ქართველი მსახიობები - უშანგი ჩხეიძე - კვირის პალიტრა

ქართველი მსახიობები - უშანგი ჩხეიძე

რამდენიმე წლის წინ ქალბატონ ნინო ჩხეიძეს შევეხმიანე და ინტერვიუ ვთხოვე. სიამოვნებით დამთანხმდა, მაგრამ მერე, შეხვედრისას, საკუთარ თავზე ნაკლებად ილაპარაკა, უმეტესი დრო სახელოვან ძმას, უშანგი ჩხეიძეს დაუთმო:

"შვიდ დედმამიშვილში უშანგი უფროსი იყო. მასზე 22 წლით უმცროსი გახლდით. ჩვენ ზესტაფონელები ვართ; იქ გვაქვს სახლი. არც ერთი დედმამიშვილი აღარ მყავს ცოცხალი, ფრთებჩამოტეხილი ვარ.

უშანგი ულამაზეს სამყაროს ქმნიდა თავის ირგვლივ და ჩვენც ამ ლამაზ სამყაროში გვაცხოვრებდა. ახლა მე მისი დიდი სახლის პატარა დიასახლისად ვითვლები. უშანგის უყვარდა ჩემთან ხუმრობა, რაღაცას მეტყოდა მთელი სერიოზულობით, მეც შესაბამისად მიხაროდა, ან შევიცხადებდი ხოლმე, ის კი ამაზე მთელი დღე ხალისობდა.

თითქოს არ უნდა ყოფილიყო გასაკვირი, მე რომ მსახიობობა გადავწყვიტე, მე ხომ დიდი უშანგი ჩხეიძის და გახლდით, მაგრამ ყველაზე მეტად, ვისაც ჩემი გადაწყვეტილება გაუკვირდა, ისევ ჩემი ძმა იყო. უკვე დამამთავრებელ კურსზე ვიყავი, უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, როცა გამოვუცხადე, - რა ვქნა, უშანგი ბატონო (პატივსცემით ყოველთვის ასე მივმართავდი ხოლმე), მსახიობობა მეც მინდა და ამ სურვილს ვეღარ ვერევი-მეთქი. კარგა ხანს მიყურა, მერე თავი გადაიქნია, ხელი მომკიდა და სარკის წინ დამაყენა, - ჩაიხედე, გოგო, რამხელა ცხვირი გაქვს, შენი მსახიობობა როგორ შეიძლებაო? არ დავიხიე უკან, ლამაზი ქალების როლს არ შევასრულებ-მეთქი... მიხვდა, მეც "დაავადებული" ვიყავი სცენით და ჩაფიქრდა, - რა ვქნა, რა მოგიხერხოო?! მერე ეშმაკურად მოჭუტა თვალები და, - თეატრალურ ინსტიტუტში აკაკი ხორავაა მთლად მთავარი, მიდი მასთან, თუ ჩააბარე, მიგიღებსო, - ამ ტაქტიკით უნდოდა ჩემი მოშორება, მარა რას მომიცილებდა? ახლაც მიკვირს, მაშინ რამდენი რამ გავუბედე ჩემს ძმას და როგორ გავჯიუტდი, - არა, ახლავე უნდა დავდგე სცენაზე, გეფიცები, არ შეგარცხვენ-მეთქი. ერთი ამოიხვნეშა, დაჯდა და თავის უახლოეს მეგობარს, შალვა ღამბაშიძეს, რომელიც მაშინ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, წერილი დაუწერა და მე გამატანა.

შალვამ თეატრალური განათლების გარეშე თეატრში მიმიღო და მუშაობა დამაწყებინა. ძირითადად, სახასიათო როლებს მაძლევდნენ. ისე მიყვარდა სცენა, რომ ამაზეც კმაყოფილი ვიყავი. ყოველი ახალი როლის მიღებისას უშანგი შეწუხებული მყავდა, სულ ვეხვეწებოდი, მომეხმარე, როგორ ვითამაშო-მეთქი. ის კი ამას მეუბნებოდა: წადი, დადექი კულისებში და უყურე დიდ ვერიკოს და სესილიას,…იმათგან ისწავლეო... მეც ვიდექი და სუნთქვაშეკრული ვუყურებდი მათ. ჩემგან ისეთივე დიდი მსახიობი ვერ დადგა, როგორიც ჩემი ძმა იყო, ან ვერიკო და სესილია, მაგრამ მათ გვერდით ხომ ვიდექი, ჩემსა და უშანგის ძარღვებში ხომ ერთი სისხლი ჩქეფდა, ეს კი უსაზღვროდ მეამაყება დღემდე. ბედნიერი ვარ უშანგის და მქვია".

