პარლამენტის "საპატიო გველი" და ყოფილი "თავდამსხმელი" - კვირის პალიტრა

პარლამენტის "საპატიო გველი" და ყოფილი "თავდამსხმელი"

"ლივ ტაილერს დავახრჩობ სმაში"

"ბრუკ შილდსს სიამოვნებით მივიპატიჟებდი სუფრასთან"

აღმოსავლური კალენდრის თანახმად, 2013 წლის სახით სამყაროში წყლის გველის წელი შემოსრიალდა. ცხონებული ბებიაჩემი მეტყოდა ხოლმე, წყლის გველი საშიში არ არის, მდინარეში ჩასვლამდე შხამს ქვაზე ტოვებს და თუ ცურვისას ფეხზე მოგედო, ნუ დაფეთდებიო. ასტროლოგები კი ამბობენ, ის, ვინც წყლის გველის წელში დაიბადა, ინტელიგენტი და სულგრძელიაო. ამ ნიშნით, ანუ 1953, წყლის გველის წელში დაბადებული ორი ცნობილი რესპონდენტი მოვიძიე, პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი და მისი ყოფილი კოლეგა ვახტანგ რჩეულიშვილი. უფრო ადრე, 1941, ანუ ლითონის გველის წელს, დაბადებული ყოფილა ჭადრაკის დედოფლად წოდებული ნონა გაფრინდაშვილი, რომელსაც იმდენად არ მოსწონს ასტროლოგიაზე საუბარი, რომ კატეგორიულად გამომიცხადა, არც გველის წელს ვაღიარებ და მაგ თემაზე ლაპარაკიც არ მინდაო.

ამ ნიშნით დაბადებულთა თვისებებია სიბრძნე, ტაქტი, მოთმინება, გონებამახვილობა, ორგანიზატორულობა, საქმის სწორად დაგეგმვის უნარი. როგორც წესი, კარგი მრჩევლები და კონსულტანტები არიან. თუმცა ზარმაცები, ეჭვიანები, მბრძანებლობისკენ მიდრეკილნი და საკუთარ თავზე შეყვარებულებიც ყოფილან. მოკლედ, გადაავლეთ თვალი თქვენს ნაცნობ "გველებს",

მე კი მათ ცნობილ წარმომადგენლებს გაგაცნობთ.

ლევან ბერძენიშვილი: - ქვეწარმავალთა ამ სახეობის მიმართაც არ მაქვს მტრული დამოკიდებულება. ვაღიარებ, რომ ძალიან ლამაზი არსებაა.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ გველებს ახალგაზრდობაში ბევრი პრობლემა აქვთ, ასაკთან ერთად კი მათი ცხოვრება სტაბილური ხდებაო.

- ჩემს შემთხვევაში ასტროლოგია ცდება, რადგან ახალგაზრდობა ძალიან  უშფოთველი მქონდა, სანამ არ ჩავიდინე "დანაშაული" - ანტისაბჭოური პროპაგანდის გავრცელებისთვის ციხეში ჩამსვეს.

- რომელი ტიპის გველს ეკუთვნით, რომელიც გარბის თუ მზად არის თავდასხმისთვის?

- თავდასხმა არ მჩვევია, მაგრამ თუ აქეთ მესხმიან თავს, არც გაქცევა მჩვევია.

-  ამ ნიშნით დაბადებულებს უყვართ ფლირტი, თქვენ ზოდიაქოს მიხედვით, მორიელიც ხართ, რომელსაც ასევე უყვარს ფლირტი. გველები პარტნიორს ნუსხავენ და ისე იმორჩილებენო.

- მონუსხვის უნარი რომ მქონოდა, დიდი ბრძოლა კი არ დამჭირდებოდა ჩემი მომავალი მეუღლის დასაყოლიებლად. არ ვიცი, ცხენი ნუსხავს თუ არა გველს, მაგრამ ჩემი მეუღლე, რომელიც ცხენის წელშია დაბადებული, მეც მნუსხავდა და კიდევ ბევრს და მაინც მე გავიმარჯვე. ალბათ, გველი ძლიერია.

- დონ ჟუანი და ქარაფშუტააო, მისი სისუსტე ლამაზი ქალიაო.

- დონჟუანობისა და ქარაფშუტობის რა გითხრათ, მაგრამ ქალი და მით უფრო, ლამაზი, ძალიან მიყვარს. ასევე მახასიათებს ქათინაურების თქმა. ძალიან კარგი თამადა ვარ ქალების სუფრასთან, რადგან იქაც ვიყენებ ამ ჩემს ხელოვნებას და ვეფერები ქალებს, რომლებიც გულწრფელად მიყვარს.  მიმართლებდა, ხშირად ვმუშაობდი ისეთ სამსახურებში, სადაც უმრავლესობა ქალი იყო, ახლა კი ვმუშაობ იქ, სადაც უმრავლესობა გაბრაზებული მამაკაცია.

