"ჯერ მე უნდა გავიარო სტერილიზაცია" - კვირის პალიტრა

"ჯერ მე უნდა გავიარო სტერილიზაცია"

რა იქნება ინგა გრიგოლიას 2013 წლის საჩუქარი

ეს ჟურნალისტი წლების მანძილზე ახერხებდა მედიასივრცეში რეიტინგული ყოფილიყო. პოლიტიკური კარიერა კი, როგორც თავად აღნიშნავს, კრახით დაასრულა. ინგა გრიგოლია განვლილ წელსა და ბოლო მოვლენებზე გულახდილად გვესაუბრა.

- ჩემთვის ეს წელი ყველაზე რთული იყო, რაც კი გადამიტანია, ჩემი კანდიდატურის მოხსნას ვგულისხმობ... ქვეყნისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო - პირველად ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. ჯერჯერობით შედეგებზე ვერ ვილაპარაკებ,  რამდენად გაამართლა ან არ გაამართლა ახალმა მთავრობამ. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი პროგნოზი არ გამართლდა, - ვამბობდი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ დათმობდა არჩევნებს. მათი წაგების შემთხვევაში კი ველოდებოდი 26 მაისის მოვლენების განმეორებას. ასე არ მოხდა და ღმერთს მადლობა ამისთვის.

- რატომ დატოვეთ ქრისტიან-დემოკრატიული პარტია არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე. რა იყო თქვენი პოლიტიკიდან წასვლის მიზეზი?

- არასოდეს დამიმალავს და სხვებივით არ დამიწყია, დიდი ბოდიში და, ტიპობა,  რომ ეს ნაბიჯი ვინმეს სასარგებლოდ გადავდგი. იმ პერიოდში საზოგადოებაში ძალიან დიდი აგრესია იყო, ქუჩაში შეურაცხყოფასაც მაყენებდნენ. გლდანის ციხეში ვიყავი და იქაც საშინელი აგრესია დამხვდა... საზოგადოებას მიაჩნდა, რომ ინგა გრიგოლია  იქ უნდა ყოფილიყო, სადაც ხალხის დიდი ნაწილი იყო გაერთიანებული.

ჩემთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა ამ აგრესიასთან გამკლავება, ვგრძნობდი, რომ უბრალოდ ვკვდებოდი.

ციხის კადრების შემდეგ კი ეს აგრესია კიდევ უფრო გამძაფრდა. მივხვდი, რომ არც ერთი თანამდებობა არ მიღირს პოლიტიკაში ყოფნის ფასად. სხვებისგან განსხვავებით კი ერთი პოლიტიკური გუნდიდან მეორეში არ გადავმხტარვარ. ვზივარ სახლში, მაქვს პაუზა. ახლა ნელ-ნელა გამოვდივარ იმ უარყოფითი მდგომარეობიდან, სადაც სწორედ ამ პროცესების გამო აღმოვჩნდი.

- ინგა გრიგოლიას წლის წარმატება და წარუმატებლობა?

- წარმატება არ ვიცი, ამ წელს არ მქონია. წარუმატებლობა კი ის არის, რომ ემოციურად ვერ გავქაჩე, დავპირისპირებოდი აგრესიასა და შეურაცხყოფას, რომელიც გახდა კანდიდატურის მოხსნის მიზეზი. არადა, ყოველთვის ყველა არ მოგეფერება, აღმოვაჩინე, რომ ჩემნაირი ემოციური ადამიანის ადგილი პოლიტიკაშIი არ არის. 2012 წელი არა მარტო წლის, არამედ ჩემი  ცხოვრების ყველაზე წარუმატებელი პერიოდი იყო.

- წლის პოლიტიკოსად ვის დაასახელებთ?

- წესით, ეს არის, რა თქმა უნდა, ივანიშვილი, მან მოახერხა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემოს შეცვლა, თუმცა ჩემთვის ყველაზე მისაღები პოლიტიკოსი დათო უსუფაშვილია და იცით, რატომ? მთელ რიგ საკითხებზე მისი პოზიციები განსხვავდება დღევანდელი უმრავლესობის შეხედულებებისგან. ეს ჩემთვის იმის მაჩვენებელია, რომ ეს კაცი XXI საუკუნის პოლიტიკოსი და მართლა დემოკრატია, რომელსაც შეუძლია თეთრზე თეთრი თქვას და შავზე - შავი. ჩემთვის ყველაზე მისაღები უსუფაშვილი, ხიდაშელი და ის ადამიანები არიან, რომლებსაც არ ეშინიათ თუნდაც საკუთარი გუნდისგან განსხვავებული პოზიციების დაფიქსირება... წლის პოლიტიკოსი კი მაინც  ბიძინა ივანიშვილია.

