"ყველა ადამიანი ლამაზია, მხოლოდ დანახვა უნდა" - კვირის პალიტრა

"ყველა ადამიანი ლამაზია, მხოლოდ დანახვა უნდა"

"ფოტოხელოვანისთვის პირველი ფოტო პირველ კოცნასავით არის"

"ხელოვნება მუდმივი უკმაყოფილებაა. ასეთი უკმაყოფილებისგან ჩნდებოდნენ შერეკილები, რომელთაც გაფრენა სურდათ"

"ლანჩხუთსკი პარენ" - ასე უწოდებს თავს და მიაჩნია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, სიყვარულის დედაქალაქ ლანჩხუთში დაიბადა. საზოგადოება დიდი ხანია იცნობს ბადრი ვადაჭკორიას, ცნობილ ფოტოხელოვანს, ჟურნალისტსა და დიპლომატს. მან უკვე არაერთი ფოტო აჩუქა "კვირის პალიტრის" მკითხველსაც საახალწლო კალენდრების სახით.

- ბავშვობაში ფოტოგრაფიის სპეციალურ შემსწავლელ წრეზე დავდიოდი. მერვე კლასში უკვე "ლელოს" რეგიონული გამოცემის ფოტოკორესპონდენტი გახლდით. სკოლის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე ჩავირიცხე. მეორე კურსიდან დავიწყე მუშაობა ტელევიზიაში, სადაც 34 წელი ვიმუშავე. მაშინაც  ვმუშაობდი პირველი არხისთვის, როდესაც დიპლომატიურ სამსახურში ვიყავი. 1994-98 წლებში, თურქეთში საელჩო რომ გაიხსნა, პირველი მდივანი გახლდით. შემდეგ 1998-2002 წლებში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების აკრედიტირებული ჟHურნალისტი ვიყავი. არამხოლოდ ქართული გაზეთებისთვის ვწერდი სტატიებს.

- პირველი ფოტო გახსოვთ?

- ფოტოხელოვანისთვის პირველი ფოტო პირველ კოცნასავით არის. ფოტოგადაღება კი ვისწავლე, მაგრამ აპარატი არ მქონდა. მეექვსე კლასში ვიყავი, მეზობელმა "სმენა" მათხოვა  და მისი შვილები გადავიღე. ის ფოტო ახლაც ინახება მათ ოჯახში. მეცხრე კლასში რომ გადავედი, მამამ მიყიდა "ზორკი".

- რა არის ფოტოგრაფია ბადრი ვადაჭკორიასთვის?

- საკმაოდ შემოსავლიანი ჰობი. შეკვეთებზე ვცდილობ ნაკლებად ვიმუშაო, ან თუ მაძლევენ შეკვეთას, სრული თავისუფლებაც უნდა მომანიჭონ. მგონი, ეს ჩანს კიდეც დაკვეთით შექმნილ ალბომში - "ბათუმი, აჭარა".

- თქვენი ალბომების ჩამოსათვლელად თითები არ კმარა.

- 1983 წელს "საქინფორმმა" გამოსცა ალბომი "საბჭოთა საქართველო". მას შემდეგ დამოუკიდებელ საქართველოზე საიმიჯო ალბომი დიდხანს არ გამოცემულა. ასეთი ფოტოალბომი პრესტიჟულად ითვლება, შენს ქვეყანას წარმოაჩენ საუკეთესო კუთხით.

- როგორც მახსოვს, საიმიჯო ალბომი სააკაშვილის ხელისუფლების დაკვეთითაც მომზადდა.

- ალბომის შექმნა მსოფლიოში ყველაზე ელიტურ ფოტოსააგენტო "მაგნუმს" დაუკვეთეს. კულტურის სამინისტრომ გადაიხადა ფული, ლეგენდები დადის, 2 თუ 4 მილიონი ევროო. ის კი ზუსტად ვიცი, რომ ათი ფოტოგრაფი ჩამოიყვანეს და თითოეულს 50.000 ევრო გადაუხადეს, გინახავთ ეს წიგნი? ეს არის მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყოს საიმიჯო ალბომი. ამიტომაც არ აჩენენ არსად. მასში თავმოყრილია, თუ რამე ჭუჭყი და უბედურებაა საქართველოში. თითქოს მხოლოდ მაწანწალების და ლოთების ქვეყანა გვაქვს. საიმიჯო ფოტოებს ვერ გადაიღებ ქვეყნის შესახებ, თუ მას კარგად არ იცნობ. ვიცი, რომ ჩემი გადაღებული საქართველოს ნახვის შემდეგ ბევრმა აიკიდა ზურგჩანთა. ამ ალბომებს ჩუქნიან უცხოელებს, რადგან რაც საამაყოა, ის დევს მათში. 9 წლის განმავლობაში საავტორო 12 ალბომი შევქმენი. კიდევ იმდენი ფოტო მაქვს, 30 ალბომს შევქმნი.

