"სად არის ის ქვა!" - კვირის პალიტრა

"სად არის ის ქვა!"

რობიკო სტურუამ სპექტაკლში, "ნადირობის სეზონი", ციხის შემზარავი კადრები იწინასწარმეტყველა?!

"ახლა თავადაც ვიჯერებ, წინასწარმეტყველების უნარი რომ მაქვს"

"ჩემი აზრით, ზალიკო ჩიქობავა აუცილებლად უნდა წავიდეს, ისევე როგორც ქვეყნის პრეზიდენტი უნდა წავიდეს!"

5 იანვარი!  იანვარი! ქართველებო, დროზე მოვიშოროთ ეს დებილი, თავისი უზნეო მონებით! დროზე! რატომ უნდა ვუთმინოთ ათი წელი ამ ჩათლახების (დიდი ბოდიში) პარპაშს! თავის გადარჩენისთვის ეს გახრწნილები, კარგად რომ იციან, რა საშინელება ელით, საქართველოს გაანადგურებენ, საკუთარ ცოლ-შვილს დაკლავენ, მშობლებს გააქრობენ, ოღონდ ის მილიარდები, რაც ქართველებს მოჰპარეს, თავის უწმინდურ ვნებებს მოახმარონ (ივანიშვილს იმდენი ფული სად აქვს, რაც ამ ქურდებმა ჩაიჯიბეს!). ამის გამო გიჟდება, ცოფს ყრის და ოჯახებში დარბის ის აბანოს მექისე... 5 იანვარი! 5 იანვარი! ხუთი იანვარი"... - რობიკო სტურუა ადასტურებს, რომ ეს სიტყვები საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე გამოაქვეყნა.

- დიახ.. ეს სიტყვები მე მეკუთვნის, რომელიც მოსკოვში ყოფნისას დავწერე. აღარ შემიძლია ამდენის ატანა და ზოგჯერ გადაჭარბებით გამომდის ნათქვამი.

- რას ვერ იტანთ?

- რაც ხდებოდა ჩემს ქვეყანაში... ადამიანები, რომლებიც ამ გზაზე იდგნენ და ახლაც სურთ გააგრძელონ, არადა, მე ხომ მათ მხარეს ვიყავი?!... ჩემი დაპირისპირება დაიწყო დაახლოებით ორი წლის შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ. შემდეგ სპექტაკლი დავდგი ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით, სადაც დაინახეს ჩემი დამოკიდებულება... ადრე ეჭვი მეპარებოდა, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა დუჟმორეული ლაპარაკი იცოდა, ახლა კი ვიცი. ძალიან დავეჭვდი მის ადამიანურ თვისებებში. ახლაც მისი ქცევა სრულიად არაადეკვატურია და არ არის ეს ნორმალური ადამიანი.

- ბიძინა ივანიშვილის მიმართ როგორია თქვენი განწყობა?

- ვფიქრობ, ძალიან კარგი პიროვნებაა. საქმიანი კაცია და იცის, რა გააკეთოს.

- როგორც პოლიტიკოსს როგორ შეაფასებდით?

- რა არის პოლიტიკა? ის, რომ ადამიანებს უნდა ვემსახუროთ! ეგვიპტის პრეზიდენტი გაასამართლეს და საქართველოში უკვირთ ყველაფერი?!

- თქვენ ევროპას თვალთმაქცი უწოდეთ. ამ სიტყვებს თქვენი ერთ-ერთი სპექტაკლიდანაც ვისმენთ.

- დიახ, თვალთმაქცი ვუწოდე და ასეც არის. ევროპას პოლიტიკოსების გარდა გენიოსებიც ჰყავს, მაგრამ იმათ არავინ უჯერებს. ხალხიც გამწარებულია, რადგან სათავეში უვიცები არიან, რომლებიც საკუთარ თავზე ფიქრობენ და ხალხი სულაც არ ენაღვლებათ.

- "ნადირობის სეზონი" თქვენი მორიგი შედევრია... რასაც ამ სპექტაკლში მაყურებელი ხედავს, ძალიან ახლოსაა ციხის იმ შემზარავ კადრებთან, რომლებმაც სრულიად საქართველო შოკში ჩააგდო... ამბობენ, რომ რობიკო სტურუას სპექტაკლები ყოველთვის უსწრებს დროს და გარკვეული წინასწარმეტყველებით გამოირჩევაო..

