"კვირის პალიტრით" ვცხოვრობ - კვირის პალიტრა

"კვირის პალიტრით" ვცხოვრობ

"კვირის პალიტრას" რომ უამრავი მკითხველი ჰყავს, ყველამ იცის.

რედაქციაში ხშირად ვიღებთ წერილებს. მკითხველს თავისი რჩეული გაზეთის ჟურნალისტების უკეთ გაცნობა უნდა, ამიტომაც გვწერენ: "რა მოხდება, ხანდახან მაინც გამოაქვეყნოთ თქვენი ფოტო, რომ ვიცოდეთ, ვინ რას წერს. თითოეული თქვენგანი ხომ ყოველ ორშაბათს ჩვენი ოჯახის სტუმარია... სახელითა და გვარით ყველას გიცნობთ, ახლობლად მიგვაჩნიხართ, მაგრამ კარგი იქნება, თქვენ შესახებ უფრო დაწვრილებით გვიამბოთ".

გაზეთის საიუბილეო დღეებში განსაკუთრებული ნომრები არაერთხელ მოგვიმზადებია, ფოტოებიც გამოგვიმზეურებია. როცა ჩვენი საიტი შეიქმნა, მასზე ყველა ჟურნალისტის ფოტო დაიდო მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებთან ერთად. მკითხველისთვის კი არც ეს აღმოჩნდა საკმარისი.

გადაწყდა, რომ საიტისათვის, რომელსაც უცხო ქვეყნებში მცხოვრები ქართველები სტუმრობენ, გაკეთებულიყო რუბრიკა "კოლეგა". ჟურნალისტთან ინტერვიუს ჩაწერა კი, ვფიქრობ, ყველაზე უკეთ ისევ მის კოლეგას შეუძლია. ასე რომ, საიტისათვის "კოლეგებს" წავუძღვები მე, მარინა ბაბუნაშვილი.

"კვირის პალიტრის" ჟურნალისტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი იზო რიკაძე გახლავთ, რომელიც რეიტინგში ყოველთვის ლიდერობს. იგი ძირითადად პოლიტიკურ თემაზე მუშაობს და ბევრ საინტერესო ადამიანს ხვდება.

ხშირად, როცა ჟურნალისტები ტაიმ-აუტს ვიღებთ, შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ ხოლმე ერთმანეთს და რესპონდენტებს ვახასიათებთ. საინტერესო რესპონდენტი ხომ კარგი მასალის წინა პირობაა. იზო რესპონდენტთა სიმრავლით რეკორდსმენია. მათ შესახებ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, მანამდე კი ადრეულ წლებს გავიხსენებთ.

- იზო, როგორც ვიცი, სანამ ჟურნალისტიკაში მოხვიდოდი, ჯერ მასწავლებლად მუშაობდი.

- სპეციალობით ფილოლოგი ვარ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩემს ქალაქში, რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში დავიწყე მასწავლებლად მუშაობა. ძალიან საინტერესო იყო ბავშვებთან ურთიერთობა. სხვათა შორის, მოგვიანებით, როცა განათლების საკითხებზე დავიწყე წერა, ძალიან დამეხმარა ის პერიოდი.

- მოსწავლეებთან ურთიერთობას სიამოვნებით იხსენებ, არ დაგენანა მათი დატოვება?

- კი, გული ძალიან დამწყდა, მაგრამ გადაწყვეტილება რახან მივიღე, უკან აღარ დავიხიე. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა სკოლაში დავიწყე მუშაობა. სკოლამ ჩემი ცხოვრების ძირითადი დრო მთლიანად წაიღო. დღის განრიგი ასეთი მქონდა: სახლი-სკოლა, სკოლა-სახლი. თანაც, იმ დროს მძიმე პერიოდი იდგა, მწირმა ხელფასმა სკოლაში დარჩენის სურვილი ბევრ მასწავლებელს დაუკარგა. თან ოჯახის წევრებმაც გააპროტესტეს ჩემი ცხოვრების წესი. მივხვდი, ისინი მართლები იყვნენ - ჯობდა, ჟურნალისტიკაში მეცადა ბედი.

- სცადე და გამოგივიდა კიდეც... როგორ გაიხსენებ "კვირის პალიტრაში" მოსვლის დღეს?

