ქართველი მსახიობები - გოგი გეგეჭკორი - კვირის პალიტრა

ქართველი მსახიობები - გოგი გეგეჭკორი

საოცრად დახვეწილი, რაფინირებული ინტელიგენტი იყო. სიტყვაში  "ინტელიგენტი" ისედაც ბევრი კარგი მოიაზრება და თუ დავუმატებთ ე.წ. რაფინირებას, ჩვენ წინ წარდგება ღირსებებით შემკული ადამიანი.

ასეთი გახლდათ გოგი გეგეჭკორი - თავაზიანი, თავმდაბალი, განათლებული, გემოვნებიანი და საოცრად თბილი ადამიანი. მისთვის სულერთი იყო, ვინ იდგა მის წინ - თეატრის დარაჯი, გამვლელი თუ დირექტორი, ყველას მოწიწებით ელაპარაკებოდა. უცნობებს ქუჩაში ქუდის მოხდით ესალმებოდა, დარაჯთან დადგებოდა და დაწვრილებით გამოჰკითხავდა ოჯახის ამბებს, ბავშვს მისთვის "გასაგებ ენაზე" საინტერესო ამბებს უყვებოდა. ეს არ გახლდათ ყოველდღიურობაზე მორგებული თეატრალური ნიღაბი, გოგი უაღრესად გულწრფელი იყო დიდსა და პატარასთან, განურჩევლად ასაკისა და თანამდებობისა.

გოგის მეუღლე, თეატრმოცდნე ნათელა ურუშაძე, უპირველესად მისი სულიერი მეგობარი იყო. სწორედ ეს მჭევრმეტყველი ქალი ბრძანდებოდა ის ადამიანი, ვისთანაც ბატონ გოგის შეეძლო გულის მოოხება, მაგრამ ისე კი არა, რომ შეეწუხებინა, უბრალოდ, მიაჩნდა, რომ ნათელას ყველაფერი უნდა სცოდნოდა მასზე, - რა აწუხებდა, რა ახარებდა და რას ფიქრობდა.

ქალბატონი ნათელა მეუღლის სიკვდილის შემდეგ იხსენებდა:

"ცნობილია, რომ მსახიობები დიდხანს ვერ ინარჩუნებენ ოჯახს. ეს წმინდა ფსიქოლოგიური ამბავია. ისინი როლების შესრულებისას ხასიათს იმდენჯერ იცვლიან, იმდენ თვისებას იძენენ უნებურად, რომ ძნელია, ეს ყველაფერი მშვიდ გარემოში "გადააგოროს" ცოლ-ქმარმა, ზოგჯერ გატაცებაც მოდის, რომელიც სიყვარულში გადაიზრდება... მსგავსი რამ ჩვენს ურთიერთობაში არ მომხდარა, რადგან მე და გოგი ძალიან ვუგებდით ერთმანეთს. მართალია, ხშირად უწევდა გასტროლებზე წასვლა (თანაც ჩემ გარეშე), მაგრამ ჭორადაც კი არ მოსულა "სხვა ამბავი" ჩემს ყურამდე. არ ვიცი, ფლირტი ჰქონდა თუ არა ვინმესთან, მაგრამ თუ ამას ისე აკეთებდა, რომ მე ვერ ვიგებდი, მაშინ ბარაქალა მის კაცობას... გოგი საოცრად ყურადღებიანი მეუღლე და მამა იყო. არ მახსოვს, უცხოეთში წასულს, ჩვენთვის არ ჩამოეტანოს უამრავი საჩუქარი. ყოველთვის გვანებივრებდა, წუნს ვერ დასდებდით მის ნაყიდს, უებრო გემოვნება ჰქონდა... ორი შვილი შეგვეძინა: მანანა და გიორგი. ქალიშვილი ფსიქოლოგია, ვაჟი კი - ფერმწერი. შვილებთან ორივე ძალიან მეგობრული ვიყავით. პატარებთანაც კი ისე განვიხილავდით საკითხებს, როგორც დიდ ადამიანებთან, ყოველთვის ვაგრძნობინებდით, რომ მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო".

გოგი გეგეჭკორმა და ნათელა ურუშაძემ ერთმანეთი თეატრალურ ინსტიტუტში გაიცნეს. მაშინ ინსტიტუტში მხოლოდ ორი ფაკულტეტი იყო, გოგი ერთი კურსით წინ უსწრებდა ნათელას. სპეციალობას ერთი და იგივე პედაგოგები ასწავლიდნენ: გიორგი ტოვსტონოგოვი და დიმიტრი ალექსიძე. ასე რომ, ინსიტუტში ყველა ერთმანეთს იცნობდა.