- თქვენი ზოგიერთი ფოტო მუსიკის ასოციაციას ქმნის. გიბიძგებს მელოდია მოუძებნო.

- ფოტოხელოვნება საშუალებას გაძლევს შენი აღქმა სხვას გაუზიარო. ხელოვანისთვის მიზანი მაშინ არის მიღწეული, როდესაც სწორად, ზუსტად გაგიგებენ სათქმელს. ვცდილობ, სილამაზე დავიჭირო ყველაფერში, ბუნებაში, ადამიანში. ყველა ადამიანი ლამაზია, მხოლოდ დანახვა უნდა. თუ სილამაზეს მკაფიოდ, მძაფრად შეიგრძნობ, სხვასაც მიანიჭებ ესთეტიკურ სიამოვნებას. მე ჩემი ფოტოების გამზიარებლების ემოცია მავსებს.

- თქვენს ბოლოდროინდელ შემოქმედებაში შთამბეჭდავია რაკურსი ციდან. თითქოს დიდებულ მხატვართან, დავით კაკაბაძესთან გაჯიბრება გადაწყვიტეთ, ისეთი პეიზაჟები გადაგიღიათ იმერეთში.

- ყველა საგანს ოთხი მხარე აქვს. ფოტოხელოვანისთვის ყველა მნიშვნელოვანია. თუ მხოლოდ ერთი რაკურსით გადაიღე და კმაყოფილი ხარ, ე.ი. არა ხარ ხელოვანი. ხელოვნება მუდმივი უკმაყოფილებაა. ასეთი უკმაყოფილებისგან ჩნდებოდნენ შერეკილები, რომელთაც გაფრენა სურდათ, რომ ღვთის შექმნილი საოცრება, ქვეყნიერება ციდან დაენახათ. საქართველოს სხვანაირი სილამაზე აქვს, რაც განსაკუთრებით შთამბეჭდავია ციდან. ერთი და იგივე ქვეყანა, ადგილი ან საგანი ყველა მხრიდან განსხვავებულია.

- თქვენთან მრავალი ფერია კადრებში, თუმცა, შავ-თეთრიც ბევრია.

- როდესაც ფსიქოლოგიური ან სოციალური თემატიკა გინდა წარმოადგინო, შავ-თეთრი ბევრ ფაქტორს უსვამს ხაზს. როდესაც საქმე ეხება პეიზაჟს, იქ ფერი უნდა იყოს მთავარი, არ უნდა დაზოგო, რომ მაქსიმალურად დაანახო სილამაზე მნახველს.

"ჩემს არქივში ყველაზე მეტი პატრიარქის ფოტოა. მიყვარს მისი გადაღება, რადგან მის თვალებში სულ სიკეთე და ღიმილია. როდესაც ალბომის "ქართული სულის" გადაღება გადავწყვიტე, მას გავანდე იდეა. მოეწონა, რომ უცხოეთში გაბნეულ ქართული კულტურის ძეგლებს აღვნუსხავდი ფოტოკადრებად. დამლოცა, მალე დაასრულებ ამ საქმესო. 2007 წელი იყო, მისი აღსაყდრების 30 წელი სრულდებოდა. ვერ წარმომედგინა, რომ იუბილესთვის მოვასწრებდი. 2 თვეში 160-გვერდიანი წიგნი გავაკეთე. ხუთი ქვეყანა მოვიარეთ, სადაც კი მის სახელს ვახსენებდით, ყველა კარი იღებოდა.

სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში არის ვატიკანის შემდეგ ყველაზე დიდი წიგნთსაცავი, სადაც არავის უშვებდნენ. მცველმა, ამერიკელმა მამა ჯოვანიმ, რომელსაც პატრიარქისგან მოკითხვა გადავეცით, თავისი ხელით გამოგვიტანა უძველესი ქართული ხელნაწერები, გვითხრა, თქვენთვის კარი სულ ღიააო. კადრში მისი ხელებიც ჩანს".

"დედა მარიამი ფრესკასავით სუფთა ადამიანია, სიყვარულით სავსე. შობის დღესასწაულზე მოსალოცად დამირეკა და ტელეფონში მან და მისმა მონაზვნებმა საშობაო გალობა შეასრულეს. სიხარულისა და სიყვარულისგან ვტიროდი. არა ვარ იმდენად ეკლესიური, მაგრამ ვგრძნობ მონაზვნების სათნოებას, თავმდაბლობასა და სითბოს. დიდხანს ვფიქრობდი, ვის ჰგავს დედა მარიამი-მეთქი და აი, შენ შეამჩნიე, რომ ნატო ვაჩნაძეს ჰგავს".

