სამშობლოს ძიებაში - კვირის პალიტრა

სამშობლოს ძიებაში

აეროპორტში მეგობრებმა გააცილეს, მათ ვისთან ერთადაც საქართველოში დაუვიწყარი დღეები გაატარა. ხელზე მძიმე შავი ნაბადი ჰქონდა გადადებული - ამ მეგობრებისაგან საჩუქრად მიღებული ქართული ტრადიციული სამოსი. სახეზე ენით უთქმელი ბედნიერება ეწერა! რამდენიმე დღის წინ ტიმოთესუბანში ნაბდები გაშალეს და  ლხინი მოაწყვეს. მარიამობის დღესასწაული იყო. ეკლესიის ეზო ხალხით იყო სავსე. ისხდნენ ეკლესიის ჩრდილში და სამშობლოს სადიდებელს სვამდნენ. აქამდეც და ამ დღის მერეც არაერთ ქართულ ოჯახში მოუხდა სტუმრობა. ყველგან ეპატიჟებოდნენ და სუფრას უშლიდნენ, ყველგან ისე იღებდნენ როგორც ყველაზე ახლობელ და მონატრებუოლ ძმას. მსგავსი არსად არაფერი ენახა: აქ ის საქართველო იყო, რომელიც ასე ენატრებოდა, რომლის გამოც მზად იყო ყველაფერი მიეტოვებინა...

აკი მთელი ცხოვრება საქართველოს ეძებდა. მამით ქართველი და დედით ბერძენი ორესტი გორდელაძე ემიგრანტის ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მამამისი გურული იყო, ენის მკვლევარი გახლდათ... მუშაობდა თავისთვის, მშვიდად, უყვარდა თავისი საქმე. რევოლუციამ თურქეთში ყოფნისას მოუსწრო.

მოთმინებით ელოდა, არეულობა როდის ჩაივლიდა, რომ დაბრუნებულიყო. კომუნისტები ალბათ დიდხანს ვერ შერჩებიან საქართველოსო, - იმედი ჰქონდა. დრო გადიოდა და სამშობლოში დაბრუნება კიდევ უფრო საშიშად ეჩვენებოდა. თურქეთში შეირთო ბერძენი ქალი, იქ დაიბადა ორესტი გორდელაძეც... თურქეთიდან გაჰყვა "ეფენდი" და "იუზგარ", - სიტყვები, რომლებსაც ასე სიყვარულით ჩააქსოვდა ხოლმე მიმართვაში...

მაგრამ თურქეთში არ იყო საქართველო. აქ აღმოსავლეთი იყო. გორდელაძეების დალოცვილი სამშობლო კი აკი ისეთ გეოგრაფიულ ადგილზე იდგა რომ აღარც აღმოსავლეთი ეთქმოდა და აღარც დასავლეთი... იქნებ მაინც უფრო ევროპა არის საქართველო? - გაჰკენწლა გულში ოჯახის უფროსს და ევროპისკენ აიღო გეზი სამშობლოსთან მისაახლოვებლად... რაღაც მიზეზების გამო ნორვეგიამდე მოუხდა ჩასვლა. უმაღლესი განათლება უკვე იქ მიიღო ორესტიმ. დაოჯახდა კიდეც... ჭიდაობდა და სტუდენტურ შეჯიბრებებში ჩემპიონიც გახლდათ... ნორვეგიაში მათ გარდა ერთი ქართული ოჯახი იყო, მხოლოდ ერთი! და როცა საქართველო ენატრებოდა, მათთან მიუწევდა გული. ამიტომ იყვნენ სულ ერთად... საქართველოსკენ ხომ მუდმივად ექაჩებოდა რაღაც. რაც არ უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, კაცი, რომელსაც სამშობლო არც ენახა, საქართველოთი სულდგმულობდა...

ჭიდაობაში შეჯიბრი საფრანგეთში დაინიშნა. ერთ-ერთი მოასპარეზე ორესტი გორდელაძეც გახლდათ. ჩასული გაოგნდა ნანახით: აქ მისთვის დიდი - პატარა საქართველო იყო - ლევილი, ქართველთა მთელი დიასპორა! გადაწყვეტილება ძალიან იოლად მიიღო. მას საქართველოში უნდოდა! ნორვეგიელი ცოლ-შვილი არ დათანხმდა საფრანგეთში გაყოლაზე. ძალიან მძიმე იყო მათთან დაშორება, მაგრამ საქართველოსთან დაშორება უფრო ემძიმებოდა და საფრანგეთში დარჩა. აქ იქორწინა ქართველ ქალბატონზე ნუციკო თაყაიშვილზე...