ლექციები გვიან უმთავრდებოდათ და გოგი რატომღაც ყოველთვის ნათელას აცილებდა სახლამდე... მოგვიანებით, გოგონა შინაც ეპატიჟებოდა თავაზიან ყმაწვილს და ჭიქა ჩაიზე აგრძელებდნენ საუბარს ხელოვნებაზე, თეატრზე, სპექტაკლებზე. ნათელას დედას არ გამოჰპარვია ვაჟის ხშირი სტუმრობა და ერთხელაც, როცა მესამე ჭიქა ჩაი დალიეს, სტუმარი კი წასასვლელად ისევ ფეხს ითრევდა, სიცილით უკითხავს ქალიშვილისთვის: ვერ ხედავ, რომ ამ ჩვენს სტუმარს არ უნდა წასვლა, ხომ არ დაგვეტოვებინაო... გოგის გაღიმებია და ნათელასთვის უთქვამს: ხომ ხედავ, დედაშენი ხვდება და შენ რით ვერ მიგახვედრე, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდი ხანია მეგობრულს გასცდაო.

მათ 1953 წლის მარტს იქორწინეს. სტალინი ახალი გარდაცვლილი იყო, ამიტომაც მხოლოდ ხელი მოაწერეს მმაჩის ბიუროში, ქორწილი კი აღარ გადაუხდიათ. არ გასულა რამდენიმე დღე და თეატრალურ ინსტიტუტში საჩივრის წერილი მისულა. იმ დროს ნათელა ურუშაძე უკვე ინსტიტუტში მუშაობდა, პრორექტორი კი აკაკი ფაღავა გახლდათ. ბატონმა აკაკიმ წინ დაუდო ნათელას წერილი, სადაც ერთი "ძალიან აღშფოთებული" ადამიანი წერდა შემდეგს: სამარცხვინო რამ ხდება თქვენს სასწავლებელში. მაშინ, როცა მთელი საბჭოთა ქვეყანა გლოვობს დიდი ბელადის გარდაცვალებას, თქვენი თანამშრომელი ბედნიერდებაო. ფრიად შეწუხებულმა პრორექტორმა არ იცოდა, რა პასუხი გაეცა სტალინის გულშემატკივრისთვის. ნათელამ კი უცებ იპოვა გამოსავალი: მისწერეთ ამ ადამიანს, გლოვის დღეებში თუკი მუშაობდა მმაჩის ბიურო, ჩანს, იქ ხელის მოწერაც შეიძლებოდაო... მოკლედ, მშვიდად ჩაიარა მათმა ხელმოწერამ.

გიორგი გეგეჭკორმა თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დაიწყო რუსთაველის თეატრში მუშაობა. შესრულებული აქვს 120 როლი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მის მიერ განსახიერებული ნიკოლოზ ბარათაშვილი (მიხეილ მრევლიშვილის პიესაში "ბედი მგოსნისა"), შემდეგ იყო დონ სეზარი ("დონ სეზარ დე ბაზანი"), მგელი ("ჭინჭრაქა"), ტიგრან გულოიანი ("საბრალდებო დასკვნა") და საოცარი, ტრაგიკომიკური პლატონ სამანიშვილი ("სამანიშვილის დედინაცვალი").

კინოშიც 50-მდე როლი აქვს ნათამაშები, რომელთა შორის არაჩვეულებრივია "არდადეგები". ალბათ, ბევრს ახსოვს მეცხვარე ძაღლებით გარშემორტყმული გოგის განწირული ყვირილი: "დათა, კაცო, შემჭამეს შენმა ძაღლებმა, გამომხედე..." და მიუხედავად ფილმის პერსონაჟის უზომო შიშისა და სასოწარკვეთილებისა, ძნელია შეიკავო გულიდან ამომსკდარი ხარხარი.

ერთხელ, როცა მასთან ინტერვიუს ჩასაწერად მივედი, მთხოვა, თუ შეიძლება თვალს გადავავლებ, სანამ დაიბეჭდება წერილიო. თხოვნა შევუსრულე. ჯერ ათასი მადლობა გადამიხადა იმისთვის, რომ მისი სურვილი გავითვალისწინე, მერე ბოდიშიც მომიხადა, რომ მეორედ მიმიყვანა. ბოლოს, როცა წერილი წაიკითხა, მორიდებით მთხოვა: შესავალში ბევრი ქება გიწერიათ ჩემზე და მეუხერხულება, ამოიღეთ ეგ ნაწილიო. ეს თხოვნა ვეღარ შევუსრულე.  როგორი გოგიც დავინახე, ისეთზე დავწერე... ის კი უდავოდ იმსახურებდა იმ თბილ სიტყვებს.

(სპეციალურად საიტისათვის)