ქართველი მსახიობები - სერგო ზაქარიაძე - კვირის პალიტრა

ქართველი მსახიობები - სერგო ზაქარიაძე

ბავშვობიდან მიყვარდა ქართული ფილმების ყურება. ბევრი მსახიობი მომწონდა, მაგრამ სერგო ზაქარიაძის გამოჩენისთანავე სულ სხვა გრძნობა მეუფლებოდა, - მშობლიური და ძალიან ახლობელი. ეტყობა, ჩემში ღრმად დაილექა ის ცნობა, რომ სერგო და ბაბუაჩემი მეგობრები იყვნენ. ჩემთვის, რომელსაც ბაბუა თვალითაც არ მყავდა ნანახი (ან კი როგორ ვნახავდი, როცა 1937 წელს გადაასახლეს ციმბირში, სადაც გარდაიცვალა), მისი ბავშვობის დროინდელი მეგობარი სისხლისმიერ ახლობელთან ასოცირდებოდა. მახსოვს, "ჭინჭრაქაში" ისე თანავუგრძნობდი ბრიყვ და მიამიტ დევს, რომ გულში ვნატრობდი, ნეტავ დროზე აფრინდეს ეს ხალიჩა და დევი თავის ქოსიკოსთან ერთად მოაშოროს "საშიშ" ადგილს-მეთქი, ამ დროს სხვა ბავშვების მხიარული ჟრიამული დარბაზს ავსებდა: "ჭინჭრაქა მოდის, ჭინჭრაქაააააა..."

გავიდა დრო. ერთ მშვენიერ დღეს სერგო ზაქარიაძე სკოლაშიც გვეწვია და როცა გაიგო, მისი სიყრმის მეგობრის, საშას, შვილიშვილები ვიყავით, ჩემი ძმა გვერდით ამოიყენა, მე მუხლებზე დამისვა და სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

დიდი მსახიობი იყო. შეეძლო ტრაგიკული როლიც შეესრულებინა და კომიკურიც. ეს ბევრ მსახიობს არ ხელეწიფება.

დაიბადა 1909 წელს, ქართველი რკინიგზელის ოჯახში. მაშინ ბევრი ქართველი ცხოვრობდა და მუშაობდა ბაქოში. ბაბუაჩემიც რკინიგზელის შვილი იყო და იქ დამეგობრებულან. რამდენიმე წლის შემდეგ ზაქარიაძეების ოჯახი ზესტაფონში გადავიდა საცხოვრებლად. 1922 წელს სერგო ფაღავას სასწავლებელში აბარებდა გამოცდებს, მაგრამ ჯერ ძალიან პატარა იყო და ასაკმა ხელი შეუშალა მიზნის მიღწევაში. ორი წლის შემდეგ თბილისის უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჯერ რუსთაველის სახელობის თეატრში დაიწყო მუშაობა, ცოტა ხანში კი მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებულ თეატრში განაგრძო მოღვაწეობა. 1956 წლიდან სერგო ზაქარიაძე კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობია, ხოლო 1969 წლიდან სერგო სათავეში ჩაუდგა ამ თეატრს, როგორც დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. სწორედ ამ პერიოდში გავიდა რუსთაველის თეატრი საერთაშორისო სარბიელზე. დასი პირველად გასტროლებზე რუმინეთსა და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში იყო.

სერგო ზაქარიაძეს მინიჭებული აქვს უამრავი სახელმწიფო ჯილდო, მაგრამ მისმა პოპულარობამ პიკს მიაღწია "ჯარისკაცის მამის" ეკრანზე გამოსვლის შემდეგ. სად აღარ იწვევდნენ მსახიობს, ყველგან საზეიმო შეხვედრებს და საღამოებს უწყობდნენ.