-  მეკვლედ რომ გწვეოდათ ულამაზესი ქალი, თქვენსავით გველის წელში დაბადებული ლივ ტაილერი და ბრუკ შილდსი, რა რეაქცია გექნებოდათ?

- მაგას კითხვა უნდა? მივიპატიჟებდი ორივეს სუფრასთან და მთელ ღამეს გავატარებინებდი ქეიფში, ლივ ტაილერს დავახრჩობდი სმაში. ვგონებ, ამყვებოდა, მამისგან გენეტიკურად უნდა ჰქონდეს ეგ ნიჭი. აი, ბრუკ შილდსი, რაც გათხოვდა, მგონი, აღარ სვამს.

- რისკიანები არიანო...

- ძალიან რისკიანი და აზარტული ვარ, ამიტომაც არ შევდივარ სათამაშო სახლებში, შესაძლოა, იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდე.

ვახტანგ რჩეულიშვილი: - შესაძლოა, გველის წელში დაბადების ბრალიც არის, რომ გველის არ მეშინია. ბავშვობაში კოჯორში უშხამო გველებს ვიჭერდი და კარგა ხანს მყავდა ხოლმე მინის ქილაში.

- სისინი თუ გახასიათებთ?

- არა, არც ასე გამოხატული გველური თვისებები მაქვს. ვფიქრობ, იმის გამო, რომ წლის ბოლოს დავიბადე, უფრო კარგი თვისებები დამრჩა გველისგან, ვიდრე ცუდი, მაგალითად, სიბრძნე, რომელიც ასაკთან ერთად მემატება. სისინი არა, მაგრამ პირდაპირობა მიყვარს. გაქცევა არ მჩვევია. ახალგაზრდობაში უფრო თავდამსხმელი ვიყავი. ახლა კი, ხომ ვთქვი, ასაკთან ერთად ვჭკვიანდები.

- ქალბატონი მაია მონუსხეთ?

- პირველივე ჯერზე, თვალებში ჩახედვისთანავე მოვნუსხე. მერე კი მომიწია მთელი რიგი ტრადიციული რიტუალების დაცვამ, რაც ბოლოს ქორწინებით დასრულდა, მაგრამ თამამად ვაცხადებ, ის პირველივე წუთებში ჩემი "მსხვერპლი" იყო და ვიცოდი, რომ ვერსად გამექცეოდა.

- გველი დონ ჟუანი და ქარაფშუტაა და მისი სისუსტე ქალიაო.

- ქალების დიდი მოტრფიალე გახლავართ, ამავე დროს, ძალიან ფრთხილიც.

- ლივ ტაილერი თუ ბრუკ შილდსი?

- ბრუკ შილდსი ჩემს ახალგაზრდობაში სექსუალურობის სიმბოლო იყო, თუმცა, უფრო მომწონს ყველა დროის ულამაზესი ოდრი ჰეპბერნი. ისიც გველის წელში იყო დაბადებული.

- გულწრფელად მითხარით, რომელს ისურვებდით მეკვლედ, - ლივ ტაილერს თუ ბრუკ შილდსს?

- ბრუკ შილდსს სიამოვნებით მივიპატიჟებდი სუფრასთან. ვეტყოდი, თქვენ ახლა ორ დღესასწაულს აღნიშნავთ, ჩემს დაბადების დღეს და ახალ წელს-მეთქი.

- მის სტუმრობას დაბადების დღის საჩუქრადაც ხომ არ ჩათვლიდით?

- არა. მე უკვე მყავს შესანიშნავი და განუმეორებელი საჩუქარი - ჩემი მაია.

- ამას იმიტომ ხომ არ ამბობთ, რომ ეჭვიანობის გეშინიათ?

- არა. სრულიად გულწრფელად ვამბობ, უამრავი პრობლემის მიუხედავად, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, - ბედნიერი  ვარ, რომ გვერდით მყავს მაია, რომელიც მართალია, ძაღლის წელშია დაბადებული, მაგრამ, მგონი, ის უფრო არის გველის წლის ნიშნების მატარებელი, რადგან როგორც ასტროლოგები ამბობენ, გველი თამამი და რისკიანია.

- ასტროლოგების რჩევის თანახმად, საახალწლო სუფრაზე კარგი იქნება გველის ფორმის სალათა ან გველისგან დამზადებული ეგზოტიკური კერძიო, თქვენ გაითვალისწინეთ ეს რჩევები?

- მე კახელი ვარ და ჩემს სუფრაზე გველის ადგილი არ არის. მწვადი, გუდის ყველი, დედასპური და მაგარი კახური ღვინო - უცვლელია რჩეულიშვილების ოჯახში. ახალი წელი დადგა და გველს აქვს დიდი სიბრძნე და იცის, რომ სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს და მინდა ჩვენი ერიც გაეცალოს მუდმივ დაძაბულობას.