვე დაღამებული იყო, იპოლიტეს ეძინა, ლუბას სხვები დახვდნენ, მიიყვანეს მის KvirisPalitra.Geკოტეჯთან და დაანახვეს ფანჯარასთან მიდგმული კიბე. თითქოს ეს არ კმაროდაო, რამდენიმე წუთში გამოჩნდა ვიღაც ქალი, თავშალმოხვეული, რომელიც ფრთხილად ჩამოდიოდა კიბეზე, თან აქეთ-იქით იცქირებოდა. - უიმეო, - ერთი კი შესძახა ლუბამ და ქალისკენ გაიწია, სულ "ბესსოვესტნაია და გულიაშჩაია ბაბა" ეძახა იმ უცნობს, რომელიც სახეს მალავდა. ლუბას უცებ გული გაუხდა ცუდად და იქვე ჩაიკეცა. მსახიობები ღიმილს ძლივს იკავებდნენ, მაგრამ კომიკური სიტუაციის ასეთ დასასრულს არავინ ელოდა და ძალიან შეწუხდნენ, იმ "რუსმა ქალმაც" გადაიძრო თავშალი. ის ჩვენი ახალგაზრდა მსახიობი მამაკაცი აღმოჩნდა, რომელსაც ინსცენირებისათვის კაბა ჰქონდა გადაცმული. ხმაურზე იპოლიტესაც გაეღვიძა და გულშეწუხებული "ხაჭაპუროვნა" რომ დაინახა, ლამის გაგიჟდა, უსაყვედურა იქ მყოფთ, სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ გასართობადო? ამას რომ რამე მოსვლოდა, დაგხოცავდით ყველასო.

ასე უყვარდათ ერთმანეთი სიცოცხლის ბოლო წუთამდე. ვინც მათ იცნობდა, ყველა აღიარებდა, რომ მსგავსი შეხმატკბილებული და მოსიყვარულე ცოლ-ქმარი არ არსებობდა დედამიწის ზურგზე.

(სპეციალურად საიტისათვის)