ქართველი მსახიობები - დოდო ჭიჭინაძე - კვირის პალიტრა

ქართველი მსახიობები - დოდო ჭიჭინაძე

ქართულ კინოსტუდიაში დიდი ფუსფუსი იყო. ნიკოლოზ სანიშვილი "დავით გურამიშვილის" გადაღებას იწყებდა. როლები თითქმის განაწილებული ჰქონდათ, მხოლოდ ერთი ახალგაზრდა, ლამაზი ქალის სახე აკლდათ. რეჟისორმა ფილმის მხატვარს, თამარ აბაკელიას გურამიშვილის სატრფოს ესკიზების მომზადება დაავალა, რათა ამის მიხედვით მოეძებნათ სასურველი მანდილოსანი. დრო არ ითმენდა. რეჟისორს ეჩქარებოდა გადაღების დაწყება, ამიტომაც ყველა, გადამღები ჯგუფის წევრი თუ მათი ახლობელი, სასურველ სახეს დაეძებდა ქუჩაში.

ერთხელაც, როცა რეჟისორის დედამ ბაზარს მიაშურა პროდუქტების საყიდლად, თვალი მოჰკრა ლამაზ, აშოლტილ გოგოს, რომელიც დახლთან იდგა და რაღაცას ყიდულობდა. სანიშვილის დედამ უკან მისდია ქალიშვილს, ეშინოდა, არ დაეფრთხო, ამიტომ არც კი გამოელაპარაკა. მის სახლთან მისულმა დაადგინა ლამაზი გოგონას ვინაობა და შვილთან გაფრინდა. ნიკოლოზ სანიშვილი დაინტერესდა და მეორე დღეს ასისტენტი გააგზავნა მის სანახავად.

ეს გოგონა დოდო ჭიჭინაძე გახლდათ. კინოსტუდიაში ყველას ძალიან მოეწონა, თანაც მხატვარ აბაკელიას ესკიზები და მისი გარეგნობა სასწაულად ჰგავდა ერთმანეთს. ბევრი აღარ უფიქრიათ, ერთხმად დაამტკიცეს როლზე.

მე იმ ჟურნალისტების რიცხვს მივეკუთვნები, რომელსაც წილად ხვდა ბედნიერება უფროსი თაობის კინოსა თუ თეატრის ცნობილ მსახიობებს პირადად შეხვედროდა და ინტერვიუ ჩაეწერა.

ქალბატონ დოდო ჭიჭინაძეს 10 წლის წინ შევხვდი. სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა. გაიხსენა ბავშვობა, პირველი ნაბიჯები კინოში და შემდგომი პერიოდიც.

ვიკიპედიაში წერია, რომ დოდო ჭიჭინაძე 1924 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში და კარგა ხანს იქ იზრდებოდა, არადა, ის შილდაში დაბადებულა. აი, რა მიამბო მაშინ:

"ჭიჭინაძეების ძირი იმერეთშია, სოფელ ჭოლევში. თითქმის ყველა ჩემი წინაპარი მოწამეთის ეზოშია დასაფლავებული, მე კი შილდაში დავიბადე და გავიზარდე. მამაჩემი 1924 წლის აჯანყების მონაწილე იყო, კარგად იცნობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილს. როცა მასობრივი დახვრეტა დაიწყო, მამაც სხვებთან ერთად, შორაპანთან ჩამოყენებულ ვაგონში შეაგდეს. მაშინ დედა ახალშერთული ჰყავდა, იგი ჩემზე ორსულად იყო. რამდენიმე დღე ამყოფებდნენ ხალხს ვაგონში. მერე გამოიყვანდნენ და იქვე ხვრეტდნენ. თინა მამიდამ (გურამ ასათიანის დედამ) მიაკითხა ერთ ნაცნობს, მაშინდელ "წონიან" პირს, სიმონ ჯუღელს და სთხოვა, გაეთავისუფლებინა მამა. მანაც გულისხმიერება გამოიჩინა და მამა გაათავისუფლეს. რადგან კახეთი უკვე ქარიშხალგადავლილი იყო, მამას იქ წასვლა ურჩიეს. ასე დასახლდა ჩემი ოჯახი შილდაში. მამა განათებული კაცი იყო, ბრწყინვალედ ლაპარაკობდა გერმანულად და უნდოდა, შვილებსაც კარგი განათლება მიეღო, სოფლად კი ეს შეუძლებელი გახლდათ, ამიტომ მე და ჩემი ძმა (მასზე 5 წლით ვარ უფროსი) თბილისში გამოგვისტუმრეს დეიდასთან. ცოტა ხანში საცხოვრებლად გადავედით გერმანელ ქალთან, რომელსაც შვილები უცხოეთში ჰყავდა გათხოვილი, თვითონ კი მარტო ცხოვრობდა. ლილი ტალმამ ჩვენს სწავლა-განათლებას საფუძვლიანად მოჰკიდა ხელი. სკოლა წარჩინებით დავამთავრე და იმავე წელს ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში. მერე მოხდა ის, რასაც ბედისწერა ჰქვია. ქუჩაში ნიკოლოზ სანიშვილის დედამ მიპოვა და ჩემი ბედიც სამუდამოდ დაუკავშირდა სამსახიობო ხელოვნებას.

