ქართველი მსახიობები. მედეა ჩახავა - კვირის პალიტრა

ქართველი მსახიობები. მედეა ჩახავა

ის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო. კაშკაშებდა სცენაზე, კინოში და... ცხოვრებაშიც. სიყვარულს ასხივებდა, ამიტომაც უყვარდა ქართველ ხალხს.

მედეა ჩახავა 1921 წლის 15 მაისს დაიბადა მარტვილის რაიონის სოფელ სერგიეთში. ოცნებობდა ბალერინობაზე, მაგრამ ბოლოს მაინც თეატრალურ ინსტიტუტში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება, რომელიც 1943 წელს დაამთავრა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, მინიჭებული აქვს "ღიმილის პრიზი", ასევე თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

მას ყველა მედიკოს ეძახდა, ამ სახელში უსაზღვრო სიყვარული იყო ჩაქსოვილი. პატარა როლსაც კი ისეთი არტისტობით ასრულებდა, რომ მნახველში წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა. აი, რას იხსენებდა "დიდი მაესტრო", რეჟისორი და ბევრი სპექტაკლის დამდგმელი მიხეილ თუმანიშვილი:

"გავიდა მრავალი წელი და მედიკო ჩახავას სახელი ჩემთვის იქცა თეატრალური სიყმაწვილის ძვირფას, საყვარელ მოგონებად. ბევრი რამ, რასაც რუსთაველის თეატრში ვაკეთებდი, უშუალოდ იყო დაკავშირებული მის სახელთან. ჩვენ თანამოაზრენი, მეგობრები ვიყავით, ჩვენ ვიყავით თანაავტორები ბევრი დაუვიწყარი ნამუშევრისა. ერთად მუშაობა გვეადვილებოდა და დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა.

მედიკო ცვილივით დამყოლი და ელასტიური, აღსავსე ლირიზმით, იუმორითა და უსაზღვრო ქალურობით, ხორცს ასხამდა ჩემს ყოველ ჩანაფიქრს. რომ გავიხსენო მისი როლები, ძალიან გრძელი სია გამოვა. ესენი იყვნენ მუდამ ლამაზი, მომხიბვლელი გოგონები, ყმაწვილი ქალები, რომლებსაც უყვარდათ, რომლებიც იტანჯებოდნენ და იბრძოდნენ სამართლიანობისათვის და ხალხის ბედნიერებისათვის: ლიდა პლახა, დაშა, ამარანტა, თინა, იამზე, კლარა, ლიდა მატისოვა, ლეილა, მარიამი და ბევრი სხვა სახე... როლების ეს პატარა სია მთელი თაობის ცხოვრებაა. მე ძალიან მიყვარს მედიკო. რაც მან სცენისთვის გამოძერწა, იყო ნამდვილი ხელოვნება. მოვიგონოთ თუნდაც მისი სარე, ფეფელა, ეშმაკი მელაკუდა ("ჭინჭრაქადან"), ორივე ლიდა, ერთი თავისი ხალხის ბედნიერებისთვის მებრძოლი, მეორე კი - მოსიყვარულე, ტანჯული და მშვენიერი.

მრავალი რეპეტიცია, საუბარი, კამათი, წყენა განუყრელად ახლდა ჩვენს შემოქმედებით პროცესს. ბევრი საინტერესო და ბედნიერი წუთი მაგონდება. ეს იყო ლამაზი, მშვენიერი დრო ნამდვილი ტალანტის გაფურჩქვნისა. მედიკოს ტალანტი აჯადოებდა მაყურებელს, აიძულებდა აღფრთოვანებულიყო და განეცადა. ეს დიდი ნიჭია - უმღერო სიყვარულს".

აი, ასეთი იყო "მაესტროს" შეფასება, არადა, მიხეილ თუმანიშვილს არ სჩვეოდა ხოტბა-დიდების შესხმა ვინმეზე, როცა მოსწონდა, მდუმარე იყო, შენიშვნებს არ იძლეოდა. მედიკომ კი შეძლო სიტყვაძუნწი რეჟისორის "ალაპარაკება".

როცა ინტერვიუსთვის მსახიობს შინ ვესტუმრე, ხალისიანად შემომეგება, - ცოტა ხანს დამელოდე, ივიკოს გავისტუმრებ და მერე მოგხედავო. იგი იმ წუთებში ფორიაქა და მზრუნველი დედა იყო... მერე ხელდამშვენებული დაბრუნდა ჩემთან და თავისი გამომცხვარი ნამცხვრით გამიმასპინძლდა. ასე მითხრა, როგორც დიასახლისს, სახელი მაქვს განთქმული და ხომ არ შევრცხვები შენთანო... მართლაც უგემრიელესი ნამცხვარი იყო, სახელად "მედიკო", რადგან მსგავსი არც ერთ კულინარიულ წიგნში არ მინახავს.