საქართველოს სახალხო არტისტი უშანგი ჩხეიძე 1898 წლის 28 ნოემბერს დაიბადა ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში. ჯერ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, ხშირად მონაწილეობდა მოსწავლეთა სპექტაკლებში. შემდეგ სწავლა განაგრძო უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე, პარალელურად არ ღალატობდა თავის საყვარელ საქმეს და ჯაბადარის სახელობის დრამატულ სტუდიაში დადიოდა. იქ ეუფლებოდა სამსახიობო ხელოვნებას. თავდაპირველად მონაწილეობდა მუშათა თეატრების დადგმებში, 1921 წლიდან კი, რუსთაველის სახელობის თეატრში.

ვისაც უნახავს უშანგის მიერ შესრულებული როლები, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ იგი საოცარი ტემპერამენტის მსახიობი იყო, ჰქონდა არაჩვეულებრივი სცენური მომხიბვლელობა და ფართო არტისტული დიაპაზონი. მისი შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა ვაჟკაცობით, გმირული სულისკვეთებით, იუმორით. მსახიობი თანაბარი წარმატებით ასრულებდა ტრაგიკულ თუ კომიკურ როლებს, ეს კი ძალიან ბევრს არ შეუძლია.

ვიქტორი და არისტო (დავით კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება" და "სამანიშვილის დედინაცვალი"), ელიზბარი (შანშიაშვილის "მათრახის პანაშვიდი"), მეფე ჯიმშერი (გედევანიშვილის "სინათლე"), ინკუბუსი (შანშიაშვილის "ლატავრა") და მრავალი სხვა.

1925 წელს უშანგი ჩხეიძემ ბრწყინვალედ განასახიერა ჰამლეტის სახე და საყოველთაო აღიარება მოიპოვა როგორც დრამატულმა მსახიობმა. შემდეგ ერთხანს ქუთაისის თეატრში მოღვაწეობდა, იქიდან კი მალე გადაინაცვლა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში.

კოტე მარჯანიშვილთან ერთმანეთს მიჰყვა ძალიან საინტერესო დადგმები, სადაც უშანგი ჩხეიძე მთავარ როლებს ასრულებდა: კარლ ტომასი (ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცხოცხლობთ!"), ბეგლარი (კალაძის "როგორ?"), ურიელ აკოსტა (გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ყვარყვარე (კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), კვეჯენაძე (დადიანის "კაკალ გულში"), გულბაათი (კალაძის "ხატიჯე"), იაგო (შექსპირის "ოტელო") ...

სხვათა შორის, მან მწერლობაშიც სცადა ბედი, - მისი პიესა "გიორგი სააკაძე" წარმატებით დაიდგა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე; დაწერა წიგნები: "კოტე მარჯანიშვილი - რეჟისორი და მასწავლებელი", "მოგონებები და წერილები". კინოში შესრულებული აქვს როლები: ნიკო ("ქარიშხლის წინ") და რაიკომის მდივანი იულონი ("ნარინჯის ველი").

უშანგი ჩხეიძის უშუალო მონაწილეობით 1931 წელს მარჯანიშვილის თეატრთან შეიქმნა სტუდია, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც თავად იყო.

უშანგი ჩხეიძე 1953 წლის პირველ დეკემბერს გარდაიცვალა. თავდაპირველად დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. ზღვა ხალხმა გულწრფელი ცრემლით გააცილა იგი უკანასკნელ გზაზე. 1999 წელს კი მისი ნეშტი დიდუბიდან მთაწმინიდს პანთეონში გადაასვენეს.

ქალბატონმა ნინომ დამათვალერებინია ის ოთახები (მაშინ ჯერ კიდევ რემონტი მიმდინარეობდა), სადაც სახელოვანი ძმის მუზეუმის მოწყობას აპირებდა; მაჩვენა მისი პირადი ნივთებიც და ამდენი ხნის შემდეგაც ალალად, დიდი სიყვარულით დაატირა: უშანგი, ნეტავ იცოდე, როგორ მენატრება შენი ომახიანი ხმის გაგონებაო.

უშანგი ჩხეიძე მართლაც დიდი მსახიობი იყო, მაშინდელი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული და კაშკაშა ვარსკვლავი.

(სპეციალურად საიტისთვის)