"გიორგი ტოვსტონოგოვმა არ შეასრულა პირობა - როცა სალომეს ფინანსური მდგომარეობა გამოუსწორდა, შვილები არ გამოატანა" - კვირის პალიტრა

"გიორგი ტოვსტონოგოვმა არ შეასრულა პირობა - როცა სალომეს ფინანსური მდგომარეობა გამოუსწორდა, შვილები არ გამოატანა"

სალომე ყანჩელს დღესაც კრძალვით, დიდი მოწიწებით მოიხსენიებენ თეატრალურ წრეში. მას სულში ჩამწვდომი ხმა ჰქონდა, აი, ისეთი, სიყვარულით და სიკეთით რომ აგავსებს.

მისი მნიშვნელოვანი როლები გახლდათ ხანუმა, შირინი, დედოფალი ელისაბედი, ბერნარდა ალბა... კიდევ ბევრი როლი ჰქონდა შესრულებული, მაგრამ თავად მსახიობი მიიჩნევდა, რომ სწორედ ამ როლებმა დატოვეს მასში დიდი კვალი. "ბერნარდა ალბას როლის შესასრულებლად დიდი ძალისხმევა დამჭირდა. ბევრი რამ შევცვალე ჩემში, თვით ხმაც კი. ვიხსენებდი ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებს, რათა ალბას სახე ზუსტად ისეთი გამომსვლოდა, როგორიც საჭირო იყო", - ამბობდა სალომე ყანჩელი.

თავის პირველ მასწავლებლად მამას, სანდრო ყანჩელს თვლიდა. იურისტი და ლიტერატორი სანდრო ყანჩელი ნიჭიერი კაცი იყო. იგი ცისფერყანწელებთან მეგობრობდა. მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი ვექილი გახლდათ, ხანდახან რეჟისორობდა კიდეც. მაშინ ხომ არ არსებობდა პროფესია რეჟისორი. მეცენატობდა, აფინანსებდა მხატვრებს და ყველა ნიჭიერ ადამიანს. მან გააცნო საზოგადოებას კირილე და ივანე ზდანევიჩები. სანდრომ ფიროსმანის ნახატები რომ ნახა, აღფრთოვანდა და ძმებ ზდანევიჩებს გააცნო, იმედი ჰქონდა, თვითნასწავლი ნიჭიერი მხატვარი ზდანევიჩებისგან ბევრ სასარგებლოს ისწავლიდა. სანდრო ყანჩელი შესანიშნავად მღეროდა, მის ოჯახში ბევრი ცნობილი ადამიანი და კულტურის მოღვაწე იკრიბებოდა. მისი კარი მუდამ ღია იყო იმათთვის, ვისაც საქართველო და მისი კულტურა უყვარდა. ვის აღარ ნახავდით ყანჩელის ოჯახში: შალვა დადიანს, გერონტი ქიქოძეს, ზაქარია ფალიაშვილს, ტიციან ტაბიძეს, ვანო სარაჯიშვილს, გიორგი ლეონიძეს, პაოლო იაშვილს, ლადო ასათიანს და კიდევ ბევრ სხვას. ტიციანის შვილთან, ნიტა ტაბიძესთან სალომე პატარაობიდანვე მეგობრობდა. ეს მეგობრობა მათ ბოლომდე შეინარჩუნეს.

რა გასაკვირია, რომ ასეთ წრეში გაზრდილი გოგონა თავის მომავალს ხელოვნებას დაუკავშირებდა.

სანდრო ყანჩელის პირველი მეუღლე ულამაზესი თამარ ამირეჯიბი გახლდათ. იგი ხანგრძლივი ავადმყოფობის მერე გარდაიცვალა. მათ ორი ვაჟი დარჩათ. შემდეგ სანდრომ მასზე გაცილებით უმცროსი ელენე შენგელაია (ნიკოლოზ შენგელაიას და) შეირთო ცოლად. სალომე, ელდარ და გიორგი შენგელაიები ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. სალომეს დედა სანდროს პირველ შვილზე (ანუ გერზე) სულ რაღაც სამი თუ ოთხი წლით უფროსი იყო.

