ცნობილი ქართველები. მუსიკის ცეკვად "მთარგმნელი" - კვირის პალიტრა

ცნობილი ქართველები. მუსიკის ცეკვად "მთარგმნელი"

ქუთაისის პეტრე-პავლეს  სახელობის ეკლესიის მოძღვრის შვილი, თბილისის სასულიერო სემინარიაში განათლებამიღებული მელიტონ ბალანჩივაძე 18 წლისა თბილისის საოპერო თეატრის გუნდში მღეროდა.20 წლისა უკვე ხალხურ სიმღერებს კრებდა, აყალიბებდა გუნდებს და მთელ საქართველოში კონცერტებს ატარებდა. 26 წლისამ ბედი კომპოზიციაშიც სცადა - "ქართული ხალხური სიმღერების პოპური" დაწერა, მას მალე მიჰყვა რომანსები: "ოდესაც გიცქერ", "შენ გეტრფი მარად" და "ნანა, შვილო". ამ რომანსებმა აღიარება მოუტანა და მალე პეტერბურგის კონსერვატორიას მიაშურა. 1896 წელს მუშაობა დაიწყო პირველ ქართულ ოპერაზე "თამარ ცბიერი", რომელსაც მოგვიანებით "დარეჯან ცბიერი" ეწოდა. სწორედ პეტერბურგში მოღვაწეობის დროს შეეძინა მას შვილები.

ქართველი კომპოზიტორის, მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახში თითქმის ყველა ხელოვნებასთან იყო ნაზიარები. სამივე შვილმა (ორი ვაჟი და ქალიშვილი) პატარაობიდანვე შეისისხლხორცეს მუსიკა, ამიტომაც არავის უკვირდა მათი სწრაფვა მუსიკის სამყაროსკენ. ანდრია, მამის მსგავსად, კომპოზიტორი და  მომღერალიც გახდა. უფროსი ვაჟი, გიორგი კი რატომღაც  სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა. მუსიკა მასაც ძალიან უყვარდა და მიუხედავად ამისა, უნდოდა, რაღაც განსხვავებული  გაეკეთებინა, მიაჩნდა, რომ ტრადიციის გამგრძელებლად ორიც საკმარისი იყო. არადა, ბედმა ის მაინც ხელოვნებას დააკავშირა. პეტერბურგის მარიას საბალეტო სასწავლებელმა მოსწავლეთა მიღება რომ გამოაცხადა, გიორგი დას გაჰყვა, მაგრამ გოგონა არ მიიღეს, გიორგის კი ფართოდ გაუღეს კარი.

ჯორჯ ბალანჩინი, იგივე გიორგი მელიტონის ძე ბალანჩივაძე, 1904 წლის 9 იანვარს დაიბადა პეტერბურგში. 12 წლის იყო, როცა მამა საქართველოში დაბრუნდა, მას მალე ანდრია, დედა და დაც მიჰყვნენ. ბალეტის ფანატიკურად მოყვარული გიორგი კი პეტერბურგში დარჩა. მაშინ ის 14 წლისა იყო. მშობლებს იმედი ჰქონდათ, რომ მარტო დარჩენილს გაუჭირდებოდა და დაბრუნდებოდა თბილისში, მაგრამ შეცდნენ. გიორგიმ ცეკვის პარალელურად კონსერვატორიაში გააგრძელა სწავლა, ეუფლებოდა ფორტეპიანოს, მუსიკის თეორიას, ჰარმონიასა და კომპოზიციას. რთული პერიოდი იდგა რუსეთში. რევოლუციის შემდეგ ფული გაუფასურდა. პროდუქტებზე უსაშველოდ გრძელ რიგებს მოთმინებიდან გამოჰყავდა ახალგაზრდა ხელოვანი, მაგრამ საარსებოდ რაღაც უნდა გაეკეთებინა და ისიც საღამოობით კაბარეებსა და მუნჯი ფილმების კინოდარბაზებში ფორტეპიანოს უკრავდა. 16 წლისაც არ იყო, პირველი პა-დე-დე რომ დადგა რუბინშტეინის მუსიკაზე, თავისთვის და სტუდენტი გოგონასთვის,  სახელწოდებით "ლა ნუიტ". მის მიერ საბენეფისო შესრულებისთვის დადგმული დუეტი "ენიგმა" წლების განმავლობაში სრულდებოდა. იმავე წლებში დადგა რიმსკი-კორსაკოვის "ოქროს მამალი". გიორგი ხელმძღვანელობდა "ახალგაზრდა ბალეტსაც", რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ რუსული ბალეტის გამოჩენილი მოღვაწეები: ლავროვსკი, გუსევი, სლონიმსკი.

