ქართველი მსახიობები - თამარ ციციშვილი - კვირის პალიტრა

ქართველი მსახიობები - თამარ ციციშვილი

ის საოცრად ლამაზი იყო, ნატიფი გარეგნობა ჰქონდა. მის მშვენებაში ერთად იყო შეზავებული ქართველი ქალის ეშხი, სინაზე, კდემამოსილება და გერმანელი ბარონესას არისტოკრატულობა და მომხიბვლელობა.

თამარ ციციშვილი გვიან გამოჩნდა კინემატოგრაფიაში. 28 წლის იყო, როცა მისი დებიუტი შედგა ფილმში "დარიკო". ფილმის გამოჩენისთანავე ისეთი პოპულარული შეიქნა, რომ აქამდე გაკვალული გზიდან გადაუხვია და მსახიობი გახდა. "დარიკოს" შემდეგ მოვარდნილმა წარმატებამ დიდების ზენიტში აიყვანა ულამაზესი ციციშვილის ქალი. მასზე პოეტები ლექსებს თხზავდნენ:

"თუმც გლეხის ჩითში ის იმალება

მაინც მიაგნებს პოეტის თვალი,

დგას სილამაზის გაბრწყინვალება

ხელში დამბაჩით თავადის ქალი", - წერდა გიორგი ლეონიძე.

ქუჩაში გასულს პირადი დაცვასავით მუდამ მილიციელი ახლდა.

თამარ ციციშვილის მამამ ოდესაში ყოფნისას გაიცნო გერმანელი ქალი. ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი. გერმანელი მაშინვე დათანხმდა ცოლობაზე მომხიბვლელ ქართველს. ოდესაში დაიბადა თამარი, 1908 წლის 19 დეკემბერს. მალევე გადმოვიდნენ თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ თამარმა უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა, პარალელურად სწავლობდა კონსერვატორიაშიც, საფორტეპიანო განყოფილებაზე. როცა ორივე სასწავლებელი დაამთავრა, მუშაობა დაიწყო  სახელმწიფო მუზეუმში, შემდეგ პედაგოგიურ კვლევით ინსტიტუტში გადაინაცვლა... სწორედ მაშინ მიიწვია სიკო დოლიძემ ლეგენდარულ "დარიკოში". თამარმა ბრწყინვალედ განასახიერა უბრალო და მებრძოლი ქალი. მას გვერდს უმშვენებდნენ უკვე ცნობილი სერგო ზაქარიაძე, სანდრო ჟორჟოლიანი და შალვა ღამბაშიძე. თითქოს გლეხის ოჯახში გაიზარდაო, ისე მოირგო გლეხი ქალის როლი. წარმატება და პოპულარობა თავბრუდამხვევი სისწრაფით მოვიდა და თამარმა თავის პროფესიას მსახიობობა არჩია... მარჯანიშვილის თეატრში 1950-59 წლებში მუშაობდა, პარალელურად იღებდნენ კინოშიც.

ეპიზოდი წარსულიდან: საქართველოს დეკადის დღეებში ცნობილი მსახიობები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები საბჭოეთის დედაქალაქში მიემგზავრებოდნენ და იქ მართავდნენ კონცერტებსა და სხვა ღონისძიებებს. სტალინს ძალიან ჰყვარებია ფილმი "დარიკო". ღონისძიების შემდეგ გამართულ ბანკეტზე თავისთან მიუწვევია თავისი საყვარელი მსახიობები: ნატო ვაჩნაძე და თამარ ციციშვილი, აქეთ-იქით გვერდში მოისვა თურმე. შექეიფიანებულმა კი იხუმრა, ძლივს არ მეღირსა თავადის ქალებში ჯდომაო.

როცა მხატვარ ქეთევან მაღალაშვილს თამარ მეფის პორტრეტის დახატვა შეუკვეთეს, მან ფრესკასთან ერთად ციციშვილის სახე გამოიყენა. პორტრეტი ძალიან კარგი გამოვიდა. მაღალაშვილს კი თამარისთვის უთქვამს, შენ რომ არა, ძალიან გამიჭირდებოდა სახელოვანი მეფის პორტრეტის შექმნაო.

რაც შეეხება კინოს, "დარიკოს" "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ქაჯეთი" მოჰყვა, სადაც თამარი ნესტან-დარეჯანის როლს განასახიერებდა. შემდეგ იყო: დავით გურამიშვილი", "აკაკის აკვანი", "ქეთო და კოტე", "ჭრიჭინა", "ბაში-აჩუკი", "ბედნიერი შეხვედრა"...

