"ჰაერის პრინცი" თეატრიდან გააძევეს - კვირის პალიტრა

"ჰაერის პრინცი" თეატრიდან გააძევეს

"ჭაბუკიანის გამოსვლისას ოპერისა და ბალეტის თეატრს ცხენოსანი პოლიცია იცავდა..."

ვახტანგ ჭაბუკიანი ძველი ვოლგით დადიოდა, ძაღლები მანქანის ხმას ცნობდნენ და ეზოს ჭიშკართან ელოდებოდნენ.

სცენაზე რომ გამოდიოდა, ყველა ხვდებოდა: ის ერთადერთი იყო! ერთადერთი იყო არა მარტო იმ ქვეყანაში, სადაც დაიბადა და აღიზარდა, არამედ მსოფლიოშიც, რადგან ვახტანგ ჭაბუკიანმა ეპოქა კი არა, ბალეტში მამაკაცის პარტიის სრულიად ახლებური ხედვა შექმნა, მან დაარწმუნა ყველა, რომ სხეულის სრულყოფილება და პლასტიკა სქესს არ ცნობს... ეს ისეთი ძლიერი შოკი იყო საზოგადოებისთვის, რომ მისი გამოსვლისას ოპერისა და ბალეტის თეატრს ცხენოსანი პოლიცია იცავდა...

მან ერთი ენა იცოდა სრულყოფილად - ცეკვის ენა და თავის სათქმელს უნაკლოდ გადმოსცემდა. სიტყვიერ საუბარში კი ვერასოდეს ჩაატევდა იმდენს, რამდენიც უნდოდა, რომ ეთქვა...

ქრონიკამ შემოინახა მისი ფრაზები, რომელიც განსაკუთრებული წყენის მერე უთქვამს: "ყველაზე უსიამოვნო და მტკივნეული იყო ის, რომ არ მეგონა, მე, რომელმაც შევქმენი ქართული ბალეტის სახე, აღვზარდე არაერთი თაობა, ჩამომაშორებდნენ თეატრს, ჩემს უსაყვარლეს და სათაყვანებელ საქმეს. "ჰამლეტით" გავემგზავრეთ მოსკოვში, წარმატება დიდი იყო. დაბრუნებულს დამახვედრეს სიურპრიზი, რომ დავბერდი და აღარ მაქვს წარმატება. ამიტომ თეატრიდან უნდა წავიდე. ეს დივერსია იყო არა მარტო ჩემს, არამედ ჩემი მეგობრების, აღზრდილების მიმართ, რომლებმაც შექმნეს ქართული ბალეტის ისტორიის თვალსაჩინო ფურცელი. ჩემს წიგნში დავწერ, როგორ მოექცნენ ხელოვნებას, რომელსაც საქართველოში ოქროს საუკუნე ჰქონდა".

თეატრიდან წამოსული გულმოკლული ხელოვანის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ვინ იცის, რამდენი ღამე გაუთენებია იმაზე დარდით, რომ ასე ხელაღებით მოიშორეს... იმ დროს, როცა ადამიანებს ვერ გაეგოთ მისი, ბოროტ ენებს აჰყოლოდნენ, ან შურით ავსილები ნიშნის მოგებით დადუმებულიყვნენ, უტყვი მეგობრები მაინც არ ტოვებდნენ მას. მის პატარა ლოჯიაში 30 კატა ცხოვრობდა... ჰყავდა ძაღლებიც. ვახტანგ ჭაბუკიანი ძველი ვოლგით დადიოდა, ძაღლები მანქანის ხმას ცნობდნენ და ეზოს ჭიშკართან ელოდებოდნენ. ფოტოზე სამუდამოდ აღიბეჭდა მისი "საუბარი" ოთხფეხა მეგობრებთან, მათთან, ვისთანაც თავს ყველაზე უკეთ გრძნობდა - მათთვის ბოროტება უცხო იყო.

სტუმრად იქნებოდა, თუ გასტროლებზე, უპირველესად, ოთხფეხა გონიერი არსებები მოხვდებოდა თვალში... ისინიც ხვდებოდნენ, რომ დიდი მაესტრო მათთვის სანდო, გულღია და კეთილი მეგობარი გახდებოდა...

ზოგჯერ მათთან თამაშის გუნებაზეც დგებოდა და მაშინ სრულიად სხვა განზომილებაში გადადიოდა, ბავშვური სიცელქე აღებეჭდებოდა სახეზე, ის განწყობა უახლდებოდა, რაც შორეულ ბავშვობაში აბრუნებდა...

მტრედებიც ძალიან უყვარდა. უკვე ჭარმაგი - ყოველ დილით ფანჯრებს აღებდა და სპეციალურ დაფაზე საკენკს ყრიდა, სადაც მერე მტრედები მოფრინავდნენ... რამდენი - ვინ იცის...

ჰყვებიან: ვახტანგ ჭაბუკიანი მდინარე ვერეს ხეობაში, ან მტკვრის პირას დარბოდა სათამაშოდ და მესამე სართულის სიმაღლიდან ხტებოდა მდინარეში თავით, თან სამმაგი სალტოს გაკეთებას ახერხებდაო. წლების მერე მას "ჰაერის პრინცი" უწოდეს...

და თუ მთელი სამყაროსთვის ჰაერში იყო ამაღლებული, მხოლოდ ოთხფეხა მეგობრები გრძნობდნენ, რა აკავშირებდა მიწასთან, რა სიყვარული ჰქონდა გასაყოფი...