- სანამ "კვირის პალიტრაში" მივიდოდი, ედეპე-ს პრესსამსახურში, ასევე გაზეთ "გორდას" პასუხისმგებელ მდივნად ვმუშაობდი. მერე განცხადება წავიკითხე გაზეთში, "კვირის პალიტრა" სათანამშრომლოდ იწვევდა ჟურნალისტებს. ბევრი არ მიფიქრია, სხვადასხვა გაზეთში გამოქვეყნებული ჩემი წერილები ავიღე და "კვირის პალიტრის" რედაქციას მივაშურე. მისვლა კურიოზული გამოდგა. ვიცოდი, რომ სამსახურის დასაწყებად ჯერ კადრების განყოფილებისთვის უნდა მიმეკითხა. პალიტრელებს მაშინ სპორტის სასახლის უკან ჰქონდათ ერთი შენობა იჯარით აღებული. კარი შევაღე თუ არა, ერთ ახალგაზრდა მამაკაცს შევეჩეხე. გამომელაპარაკა, რას ეძებთ ან ვინ გნებავთო. რა ვიცოდი, რომ ის რედაქტორის მოადგილე, გოგა თევდორაშვილი იყო. ვუთხარი, კადრების განყოფილება მინდა-მეთქი. შევატყვე, ძლივს შეიკავა ღიმილი, მერე ერთ კაბინეტში შემიძღვა და ქალბატონ ნუცა დუმბაძესთან (ის დღემდე რედაქტორის მოადგილეა) წარმადგინა, - ჩვენთან მუშაობის სურვილი აქვსო. გასაუბრების შემდეგ პირველ მასალაზე შევთანხმდით.

პირველი ინტერვიუ კარგად მახსოვს. ჩემი რესპონდენტი ირინა სარიშვილი იყო. მას ბევრ რამეზე ველაპარაკე: პოლიტიკაზეც, გიაზეც, პირად ცხოვრებაზეც, მის ინტერესებსა და გემოვნებაზე. ინტერვიუ მოეწონათ, სათაური კი რედაქტორმა, ქალბატონმა ლალი გუნთაიშვილმა შეარჩია- "ვაჩუქოთ პოპულარულ ქალბატონს "კლიმა" (ირინამ მაშინ მითხრა, რომ ფრანგული სუნამო "კლიმა" ძალიან მოსწონდა). იმ დღიდან "პალიტრის" ჟურნალისტი გავხდი. ძალიან თბილად მახსენდება გაზეთის მაშინდელი რედაქტორი, ქალბატონი ლალი გუნთაიშვილი. მან ღრმა და ნათელი კვალი დატოვა ჩემში. იგი გაზეთის ახლანდელი რედაქტორის, გიორგი თევდორაშვილისა და მედიასახლის დამფუძნებლის, ირაკლი თევდორაშვილის დედა გახლდათ. უნდა ვაღიარო, რომ ჩემს, როგორც ჟურნალისტის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი გოგას (ასე ვეძახით ჩვენს რედაქტორს) მიუძღვის. სანამ ინტერვიუზე წავიდოდი, ჩვენ ერთად განვიხილავდით ყველა იმ საკითხს, რაზეც ინტერვიუ უნდა ამეგო. ძველ ოფისში დიდი ფართობი არ გვქონდა. რამდენიმე ოთახში რედაქტორი, მისი მოადგილეები, სტილისტები და კორექტორები, დამკაბადონებლები და დიზაინერები იყვნენ "დაბინავებული", ჟურნალისტებს სამუშაო ოთახი არ გაგვაჩნდა. გოგამ თავის ოთახში მაგიდა და სკამი გამომიყო. ეს ჩემთვის დიდი სტიმული გახლდათ. ქალბატონი ლალის გარდაცვალების შემდეგ გოგა გახდა რედაქტორი. მიუხედავად სიმკაცრისა, ყოველთვის ვგრძნობთ მის თანადგომასა და გულშემატკივრობას.

- რომელია ყველაზე მძიმე თემა, რაზეც გიმუშავია?

- ყველაზე მძიმე ომის თემა გამოდგა. მთელი ციკლი გაკეთდა იმ ომებზე, რაც გადავიტანეთ, დაწყებული თბილისის ომით, დამთავრებული სამაჩაბლო-აფხაზეთის ომებით. რუბრიკას შესაბამისი და მრავლისმთქმელი სახელი მოვუძებნეთ "აგორებული ქვა". გვყავდა ძალიან საინტერესო რესპონდენტები: აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გივი ლომინაძე, გოგა ხაინდრავა, გია ყარყარაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, გუჯარ ყურაშვილი, ნოდარ ნათაძე, რიგითი ჯარისკაცები, რომლებიც გამოქვეყნებული წერილების შემდეგ თავიანთი სურვილით მოდიოდნენ ამბის მოსაყოლად. ძალიან დამთრგუნველ ამბებს ვისმენდი. მძიმედ იმოქმედა ჩემზე. სამაგიეროდ წლების მანძილზე ბევრ გასაიდუმლოებულ რამეს აეხადა ფარდა.

- საინტერესო რესპონდენტებზე რას მეტყვი? რომელს გამოარჩევდი მათგან?

- დამეთანხმები, ალბათ, რომ საინტერესო რესპონდენტი კარგი მასალის გარანტიაა. არიან რესპონდენტები, რომლებსაც გარკვეული ადგილი უჭირავთ საზოგადოებაში და მათ მიმართ, ბუნებრივია, ინტერესიც არსებობს, მაგრამ ზოგს გაზითაც ვერ დააცდენინებ სათქმელს. ასეთ დროს ჟურნალისტი შავ დღეშია ხოლმე. მე კი გამიმართლა, ბევრი საინტერესო რესპონდენტი მყოლია. მათგან განსაკუთრებით უნდა გამოვყო ჩვენი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, გოგა ხაინდრავა, შალვა ნათელაშვილი, კახა ლომაია, ირაკლი ბათიაშვილი.

- როგორც ვიცი, რამდენიმე გაგინაწყენდა კიდეც.…

- მასალას ყოველთვის ესაჭიროება კორექტირება. რედაქტორთან შეთანხმებით მთავარს არასოდეს ვიღებთ, მაგრამGგოგა ხაინდრავას ინტერვიუ რეკლამის გამო შემცირდა. წერილის გამოქვეყნების შემდეგ ბატონი გოგა რედაქციაში მოვიდა, მოიტანა საყვედურებით სავსე წერილი ასეთი სათაურით "ჩემი და შენი განშორება ტროლეიბუსის ბრალია". ვერ გეტყვი, რა შუაში იყო ტროლეიბუსი ან ჩემთან რა კავშირი ჰქონდა ამ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მაგრამ ფაქტია, ერთხანს გოგა აღარ მელაპარაკებოდა, მერე რედაქტორმა შეგვარიგა და ახლა კარგი ურთიერთობა გვაქვს. როცა ეკითხებიან, ჟურნალისტებს შორის ვინ მიგაჩნია საუკეთესოდო, მე მასახელებს, რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, მართალია ის "კვირის პალიტრას" ბოლო პერიოდში სულ ემდურის და ჩვენი მისამართით არასასიამოვნო განცხადებებს აკეთებს, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ კარგი რესპონდენტია.

მიხეილ სააკაშვილთან მისი გაპრეზიდენტების შემდეგაც რამდენჯერმე ვიყავი, მაგრამ ის მანამდე გაცილებით კარგი რესპონდენტი იყო, ვიდრე ახლა. საკმარისი იყო შევხმიანებოდი და ინტერვიუ მეთხოვა, მაშინვე მთანხმდებოდა. მაშინაც ძალიან დაკავებული იყო, მაგრამ ჟურნალისტებისთვის ყოველთვის ნახულობდა დროს. ბევრი ჩემი კოლეგა დამემოწმება, რომ ადრინდელი მიშა სააკაშვილი ძალიან უშუალო და საინტერესო რესპონდენტი იყო, რასაც ვერ ვიტყვი ამჟამინდელზე.

