"ისეთი მუსუსი ყოფილა, სულ ქალებს დასდევდა კუდში, 42 წლის იყო, როცა 23 წლით უმცროსი ირინა ორეხოვსკაია შეირთო ცოლად" - კვირის პალიტრა

"ისეთი მუსუსი ყოფილა, სულ ქალებს დასდევდა კუდში, 42 წლის იყო, როცა 23 წლით უმცროსი ირინა ორეხოვსკაია შეირთო ცოლად"

სანდრო ჟორჟოლიანის გახსენებისას უმალ თვალწინ დაგვიდგება ილიკო. ზურიკელას უფროსი მეგობარი. მართლაც მშვენივრად მოერგო ამ სახეს და ფილმის გამოსვლის შემდეგ, ყველა "ილიკო ბრუციანს" ეძახდა. კინომოყვარულებს ასევე კარგად ახსოვს მისი არისტო "დაკარგულ სამოთხეში", გოჭს რომ უმიზნებს დამბაჩას და მიზანში მოხვედრის შემდეგ კვდება სიცილით, მოსე მწერალი "დარიკოში", ონავარი მანანას ბაბუა, კირილე ფოსტალიონი "ჭრიჭინაში", რომელიც ორ მარინე ფერაძეს დაჟინებით სთხოვს, გათხოვდით, გოგოებო, თორემ აღარ ვიცი, რომელ მარინეს მივუტანო წერილიო... სანდრო პარიკმახერი "აბეზარაში", რომელიც თაყვანისმცემლის პროფესიის მიხედვით უკეთებს ქალებს ვარცხნილობას და კიდევ მრავალი სხვა... მისი დანახვაც კი საკმარისი იყო იმისათვის, რომ მაყურებელს გულიანად გასცინებოდა.

საკმაოდ გვიან შედგა მისი სამსახიობო დებიუტი. 37 წლის იყო, როცა პირველად გადაიღეს კინოში, 33 წლისამ კი თეატრში დაიწყო მუშაობა.

მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ იგი პატარაობიდანვე ოცნებობდა მსახიობობაზე. 12 წლის იყო, როცა შილერის "ყაჩაღებში" დანიელი ითამაშა. სპექტაკლი ნორჩმა მსახიობებმა მშობლიურ ოზურგეთში, სამეზობლოსთვის დადგეს და ეშხში ისე შევიდნენ, რომ კინაღამ სახლი გადაბუგეს, როცა სასახლის გადაწვის სცენას "აჩვენებდნენ". უფროსებმა ძლივს მიუსწრეს და ჩააქრეს ცეცხლი. იმ დღიდან მსახიობობაზე ფიქრი არ განელებია სანდროს. ჯერ ბათუმის გიმნაზიაში სწავლობდა, თან წუწუნავას დასის წევრიც გახლდათ. შემდეგ ოდესის უნივერსიტეტში, ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. ერთი სული ჰქონდა, ზაფხული მალე დამდგარიყო, რომ ოზურგეთში ჩასულიყო და მოყვარულ მსახიობებთან ერთად სპექტაკლებში მიეღო მონაწილეობა. მაშინ რატომღაც თავისი გვარით კი არა, ქარქაშაძით გამოდიოდა სცენაზე. როცა სწავლა დაასრულა, თბილისში, პირველ გიმნაზიაში დაიწყო მასწავლებლობა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მსახიობობა არჩია.

თავიდან რუსთაველის თეატრში მივიდა, მაგრამ ახმეტელ-მარჯანიშვილის კონფლიქტის გამო მარჯანიშვილის გუნდს შეუერთდა. აღმერთებდა მარჯანიშვილს, ამიტომაც წუთითაც არ დაფიქრებულა, ისე დატოვა რუსთაველის დასი და სიცოცხლის ბოლომდე იქ იყო.