სალომე 1923 წლის 14 მაისს დაიბადა. ოჯახში ნაბოლარა შვილს ხომ იცით  როგორ ათამამებენ ხოლმე... პატარა სალომე განსაკუთრებულად უყვარდათ და მის ყოველ სურვილს დიდ-პატარა უყოყმანოდ ასრულებდა. ჯერ კიდევ პატარა იყო სალომე, როცა მისი მშობლები გაიყარნენ. ელენე ცოლად გაჰყვა სანდროს ნამოწაფარს, გიორგი (ზოზო) ნანეიშვილს, რომელიც სალომეს ძალიან უყვარდა და ყოველთვის თბილად ახსენებდა.

სალომეს სამსახიობო ნიჭი უპირველესად მამამ შეამჩნია. პატარა გოგონა პაროდიებს აკეთებდა და ბაძავდა ყველას, ვინც კი ოჯახში ესტუმრებოდათ. ეს მამას შეუმჩნეველი არ დარჩენია. მას ძალიან უნდოდა, სალომე მსახიობი გამხდარიყო. მისაღებ გამოცდებზე არავინ იცოდა, რომ იგი სანდრო ყანჩელის შვილი იყო. გოგონა კომისიის წევრებს მოეწონათ და თეატრალურ ინსტიტუტში ჩარიცხეს. იმ წელს პირველად ჩამოყალიბდა სამსახიობო ჯგუფი, რომელსაც თეატრის დიდი მცოდნე, ახალგაზრდა გიორგი ტოვსტონოგოვი ხელმძღვანელობდა. ჯგუფში ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული სტუდენტები შეიყარა. სალომეს უახლოესი მეგობარი მედეა ჩახავა გახდა.

სალომე ყანჩელის მესამე შვილი, ოთარ ლითანიშვილი თავისი მშობლების შეუღლებაზე ყვება:

"მამაჩემი (მასაც ოთარი ერქვა) ახალგაზრდობაში "ლოკომოტივის" ფეხბურთელი იყო. შვილიანი ქალი უყვარდა, რასაც დედამისი (ანუ ბებიაჩემი) სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. ერთხელ ტრავმა მიიღო და ფილტვი ისე დაუზიანდა, რომ ოპერაცია დასჭირდა. ნახევარი ფილტვი მოსაჭრელი გახდა. სალომე არ იცნობდა მას, მაგრამ ბევრი საერთო მეგობარი ჰყავდათ და ძალიან გულშემატკივრობდა. როცა მამა გამოჯანმრთელდა, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და რომანიც დაიწყო. მამას შეუყვარდა მომხიბვლელი მსახიობი. ერთხელაც დედამისს გამოუცხადა: აღარ მომყავს ის ერთშვილიანი ქალიო. გახარებია ბებოს, შენ კი გენაცვალე, რომ დამჯერი შვილი მყავხარო, მაგრამ მამამ არ აცალა სიხარული: ახლა ორშვილიანი მომყავსო (სალომეს პირველი მეუღლისგან, გიორგი ტოვსტონოგოვისგან ორი შვილი ჰყავდა. - ავტ.). მიუხედავად ბებოს წინააღმდეგობისა, მამამ დედა მაინც შეირთო ცოლად, მალე გავჩნდი მეც და მერე რძალ-დედამთილს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ".

ადრინდელი თეატრალური როლებისა რა გითხრათ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ სალომე ყანჩელი "ხანუმაშიც" ნანახი მყავს და "ბერნარდა ალბას სახლშიც". ორივეში განუმეორებელი იყო, პირველში - ხალისიანი და კომიკური, მეორეში - უბედური და ტრაგიკული. მის ნიჭს შეეძლო ორი უკიდურესად სხვადასხვა ხასიათი ასეთი არტისტულობით ეთამაშა.