დიდხანს ვისაუბრეთ მაშინ. ქალბატონმა მედეამ გაიხსენა თეატრალური ცხოვრებაც, გადაღებებიც, პირადულიც... - არაფერზე ვნანობო, მართალია, ბევრი ტკივილიც გამომივლია, მაგრამ სამაგიეროდ ბედნიერებაც და სიყვარულიც უხვად მქონია, რაც მთავარია, შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები გარს მახვევია და ყველანი კარგად არიანო. ერთი შემთხვევაც გაიხსენა:

- 1996 წელი იყო. ხომ გახსოვს, რა მძიმე პერიოდი იდგა. არ ვიცი, რაღა მაშინ გადავწყვიტე კბილების გაკეთება, მაგრამ მაწუხებდა და რა მექნა? კბილები ამოღებული მქონდა, მაკასთან წავედი მოსასვენებლად. იქ ნათესავი დამხვდა და მას ვუამბობდი ჩემი გაჭირვების ამბავს. უცებ გაიღო კარი (კარს არასოდეს ვკეტავდით, იტალიური ტიპის ეზოა და ყველა ერთმანეთს ვიცნობდით) და შემოცვივდნენ ნიღბიანი ბიჭები. ვიფიქრე, რომ ჩემი შვილიშვილების და მათი მეგობრების მოწყობილი მასკარადი იყო (არაერთხელ გაუკეთებიათ მსგავსი რამ), ამიტომ ყურადღება არ მივაქციე და ლაპარაკი განვაგრძე. სიარული რომ არ შეწყვიტეს და რაღაც-რაღაცების გადმოყრაც დაიწყეს, გავბრაზდი და შევუტიე, - გეყოფათ ახლა, ხომ ხედავთ, არ შემეშინდა. დასხედით, მოიხსენით ეგ ნიღბები და ჩაის დაგალევინებთ-მეთქი. ჯერ შემომხედეს, მაგრამ მალე ისევ დაიწყეს აქეთ-იქით სიარული. მაკა სამზარეულოდან გამოიყვანეს, იატაკზე დასვეს, იმ ჩვენს ნათესავ კაცს კი რევოლვერი მიაბჯინეს საფეთქელზე. ახლა კი დამცეცხლა, მივხვდი, სალვადორ დალის ნახატს ეძებდნენ, რომელიც ჩემს სიძეს აჩუქეს საფრანგეთში. არადა, მას ეს ნახატი ჩარჩოდან ჰქონდა ამოღებული და ერთ ახლობელთან მოსკოვში დატოვებული. მე და ბავშვები სააბაზანოში შეგვყარეს და ძებნა ისევ განაგრძეს. გულმა არ მომითმინა, გამოვედი და მძარცველებს ვეუბნები: მართალია, ჩემი ცნობა ძნელია, კბილები მაქვს ამოღებული და სახე შეშუპებული, მაგრამ მედეა ვარ, ჩახავა, ნუ იკადრებთ უკადრებელს, ბავშვებს ნუ შემიშინებთ-მეთქი. გაჩერდნენ, დამაკვირდნენ და ერთმანეთს რაღაც გადაუჩურჩულეს. საკმაოდ ბევრი ძვირფასი ნივთი მოეგროვებინათ, როგორც კი ამომიცნეს, ეგრევე დაყარეს ყველაფერი და მხოლოდ ის ჩარჩო (რომელშიც სხვა ნახატი იდო) წაიღეს. იმ დღეს დავრწმუნდი, რომ მიხედავად გაჭირვებისა და გაუსაძლისი ცხოვრებისა, ხალხს კიდევ შერჩენოდა პატივისცემა და დიდსულოვნება ცნობილი ადამიანის მიმართ. გამიხარდა და გული ამიჩუყდა."

მედიკო ჩახავას ტალანტის დამფასებელი იყო ყველა, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს სცენაზე ან ფილმში. ერთი დუშელი კოლორიტი იყო, კოლა მერაბიშვილი. მეც ვიცნობდი იმ კაცს. იგი სპეციალურად ჩამოდიოდა იმ სპექტაკლებზე, სადაც ჩახავა მონაწილეობდა, მერე კი ალალად ეპატიჟებოდა მთელ დასს თავისთან. თვე არ გავიდოდა, მედიკო და მსახიობების ჯგუფი არ ჩასულიყვნენ დუშეთში. კოლა რომ გარდაიცვალა, მის დაკრძალვაზე მისულს თითქმის მთელი რუსთაველის თეატრის დასი დამიხვდა კოლას ეზოში. მედეამ დაატირა: ბევრი ლამაზი შეხვედრა მოგიწყვია ჩვენთვის და დიდი მადლობა იმ სიყვარულისთვის, რომლითაც ასე სავსე იყავი და გვინაწილებდი ყველასო.

ის ამბავიც ცნობილია, რომ მედიკოს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა სოფიკო ჭიაურელთან. სოფიკო ხომ ბოლო წლებში კოტეს ცოლი იყო, მედიკოს და კოტეს კი მგზნებარე რომანის შემდეგ 20-წლიანი ცოლქმრობა აკავშირებდათ ერთმანეთთან და კიდევ, ორი შვილი - მაკა და ივიკო. მიუხედავად ამისა, ჩახავას მეტოქის თვალით არასოდეს შეუხედავს სოფიკოსთვის, პირიქით, ერთხელ მადლობაც კი გადაუხადა: გმადლობ, რომ კოტეს ასე კარგად უვლი და მისი ნიჭი კიდევ უფრო გამოაბრწყინეო.

ამ სიტყვების თქმა მხოლოდ დიდ ადამიანს თუ შეუძლია.

მედიკო ჩახავა კი, დიდ მსახიობთან ერთად დიდი ადამიანიც იყო!

 (სპეციალურად საიტისათვის)