- წლის ანტიგმირი?

- ალბათ, ციხის კადრებს დავუკავშირებდი - ვინც იქ იყო და ამას აკეთებდა...

კიდევ ერთს ვიტყვი: რა თქმა უნდა, წლის პოლიტიკოსი ივანიშვილია, მაგრამ არ ვიქნები ობიექტური, რომ არ ვთქვა, -  სააკაშვილმა შეძლო არჩევნებში დამარცხების აღიარება. ეს იყო სააკაშვილის, როგორც ძალიან სერიოზული პოლიტიკოსის გადადგმული ნაბიჯი... არაფერს ვამბობ პრეზიდენტსა  და პრემიერ-მინისტრს შორის გამწვავებულ ურთიერთობაზე.

- თუკი კვლავ გექნებათ საშუალება წაიყვანოთ პოლიტიკური ტოქშოუ, ვინ იქნება პირველი სტუმარი და ვის დაუსვამთ მწვავე კითხვებს?

- ყველაზე მეტად, ვინც დღეს მაინტერესებს, ზურაბ ადეიშვილია. თუ არ ვცდები, ერთ-ერთი გამონაკლისი ვარ, ვისაც ექსკლუზიური ინტერვიუ აქვს მასთან ჩაწერილი, როდესაც ის გენპროკურორი გახდა.  რა თქმა უნდა, სააკაშვილსაც მოვიწვევდი, ივანიშვილსაც, მაგრამ პირველი, ვისზეც "ვინადირებდი", ადეიშვილი იქნებოდა.

- თუ გაქვთ შემოთავაზება რომელიმე მედიასაშუალებისგან?

- მაქვს რამდენიმე ვარიანტი, ერთ-ერთს აქტიურად განვიხილავ საზოგადოებრივ მაუწყებელზე. თუმცა ფინანსური კრიზისი დაასახელეს იმის მიზეზად, თუ რატომ არ გავიდოდა ჩემი პროექტი ეთერში. გადავწყვიტე, ცოტა ხანს გავჩერდე. სხვათა შორის, როდესაც კანდიდატურა მოვხსენი, ვიცოდი, რომ ხვალ-ზეგ არ დავჯდებოდი ეთერში. ჯერ თვითონ უნდა გავიარო სტერილიზაცია. ალბათ, მალე დავბრუნდები,  თუმცა არ ვიცი, როგორ და რომელ არხზე. ვაპირებ ვიმუშაო პრესაშიც, რასაც მეტი ანალიზი და მუშაობა სჭირდება, ვიდრე ტელევიზიაში. ის მაინც კადრებზეა აგებული. ასე რომ, მაქვს სურვილი, ვიმუშაო ქართულ პრესაში. ვნახოთ...

2013 წლის ყველაზე კარგი საჩუქარი კი იქნება რომელიმე ჩემი პროექტის განხორციელება და კონტრაქტზე ხელის მოწერა.

"კვირის პალიტრას" დიდი სიყვარულით ვულოცავ ახალს წელს. ძალიან მიყვარს თქვენი გაზეთი. როდესაც ფინანსური პოლიცია თუ საგადასახადო შემოიჭრა, თქვენი გაზეთის მხარდასაჭერად თამამი განცხადებები პირველად მე გავაკეთე. მიმაჩნდა, რომ ეს იყო თავისუფალ მედიაზე ზეწოლა და "კვირის პალიტრის" გასაჩუმებლად დაგეგმილი აქცია. მინდა გისურვოთ მეტი მკითხველი, რაც ისედაც არ გაკლიათ, ძალიან დიდი ტირაჟი და უფრო და უფრო საინტერესო მასალები. ჩვენ საზოგადოებას ვუსურვებ მშვიდობას. საკუთარ ქვეყანაში ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ცხოვრების საშუალება. უსახლკარო არ იყოს, შვილების გამოსაკვებად და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი თანხების მოძიება არ სჭირდებოდეს. მინდა ვიცხოვრო წელგამართულ ქვეყანაში, რომელსაც ნამდვილად კარგი საქართველო ერქმევა.

ქეთი საგინაშვილი