ნიკოლოზ აფხაზის ბაღი კანადაში
ნიკოლოზ აფხაზის ბაღი კანადაში
ცნობილი ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი ქართველი ემიგრანტების საინტერესო ისტორიებით ხშირად გვანებივრებს... ამჯერად იგი ნიკოლოზ აფხაზზე გვესაუბრა:

- 1988 წლის ემიგრანტულმა ჟურნალმა ”გუშაგმა” ნიკოლოზ აფხაზის გარდაცვალებას ნეკროლოგი მიუძღვნა. მაშინ გავიგე, რომ კანადაში აფხაზების ბაღი ყოფილა. რამდენიმე წლის წინ ინტერნეტშიც გაჩნდა ინფორმაცია Abkhazi Garden-ის შესახებ. ბოლო ხანს მომრავლდა სხვადასხვა საიტი და ვიდეორგოლი ამ ბაღის ულამაზესი ხედებით და, ალბათ, ბევრმა არც იცის, რომ ბაღი ქართველი გმირის, კოტე აფხაზის ვაჟის, ილია ჭავჭავაძის დის შვილიშვილის, ნიკოლოზ
აფხაზის სახელს უკავშირდება.

- იქნებ უფრო გაგვაცნოთ აფხაზების საგვარეულო.

- აფხაზების საგვარეულო XVI საუკუნეში კახეთში დამკვიდრებული აფხაზეთის მთავრების, შარვაშიძეთა შტოს ეკუთვნოდა.

ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე კონსტანტინე (კოტე) აფხაზი დაიბადა 1867 წელს კარდენახში, სამხედრო და საზოგადო მოღვაწის თავად ნიკოლოზ აფხაზისა და ილია ჭავჭავაძის დის,
ნინოს ოჯახში. დაამთავრა თბილისის კადეტთა სასწავლებელი და პეტერბურგის სამხედრო აკადემია. რუსეთის არმიაში არტილერიის გენერალ-მაიორის ჩინს მიაღწია და პირველი მსოფლიო ომის დროს საარტილერიო ბრიგადას სარდლობდა. აქტიურად მოღვაწეობდა საზოგადოებრივ ასპარეზზე. ხელმძღვანელობდა კახეთის რკინიგზის გაყვანას. იყო საადგილმამულო ბანკის სამეურვეო კომიტეტის წევრი, თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. მისი ხელმოწერა ამშვენებს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნული არმიის ფორმირებაში.

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ სამშობლოში დარჩა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. 1921-1923 წლებში თავმჯდომარეობდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას. 1922 წელს, სვანეთისა და ხევსურეთის აჯანყებების დამარცხების შემდეგ, სათავეში ჩაუდგა დამოუკიდებლობის კომიტეტს (პარიტეტული კომიტეტი) და მისი ინიციატივით შექმნილ კომიტეტის სამხედრო ცენტრს, რომელიც კოორდინაციას უწევდა საყოველთაო-სახალხო ეროვნული ამბოხების მომზადებას. ჩეკამ მიაგნო ცენტრს, 1923 წლის თებერვალში დააპატიმრეს კონსტანტინე აფხაზი და სამხედრო ცენტრის 14 წევრი. საშინელი წამების შემდეგ, 20 მაისს, ყველანი დახვრიტეს დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. კოტე აფხაზის უკანასკნელი სიტყვები იყო: ”მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიმეტანა თავი. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს”.

- რა ბედი ეწია კოტე აფხაზის ოჯახს?

- კოტე აფხაზის მეუღლე და ვაჟი ნიკოლოზი 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, საფრანგეთში გაიხიზნენ და ელოდებოდნენ კოტეს ჩასვლას, 1923 წელს სამხედრო ცენტრის, კოტე აფხაზის დახვრეტისა და მამულების ჩამორთმევის შემდეგ პარიზში უსახსროდ დარჩენილ ნიკოლოზს მოუწია თვითონვე ეზრუნა თავის თავსა და დედაზე. დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში, ჰყავდა მდიდარი ამერიკელი კლიენტები. ასე გაიცნო და დაუმეგობრდა მდიდარ ამერიკელ ცოლ-ქმარ კელებს. მათ სამეურვეოდ ჩააბარეს შესანიშნავი კარ-მიდამო და 120-ოთახიანი სასახლე, სადაც  დედასთან ერთად ცხოვრობდა მეორე მსოფლიო ომამდე.

ისინი იყვნენ ქართული სათვისტომოს აქტიური წევრები. ელენე მეგობრობდა ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწესთან, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, გიორგი გვაზავასთან და მისი ვაჟიშვილის ჯამლეთის ნათლიაც გახდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ნიკოლოზი ებრძოდა გერმანელ ნაცისტებს. ტყვედ ჩავარდა, რამაც დედამისს სიცოცხლე მოუსწრაფა. მხოლოდ 1944 წელს გათავისუფლდა, 1946 წელს კი კანადაში გადასახლდა.

1921 წელს ნიკოლოზმა პარიზში გაიცნო მშვენიერი მარჯორი (პეგი) პემბერტონ-კარტერი (1902-1994). ნიკოლოზის მსგავსად, გოგონასაც დიდი ოჯახური ტრაგედია ჰქონდა გადატანილი. 3 წლის დაობლდა, მზრუნველები ყურადღებას არ აქცევდნენ. საბედნიეროდ, ბავშვი მდიდარმა ოჯახმა იშვილა და ოჯახური სითბო აჩუქა. მამობილის გარდაცვალების შემდეგ დედობილთან ერთად მოგზაურობდა და ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს. ნიკოლოზთან მიმოწერა ჰქონდა, მეგობრობდა, ხვდებოდა, როცა პარიზში ჩადიოდა, მაგრამ მათი გზები დიდი ხნით გაიყარა.

