ქართველი მსახიობები - კოტე დაუშვილი - კვირის პალიტრა

ქართველი მსახიობები - კოტე დაუშვილი

ვისაც ერთხელ მაინც უნახავს კოტე დაუშვილის მიერ შესრულებული როლები (უფრო კინოროლები), ძნელია დაივიწყო ის ფილმებიც და მისი გმირებიც. რატომღაც ყველა დარწმუნებული იყო, რომ რეალურ ცხოვრებაშიც იმ გმირის მსგავსი ბრძანდებოდა: კეთილი, გულჩვილი, ძლიერი, პატიოსანი... თუმცა, მას უარყოფითი პერსონაჟიც განუსახიერებია, მაგრამ ამას ძნელად იჯერებდა ქართველი მაყურებელი, - ეს როლია, სინამდვილეში ის არაჩვეულებრივი კაცია, დიდი გულის პატრონი, ყველას დამხმარე და მეგობარიო, - ასე სჯეროდათ და მართლაც ასე იყო.

"ვინ შეკაზმავს ცხენს?" გახსოვთ? ხომ საოცარი ურთიერთობაა ბაბუა-შვილიშვილისა?! "ზღვის შვილები" და განუმეორებელი ბოცო კალანდაძე? მისი ვერშეკავებული ცრემლი ომში დაღუპული შვილის გამო... "ხევსურულ ბალადაში" მგელიკა, რომელიც თავს ევლება ძმისშვილს და საკუთარ ვაჟზე წინ აყენებს? ან "შეხვედრა მთაში", სადაც მიამიტი ხევსური ბერიკაცის როლს ასრულებს, ჯერ მტერი რომ ჰგონია სასიძო, მერე კი დაუმეგობრდება და ხინკალს მის გარეშე არ ჭამს.…

ასეთი იყო ცხოვრებაშიც - სუფთა, ბავშვურად გულუბრყვილო და მიმნდობი. სამაგიეროდ, შიში არ იცოდა, რა იყო. თავის დროზე, კარგი მოჭიდავეც ყოფილა, არც ჩხუბზე იხევდა უკან. სწორედ ჩხუბის დროს გაუტეხიათ მისთვის წარბი.

თენგიზ არჩვაძე იხსენებს:

"როცა ხევსურეთში ფილმებს ვიღებდით ("ხევსურული ბალადა" და "შეხვედრა მთაში") ვერავინ არჩევდა ხევსურებისგან. გადაიცვამდა იმათ ტანსაცმელს, ახოვანი ისედაც იყო, მოახტებოდა უბელო ცხენს და დააჭენებდა. სიყვარულით ყველას "მამუკას" გვეძახდა, ასე მამაშვილურად გვეფერებოდა. ჩვენც, მასზე უმცროსები, ასეთივე სიყვარულით მივმართავდით. ხომ ასეთი ახოვანი და ბრგე იყო, ისეთი ჩვილი გული ჰქონდა, პატარა რამეზე ცრემლი მოადგებოდა ხოლმე თვალზე. ძალიან უყვარდა, როცა სხვებზე ზრუნავდა, სულ ერთი იყო, სად ვიყავით, - მასთან სახლში, გადაღებაზე, ბარში თუ მთაში. დაიკაპიწებდა ხელებს და ცოტა ხანში ისეთ საჭმელს მოგვიმზადებდა, ნებისმიერ კარგ მზარეულს შეშურდებოდა. სხვათა შორის, ჩობან-ყაურმა მისგან ვისწავლე. მთაში ვიყავით გადაღებაზე და გვითხრა, - თბილისიდან სტუმრები ჩამოდიან და კარგად მოვემზადოთო. მართლაც ბიძინა კვერნაძეE და პეტრე გრუზინსკი გვესტუმრნენ. ღვინის შოვნა მე დამავალა, თვითონ კი ცხვარი დაკლა, მერე მისივე ტყავში დაჭრილი ხორცი, მწვანილი და ხახვი შეახვია, ნაკვერჩხლიან ორმოში ჩადო და რამდენიმე წუთში ისეთი ჩობან-ყაურმა გვაჭამა, სულ თითები ჩავიტკვირეთ.

წარმოშობით შქმერიდან იყო. კარგა ხნის ურთიერთობის მერე გავუთამამდი და ვეხუმრებოდი, რაჭაში სამი რამე მოდის და ხარობს, კარტოფილი, მოჭიდავეები და არტისტები-მეთქი. კინოსტუდიაში ხუმრობით "რაჭფილმი" შევქმენით, რომლის წევრებიც გახლდით: ალე ომიაძე, კოტე დაუშვილი, ოთარ კობერიძე, ზურაბ ქაფიანიძე და მე. პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავდა, ჯანგირი, ფიზიკოსი გახლდათ. მეორე ცოლთანაც ვაჟი შეეძინა, გივი. უსაზღვროდ უყვარდა თავისი შვილები. მეორე მეუღლე, ქეთევანი რომ  გარდაეცვალა, ძალიან განიცადა. მერე თვითონაც ავარიაში მოყვა, ფეხი მოიტეხა, კარგა ხანს მკურნალობდნენ. ერთბაშად მოტყდა. ეტყობა, ქეთევანის წასვლამ იმოქმედა ასე მძიმედ, თორემ ავარია და ფეხის ტკივილი რას დააკლებდა?! 72 წლისა გარდაიცვალა".

კოტე (კონსტანტინე) დაუშვილი 1909 წლის 6 მარტს დაიბადა. 1928-1931 წლებში წითელი არმიის ქართულ თეატრში მუშაობდა, მერე ცოტა ხნით ბაქოში გადავიდა. 1942 წლიდან მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დაიწყო მუშაობა, მაგრამ კინოსტუდიიდან რომ იხმეს, იქ წავიდა, სადაც ეძახდნენ და სჭირდებოდათ, თუმცა თეატრი ძალიან უყვარდა.

მასთან დაახლოებულ ადამიანებს კარგად ახსოვთ მისი მასპინძლობა. სახლის სარდაფში მარანი ჰქონდა მოწყობილი. ღვინო დაწურა, არაყი და კონიაკიც კი გამოხადა, რომელსაც "კადე" დაარქვა (საკუთარი გვარ-სახელის ინიციალები). ზარიც ჰქონია იქვე და როცა დარეკავდა, ზემოდან მის მეუღლესა და ოჯახის წევრებს ჯამ-ჭურჭელი და სხვა კერძები ჩამოჰქონდათ. ბევრი ლამაზი და სასიამოვნო საღამო აქვთ გატარებული კინოსტუდიის თანამშრომლებს (და არა მარტო მათ) იქ. კოტე ბედნიერი მაშინ გახლდათ, როცა სხვებს სიხარულს ანიჭებდა. ეგეთი იყო: გაცემა უყვარდა და სამაგიეროდ არაფერს ითხოვდა, მაგრამ "სამაგიერო" კოტე დაუშვილს უკვე მიღებული ჰქონდა - ეს ახლობლების, მეგობრებისა და სრულიად საქართველოს დიდი სიყვარული იყო.

(სპეციალურად საიტისთვის)