და მაინც "ხანუმა" მინდა გამოვყო. ამ სპექტაკლში სამი მსახიობი, რუსთაველის თეატრის სამი მშვენება და ლეგენდა იდგა: სალომე, ეროსი და რამაზი. სპექტაკლის დროს იმპროვიზაცია ჩვეულებრივი რამ იყო. სამეულიდან უცებ ისეთი ფრაზები იბადებოდა, მერე კულისებში დიდხანს იცინოდნენ ხოლმე. სცენაზე გასვლის წინ სალომე ორივეს, განსაკუთრებით კი ეროსის ეხვეწებოდა, - ისეთი რამ არ მითხრა, რომ მერე სიცილისგან სული ვეღარ მოვითქვაო. ერთ ეპიზოდში სალომე თავადზე (ეროსიზე) რამაზის გმირს ეუბნებოდა, ჩემი კავალერი იყოო... ერთხელ კი სრულიად შემთხვევით წამოცდა, მე "მესტროჩკებოდაო" და ჯერ მთელმა დარბაზმა აიტაცა, მეორე დღეს კი ლამის მთელი თბილისი იმეორებდა მის ნათქვამს.

სალომეს პირველი მეუღლე, როგორც გითხარით, მისი პედაგოგი, გიორგი ტოვსტონოგოვი იყო. მათ ორი ვაჟი შეეძინათ, ალექსანდრე (სანდრო) და ნიკოლოზი. ოთხი წლის შემდეგ ისინი გაიყარნენ და რადგან სალომეს მაშინ ძალიან უჭირდა მატერიალურად, სასამართლომ შვილები მამას მიაკუთვნა. ეს დედისთვის ძნელად გადასატანი აღმოჩნდა. გიორგი პეტერბურგში (მაშინდელ ლენინგრადში), გორკის სახელობის თეატრში მიიწვიეს მთავარ რეჟისორად და ისიც შვილებიანად გადავიდა იქ. დღეს ეს თეატრი გიორგი ტოვსტონოგოვის სახელს ატარებს. სალომე ხშირად ჩადიოდა ლენინგრადში შვილების სანახავად, მაგრამ გიორგიმ არ შეასრულა პირობა, როცა სალომეს ფინანსური მდგომარეობა გამოუსწორდა (არადა, ასე ყოფილან მორიგებული), შვილები არ გამოატანა. ეს სალომეს დიდ და მოუნელებელ დარდად ექცა.

გავიდა წლები, შვილები გაიზარდნენ, ახლა ისინიც ხშირად ნახულობდნენ დედას, მაგრამ აღარ ინდომეს მამისა და ლენინგრადის დატოვება და სალომეც შეეგუა ამას. როცა გიორგიმ ლენინგრადში დადგა სპექტაკლი "ხანუმა", ყოფილი ცოლი თავისი ნაბოლარა შვილითა და მეგობრებით პრემიერაზე მიიწვია. მთელი რუსული ბომონდი მიდოდა სალომეს გასაცნობად, ეს თქვენ ხართ ჩვენი სათაყვანებელი კაცის ერთადერთი ცოლიო? საქმე ის გახლდათ, რომ გიორგის მეორე ცოლი აღარ მოუყვანია, თუმცა ქალები არასოდეს აკლდა. რეჟისორის უახლოესმა ადამიანებმა კი იცოდნენ, რომ დიდ რეჟისორს მთელი ცხოვრება მხოლოდ სალომე ყანჩელი უყვარდა ნამდვილი და დიდი სიყვარულით. მართლაც ძნელია ისეთი ქალის დავიწყება, როგორიც სალომე ყანჩელი იყო.

სალომე 1985 წელს გარდაიცვალა, 63 წლის ასაკში. კიდევ ბევრჯერ შეეძლო მაყურებელი აღეფრთოვანებინა შესრულებული როლებით, მაგრამ ვერაგმა დაავადებამ ნაადრევად მოუსწრაფა სიცოცხლე. მისი სიკვდილიდან რამდენიმე წლის შემდეგ მედეა ჩახავამ ერთ-ერთ საღამოზე თქვა: ჩემი სურვილია, ყველა ქართველ ქალს ამშვენებდეს სალომეს ნიჭიერება, ქალური სინაზე, მომხიბვლელობა და გონიერებაო.

(სპეციალურად საიტისათვის)