ქართველი მსახიობები - ვასილ ჩხაიძე - კვირის პალიტრა

ქართველი მსახიობები - ვასილ ჩხაიძე

ის ბევრ ფილმშია გადაღებული, უთამაშია ეპიზოდურიც და მთავარი როლიც, ყველგან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი სახე აქვს შექმნილი, მაგრამ მაინც ყველაფრის გადაწონის განუმეორებელი პიპინია ერისთავი და ქრისტეფორე მგალობლიშვილი გარიყულადან.

დიახ, არსებობენ დიდი მსახიობები, რომლებიც ერთი როლითაც შემორჩებიან კინემატოგრაფიას, ბატონ ვასილს კი ასეთი "დიდ-პატარა" როლი ბევრი ჰქონდა შესრულებული, ზემოთ ნახსენები როლებით კი იგი ლეგენდასავით შემორჩა ქართულ კინოს.

პირადად მე (ალბათ, ბევრ სხვასაც, ვისაც ნანახი აქვს მისი სხვა ფილმები) დღემდე ღიმილით მახსენდება ის ეპიზოდი, როცა მოხუც მეზღვაურს ერთი ყმაწვილი წაეცუღლუტება და მოატყუებს, - ჩემს შეყვარებულს მშობლები გარეთ არ ახედებენ, თქვენნაირი დარბაისელი კაცის დაძახებაზე კი არაფერს იეჭვებენ და გარეთ გამოვაო. მიამიტი მოხუცი მეზღვაურიც დადგება შუა ეზოში და მთელი ხმით გაჰყვირის: "ლეილააა", "ლე-ი-ლაააა"... საოცრად კოლორიტულია ამ დროს და არა მგონია, მასზე კარგად ვინმეს გამოსვლოდა ეს როლი. ამ მოკლემეტრაჟიან ფილმში ("ჩამავალი მზე"), რომლის რეჟისორიც თემურ ფალავანდიშვილი გახლავთ, ვასილ ჩხაიძისა და სესილია თაყაიშვილის საოცარი ტანდემია, ისინი ცოლ-ქმრის როლს თამაშობენ. თურმე სესილია მასზე ისე ზრუნავდა, როგორც პატარა ბიჭზე.... "ლაზარეში" ვასოს ცნობილი გამონათქვამი დღემდე ფრთიანი ფრაზაა: "რა სმა-ჭამა გცოდნია... კარგად დანაყრებულ ადამიანს ხელახლა მოანდომებ საჭმელს... თუმცა, ტყემლით მაინც სულ სხვაა", - და ამ დროს ჩხაიძის გმირს, გაღატაკებულ აზნაურს, კუჭი უხმება შიმშილით.

რაც შეეხება პიპინია ერისთავს! ეს ცალკე თემაა, რომელზეც დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი. ვინც ვასილ ჩხაიძეს კარგად იცნობდა, ამბობენ, რომ იგი ცხოვრებაშიც ისეთი იყო, როგორიც პიპინია, ანუ განათლებული, რუსულისა და გერმანულის კარგი მცოდნე, ცოტა პედანტური და არტისტული... პიპინიას, რომელიც რძლად განათლებულსა და ქართულად ტკბილმოუბარზე, ექიმსა და კარგი ოჯახიშვილზე ოცნებობს, ხელთ ობოლი, ბავშვთა სახლში გაზრდილი რუსი მილიციელი შერჩება, თუმცა იგი იმდენად დიდსულოვანია, შვილივით მიიღებს გოგონას და მერე რძალ-მამამთილის ურთიერთობა სამაგალითო ხდება.