"მერაბ კოსტავას ფოტოების საუკეთესო არქივი მაქვს. საოცრად თბილი, სხვანაირი, უჩვეულოდ ადამიანური იყო. არ იყო ტიპური პოლიტიკოსი. პოლიტიკოსებს ყოველთვის აქვთ კადრში აღბეჭდვის მოლოდინი. ამიტომაც საოცარი ოსტატობით პოზირებენ".

80-იანი წლების ბოლო, გლდანი, სადარბაზოს ფანჯარაში გამოჭიმული სტალინის ბიუსტი

"2006 წელს იალტაში მთავრობის მეთაურების დიდი შეხვედრა იმართებოდა. ფოტორეპორტაჟების გადასაღებად ვემზადებოდით და უცებ ვხედავთ, რომ მოდის, მარა რა მოდის... მსახიობი მილა იოვოვიჩი დედასთან ერთად. მილა - საოცარი, ძალიან მაღალი, თხელი, ჰაეროვანი... დედამისი - მგონი უფრო ლამაზი, მოხდენილი, მიმზიდველი, ვიდრე შვილი. მივდევ და ვუღებ ფოტოებს, ვიღას ახსოვს სამთავრობო რეპორტაჟი. უცებ მილა მომიბრუნდა და მეუბნება, - შეიძლება თქვენთან გადავიღო ფოტოო? ბედნიერმა ამოვთქვი, რა თქმა უნდა, და წარმოვიდგინე, ამ ფოტოს რა სიამაყით ავაფრიალებდი თბილისში, ფოტოაპარატი კი დედამისს შევაჩეჩე ხელში და ქართულად ვუთხარი: გადაგვიღე, ლამაზო!..

ეს ფოტო რომ ნახა, ცოლმა ერთი ამბავი დამაწია. როგორ მომჭერი თავი, ანგელოზივით გოგო ჩაგხუტებია, შენ კიდევ ჩინჩიან ჩანთას ჩაფრენიხარო".

"მარგარეტ ტეთჩერი რომ ჩამოვიდა, თბილისელი ლამაზი გოგონები შეკრიბეს შეხვედრებზე დასასწრებად. მაშინ გადავუღე ლალი მოროშკინას. იქნებოდა 15-16 წლის... ლალი გვიან გავიცანი და დავუმეგობრდი. იშვიათად შეხვდები უფრო საიმედო მეგობარს".

"1988-90 წლებში საქართველომ მოაწყო ფესტივალი გემზე, სადაც ულამაზესი ქალბატონები მონაწილეობდნენ. ეს კადრი მაშინ გემბანზე გადავიღე. ამ სამი, საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ლამაზმანიდან ორი ქართველია, სავარაუდოდ უცნობები, მგონი ისინი ფონისთვის მოიწვიეს. წინ კი ულამაზესი რუსი მსახიობი ოქსანა ფანდერა "მოიშხვართება". რა არ მინახავს, როგორ კრუიზში არ ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი ლამაზი სანახაობა არ მახსენდება".

"ახლახან ინდოეთის ყველაზე პატარა შტატ გოას ვსტუმრობდი, აქ რომ გამყინვარება იყო, იქ პაპანაქება სიცხე დამხვდა. ძალიან ლამაზი ქვეყანაა ინდოეთი, ღირსშესანიშნაობები მოვინახულე და ჯუნგლების ეგზოტიკასაც ვეზიარე...

ეს 50 წლის სპილო მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ ტურისტებს ზურგით ატარებს, თუმცა ქართველებს მაინცდამაინც მისი "გაჭენების" სურვილი არ გაგვჩენია. მერე ერთი ტიტლიკანა გოგო  გაექანა და ზურგზე შეახტა, აბა, რა ექნა, 350-იან სიცხეში გაგრილება ხომ უნდოდა?!  სპილოც არ დაზარდა და ჩვენს  ჟუჟუნას ჟუჟუნა შხაპი მიაღებინა..."

"სტამბოლში ჩემი სასტუმროს ფანჯრიდან ყოველ დილით ვხედავდი, როგორ დაგოგმანებდნენ თოლიები ერთ-ერთი სახლის კრამიტის სახურავზე. ისე ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს, რომ დედაშვილობის "ხათრით" ერთი ფოტო გადავუღე..."

ჩიჩახვში მზეჩამდგარი ინდაურები