და მაინც არ დასრულებულა საქართველოს ძიება...

როცა რკინის ფარდის იქიდან ქართველები ჩავიდნენ პარიზში და ორესტი გორდელაძეს პირველად მოუხდა მათთან შეხვედრა, უნდა გენახათ, რა აღფრთოვანებული იყო. დელეგაციის ერთ-ერთ წევრს - ნოდარ (ოჩო) ცერცვაძეს ძმურად გადაეხვია და ისე დაუახლოვდა, თითქოს, დაბადებიდან მასთან ყოფილიყოს შეზრდილი!

არასოდეს დაავიწყდება ნოდარ ცერცვაძეს ორესტის სულისშემძვრელი მონოლოგი:

- ნოდარი ეფენდი, მართალია, არ მინახავს საქართველო, ჩემი წინაპრების, მშობლების და ჩემი სამშობლო, სადაც ცხოვრობს ჩემი ყველა ახლობელი ნთესავი, აქეთ ძმა და ძმისწულები მყავს მარტო, ისიც ნორვეგიაში, არ ვიცი, იქ თქვენში რანაირი ცხოვრებაა, ათასნაირ რამეს ამბობენ იქაურობის შესახებ, მაგრამ გული მაინც იქითკენ მიმიწევს. მინდა გადმოვიდე საცხოვრებლად საქართველოში. კი მაგრამ თქვენ ხომ ცხოვრობთ იქ, ჩემი ბიძაშვილ-მამიდაშვილები ხომ ცხოვრობენ, რატომ არ შეიძლება მეც ვიცხოვრო თქვენსავით, მეც გავუძლო? არც აქ ვცხოვრობ დიდ ფუფუნებაში, ჩემი სპეციალობითა და ენების ცოდნით, ორ კაპიკს იქაც ვიშოვნი და არ მოვკვდები შიმშილით. თუ გამიჭირდება და აგერ არ ხართ თქვენ? არ ამომიდგებით გვერდში? ჩემიანებში მაინც ვიცხოვრებ, მომბეზრდა აქ სულ ჩამოსული უცხოელის როლში ყოფნა!

მაშინ საქართველოში გაგანია საბჭოთა რეჟიმი იყო. იცოდა, რასაც ნიშნავდა ეს! მამისაგან ჰქონდა მოსმენილი, პარიზელი ემიგრანტებიც უამბობდნენ... მაგრამ ჩემი ნათესავები ხომ ცხოვრობენო... მეც გავუძლებო, - ამბობდა იმედიანად.

ევროპაში ემიგრირებული ქართველები ცოტათი, მაგრამ მაინც შეიცვალნენ. იქაური წესები, კულტურა ნელ-ნელა იკიდებდა ფეხს ყოველი მათგანის ოჯახში... საქართველოდან ჩასული სტუმრების ალბათ ბევრი რამ უკვირდათ კიდეც... განსაკუთრებით ხვავრიელი სმა სუფრასთან...  პარიზში თინა ჯაფარიძის ოჯახში ვახშამი გაიმართა. მიწვეულები იყვნენ ქართველები საქართველოდან და ემიგრანტები: ვიქტორ ხომერიკი,  მიშა ქავთარაძე, ორესტი გორდელაძე... სუფრაზე ოთხი ბოთლი წითელი ღვინო იდგა და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ვახშმის განმავლობაში მასპინძელს ოთხჯერ  თუ მეტჯერ მოუწევდა მაღაზიაში ჩასვლა და ღვინის დამატება... ბევრს სვამენო, - ხმა გავრცელდა პარიზში... მგონი, იმ დღიდან დაიწყო... ორესტი გორდელაძეც ბევრს სვამდა - ქართულად სვამდა. თითქოს თავგამოდებით ცდილობდა, სამშობლოს ამითაც მიკედლებოდა - იმათნაირი ყოფილიყო - საქართველოს ქართველებისნაირი.

როცა სამშობლოში ჩამოვიდა პირველად და ნათესავები გაიცნო, მეგობრები შეიძინა, მთლად დააუნჯა სიხარულმა. უკვირდა: ასეთ სუფრებს როგორ შლითო... განა რა შემოსავალი გაქვთო... თემიკო ჩირგაძე პასუხობდა: "ფოკუსნიკები" ვართ, ჩემო ბატონოო!

