"ლაზი ვორე, ლაზი - ქართველი, ჭანი" - კვირის პალიტრა

"ლაზი ვორე, ლაზი - ქართველი, ჭანი"

საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ფილმის "ლაზი ვორე, ლაზი - ქართველი, ჭანი", აუდიო-ვიდეო დისკის "შურიმშინე" და გიორგი ანდრიაძის წიგნის "უცნობი ისტორიული საქართველო (ქრისტიანული ლაზეთი)" პრეზენტაცია.

ფილმის "ლაზი ვორე, ლაზი - ქართველი, ჭანი" რეჟისორი ცნობილი კომპოზიტორი, მერაბ მამულაშვილია, მან და პროდიუსერმა გიორგი ლაბაძემ მართლაც საშური საქმე გააკეთეს, გადაიღეს ფილმი ლაზ ჰასან ჰელიმიშზე, თვითნასწავლ მხატვარსა და ხალხურ მთქმელზე. ფილმში შესულია ჰასან ჰელიმიშის ქალიშვილის ნაამბობი, რაც განსაკუთრებით ღირებულია ისტორიისათვის.

ლაზი მხატვარი და პოეტი ჰასან ჰელიმიში დაიბადა თურქეთის ლაზეთის სოფელ ხოფაში. უსაზღვროდ უყვარდა მშობლიური კუთხე - ლაზეთის ლურჯი ზღვა და სამშობლო - საქართველო. ნიჭიერ ყმაწვილს იმისი საშუალება არ მისცემია, რომ სიღრმისეული განათლება მიეღო, მაგრამ მან ისეთ სულიერ წიაღსვლას აუღო ალღო, რომელმაც იშვიათ და საინტერესო ხელოვანად ჩამოაყალიბა. შეუძლებელია გულგრილი დარჩე ჰასან ჰელიმიშის ბიოგრაფიის მოსმენისა და მისი ნამუშევრების ხილვის შემდეგ.

საკუთარ თავს, როგორც თურქეთის მოქალაქეს, განაჩენი მაშინ გამოუტანა, როცა არალეგალურად დაიწყო სარფში გადმოსვლა და აქაური ნათესავების მონახულება. ლაზი იყო - ქართველი, ჭანი და გული საქართველოს იმ ნაწილისკენ მოუწევდა, მისთვის გაუგებარი საზღვრით რომ იყო განკვეთილი. ამას ვინ აპატიებდა და თურქეთის მთავრობამ, როგორც მოღალატეს, სიკვდილის განაჩენი გამოუტანა... დახვრეტდნენ კიდეც, რომ არა მისი სიძე - თურქეთის მაშინდელი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, რომელმაც ცოლისძმა ჯერ ციხიდან გააპარა, შემდეგ კი საზღვარზეც გადმოიყვანა. ამის გამო კი თავად დახვრიტეს...

ამ ყველაფერს ფილმში ნარიმა ჰყვება - ჰასან ჰელიმიშის უმცროსი შვილი, გოგონა, რომელიც გადასახლებაში დაიბადა - ტომსკის რაიონში, მდინარე ნარიმას პირას... იქ ჰელიმიში ორსულ მეუღლესთან და ერთ ვაჟთან ერთად უკვე საბჭოთა საქართველოდან გადაასახლეს, როგორც არასანდო.

ფილმს ეტყობა კომპოზიტორის გადაღებული რომ არის, რეჟისორი, როგორც მუსიკას, ისე მისდევს კადრებს და ზღვის ულამაზესი ხედების წიაღიდან ადამიანის შემოქმედებითი ზეობის დასტური მუსიკა შემოაქვს. ჰელიმიშის სურათების ფონზე ეს მუსიკა ქმნის მთავარ დრამას ადამიანისას, რომელიც გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ პროფესორ სერგი ჯიქიას მიწვევით უნივერსიტეტში მუშაობდა, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე თურქული ენის პრაქტიკულ კურსს უძღვებოდა, მერე უმუშევარი დარჩა და მეწაღეობას მიჰყო ხელი, რითიც ბოლომდე ირჩენდა თავს... მაგრამ არც უნივერსიტეტში სამსახურსა და არც მეწაღედ მუშაობას არ შეუცვლია მასში მთავარი - სულიერება და სიყვარული ერთიანი საქართველოსი, რომლის საზღვრით გაკვეთა საკუთარი სხეულის ნაწილებად გაკვეთის ტოლფასად სტკიოდა. არ შეუცვლია ის სიღრმისეული განცდა ლაზეთის ცისა და ზღვის, რომელმაც ჩამოაყალიბა, როგორც შემოქმედი...

ჰელიმიშის სურათების უდიდეს ნაწილში ზღვა მოჩანს. (გარდა იმ სურათებისა, რომელიც ციმბირში ცხოვრების პერიოდს ეხება). ეს არ არის აივაზოვსკისეული ზღვა - დიდი სიზუსტითა და ოსტატობით გადმოცემული, ეს იმ ზღვის "შინაარსია", რომლის პირასაც გაიზარდა. მერაბ მამულაშვილის ფილმი სწორედ ამ შინაარსზე მოგვითხრობს...

ჰასან ჰელიმიში გარდაიცვალა 1976 წლის 2 მარტს. დასაფლავებულია საქართველოში, სოფელ სარფში, იქ, სადაც თავად უნდოდა, რომ მშობლიურ ხოფასთან ახლოს ყოფილიყო...

კულტურული იდენტობა - ეს სიტყვები ძალიან ხშირად ისმოდა პრეზენტაციაზე.

გოგონათა კვარტეტი "შურიმშინე" ლაზურ სიმღერებს მღეროდა. გიორგი ანდრიაძე კი იმ მეცნიერულ საფუძვლებზე მოგვითხრობდა, რომელიც ლაზეთის მიწაზე ქვათა ღაღადისად შემორჩა დღევანდელობას.

სულ არ არის შორი დედასაქართველოს მოწყვეტილ ლაზეთამდე, მითუმეტეს თუ გულს გაუღებ იქაურ მოყვასს...

(სპეციალურად საიტისთვის)