ცნობილია ის "ლეგენდა-კურიოზები", რომელთაც სანდროს ახალგაზრდა მსახიობები უწყობდნენ, მერე კი დიდხანს, ძალიან დიდხანს თავადაც ხალისობდნენ და სხვებსაც უყვებოდნენ, რაც ჟორჟოლიანს დამართეს.

სანდროს ძალიან ჰყვარებია ლამაზი ქალები, იმისთანა მუსუსი ყოფილა, გასტროლებისას, სპექტაკლის შემდეგ სულ ქალებს დასდევდა კუდში. ერთხელაც მორიგ გასტროლებზე ყოფნისას სანდრო ჟორჟოლიანს ერთი ქალი მოსწონებია. მოსვენება დაუკარგავს. კარგა ხანს ეხვეწებოდა თურმე, შემხვდი და შემხვდიო. ქალი კი არ თანხმდებოდა. ეს გაიგო ჟორა შავგულიძემ და ქალს სთხოვა, დათანხმდი შეხვედრაზე, თან უთხარი, რომ ძალიან მორცხვი ხარ და სახალხოდ არ გინდა პაემანზე მისვლა, სადმე, მყუდრო ქუჩაზე დაიბარე, შეღამებულზე და დანარჩენი მე ვიციო. სიხარულითGგადარეულა სანდრო, როცა ქალმა თანხმობა განუცხადა. მივიდა დათქმულ დროს იმ ქუჩაზე, ერთ ბნელ კუთხეში ელოდა "ქალი", წაავლო მას ხელი, მიიზიდა თავისკენ, აკოცა ჯერ ერთ ლოყაზე, მერე მეორეზე, ტუჩებშიც მოუნდა და ულვაშებს რომ შეეხო, ერთ მეტრზე ისკუპა შეშინებულმა. იმ ლამაზი ქალის ნაცვლად, ახარხარებული ჟორა შავგულიძე შერჩა ხელში.  როცა მარჯანიშვილის დასის მსახიობები ერთმანეთის ოჯახებში იკრიბებოდნენ ან რომელიმე ცნობილი პირი, მათი თაყვანისმცემელი, დაპატიჟებდათ, ჟორა სულ "ჩასაფრებული" იყო, ცდილობდა, სანდროსთვის რამე "ისეთი" მოეწყო, რომ ეხალისათ. ჩვევად ექცა ჟორას, მივიდოდნენ სადმე და სანამ სუფრა გაიშლებოდა, წამოავლებდა ხელს რაიმე ნივთს და ჟორჟოლიანისკენ ისროდა, - აბა, ჰე, სანდრო, დაიჭირეო. სანდრო დაფეთებული ჰაერშივე აკეთებდა ნახტომს, რომ დროულად დაეჭირა და ნივთი არ გასტყდომოდა. ერთხელაც მობეზრდა სანდროს შავგულიძის ოინები და როცა თანამდებობის პირთან შეიკრიბნენ ოჯახში, გადაწყვიტა, იგივე ოინი ექნა ჟორასთვის. დასტაცა ხელი ბროლის ლარნაკს და ჟორასკენ ისროლა, - ახლა შენ დაიჭირე, თუ ბიჭი ხარო. შავგულიძე გვერდზე გადგა, ლარნაკი ნამსხვრევებად იქცა და ჟორამაც უმალ შესძახა: ეს რა ქენი, სანდრო, არა გრცხვენია, სტუმრად ხარ, შინ ხომ არაო... ხმაურზე მასპინძლებიც გამოვიდნენ და ძლივს მოაბრუნეს ფერდაკარგული ჟორჟოლიანი... მერე მთელი საღამო უხდიდა ბოდიშს ოჯახის თავკაცს.