თემიკო ჩირგაძის თამადობა ისე მოსწონდა, რომ ორესტი პირადად სთხოვდა კიდეც: იუზგარ! იქნება გაგვიწიო თამადობა ერთხელ კიდევო! შენს პატივსაცემად და თავმოსაწონებლად ვართ აქ, თანაც კეთილმომსახურების ბიუროდან ვართ მოგზავნილები, რომ რაც შეიძლება გაგამხიარულოთ და როგორ გეტყვი უარსო! - თემიკო ეტყოდა.

საქართველო შემოატარეს. ეს ფოტო შუაფხოშია გადაღებული, ცხადია ყველას მასპინძელი გოგი ოჩიაური იქნებოდა იმ დღეს. ორესტის სახიდან არ სცილდებოდა ბედნიერი ღიმილი: საქართველო! აი, თურმე რას ნიშნავს სამშობლო: არ გინახავს, აქ არ გაზრდილხარ, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად გინდა და გენატრება, ყველაზე ახლობელი და სასურველია! აქ სხვანაირად სუნთქავ! აქ სხვანაირი ადამიანი ხდები.

თუმცა ორესტი გორდელაძემ ბოლომდე მაინც ვერ გათვალა - როგორც ჩანს საქართველოში ყოფნისას, სპეცსამსახურებმა ისეთი წინადადება მისცეს, რომ დროებით მაინც უარი ათქმევინეს დაბრუნებაზე... სამშობლო უყვარდა, მისი მიწა ოცნებად ჰქონდა ქცეული, მაგრამ არა ასეთ ფასად! არა სულიერი საქართველოს გაყიდვის ფასად!

ნიჭიერი ქართველი - ორესტი გორდელაძე პოლიგლოტი გახლდათ, იყო ინჟინერი, გამომგონებელი. რომ არა ბედის უკუღმართობა, დიდი სიამოვნებით შეალევდა თავის ცოდნასა და გამოცდილებას საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობას... მაშინ ეს შეუძლებელი იყო! მაგრამ ის ხომ შეეძლო, რომ თანამემამულეებს შეძლებისდაგვარად დახმარებოდა, ჰოდა, რაც შეეძლო თანადგომას არ აკლებდა! პარიზში ჩასული ქართველების უცვლელი მასპინძელი იყო, მაშინ კი, როცა 90-იანი წლების საქართველოში სიბნელემ და სიცივემ დაისადგურა, მატერიალურად და მედიკამენტებითაც ეხმარებოდა მშობელ ხალხს.

კაცი, რომელიც თურქეთში დაიბადა და ევროპაში დავაჟკაცდა, უნდა გენახათ როგორი ქართულით საუბრობდა! შეუძლებელი იყო რაიმე ძალას შეეკავებინა მისი ბუნებითი კუთვნილება ქართული ფესვებთან და ისიც მზისკენ ამართულ ყლორტებად ხარობდა - ქართველობდა. უცხოეთში ქართველობა რთულიც იყო და მარტივიც. რთული, რადგან ის და მისი მეუღლე მაინც მარტოსულებად დარჩებოდნენ მდიდარ, გაჩახჩახებულ ევროპაში და მარტივი, - რადგან სიმართლე სულს არ ამძიმებს და ყოფნასაც ამდენად ამსუბუქებს!

აეროპორტში რომ იდგა და ხელზე რომ ნაბადი ჰქონდა გადადებული, ვიღაც მიუახლოვდა და იმ ნაბდიდან "ჭუჭყი" - რამდენიმე ხმელი ბალახის ღერი და მტვერი ჩამოფერთხა: ეს რა ქენიო, - ორესტიმ! მე ეს ბალახი და მიწა მიმქონდაო! ეს მიყვარს ყველაზე მეტადო!

ძალიან უნდოდა ეს ბალახი და მიწა გულზეც ეგრძნო, როცა ამის დრო დადგებოდა... არ აუხდა... ორესტი გორდელაძე სულ ახლახანს პარიზში გარდაიცვალა.

მისთვის საქართველო დარჩა ქვეყნად, რომლისგანაც არ გარბიან, რომელსაც მუდამ ეძებენ ქართველები... და საქართველოსაც უსაზღვროდ ეტკინა შვილის გარდაცვალება, შვილისა, რომელიც არც არასოდეს დაჰკარგვია, არ მოშორებია. მიუხედავად იმისა, რომ კილომეტრები აშორებდა... მიუხედავად ყველაფრისა!

(სპეციალურად საიტისთვის)