"დავით გურამიშვილის" შემდეგ წარმატება ქარბორბალასავით დამატყდა თავს. პირველ ფილმს სხვები მოჰყვა: "ბედნიერი შეხვედრა", "ჭრიჭინა", "ცისკარა", "შეწყვეტილი სიმღერა", "ნინო", "ბაში-აჩუკი"... თუმცა, ჩემთვის თეატრი მაინც სულ სხვა სამყარო იყო, უფრო მიმზიდველი და საინტერესო. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, პირველი ქორწინება არ იყო ბედნიერი. მალე გავშორდი ქმარს, რასაც ჩემი ახლობლები ძალიან განიცდიდნენ. სამაგიეროდ, გვიან, 40 წლისა მეორედ გავთხოვდი, ცნობილ ინჟინერს, ბუზ-ოღლის გავყევი... ძალიან ბედნიერი ვიყავი მასთან. ბევრმა ქართველმა ინატროს ისეთი მეუღლე, ვაჟკაცური, განათლებული და ღირსეული, როგორიც ის იყო".

მახსოვს, როგორი სიყვარულით გაიხსენა ქალბატონმა დოდომ თავის მეგობრები:

"გიორგი შავგულიძე ჩემზე ბევრად უფროსი იყო. "დავით გურამიშვილში" რომ ვითამაშე, 19 წლისა ვიყავი, გიორგი კი - 37-ის. ისე მექცეოდა, როგორც პატარა ბავშვს. მერე დავახლოვდით ოჯახებით. ბავშვობიდან ვმეგობრობდი გიგა და მარიკა ლორთქიფანიძეებთან. მარჯანიშვილის თეატრში ჩემი უახლოესი მეგობარი გახლდათ მედეა ჯაფარიძე. ის იყო ადამიანი, რომელიც ყველაზე სასოწარკვეთილსა და უიმედოს ამ ქვეყნისკენ შემოაბრუნებდა და სიცოცხლეს შეაყვარებდა. წარსულიდან იმდენი კარგი რამ მაგონდება, ყველა რომ გავიხსენო, ერთი დიდი წიგნი გამოვა, მაგრამ ერთს მაინც გავიხსენებ ჟორაზე. შავგულიძე ხომ უბადლო იყო კურიოზული სიტუაციის მოგონებაში. ერთხელაც შევდივარ თეატრში და უცებ დამეტაკნენ, ერთი მსახიობი არ მოვიდა და შენ უნდა შეასრულო მისი როლიო. დავიბენი, რადგან "კოლმეურნის ქორწინებაში" არ ვთამაშობდი და არც ტექსტი ვიცოდი. ის მაინც მითხარით, ვისი როლი უნდა შევასრულო-მეთქი და მიპასუხეს, მეღორე ვერიჩკასიო.…ძალიან ავნერვიულდი, როგორია, სცენაზე უნდა გავიდე, თან ისე, რომ არ ვიცი ტექსტი. ჟორამ დამამშვიდა, როცა უნდა გამოხვიდე სცენაზე, გეტყვიან, მსვლელობისას მე დაგეხმარები, ხოლო სცენიდან მაშინ გახვალ, როცა ერთ ადგილას გიჩქმეტო. მოვიდა დრო ჩემი გასვლისა. გავედი. ჟორა ისეთ რამეს მეკითხება, აზრზე არა ვარ და სისულელეებს ვპასუხობ. ხალხი კვდება სიცილით. ერთი სული მაქვს, კულისებში დავბრუნდე, მაგრამ ჟორა იგვიანებს ჩქმეტას და მეც ვდგავარ შუა სცენაზე და სიმწრის ოფლი მდის. ჟორამ ზუსტად 15 წუთი ახარხარა მაყურებელი ჩემზე. ყურში ჩავჩურჩულე, ე, ბიჭო, მიჩქმიტე და გამიშვი სცენიდან-მეთქი. როგორც იქნა, დამადგა საშველი...

მეამაყება, რომ მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობი ვიყავი და გვერდით ვედექი ბუმბერაზ მსახიობებს. დიდი ტკივილი განვიცადე, როცა გიორგი შავგულიძე უდროოდ წავიდა ამ ქვეყნიდან. მერე ერთმანეთს მიჰყვნენ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები: ჩემი მამიდაშვილი გურამ ასათიანი, ეროსი, ლია ელიავა... აწი სიკვდილის არ მეშინია, რადგან ვიცი, რომ იმ ქვეყნად ბევრი ახლობელი დამხვდება".

მახსოვს, ინტერვიუს ჩაწერა დასრულებული იყო უკვე, დავემშვიდობე კიდეც ქალბატონ დოდოს, რომ მან კიბიდან მომაბრუნა: იცით, რა მეამაყება? ერთხელ არკადი რაიკინმა მითხრა: საქართველო ბუმბერაზი ფილარმონიაა, რომელიც მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენო, როგორც დიდი და ნამდვილი ხელოვნებაო.

დოდო ჭიჭინაძე ის ადამიანი გახლდათ, რომელსაც ყველაფერი ქართული, ამაღლებული და ლამაზი, საოცრად ეამაყებოდა, ქვეყნის ტკივილი კი გულს უსერავდა. ამიტომაც ჩვენმა პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მას საქართველოს მშფოთვარე ჭირისუფალი შეარქვა.

დოდო ჭიჭინაძე 2009 წელს გარდაიცვალა. 

(სპეციალურად საიტისათვის)