"ისეთ ეშხში შევედი, რომ აკაკი კვანტალიანს გამოვენთე, ღობეზე გადმოვფრინდი და ფეხიც მოვიტეხე..." - კვირის პალიტრა

"ისეთ ეშხში შევედი, რომ აკაკი კვანტალიანს გამოვენთე, ღობეზე გადმოვფრინდი და ფეხიც მოვიტეხე..."

ქართული კინოს ხანდაზმულ მსახიობს, დუდუხანა წეროძეს, 1999 წელს შევხდი. იანვრის 11 იყო. როცა დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე, მაშინვე სიხარულით დამთანხმდა და მითხრა, - მოდი, გენაცვალე, ისეთი გემრიელი გოზინაყი უნდა გაჭამო, მისი გემო არასოდეს დაგავიწყდება, თან საინტერესო ამბებს მოგიყვებიო.

მსახიობთან მისულს ჯერ მისი ნათესავები გამომეგებნენ, - დუდუხანას თითქოს წლები ჩამოაკლდა, ისე გახარებულია, კარგა ხანია, არავინ შეხმიანებია, ძალიან წუხდა, ყველამ დამივიწყაო... მას მერე, რაც დაურეკეთ, ძალიან გახალისდა, დილიდანვე ემზადება ჟურნალისტთან შესახვედრად, ახლავე გეახლებათო... ცოტა ხანში ქალბატონი დუდუხუნა  თავისი ოთახიდან გამოვიდა და ისე გადამკოცნა, როგორც დიდი ხნის უნახავ შვილიშვილს შეეგებება ბებია. რატომღაც კესარია გამახსენდა "უდიპლომო სასიძოდან" და ღიმილი ვერ შევიკავე...

ის შეპირებული გოზინაყით გამიმასპინძლდა, სხვათა შორის, მართლაც ძალიან გემრიელი აღმოჩნდა, მერე კი ამ გოზინაყივით "გემრიელი" და ძალზე საინტერესო ამბები გაიხსენა.

"დეიდაჩემი ცნობილი მწერალი მარიამ გარიყული გახლდათ. მის ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ სახელოვანი ადამიანები და მეც ბავშვური აღტაცებით თვალყურს ვადევნებდი მათ. ერთხელ მამამ კინოში წამიყვანა და მაჩვენა ფილმი "ვინ არის დამნაშავე?" ისე გამიტაცა ფილმმა, რომ სულ დამავიწყდა, სად ვიყავი. ეპიზოდმა, რომელშიც თავს იხრჩობს ნატა ვაჩნაძის გმირი, ძალიან ამაღელვა და ავღრიალდი. მამა იძულებული გახდა, გარეთ გავეყვანე, თან მამშვიდებდა, დუდუხან, ეს კინოა, კინო! ნატა ცოცხალია და კიდევ ბევრ ფილმში მიიღებს მონაწილეობას, ნუ ტირიო!.. იმ დღიდან ნატა ჩემი კერპი გახდა. წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული, როცა ჯერ კიდევ 15 წლისას მომიწია ნატას სიახლოვეს ყოფნამ. ჩემთვის ეს იყო პირველი ფილმი "უკანასკნელი ჯვაროსნები", სადაც ხევსური გოგონას ეპიზოდური როლი შევასრულე. ამ ფილმის შემდეგ აღარც ვფიქრობდი კინოკარიერაზე, იმიტომ კი არა, რომ აღარ მინდოდა, უბრალოდ, ვერ წარმომედგინა, რომ კიდევ დამიძახებდნენ... მაგრამ მოხდა საოცრება და დამიძახეს. მეამაყება, რომ ჯერ კიდევ პატარა გოგოს ნათამაშები მაქვს ისეთ ბუმბერაზ მსახიობებთან, როგორიც იყვნენ ნატა ვაჩნაძე, შალვა ღამბაშიძე, კოტე მიქაბერიძე, სანდრო ჟორჟოლიანი, მიხეილ ქორელი... შემდეგ იყო უბედნიერესი წლები და ფილმები: "დაკარგული სამოთხე", "მამლუქი", "მაგდანას ლურჯა", "უდიპლომო სასიძო", "ჩვენი ეზო" და მრავალი სხვა. ყველაზე დიდი სამსახიობო სკოლა რონდელთან გავიარე და სწორედ მას ვუმადლი ჩემს დაოსტატებას.

გასახსენებელი ძალიან ბევრი მაქვს... "უდიპლომო სასიძოს"გადაღებისას ამ ფილმს კინაღამ შევწირე:

ალბათ, ყველას გახსოვთ, სამძახლოების წაკინკლავების სცენა. ისეთ ეშხში შევედი, რომ აკაკი კვანტალიანს (ნანის მამას) მართლა გამოვენთე, ღობეზე გადმოვფრინდი და ფეხიც მოვიტეხე... კინაღამ მოსაჭრელი გამიხდა. გადაღება მთელი ორი თვით შეჩერდა. მთელი გადამღები ჯგუფი ძალიან შეწუხდა, განსაკუთრებით ლელიკო ხოტივარი, ფილმის რეჟისორი. ფილმს ხან ოზურგეთში, ხან ბახვსა და ხიდისთავში ვიღებდით. ხოტივარი ერთი წუთით არ გვასვენებდა, გადაღებას დილის ხუთ საათზე ვიწყებდით. საკმარისი იყო, რომელიმეს დაგვეწუწუნა, რომ გვეუბნებოდა, ისეთ ფილმს ვიღებ,  ხალხმა 50 წელი მაინც უნდა იცინოსო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოუვიდოდა, მე რომ ფეხი დავიზიანე და გადაღებაც შეჩერდა. ღვთის წყალობით, გამოვკეთდი და ფილმიც საუკეთესო გამოვიდა.

"ჩვენი ეზოს" გადაღებისას საშინელი სიცხე იყო თბილისში. გავრცელდა ტიფი. თავის დასაზღვევად ავიცერი და დავიწყეთ გადაღება. მაინც ვერ გადავურჩი ტიფს. ავადმყოფობის გამო ჩემი როლი შემცირდა. ის ეპიზოდი ხომ გახსოვთ, მე და "ჩემი მეუღლე", აკაკი კვანტალიანი ლოგინში რომ ვსაუბრობთ ერთადერთი შვილის (გიორგი შენგელაია - ავტ.) კეთილდღეობაზე, იმ წუთებში მართლაც სალოგინე ვიყავი, ოცდაცხრამეტი მქონდა სიცხე და გათანგული ვთამაშობდი როლს.

"პალიასტომის" გადაღებისას რონდელმა აიჩემა, ჭაობში უნდა გადავიღოთო. ჩვენც რა გზა გვქონდა? გრძელი ჭოკებით დავდიოდით ჭაობში. ერთ ადგილას ფეხი ამიცდა და ყელამდე ჩავვარდი. ისე დავიბენი და დავფრთხი, რომ დაყვირებაც ვერ მოვახერხე, გიორგი შავგულიძეს რომ არ გამოეხედა უკან, უსათუოდ დავიხრჩობოდი. გადაღებებისას ფათერაკები არ მაკლდა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ყველაფერი სასიამოვნო მოგონებად მრჩებოდა".

დუდუხანა წეროძემ მართლაც მრავალი საინტერესო სახე შექმნა. იგი დღემდე უყვარს ქართველ ხალხს და სიამოვნებით უყურებს ძველ ქართულ ფილმებს, სადაც დუდუხანა თამაშობს.

(სპეციალურად საიტისათვის)