თამარის მეუღლე დიმიტრი გედევანიშვილი იყო, ცნობილი ფიზიოლოგი. დიმიტრის მამა, მიხეილ გედევანიშვილი, ილია ჭავჭავაძის უმცროსი მეგობარი, თანამოაზრე და ყველასგან პატივცემული ექიმი გახლდათ. რამდენიმე დარგის სპეციალისტი იყო - ფსიქიატრი, ნევროპათოლოგი და რენტგენოლოგი. თბილისში საკუთარი სახსრებით სწორედ მან ჩამოიტანა საფრანგეთიდან რენტგენის აპარატი. საგულისხმოა, რომ მანამდე არათუ საქართველოში, რუსეთის მთელ იმპერიაში არ არსებობდა რენტგენის აპარატი. ამას გარდა ელექტროფიზიოლოგიური მკურნალობისთვის საჭირო აპარატურაც ჩამოიტანა და საკუთარი სახლის პირველ სართულზე პატარა საავადმყოფო მოაწყო. ბედმა სწორედ ამ საავადმყოფოში თავისი ფეხით მიიყვანა ულამაზესი 18 წლის თამარ ციციშვილი, მას აპენდიციტის (ბრმა ნაწლავის) ოპერაცია ჰქონდა გასაკეთებელი. იქ დახვდა ახალგაზრდა და წარმოსადეგი ექიმი, 26 წლის დიმიტრი. შეუყვარდათ ერთმანეთი და მალევე იქორწინეს. ტკბილი და სტუმართმოყვარე ოჯახი ჰქონდათ.

მართალია, კინოდებიუტით ("დარიკოთი") თამარ ციციშვილი კინოვარსკვლავი გახდა, მაგრამ დამსახურებული არტისტის წოდება მან საკმაოდ გვიან, 45 წლის ასაკში მიიღო, სახალხო არტისტობა კი 72 წლის ასაკში მიენიჭა.

მშვენიერი თამარ ციციშვილი 1988 წელს გარდაიცვალა, 80 წლის ასაკში. სიკვდილამდე ორი წლით ადრე, პირველი როლიდან ზუსტად 50 წლის შემდეგ ითამაშა თავისი ბოლო როლი ფილმში "რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა".

P.S. ალბათ, გახსოვთ ნიკო ფიროსმანის ფერწერული ტილო "შველი". ეს ნახატი თამარ ციციშვილის გადარჩენილია, თორემ ვინ იცის, რა ბედი ეწეოდა ნიკალას ბევრი სხვა ნახატის მსგავსად.

სოფელ გლდანში სტუმრად ყოფილა მსახიობი. მას ყველგან იწვევდნენ, ყველგან უყვარდათ და უმასპინძლდებოდნენ. ჩამომავლობით თავადის ქალს ძალიან ჰყვარებია ხალხთან ბაასი. დიდ და კაშკაშა წვეულებებს ყოველთვის ერჩივნა უბრალო ხალხთან ყოფნა. იმ დღესაც, სოფელ გლდანში ერთ ნაცნობთან ყოფილა სტუმრად. სოფელში რომ გაიგეს, სახელოვანი მსახიობი გვსტუმრობსო, ოჯახიდან ოჯახში იპატიჟებდნენ თურმე. ერთ-ერთ ოჯახში თამარს თვალი მოსტაცა ნახატმა. თითქოს ეცნო და არც ეცნო. სახლიკაცს ლურსმნით ჰქონდა კედელზე მიჭედებული, ესა მამაჩემმა წამოიღო "თეთრი დუქნიდან", ნიკალას დახატულიაო, უთქვამს. ნახატის კუთხეში მხატვრის ხელით გაკრულად ეწერა "ფიროსმანი". მომყიდეთ ეს ნახატი, რასაც დამიფასებთ, მოგცემთო, უთხოვია თამარს. მასპინძელს უყოყმანოდ ჩამოუხსნია კედლიდან ტილო და უჩუქებია მსახიობისთვის, ჩემთვის დიდი პატივია, უსასყიდლოდ გისახსოვროთ ფიროსმანის ნახატიო.

მართლაც უყვარდა ქართველ ხალხს თამარ ციციშვილი. მის სილამაზეს, ნიჭსა და მშვენიერებას ყველა ქედს უხრიდა.

(სპეციალურად საიტისათვის)