მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ... გურამ საღარაძე თავის ლეგენდარულ სიყვარულთან წავიდა - კვირის პალიტრა

მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ... გურამ საღარაძე თავის ლეგენდარულ სიყვარულთან წავიდა

ამა წლის, 12 იანვარს გოჩა კაპანაძის სპექტაკლში "მზის დაბნელება", გურამ საღარაძე ბრწყინვალედ გაუძღვა 13 კაციანი თანავარსკვლავედი და შემდეგ ჩვეული დიდებულებით ლექსი წაიკითხა.. ვინ წარმოიდგენდა რომ ეს ბოლო შეხვედრა იყო სცენის ამ ბუმბერაზთან...

"გურამ საღარაძე - ქართული სცენისა და ლექსის ჯადოქარი!!! გარდაცვალების დღეს ერთად ვიყავით და მითხრა გული ,,მიჩმახებსო"… გული რომლითაც ყველას საოცარ სითბოს გვინაწილებდა… სწორედ ამ გულმა უმტყუნა. წავიდა როგორც რაინდი. კი გრძნობდა მაგრამ არ ეპუებოდა. ო როგორ გვჭირდებოდა ასეთი კაცი მისაბაძად ჩვენს თაობას. ის იყო ქართული სცენის სინდისი"… - ნიკა წულუკიძე იხსენებს.

მარინა საღარაძე:

- დიდ მადლობას ვუხდი ყველას ვინც ასე გულთან ახლოს მიიტანა მამას გარდაცვალება… ყველა თაობის ადამიანი განიცდის რაც მოხდა... მამა თვითონ იყო ძალიან ახალგაზრდა თავის ბუნებით, ამიტომაც უყვარდა ყველა თაობას. სულით იყო ახალგაზრდა და კარგად მეგობრობდა სტუდენტებთან, ახალგაზრდა კოლეგებთან თუ რიგით ნაცნობ ბავშვებთან... ძალიან საინტერესო ცხოვრება განვლო და ეს საშინელება, რაც გუშინ მოხდა ვგრძნობ, რომ მხოლოდ ჩემთვის კი არა, ყველასთვის მოხდა.

- თქვენ და ქალბატონ ტანიას განსაკუთრებული მეგობრობა გქონდათ, რაც დიდი იშვიათობაა..

- ეს იმიტომ რომ ტანიას და გურამის სიყვარული იყო ლეგენდა. ეს იყო სიყვარული, რომელსაც ალბათ ყველა ინატრებს თავის ცხოვრებაში გამოეცადოს...უკვე 17 წელი გავიდა ტანიას გარდაცვალების შემდეგ და მამას ერთი დღეც არ ავიწყდებოდა ტანიაზე რომ არ ესაუბრა და ელოცა... მამა ახლა ნამდვილად მასთან წავიდა..

გოჩა კაპანაძე (რეჟისორი):

- გურამ საღარაძეს ძალიან დიდი სიყვარული ჰქონდა თავის მეუღლის - ტანიას მიმართ. ამ სიყვარულის ყოველთვის სათუთად მატარებელი იყო. როდესაც კითხულობდა შანდორ პეტეფის - მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ.. ყველამ იცოდა რომ გურამ საღარაძე კიდევ ერთხელ უხსნიდა ქალბატონ ტანიას იმ დიდ სიყვარულს, რომელიც ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. (ქალბატონი ტანია ადრე გარდაიცვალა)..

ავთანდილ დანელია მოსკოვში "წლის, საუკუნის და ეპოქის საუკეთესო მსმენელის" წოდებით არის დაჯილდოვებული, იგი მომსწრეა გურამ საღარაძის წარმატებებისა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ..

ავთანდილ დანელია: - სიტყვაკაზმულ, შეუდარებელ, უაღრესად მუსიკალურ ენას – ქართულს, მისი სულის მესაიდუმლე, სიტყვის და სცენის დიდოსტატი - გურამ საღარაძე დააკლდა. მან ნახევარ საუკუნეზე მეტი გაატარა რუსთაველის თეატრის სცენაზე და რობერტ სტურუას ყველა სპექტაკლის ერთე-ერთი წამყვანი გმირი იყო... ბოლო წლებში შესანიშნავად ითამაშა გოჩა კაპანაძის გახმაურებულ სპექტაკლში "მოხუცი ჯამბაზები".. ეს სპექტაკლი 8-ჯერ ვნახე, სადაც გურამ საღრაძე პარტნიორობას უწევდა მედეა ჩახავას და ზინაიდა კვერენჩხილაძეს.. რუსთაველის თეატრის ყველა გასტროლი მოსკოვის გავლით იყო და მახსოვს გურამ საღარაძის შეუდარებელი გამოსვლა ვახტანგოვის და მაიაკოვსკის თეატრში... მოსკოვში რუსთაველის თეატრის სპექტაკლები ყოველთვის ტრიუმფალურად მიმდინარეობდა. არაერთხელ გავმხდარვარ გურამ საღარაძის ტალანტით აღფრთოვანებული დარბაზის მომსწრე.. წილად მხვდა ბედნიერება გურამ საღარაძე მოსკოვში ლაიზა მინელის კონცერტზე მიმეწვია 1996 წელს...