"ან აკიმი, ან მე", - აცხადებს ვასო ჩხაიძის პიპინია და ისეა ჩართული ონავარი აკიმისა და დანარჩენი შვილიშვილების "წვრთნაში", თითქოს გადასაღებ მოედანზე კი არა, მართლა ცხოვრების ორომტრიალშია ჩართული. ელდარ შენგელაია იხსენებს, რომ გადაღებების დროს ვასო ისეთ ეშხში შედიოდა, რომ უცებ, ექსპრომტად იბადებოდა მისი გამონათქვამები: "ქალს მოერიდე, ქალს. იგი მეომრის მტერია, განსაკუთრებით ევროპის ტერიტორიაზე", ან "პერის ზოგჯერ ისეთი რამ მოაქვს, ნერწყვი მომადგება ხოლმე", "კაცი ხარ და პერისაც კაცურად უნდა გაუგო", "აკეან იზვინენიი", "მტრები გვყავს, ბატონო, მტრები", ან ის ყბადაღებული "ევგენი", ყველას რომ ამ სახელით მიმართავს. მოკლედ, პიპინია-ვასო განუმეორებელია და მართლაც არაჩვეულებრივი.

"ბიძია-ბაბუა" ქრისტეფორე კი დღემდე ერთგული და მარადიული მიჯნურის უბადლო სახეა, რომელსაც სჯერა, რომ "სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი".

ვასილ  ჩხაიძე გურიის ერთ ლამაზ სოფელში, აცანაში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გერმანული ენის განხრით. 1927-34 წლებში იყო ბათუმის თეატრის მსახიობი. ერთხანს კი სკოლაშიც მუშაობდა რუსულისა და გერმანულის მასწავლებლად. 1956-62 წლებში იყო ფოთის გუნიას სახელობის თეატრის მსახიობი, ხოლო 1967 წლიდან კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დაიწყო მუშაობას.

ცნობილია ერთი ფოთელი მსახიობის, როლანდ ნადარეიშვილის სახალისო მოგონება:

"ვასო ჩხაიძე ბევრს ეწეოდა. მაინცდამაინც მე ვყავდი ამოჩემებული, სულ სიგარეტს მთხოვდა. ვიყიდდი "პრიმას" და საღამომდე აღარ მქონდა. თავიდან ვერ ვუბედავდი უარს, მერე თანდათან გავუთამამდი.

- მომაწევინე ერთი, - მთხოვა იმ დილას უკვე მეოთხედ.

- ბატონო ვასო, ფილტვებს გაუფრთხილდით! - შევახსენე ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

- რამდენი წლის ხარ, ყმაწვილო? - მკითხა ბატონმა ვასომ.

- ვიქნები ასე, 26-27-ის, - მივუგე მე.

- მაშინ კი უნდა იცოდე, რომ უფროსებს პატივი უნდა სცე. მომაწევინე-თქო, გეუბნები, - მითხრა მკაცრად. სხვა რა გზა მქონდა? მივეცი, მაგრამ მივხვდი, რაღაც უნდა მომეფიქრებინა, თორემ ის ჩემი "ჯიბის ბიუჯეტს" საბოლოოდ გაანადგურებდა.

ერთ დღესაც ვიყიდე "პრიმა", გავტენე "პოროხით", თოფის წამალს რომ ეძახიან, და წავედი თეატრში. დამინახა თუ არა, მაშინვე სიგარეტი მომთხოვა. აგერაა და აიღე-მეთქი, მივუთითე მაგიდაზე დადებულ "პრიმაზე". მოუკიდა და  წუთში იბუთქა. ლამაზად აწკეპილი ულვაშები ჰქონდა, ისე შეეტრუსა, მარტო ცხვირქვეშ დარჩა, ჰიტლერივით. მაშინ არაფერი მითხრა, მაგრამ მეორე დღეს რომ გამოცხადდა სამსახურში, შორიდან მიბღვერდა. ულვაში ჰიტლერივით დაეტოვებინა. სანამ ხელახლა წამოეზრდებოდა, მის დანახვისთანავე ხელს ავწევდი და ვესალმებოდი: "ჰაილ ჰიტლერ!" ვატყობდი, არ სწყინდა, მაგრამ მაინც ჩაიბურტყუნებდა "ჰაილ, როლანდია უდღეურო, ჰაილ!" იმ დღიდან მას სიგარეტი აღარ მოუთხოვია ჩემთვის".

ვასილ ჩხაიძე ყველას უყვარდა, დიდსაც და პატარასაც, რადგან კეთილი, თბილი და უსაზღვროდ განათლებული ადამიანი იყო.

(სპეციალურად საიტისათვის)