1939 წელს, დედობილის გარდაცვალების შემდეგ, პეგი დასახლდა შანხაიში, იმ ქალაქში, სადაც დაიბადა. 1937 წელს ქალაქი იაპონიამ აიღო. იაპონიის მიერ ამერიკული ბაზის პერლ-ჰარბორის დაბომბვისა და ამერიკის ომში ჩაბმის შემდეგ პეგი დაიჭირეს. ტყვეობის დროს ჩანაწერებს აკეთებდა, რომელთა საფუძველზე 1981 წელს გამოსცა წიგნი ”უცნაური გალია”. იმ დროს ნიკოლოზიც  გერმანელთა ტყვე იყო, მხოლოდ სხვა კონტინენტზე. გათავისუფლების შემდეგ პეგიმ მიიღო ვიქტორიადან ძველი მეგობრების, მაკენზების მიპატიჟება. გაყიდა შანხაიში თავისი ქონება და 1945 წლის ბოლოს კანადაში გადასახლდა. ბრიტანეთის კოლუმბიაში, კუნძულ ვანკუვერის სამხრეთ ნაწილში იყიდა მოზრდილი კლდოვანი და სარეველებით სავსე ნაკვეთი. იქირავა მუშები, დეკორატორი და არქიტექტორი, რომელმაც დაუპროექტა საზაფხულო სახლი. 1946 წლის შემოდგომისათვის უკვე მზად იყო სახლი და პირველი გაზონები.

1946 წლის იანვარში, 13 წლის მერე, პეგიმ ნიკოლოზის პირველი წერილი მიიღო. შემოდგომაზე ნიუ-იორკში დათქვეს შეხვედრა. შეხვედრა მალე ნიშნობით დასრულდა. 1946 წლის ნოემბერში ახალდაქორწინებულები ვიქტორიაში დაბრუნდნენ და ერთად შეუდგნენ ბაღის მოწყობას. წყვილმა მალე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. ბაღი გახდა მათი შემოქმედებითი სულის გამოხატულება. 40 წელი ხვეწდნენ, ატარებდნენ ექსპერიმენტებს და აახლებდნენ ბაღს.

-  ალბათ, ბაღმა მსოფლიოში ცნობილი ადამიანების ყურადღებაც მიიპყრო?

- ბაღი შესანიშნავი პეიზაჟით, გუბურებით და საოცარი ნარგავებით მათ სიცოცხლეშივე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავ მნახველს იზიდავდა. მათ შორის, სახელმწიფოთა მეთაურებსა და ცნობილ ადამიანებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო როდოდენდრონების კოლექცია, რომელთაგან ერთი აფხაზების გამოყვანილია. 1987 წელს ამერიკის როდოდენდრონის მოყვარულთა ასოციაციამ საერთაშორისო კონფერენცია სწორედ ვიქტორიაში ჩაატარა, რათა კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა მისცემოდათ აფხაზების ბაღის კოლექციით დამტკბარიყვნენ. ნიკოლოზსა და პეგის შვილები არ ჰყოლიათ და ეს ბაღი გახდა მათი შვილი. ბაღი, რომელიც, როგორც პეგი წერდა, ”სიყვარულით აშენდა”.

აფხაზების ცხოვრება აღწერა კატარინა გორდონმა წიგნში ”უცნაური ცხოვრება”, რომელშიც არაჩვეულებრივადაა წარმოჩენილი ბაღისა და მისი პატრონების  საოცარი ისტორია.
ნიკოლოზ აფხაზი 1987 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა, პეგი - 1994 წლის 14 ნოემბერს. ანდერძით, კრემაციის შემდეგ, მათ ფერფლი საყვარელ ბაღში მიმოაბნიეს. აფხაზების დეკორატორმა კრის ბოლმა და მოახლე მარია კამოსამ ვეღარ შეძლეს ბაღის შენახვა და ყოველწლიურად 30.000 დოლარის გადახდა. ბაღმა რამდენიმე პატრონი შეიცვალა. ბოლოს ბაღი ერთმა სამშენებლო კომპანიამ შეიძინა საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად. ეს ამბავი გახმაურდა და მთელ ქვეყანაში ბაღის გადასარჩენი კამპანია დაიწყო. არა მარტო კანადის, არამედ მსოფლიოს მრავალი კუთხიდან მოდიოდა შეწირულობები 10-დან 10.000 დოლარამდე და 2000 წლის 17 თებერვალს კომპანია TLC-მ გამოისყიდა ეს ულამაზესი ბაღი.

ბაღი ძველებურად სავსეა ტურისტებით, მკვლევრებით, ნატურალისტებით. მისი მომხიბლავი ისტორია წყვილებსაც იზიდავს და ”სიყვარულის ბაღშიც” ხშირად იმართება საქორწინო ცერემონიები. ბევრი რამდენიმე დღითაც რჩება კოპწია სასტუმროებში ან კოტეჯებში. აფხაზების საზაფხულო სახლიც ძველებურად გადმოჰყურებს ბაღს.

აფხაზების ბაღი გადარჩა. ნიკოლოზისა და პეგის სულები, ალბათ, ბედნიერები არიან, რომ მათი სიყვარულით ნაშენი ბაღი დღესაც ცოცხლობს.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)
megobari
16 იანვარი 2012 22:40
ჩვენც ესე არ მივხედეტ და მოუარეტ მამულაშვილის ბაღს?სირცხვილი ჩვენი.
Canada
09 იანვარი 2012 23:17
ეს ბაღი არის ქალაქ ვიქტორიაში,გასულ წელს ამ თემაზე სატელევიზიო რეპორტაჟიც იყო მომზადებული
mavile tedoraze
06 იანვარი 2012 14:09
სად რომელ ქალაქში არის ეს ბაღი

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა