"ჩემთან რომ მოხვედით და ინტერვიუს იღებთ, მგლის ბილეთის დამსახურებაა" - კვირის პალიტრა

"ჩემთან რომ მოხვედით და ინტერვიუს იღებთ, მგლის ბილეთის დამსახურებაა"

სახლი, რომელიც უნდა აეშენებინა - ააშენა... მერე რა, რომ ბინა, სადაც ცხოვრობს, მოკრძალებულია, კედლებზე მთელი ის საუნჯეა თავმოყრილი, რაც შექმნა, რაც უფალმა არგუნა: პირველ რიგში - დიდი ოჯახი, შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები... მერე როლები, კადრები მეუღლის - იზა გიგოშვილის შემოქმედებიდან. აქვეა შვილების შემოქმედების ამსახველი კადრებიც, მათი წარმატებების მატიანეც...

აქ იკითხება ის დღეებიც, რომლებიც სამეფო უბნის თეატრის მშენებლობას შეალია... ცხადია, ოჯახთან ერთად, რადგან მერაბ თავაძე არასოდეს ყოფილა მარტო...

ჩემი დილა

ფროსი ძმა მყავდა, რომელიც დაიღუპა, გავიდა ხანი და გავჩნდი მე. სხვა დედმამიშვილი არ მყოლია...

დეიდაჩემი ქლუხორის მთავარი ექიმი იყო. ბავშვობაში მასთან ჩავდიოდი. ქლუხორი კავკასიონის ქედზე მდებარეობს. ადრე საქართველოს ეკუთვნოდა, მერე მოგვაჭრეს, როგორც ბევრი სხვა ტერიტორია...

მამაჩემმა შემომატარა მთელი საქართველო, მერე გავაგრძელე მისი გატაცება...

სკოლაში კარგად ვსწავლობდი. განსაკუთრებით - მათემატიკას, მაგრამ... ხრუშჩოვის შეურაცხყოფის გამო სკოლიდან გამრიცხეს. ამან შეცვალა ჩემი მომავალი... დღეს რომ ჩემგან ინტერვიუს იღებთ, ეს იმ მგლის ბილეთის დამსახურებაა... რომ არა ის, ცხადია, ხელოვნებაში არ წავიდოდი. ვიქნებოდი კარგი ინჟინერი, მაგრამ... ჩემი მგლის ბილეთით ან თეატრალურში უნდა შევსულიყავი და ან უცხო ენათა ინსტიტუტში. თეატრალური ვარჩიე. მერე მივხვდი, რა არის მსახიობის პროფესია, რაც სერგო ზაქარიაძის დამსახურებაა.

"ზღვის ბილიკს" იღებდნენ და ამირჩიეს, როგორც ცურვის მცოდნე სტუდენტი... ამ ფილმში შევხვდი ბატონ სერგოს. იმას, რაც მე ბატონმა სერგომ მასწავლა, ვერ ისწავლი ვერც ერთ ინსტიტუტში. ვნახე, რეზო ჩხეიძესთან და სულიკო ჟღენტთან ერთად "ჯარისკაცის მამის" სცენარს როგორ ამუშავებდა... ამან ყველაფერმა სხვა თვალით შემახედა მსახიობის პროფესიას.

ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი... ალბათ გახსოვთ "თოჯინები იცინიან", იცით, რა ბიჭები მოვიდნენ გადაღებაზე გასასინჯად? ვფიქრობდი, - ამათ მერე ვინ ამირჩევს-მეთქი! არასოდეს მიგრძნია, რომ სხვებზე უკეთესი ვიყავი. ნარცისობა ძალიან ცუდი თვისებაა.

"თოჯინები იცინიან" როგორ დამამახსოვრდა? გულახდილად გითხრათ, თავიდან მრცხვე¬ნოდა. პლეხანოველი გახლდით, სხვანაირი მენტალიტეტი გვქონდა. ვიოლინოზე სიარულს თავი მარტო იმიტომ დავანებე, რომ ფუტლარი არ მეტარებინა. ახლა ძალიან ვნანობ! მაშინ მეგონა, სირცხვილი იყო ასეთი როლის თამაში. დედიკოს ბიჭი არასოდეს ვყოფილვარ, ძალ-ღონე არ მაკლდა, ვჩხუბობდი კიდეც. ფილმში კი - დედიკო და ბებიკო... მამიკო და... ეკრანებზე გამოვიდა, მერე წამოვიდა უამრავი წერილი, უხერხულობაც ნელ-ნელა გაქრა.

ინსტიტუტის შემდეგ რუსთაველის თეატრში მოვხვდი. იდგმებოდა მიხეილ თუმანიშვილის "ფედრა". მე და ბადრი კობახიძე ამოვდიოდით სცენაზე, ვდგებოდით და იწყებოდა მონოლოგი. მოკლე ქიტონი მეცვა, ბადრის - გრძელი სამოსი. პრაქტიკულად შიშველი ვიყავი. წინა ორი რიგი იყო გავსებული გოგონებით... თვალს არ მაშორებდნენ. მერე ყოველ სპექტაკლზე სულ ამ რიგებს ვაკვირდებოდი - ერთი და იგივე გოგოები მოდიოდენ... ვბრაზობდი... მსახიობები იცინოდნენ: თავაძეს თავისი მაყუ¬რებელი ჰყავსო...

ჩემი შუადღე

მე და ჩემი პირველი მეუღლე ერთმანეთს დავშორდით... იზა გიგოშვილი რომ გავიცანი, - ჩემი იზო, ესეც გახდა ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელი. ის მარტო თეატრით ცხოვრობდა. ამიტომაც გადავდე თავი და თეატრი შევქმენი. მისთვის მინდოდა ყველაფერი... დაახლოებით 40 წელი ვიყავით ერთად.

იზა ძალიან პირდაპირი იყო, ეს უშლიდა კიდეც ცხოვრებაში, ურთიერთობაში ხელს. თავდადებული იყო, რაც ყველაზე მეტად მომწონდა... თანაც დიდი პროფესიონალიც გახლდათ. როგორ ახერხებდა იმას, რომ ოჯახი მისთვის ყოფილიყო უმნიშვნელოვანესი და ამავე დროს თეატრშიც მაქსიმალურად დახარჯულიყო, არ ვიცი... არ ვიცი, როგორ აგროვებდა ფულს, როგორ ყიდულობდა საგზურებს. ჩვენ ვმოგზაურობდით საზღვარგარეთ ხან მანქანით, ხან გემით...

ვითამაშე კინოში, თეატრში ბევრი მთავარი როლი შევასრულე, მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც სხვაა... მაგალითად, იერუსალიმში წასვლა, ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი მოვლენა იყო. დღეს ეს იოლია, მაგრამ მაშინ ეს რა იყო, იცით? ყველას ვუხსნიდი: წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ჩვენი წინაპრების პილიგრიმული გზა, და რა საოცრებაა იცით, რომ ვერ ხვდებოდნენ ამას, ვერ იგებდნენ, რატომ მივდიოდით, და რატომ მივდიოდით მაინცდამაინც ფეხით. იზას სურვილი იყო, რომ ფეხით წასულიყო. პატრიარქმა დაგვლოცა ამ გზაზე. მახსოვს, გვითხრა: როცა ჯგუფი მიდის, არის ძალიან ბევრი სხვადასხვა აზრი... უნდა იცოდე პატიება, შეიძლება ადამიანი შეცდეს, შეიძლება რაღაც შეემთხვეს, მაგრამ უნდა მიუტევო... ამას განსაკუთრებით მეუბნებოდა, რადგან ჯგუფის ხელმძღვანელი ვიყავი...

მეორე მნიშვნელოვანი გასვლა იყო 1993 წელს გერმანიაში... მახსოვს ბნელი ღამეები, თოვლი, რომელიც არ იწმინდებოდა, თეატრი გაჩერებული იყო, მოვაგროვე მსახიობები სხვადასხვა თეატრიდან და წავიყვანე გერმანიაში. იქ დავდგით სპექტაკლი. მახსოვს, მსახიობები რა ბედნიერები იყვნენ... უცებ ამ სიბნელიდან და ამ გაჭირვებიდან მოხვდნენ განსხვავებულ სამყაროში, სადაც შეიქმნა ყველანაირი პირობა, რომ ემუშავათ ოთხი თვის განმავლობაში.

და უმთავრესი - როდესაც მე, ჩემი ოჯახი და მეგობრები შევუდექით სამეფო უბნის თეატრის შექმნას... თეატრი არასოდეს ყოფილა მარტო შენობა. თუ მასში არ დევს სული, ყველაფერი იშლება. ყველაზე რთული, რაც მე, ჩემმა მეუღლემ, შვილებმა მოვახერხეთ - სული შთავბერეთ დანგრეულ, დალეწილ შენობას და დღეს ეს თეატრი არსებობს.

ჩემი საღამო

დედაჩემი 98 წლისა გარდაიცვალა. ვეხვეწებოდი: - დედა, ორი წელიწადი მე მაჩუქე-მეთქი. ძლიერი ქალი იყო. ამ ხნისას იმდენად გახსნილი გონება ჰქონდა, შვილიშვილები ამბობდნენ, - ნეტა, ბებიას დავემგვანოთო. 98 წლის ქალი იჯდა და კითხულობდა...

დედას წასვლა იყო ტრაგედია. ბურჯი გამოგვეცალა... დღეს მე ვარ ბურჯი. მყავს ხუთი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი. ახლა რომ არ დაიბნეთ: იზას ქალიშვილი - ია არის ჩემი შვილი, ჩემი გაზრდილი. სულ ვეუბნებოდი, ვინმემ რომ თქვას, რომ შენ ჩემი შვილი არ ხარ, არ ვიცი, რას ვიზამ-მეთქი! გათხოვდა, გაუჩნდა შვილები, რომლებიც ბაბუას მეძახიან და ასეც არის. ახლა იმათ გაუჩნდათ შვილები... დიდი ბაბუა ვარ მათი!

მყავს სამი ვაჟი: ზვიადი, გიორგი და ნიკა... და ერთი გოგონა - ედუკი! ედუკი ძველი აფხაზური სახელია, ჩემს დიდ ბებიას ერქვა და დედაჩემმა მთხოვა, გოგონა თუ მეყოლებოდა, დამერქმია... ედუკი 12 წლისაა და ჩემსავით მოცურავეა.

ყველაზე მძიმე დღეებზე მეკითხებით?

ამის გახსენება ძალიან მიჭირს. ჩემს გადაღებაზე იზა ყავარჯნებით იდგა. როცა დავიძახებდი, - "მოტორ!" გაუშვებდა ყავარჯნებს ხელს და იყო ჩვეულებრივი იზა... ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, არ მინდოდა მეთქვა "სტოპ!" როგორც კი ამას ვიტყოდი, ისევ ყავარჯნებზე დგებოდა.

შინ მეუბნებიან, - ფარდები დაძველდა, რატომ არ ცვლიო... ვერ ვცვლი, რადგან იზას ნაყიდია. ყველაფერი, რაც იზას უყვარდა, ისევე არის ამ სახლში, გარდა იმისა, რომ სურათები შევმატე. ეს სურათები მაცოცხლებს...

ხელით არასოდეს შევხებივარ შვილს - ეს არის ყველაზე დამამცირებელი. მახსოვს, 5 წლის ვიყავი, მამაჩემმა მოფერებით - უჰ, შენ, იცი, რას გიზამო და ხელი მომითათუნა... მეწყინა... მას მერე ვიცი, არასოდეს არავის ხელით არ უნდა შეეხო... განსაკუთრებით ქალს...

კაცი ბოლომდე უნდა იბრძოდე... სამეფო უბნის თეატრთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა - თეატრს მართმევდნენ. 7 წელი მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი. დავინახე ადამიანები, რომელთაც არაფერი აინტერესებდათ. ვხედავდი მათ შუშის თვალებს. ძალიან მებრძოლი უნდა იყო, რომ ამას გაუძლო. მე გავუძელი. დღეს კი იგივე ამბავი დატრიალდა... კინოსტუდია "ქართული ფილმი" გასხვისებულია. სახელმწიფომ წაიღო. რაც დარჩა, იმის წაღებაც უნდათ. გადავწყვიტე, ჩავერთო ბრძოლაში.

29 ივლისს 70 წლის ვხდები. ცხადია, უამრავი შეცდომა დავუშვი. და მაინც, ამ გადასახედიდან რა როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი? თარაშ ემხვარი, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში ვითამაშე. კონსტანტინე გამსახურდია მოვიდა ოჯახთან ერთად... ეს ის თარაშია, რომელიც დავწერეო... ეს იყო ძალიან დიდი შეფასება. მაშინ 26-27 წლის ვიყავი... თარაშ ემხვარი დარჩა მნიშვნელოვან როლად, მიუხედავად იმისა, რომ 55 მთავარი როლი მაქვს ნათამაშები თეატრში.

კინოში... "თოჯინები იცინიან" - ხალხს უყვარს, იმიტომ რომ ისეთი ჯგუფია შეკრებილი: სესილია, იპოლიტე, ეროსი, მარინე თბილელი, სანდრო ჟორჟოლიანი...

რაც შეეხება ჩემს ფილმებს, ბოლო სამ ნამუშევარს, როგორც ტრილოგიას, ისე აღვიქვამ - საუკუნის დასაწყისი, შუა და ბოლო. ეს არის "მე დავბრუნდები", "ბრავო, ალბერ ლოლიშ" და "ხვეული კიბით". ამას წინათ ვუყურებდი "ბრავო, ალბერ ლოლიშის" რუსულ ვერსიას. ძალიან კარგად გაგვიხმოვანებია... საინტერესო ფილმია და, რაც მთავარია, აზრია მნიშვნელოვანი: საკმარისია ოდნავ აფრინდე, იმწუთას გესვრიან და ჩამოგაგდებენ...

გზავნილი

გული მტკივა, რომ ახალგაზრდობა ნაკლებად წიგნიერია. ეს ერის კატასტროფაა, რაც ათეული წლების მერე გამოჩნდება. ჩვენს სამშობლოს მინდა ვუსურვო გამარჯვება. ღირსია საქართველო, რომ ბედნიერი იყოს...

(სპეციალურად საიტისთვის)