კახა ლომაიაზე მისი განათლების მინისტრად დანიშვნისთანავე ბევრი არასასიამოვნო ჭორი აგორდა. ვერ ვიტყვი, რომ ჭორების ამყოლი ვარ, მაგრამ რაღაც უკან მხევდა და მასთან მისვლისგან თავს ვიკავებდი. ერთხელ რედაქციაში გადაწყდა, რომ განათლების თემაზე წერილი მომემზადებინა, თავს ძალა დავატანე, რომ მივსულიყავი და კახა ლომაიასთან ინტერვიუ ჩამეწერა. სახტად დავრჩი, რომ ცივი და მკაცრი ჩინოვნიკის ნაცვლად თბილი და ყურადღებიანი ადამიანი დამხვდა. ის ჯერ ჩემი საქმიანობით დაინტერესდა, გამომკითხა, "პალიტრამდე" სად ვმუშაობდი. როცა გაიგო, მასწავლებლობის მცირეხნიანი სტაჟი მქონდა, მოსწავლეებზე და სკოლაში არსებულ პრობლემებზე კარგა ხანს მელაპარაკა. მას მერე ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტი გახდა, რომელიც ინტერვიუზე უარს არასოდეს ამბობდა, არ ეზარებოდა დაეთმო დრო და ზედმიწევნით აეხსნა სიახლეები, რაც განათლების რეფორმისას ინერგებოდა.

ლევან ბერძენიშვილთან ყოველთვის სიამოვნებით მივდივარ. ვიცი, რომ მისგან ბევრ საინტერესოს გავიგებ. ის ხომ ცოცხალი ენციკლოპედიაა. ძალიან მომწონს მისი იუმორიც.

არ შემიძლია არ გავიხსენო ზურაბ ჟვანია. ბატონი ზურაბი გარდა კარგი რესპონდენტობისა, საუკეთესო ჩინოვნიკის ეტალონი იყო. ახლაც რომ მკითხონ, როგორი უნდა იყოს თანამდებობის პირი, უყოყმანოდ დავასახელებ ზურაბ ჟვანიას. იგი საოცრად ყურადღებიანი იყო ყველას მიმართ. ჟურნალისტებს ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა. პარლამენტში ყოფნისას ყველა ჟურნალისტი მის დიდ მფარველობას ვგრძნობდით. ერთხელ მასთან ინტერვიუზე უნდა მივსულიყავი, მაგრამ შინიდან შემატყობინეს, რომ მამის საფლავის დიდი ნაწილი (მამა ახალი გარდაცვლილი მყავდა) ვიღაცამ მიიტაცა. სადღა მქონდა ინტერვიუს თავი. დავრეკე ზურაბ ჟვანიას პრესმდივანთან და ვუთხარი ჩემი პრობლემის შესახებ. თავში აზრადაც არ მომსვლია, რომ ამას ზურა ყურადღებას მიაქცევდა. უბრალოდ, მიუსვლელობის მიზეზი ვაუწყე.Bბატონ ზურას ეს რომ გაუგია, მაშინვე დაურეკავს რუსთავის მერიაში, იქ დაფაცურებულან და სანამ გულგახეთქილი სასაფლაომდე მივედი, იქ უკვე ყველაფერი მოსაზღვრულ-მოგვარებული დამახვედრეს.

- გაიხსენე წერილი, რომელიც შენთვის ყველაზე სასიამოვნო იყო.