ცნობილია ერთი რუსი ჟურნალისტის მოგონებები სერგოზე.  ეს გახლდათ ვადიმ სერგეევი, ჟურნალ "ოგონიოკის" კორესპონდენტი.  სერგოს არ უყვარდა ინტერვიუები. მაღალჩინოსანსაც რომ ეთხოვა, ჟურნალისტი მოვა შენთან და გაგესაუბრებაო, იმასაც კი ტაქტიანად მოიშორებდა თავიდან. სერგოს "თბილი დამოკიდებულება" ჟურნალისტებთან ყველაზე კარგად ისევ და ისევ "მეოთხე ხელისუფლების" წარმომადგენლებმა იცოდნენ. როცა ვადიმი  რედაქტორმა იხმო და დაავალა, რადაც უნდა დაგიჯდეს, თბილისში უნდა გაფრინდე, მივლინებას რამდენდღიანსაც გინდა, გამოგიწერ და ზაქარიაძესთან ინტერვიუ უნდა ჩაწეროო, ვადიმს "დასცხა" თურმე. იცოდა, ეს არ იყო იოლი საქმე. ორი კვირა ითხოვა მასალის მოსაპოვებლად. წინდაწინ ყველა ინფორმაცია მოაგროვა მსახიობზე. გაიგო ისიც, რომ სერგო "ფანატიკოსი" გულშემატკივარი ყოფილა თბილისის "დინამოსი" და არც ერთ თამაშს არ აცდენდა, ყველას ესწრებოდა. უსაზღვროდ გაიხარა, როცა გაიგო, რომ მისი მივლინება და "დინამოს" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მატჩი ერთმანეთს ემთხვეოდა. თუმცა ქართველების მოწინააღმდეგე გუნდი ვადიმის საყვარელი მოსკოვის "ტორპედო" აღმოჩნდა. სხვა რა გზა იყო? ვადიმს უნდა ეთამაშა არა "ტორპედოს", არამედ  თბილისის "დინამოს" გულშემატკივრის როლი. ჟურნალისტმა ასეთ ტაქტიკას მიმართა: ზაქარიაძეს სახლთან ჩაუსაფრდა. შინიდან გამოსულ სერგოს უკან აედევნა. მსახიობი "დინამოს" სალაროებთან მივიდა. ჟურნალისტიც უკან ამოუდგა, ასე რომ, მათი ადგილებიც გვერდიგვერდ მოხვდა. იმ დღეს მთელი სტადიონი გუგუნებდა, ნემსი არ ჩავარდებოდა, იმდენი ხალხი იყო მატჩის საყურებლად მოსული. სერგოს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა სლავი ახალგაზრდა, რომელიც ქართველ ფეხბურთელთა ყოველი შეტევის წამოწყებაზე ემოციას ხმამაღლა გამოხატავდა.

- ბიჭოს, რა ხდება? - უკითხავს გაკვირვებულ სერგოს მისთვის, - რუსი ხარ და ქართველებს გულშემატკივრობო?

- კი! - უპასუხია ვადიმს, - ქართველების თამაშზე ვგიჟდები და საერთოდ, ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანაო.

გადარეულა სერგო თურმე, ამისთანა კაცი უპატივცემულოდ როგორ გაგიშვაო, თან იმ დღეს ჩვენებს მოუგიათ... და რუს "გულშემატკივარს" ხელი ჩაავლო ზაქარიაძემ, ჩემთან გეპატიჟებიო. რაღა თქმა უნდა, სიხარულით გაჰყვა ვადიმი თავის "მოუხელთებელ" რესპონდენტს.

რაზე აღარ ილაპარაკეს სტუმარმა და მასპინძელმა, საქართველოზე, ფეხბურთზე, რუსებისა და ქართველების ურთიერთობაზე, კინოზე, თეატრზე, ნადირობაზე... ჭკუაზე არ იყო "ოგონიოკის" ჟურნალისტი, ეხუმრებით საქვეყნოდ აღიარებული მსახიობის ასეთ გულწრფელ სიტყვა-პასუხს? ჰოდა, წასვლის წინ, როცა სერგომ პატარა ყანწი "აჯახა" სტუმარს, ვადიმმა დალოცა ზაქარიაძეების ოჯახი, მისი თავკაცი, ქვეყანა, სადაც სერგოსნაირი დიდებული მსახიობები და ადამიანები იბადებიან და... ვერ მოითმინა, - საყვარელო კაცო, არ მიწყინოთ, თუკი დღევანდელი დღის ამსახველ რეპორტაჟს ნახავთ "ოგონიოკის" ფურცლებზეო. ღიმილი შეეყინა სერგოს სახეზე, ხელში ჭიქა ეჭირა, თითქოს ხელიც გაუშეშდაო. დაძაბული წუთები ისე გაიწელა, სტუმარს ეგონა, აღარასოდეს დასრულდებოდა, მაგრამ სერგომ მოჭმუხნილი წარბები გაშალა, ჯერ გაეღიმა, მერე კი კარგა გვარიანად გადაიხარხარა. ოგონიოკელმა ჟურნალისტმა იმ მასალაში პრემია აიღო და დღემდე მიიჩნევს, რომ საუკეთესოა იმათ შორის, რაც კი დაუწერია.

დიდი ხელოვანი სერგო ზაქარიაძე 1971 წლის 13 აპრილს გარდაიცვალა, 62 წლისა.…ბევრის გაკეთებას აპირებდა, ბევრ როლზე ოცნებობდა... არ დასცალდა... გულთან მიჰქონდა ყველაფერი და სწორედ გულმა უმტყუნა. იგი მთაწმინდის მიწამ მიიბარა.

(სპეციალურად საიტისათვის)