- პირველად ნახეთ ეს სპექტაკლი?

- არა, მესამედ, მაგრამ ციხის კადრებს დღეს მივაქციე ყურადღება...

- მეცინება, რადგან დღეს დილით რეპეტიციაზე მეც ზუსტად ეგ ვიფიქრე. ეს სპექტაკლი წელიწად-ნახევრის წინ დავდგი და დღეს რეპეტიციას რომ ვუყურე, თავისთავად ამოტივტივდა ის საზიზღრობა, რასაც ციხის კადრები ერქვა... ახლა თავადაც ვიჯერებ, წინასწარმეტყველების უნარი რომ მაქვს.

სპექტაკლიდან იყო სიგნალები, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ, უფრო გმირის ისტორიაა... ის ატმოსფერო, რაც ჩვენთან იყო, გადმოცემულია ადამიანების უჩვეულო, ულოგიკო, სევდიანი მდგომარეობით... ნერვიული სიტუაციაა, ცოტა შეშლილებიც არიან, არ იციან, რა ქნან და თითქოს კედლებს ეჯახებიან... ურთულესი სპექტაკლია, მინდოდა რაღაც ცვლილებები, მაგრამ სპექტაკლს ვეღარ ვიხსენებდი. ეტყობა, იმდენად ემოციურად და გრძნობებით იყო დადგმული (ტვინის გარეშე), იმ გრძნობებს ვეღარ აღვადგენ.

- ხალხი ელოდება თქვენს დაბრუნებას რუსთაველის თეატრში... კულტურის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც თქვენთან, ისე ზალიკო ჩიქობავასთან. იმედი აქვს, რომ საერთო ენას გამონახავთ.

- იდიოტურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ორი წელია, რაც ზალიკოს თეატრი ჩაჰბარდა და მან უამრავი შეცდომა დაუშვა. მესმის, რა დღეშიც ჰყავდა მთავრობას, მიუზიკლები უფრო მეტად სურდათ, მაგრამ ჯობდა წასულიყო თეატრიდან. არ შეიძლება შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი ამ მდგომარეობამდე მიიყვანო. მაგალითად, დღეს ვერსად იპოვეს ქვა, რომელიც სპექტაკლში იყო, როგორც საფლავის ქვა. არავინ იცის, სად არის ეს ქვა... საშინელი არეულობაა და მსახიობებიც მოშლილები მომეჩვენენ... ვერც იმას ვიტყოდი, რომ ძალიან უნდათ ჩემი დაბრუნება. ეს ჯერ კიდევ მოსკოვში ვიგრძენი. მგონი, სულერთია მათთვის, ვინც იქნება...

მეც ვდარდობ, რადგან კარგად წავედი ამ თეატრიდან, კარგად დასრულდა ჩემი ისტორია და ისევ დაბრუნება იმ ამბავს მაგონებს, პოლიტიკოსები რომ დაბრუნდებიან ხოლმე და მერე უფრო უარესად რომ მიდიან... თუ მიდიხარ, უნდა წახვიდე!

- თითქოს აღარ გსურთ დაბრუნება და მსახიობებს აბრალებთ?

- არა. შემიძლია სპექტაკლები დავდგა. არ არის აუცილებელი, სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყო. ყველას ჰგონია, ამბიცია მაწუხებს, მაგრამ არავითარი ამბიცია აღარ მაქვს, იმის გარდა, რომ კარგი სპექტაკლები დავდგა და კარგად დავასრულო ჩემი მოღვაწეობა... ძალიან დიდი ფიგურები მიდიოდნენ ჩვენი წუთისოფლიდან, მაგრამ ცხოვრება გრძელდებოდა.

- გამორიცხავთ, რომ ზალიკო ჩიქობავა დარჩეს თეატრის მმართველად და თქვენ დაბრუნდეთ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე?

- ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან ჯერ უნდა გავეცნო, თუ რა ხდება თეატრში. რასაც ვეცნობი, ჯერჯერობით ცუდია. ჩემი აზრით, ზალიკო ჩიქობავა აუცილებლად უნდა წავიდეს, ისევე როგორც ქვეყნის პრეზიდენტი უნდა წავიდეს!

მანანა გაბრიჭიძე