ერთი ასეთი თვისება ჰქონია სანდრო ჟორჟოლიანს: ძალიან პეწენიკი იყო, ტანსაცმელი სულ მოწესრიგებული ჰქონდა. ჩაიცვამდა კოსტიუმს, მერე დაჯდებოდა სკამზე და იქვე დალაგებულ ფეხსაცმელებში ჩაყოფდა ფეხებს. ერთხელაც ჩაიცვა კოსტიუმი, მერე ჩამოჯდა სკამზე, ჩაყო ფეხები ფეხსაცმელებში, შეიკრა თასმები, ადგა და ნაბიჯი ვეღარ გადადგა. ატეხა ყვირილი, მიშველეთ, ვეღარ დავდივარო... თურმე, ახალგაზრდა მსახიობებს მორიგი "ხაფანგი" დაეგოთ მისთვის და ფეხსაცმელები იატაკზე მიელურსმათ.

42 წლის იყო, როცა 23 წლით უმცროსი ქალი, ლამაზი ირინა ორეხოვსკაია შეირთო ცოლად. ირინა დედით ქართველი, მამით პოლონელი გახლდათ. ის პოლონეთში იყო დაბადებული, მაგრამ მერე ოჯახი საქართველოში გადმოსახლებულა და სანდრომაც თვალი დაადგა ლამაზ პიანისტ ქალს. ჟორჟოლიანმა ბრწყინვალედ იცოდა ფრანგული ენა, ჯერ კიდევ ოდესის უნივერსიტეტში შეისწავლა. ასე რომ, ახალგაზრდა ქალი მალევე მოიხიბლა მისი განათლებით. გაჩნდა დინარა ჟორჟოლიანი. ცოლ-ქმარი მალე გაშორდა, მაგრამ არც დინარას და არც შვილიშვილებს არ უგრძნიათ დისკომფორტი, რადგან სანდრომ და ირინამ ბოლომდე შეინარჩუნეს კარგი ურთიერთდამოკიდებულება. სანდრო ცოლყოფილთან ხშირად დადიოდა სადილად, შვილიშვილებსაც ანებივრებდა საჩუქრებით. ასე ეუბნებოდა, - რამდენ ხუთიანსაც მიიღებთ, იმდენ 5 მანეთს გაჩუქებთო და გოგონებიც ხშირად იმსახურებდნენ ნაჩუქარ ფულს. ზოგჯერ დღიურში თავად წერდნენ გოგონები ხუთიანებს და სანდრო ბუზღუნებდა, რა ამბავია ამდენი ხუთიანი, სხვებსაც აცალეთ გაკვეთილის მოყოლაო.

ალბათ, გახსოვთ, დინარას კესო "ოთარაანთ ქვრივში", მან ეპიზოდური როლიც შეასრულა ფილმში "პიერი - მილიციის თანამშრომელი". დიდი ვერიკო ანჯაფარიძე აღფრთოვანებული იყო დინარას სილამაზით, ამბობდა, რომ მისგან კარგი მსახიობი დადგებოდა, მაგრამ სანდროს ქალიშვილმა არ ისურვა მსახიობობა. მას ენები, ლინგვისტიკა აინტერესებდა. დაამთავრა უცხო ენების ინსტიტუტი, დაიცვა სადოქტორო და კარგა ხანს იყო კათედრის გამგეც. 1990 წელს გაცვლითი პროგრამით ერთი წლით გაემგზავრა ამერიკაში, მაგრამ ის ერთი წელი დღემდე გრძელდება. დედის მოსანახულებლად წავიდნენ ქალიშვილები და ისინიც იქ დარჩნენ. დღეს, დინარა ჟორჟოლიანი ვაშინგტონის ცენტრალურ უნივერსიტეტში ასწავლის რუსულ ენასა და ლინგვისტიკას. როგორც ცნობილია, მას თან აქვს ქართული ფილმების დიდი კრებული და იმ ფილმებს ხშირად უყურებს, სადაც მამა, უბადლო კომიკოსი, სანდრო ჟორჟოლიანი მონაწილეობს.

(სპეციალურად საიტისათვის)