" ... რაც ჩემი ტანია გარდაიცვალა, წლები გავიდა, წარმოგიდგენიათ? ხომ ამბობენ დრო მკურნალიაო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მკურნალობს. უბრალოდ, ყოველდღიურობა გავჩვევს ამ ტკივილს, თორემ ისე ვერასოდეს განიკურნები ამ ტკივილისგან. თავსაც ვერ მოიკლავ... სასაფლაოზე რომ ვარ და მის საფლავს ვუყურებ, ხომ არ გგონიათ ავღელდე, ემოცია გამოვხატო.. არა.. საფლავი უცხოა ჩემთვის.." - ეს სიტყვები უკვე თავად გურამ საღარაძეს ეკუთვნის...

ტანია ბუჰბინდერის მამა თბილისის ოპერის თეატრის დირიჟორი იყო... ტანიამ მოსკოვში დაამთავრა თეატარლური ინსტიტუტი და ცოლად გაჰყვა ცნობილ ებრაელ მხატვარს - ბორია მესსერს ( მსოფლიოში ცნობილი ბალერინას - მაია პლისეცკაიას ბიძაშვილი) შემდეგ ტანია ბორიას დაშორდა, თბილისში გადმოვიდა და მუშაობა თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო. პროფესიით საოპერო რეჟისორი იყო და თბილისის ოპერაში სპექტაკლი "ტრავიატა" დადგა... სწორედ თეატრალური ინსტიტუტიდან გაიცვნეს ერთმანეთი გურამ საღარაძემ და ტანია ბუჰბინდერმა, მალევე შეუღლდნენ და ერთმანეთი ბოლო ამოსუნთქვამდე უზომოდ უყვარდათ. რუსთაველის თეატრის გასტროლებზე ყოფნისას ტანია ყოველთვის თან ახლდა მის მეუღლეს.. ტანიას გული აწუხებდა, ერთხელ გურამს დაურეკა და უთხრა ცუდად ვარო, სახლში დაბრუნებულ მსახიობს მეუღლე გარდაცვლილი დახვდა... გურამ საღარაძე ყოველთვის განიცდიდა მარტოობას და ამას ხშირად იმეორებდა...

და ბოლოს, ისევ ბატონი გურამი ტანია ბუჰბინდერისთვის მიძღვნილ, მცირეტირაჟიან წიგნში, ერთეულების კოლექციას რომ შემორჩენია:

""ტანია არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. მასში უხვად იყო გამჯდარი სითბო, სიყვარული, ალერსი, რაც აუცილებელია და საჭიროა ადამიანის არსებობისთვის. Mმას, ღვთის მიერ ნაბოძები ერთგულებისა და წმინდა მეგობრობის დიდი ძალა ჰქონდა... თანია ჩემი მეგობარი, მრჩეველი და შემფასებელი იყო. მისგან გამომდინარეობდა ყოველი კეთილი საქმე. თავის სტუდენტებთანაც კი, სადაც ასაკობრივი სხვაობა იყო, იქაც საუცხოო გარემოს ქმნიდა... ამიტომაც ბავშვებიც უზომოდ შეყვარებული იყვნენ მასზე. ტანია ჩემზე რომ იყო შეყვარებული, მირეკავდა დდა ლექსის წაკითხვას მთხოვდა ხოლმე ტელეფონით. Bბევრჯერ წავუკითხე, მაგრამ მერე "ჭკუა ვისწავლე" და მაგნიტოფონზე ჩაწერილს "ვუკითხავდი"... რა თქმა უნდა ხვდებოდა, მაგრამ საოცარია, არასოდეს უთქვამს რომ ვცრუობდი. ძნელია მარტოობა. ეტყობა ეს გამოუცნობი ცხოვრების წესია, რომ ადამიანი ადრე მიდის ცხოვრებიდან. ტანია 10 წლით უმცროსი იყო ჩემზე. ჩვენ თეატრალური ინსტიტუტიდან ერთად მოვდივართ, ბევრი თაობა აღვზარდეთ... მტკიცე კავშირი გვქონდა და დღესაც ვაგრძელებ მასთან ურთიერთობას. ყველაფერი ისევ ისეა ჩემს ოჯახში, როგორც ტანიას სიცოცხლეში იყო.. "

მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...

პ.ს. 22 იანვარს, რუსთაველის თეატრში, 12 საათზე გურამ საღარაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 2 საათზე კი მსახიობს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. "კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს და ქართველ მაყურებელს.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)

ასეევ იხილეთ ვიდეო: გარდაიცვალა მსახიობი გურამ საღარაძე