KvirisPalitra.Geგიორგი ბალანჩივაძის დადგმული ბალეტი საბჭოთა ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. "წითელი ხელმძღვანელობა" მიიჩნევდა, რომ ბალანჩივაძის დადგმა აბსურდული იყო, რომ არ ასახავდა "დიადი მონაპოვრის" "ნათელ ცხოვრებას" და მასში უფრო მეტი კაპიტალისტური იყო, ვიდრე სოციალისტური. ახალგაზრდა შემოქმედისთვის ასეთი მარწუხები ყოვლად მიუღებელი გახლდათ, ამიტომაც სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო და 1924 წელს, გერმანიაში გასტროლების დროს, რამდენიმე მოცეკვავე ქალთან ერთად დარჩა ევროპაში. იგი ემიგრანტი გახდა. აღარ უნდოდა სოციალისტურ რუსეთში დაბრუნება, სადაც ჭეშმარიტი ხელოვნებისგან ძალიან შორს იყვნენ. სულ მალე, ბალანჩივაძე პარიზში აღმოჩნდა, სადაც სერგეი დიაგილევმა მიიწვია რუსული ბალეტის ქორეოგრაფად. სწორედ დიაგილევის რჩევით გადაიკეთა ევროპულ ყაიდაზე თავისი სახელი და გვარი და მსოფლიოს ჯორჯ ბალანჩინად მოევლინა. 1924-29 წლებში ბალანჩინმა 9 ბალეტი დადგა. ფეხის მძიმე ტრავმის შემდეგ მან ცეკვას თავი დაანება და მთლიანად გადაერთო ქორეოგრაფიაზე. ევროპაში მაინცდამაინც არ სწყალობდნენ. ჯორჯს რაღაც ახალი სურდა, კლასიკურ ბალეტს მიჩვეული ევროპა კი ბალანჩინის ხელმოცარულ ქორეოგრაფად მიიჩნევდა. 1933 წელს იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიწვიეს, სადაც თავის იდეას ფრთები შეასხა, შექმნა "ამერიკული საბალეტო სკოლა", რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა დასი "ნიუ-იორკ სიტი ბალე". რამდენიმე წელიწადში ჯორჯ ბალანჩინი ბროდვეის საუკეთესო ქორეოგრაფი გახდა და მას მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავად მოიხსენიებდნენ. ბალანჩინის დადგმული აქვს 160-ზე მეტი საბალეტო სპექტაკლი ბუენოს-აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანისა და სხვა ქალაქების თეატრებში. დადგმებს შორის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ჩაიკოვსკის "მაკნატუნა", რომლის შესრულება ამერიკის შეერთებულ შტატებში საშობაო ტრადიციად იქცა. იგი ორჯერ იყო თავისი დასით საბჭოთა კავშირში. რაღა თქმა უნდა, საქართველოშიც ჩამოვიდა. თავის და-ძმასაც ხანგრძლივი დაშორების შემდეგ პირველად შეხვდა. გიორგი-ჯორჯი აღფრთოვანებას ვერ მალავდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის დროს. ჯერ კიდევ ჩამოსვლამდე, ხანდაზმულ დედას სთხოვდა, საცივისა და ფხალის რეცეპტი გამომიგზავნეო. ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, ბევრგან მიცხოვრია და მიმუშავია, მაგრამ საქართველოსთანა არსად მეგულება, რადგან აქ ხალხი თვითნაბადი ტალანტია, ყოველგვარი  სასწავლებლების გარეშე. აქ ბუნება ხომ ისეთია, რომ თავისით შეგაქმნევინებს რაღაც მნიშვნელოვანსო, - ამბობდა ჯორჯ ბალანჩინი.

ბალანჩინი მთელ მსოფლიოში აღიარებულია თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფად. იგი თავდაპირველად დგამდა სიუჟეტიან, შემდეგ კი უსიუჟეტო, ე.წ. აბსტრაქტულ ბალეტებს. მისი ბალეტების უმრავლესობა ერთაქტიანია, შემოქმედების პრინციპი - მახვილი და ხატოვანი ქორეოგრაფიული მონახაზი, რომლის მეოხეობითაც სურდა მუსიკა გაეხადა ხილვადი. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ქორეოგრაფიაში ახალ მიმართულებას, ამიტომაც უწოდეს მას მუსიკის ცეკვად მთარგმნელი. ბალანჩინმა გააოგნა მსოფლიო. თავდაპირველად ბევრმა არ იცოდა მისი წარმომავლობის შესახებ, ამიტომ მოგვიანებით ყველა ინტერვიუში აცხადებდა, რომ ის იყო ქართველი და ამით უსაზღვროდ ამაყობდა.

ჟორჯ ბალანჩინს ბევრი ქალი ეტრფოდა, მათ შორის ბალერინებიც. რამდენჯერმე დაქორწინდა კიდეც, მაგრამ შვილი არ გასჩენია. ამბობენ, რომ ამის წინააღმდეგი თავად იყო. არ უნდოდა ვინმე ან რამე დამდგარიყო ბალეტზე წინ. მაგრამ ერთმა ქალმა მაინც დაიყოლია, თუმცა, ქალს პოლიომიელიტი დაემართა ორსულობისას, მუცელი მოეშალა და სამუდამოდ დაინვალიდდა. მას შემდეგ ბალანჩინს აღარავისთან უქორწინია.

ჯორჯ-გიორგი ბალანჩინი (ბალანჩივაძე) გარდაიცვალა 1983 წლის 29 აპრილს, ნიუ-იორკში. დაკრძალულია ოკლენდის სასაფლაოზე. ანდერძის თანახმად, მისი ქონება ბალერინებს გაუნაწილდათ.

(სპეციალურად საიტისათვის)