- ჟურნალისტის ნებისმიერ წერილს, თუ ის აქტუალურია, ყოველთვის მოსდევს გამოხმაურება, ეს ჟურნალისტისთვის წარმატებაა. მე ისეთი ექსკლუზივები გამიკეთებია, რომლითაც ნებისმიერი ჟურნალისტი იამაყებს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ის მადლიანი საქმე იყო, რომლითაც დავეხმარე ავადმყოფ ბავშვებს, მცხეთაში მცხოვრებ გიგა და მარიამ ზარიძეებს. თავიდან ამ ბავშვების დედა სოციალური ქსელის "ფეისბუქის" მეშვეობით შემეხმიანა და დახმარება მთხოვა. მის ორივე შვილს კუნთების მოდუნება და განლევა ჰქონდა და სასოწარკვეთილი ქალი შველას მთხოვდა. არ ვიცი, რატომ ამირჩია მაინცდამაინც მე. მოგვიანებით მიყვებოდა, - "კვირის პალიტრა" ჩემი საყვარელი გაზეთია და გადავწყვიტე მისი რომელიმე ჟურნალისტისთვის მეთხოვა დახმარებაო. პირველი, ვისი სახელი და გვარიც ამოვიდა ჟურნალისტთა სიაში, შენ იყავი და ჩავთვალე, რომ ეს ბედისწერა იყოო. მართლაც საოცარი რეზონანსი მოჰყვა ამ წერილს. 7.000 ათასი ლარი მაშინვე გადაურიცხეს, მერეც გაგრძელდა დახმარებები. კეთილმა ადამიანებმა ზარიძეების ოჯახს ავეჯიც შეუძინეს, სარეცხი მანქანაც, ბევრი ტანისამოსი და სათამაშოც მიუტანეს ბავშვებს. რაც მთავარია, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. წერილის გამოქვეყნების შემდეგ დამიკავშირდა კლინიკა "ორთო-ჯორჯიას" დირექტორი, გუტა ვაშაძე და მითხრა, რომ მზად იყო ამ ბავშვებისთვის უსასყიდლოდ გაეკეთებინა ორთეზი (ფეხზე ჩასაცმელი) და კორსეტი. ალბათ, ნებისმიერი განსაცდელისგან დამიცავს ბავშვების დედის, ბელა უბილავას ლოცვა და მადლიერი სიტყვები (თუმცა მარტო მე კი არა, გაზეთის ხელმძღვანელობასაც ეკუთვნის ის მადლიერება, რადგან მათ რომ ხელი არ შეეწყოთ ჩემთვის, ვერ შევძლებდი მასალის მომზადებას). ამის შემდეგ ბატონმა გუტა ვაშაძემ მითხრა, რომ დახმარება 10 წლის ნიკა ჩლაიძესაც ესაჭიროებოდა. მკითხველს ემახსოვრება პატრიარქის პატარა სტიქაროსანი. მას ქვედა კიდურების პროთეზისთვის 13.00 ათასი ლარი ესაჭიროებოდა. ოჯახს კი ეს თანხა არ გააჩნდა. წერილის გამოქვეყნების შემდეგ იტალიიდან გამოგვეხმაურნენ. იქ ავტომრბოლელი ანტონიო ძანარდის სახელობის კლინიკა არსებობს, სადაც ინვალიდ ბავშვებს პროთეზს უმზადებენ.Nნიკას ოცი ათასი ევროს ღირებულების დახმარება გაუწიეს მგზავრობაც დააფინანსეს და საცხოვრებლის ღირებულებაც. ასე რომ, ახლა ნიკა გადაადგილებას უპრობლემოდ ახერხებს, უცხო თვალი ვერც კი შეატყობს, რომ ფეხის კიდურების პროთეზი აქვს.

ამ ორმა დიდმა მადლმა ძალიან ბევრი რამ მომცა. უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ ბავშვებს მდგომარეობა შევუმსუბუქე და მათი მშობლების გახარება შევძელი. პოლიტიკურ თემაზე წერამ ისეთი ბედნიერება ვერ მომიტანა, როგორც ამ ბავშვებზე დაწერილმა რამდენიმე წერილმა. ახლა ბავშვებიც და მათი მშობლებიც ჩემი მეგობრები არიან და მათ ოჯახში თუ რაიმე დღესასწაულია, ყოველთვის მეძახიან.

- დაბოლოს, რას მეტყვი "კვირის პალიტრაზე," ჩვენ, ჟურნალისტები, ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ის ჩვენი მეორე სახლია. შენ რამე ახალს დაამატებ?

- "კვირის პალიტრა" ჩემთვის სახლზე მეტია. მე ამ გაზეთით ვცხოვრობ, ჩემი ყოველი დღე... არა, უფრო სწორად, ყოველი წუთი სავსეა "პალიტრით", რადგან შინ ვარ თუ გარეთ, ჩემი ფიქრი ამ გაზეთს დასტრიალებს. გამუდმებით იმაზე ვფიქრობ, რამე მნიშვნელოვანი არ გამომრჩეს, მოვიძიო საინტერესო, ექსკლუზიური მასალა და რაც მთავარია, ვწერო სიმართლე, ვაკეთო კეთილი საქმე, რომ "კვირის პალიტრით" ბევრი ადამიანი იყოს მადლიერი.

(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო: "კვირის პალიტრა" 11 ივნისს სარეკორდო, 104 ათასიანი ტირაჟით გამოვიდა