იმედა კახიანი: "12 წლის ბიჭმა ათასი ხიფათი გამოვიარე" - კვირის პალიტრა

იმედა კახიანი: "12 წლის ბიჭმა ათასი ხიფათი გამოვიარე"

"ისე აღარ ვარ, 25 წლისა რომ ვიყავი, მაგრამ ჭკუის მომატებასაც ვერ ვგრძნობ მაინცდამაინც?"

"თეატრალურიდან ოთხჯერ გამრიცხეს. მგონი, ახლაც სტუდენტი ვარ"

"12 წლიდან ვეწეოდი სიგარეტს... ვინ დამიშლიდა? მითამაშია ფულზეც. თამაში ახლაც მიყვარს, მაგრამ ზომიერად"

ოთახში მზის სხივი შემოდის და ხასხასა მცენარეებს ანათებს. ყველაფერს თითქოს მწვანე შუქი ედება... ხომ ამბობენ, მცენარეები იქ გრძნობენ თავს კარგად, სადაც კარგი აურააო... ჰოდა, იმედა კახიანის ოჯახში ნამდვილად ძალიან კარგი აურა ყოფილა.. მცენარეები მისი მეუღლის გატაცებაა. ისეთი სახელი მქვია - ფლორა, ბუნებრივიც არის, მცენარეები რომ მიყვარსო, - მეუბნება ღიმილით მშვენიერი დიასახლისი.

გუმანით ვხვდები - ამ კარგი გარემოს შექმნაში ლომის წილი აქვს საქართველოს სახალხო არტისტს იმედა კახიანს... მისი ცხოვრება არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი, ტაქტი და კეთილგანწყობა ტკივილის გადატანის ძალასაც აძლევს და დაფარვის უნარსაც.

ჩემი დილა

1937 წელს დავიბადე. მართალია, პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს ყველაფერი. მამაჩემი - ლადო კახიანი, 30-იან წლებში რეპრესირებული იყო. ციმბირიდან რომ დაბრუნდა, ქალაქის ტიპის დასახლებაში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა, ამიტომ ვცხოვრობდით სოფლად, სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში. აზნაურები იყვნენ კახიანები, გვედგა კარგი ხის ოდა. დედა, კულაშელი თავადის, გიორგი მიქელაძის შთამომავალი, ეკატერინე მიქელაძე, მასწავლებელი იყო. მამას, როგორც არასაიმედოს, სამსახურს არ აძლევდნენ და, ძირითადად უმუშევარი გახლდათ. ოჯახში სამი შვილი ვიყავით. მყავდა ორი ძმა...

გადასახლებიდან დაბრუნებულ მამას პირველი ვაჟი მე გავუჩნდი და თავისი იმედი დამარქვა - დამრჩა ქართული სახელი იმედა.

10 წლისა გაუთხოვარმა მამიდამ წამომიყვანა თბილისში, იმ სახლში, სადაც მამა გადასახლებამდე ცხოვრობდა. იქვე ვაჟთა მე-19 სკოლაში ვსწავლობდი. 12 წლისას მამიდა გარდამეცვალა. ჩემს მშობლებს ქალაქში ცხოვრების  უფლება არ ჰქონდათ, მე რომ სოფელში წავსულიყავი, ბინას მთავრობა წაგვართმევდა. დამტოვეს თბილისში. ძველთბილისური ეზოში ვცხოვრობდი. მუდამ ვგრძნობდი უფლის მფარველობას, თორემ 12 წლის ბიჭს, რომელიც მარტო დავრჩი და ათასი ხიფათი გამოვიარე, რა გადამარჩენდა?!

მამიდა რომ აღარ მყავდა, მიჭირდა დილით ადრე გაღვიძება, ამიტომ სკოლაში მაგვიანდებოდა... ადგნენ და გამრიცხეს. იქვე იყო ვაჟთა მეოცე სკოლა, სადაც არც ფორმა ეცვა ვინმეს, არც იმას გეკითხებოდნენ, აგვიანებდი თუ არა... ის სკოლა დავამთავრე. 12 წლიდან ვეწეოდი სიგარეტს... ვინ დამიშლიდა? მითამაშია ფულზეც. თამაში ახლაც მიყვარს, მაგრამ ზომიერად.

დედას ძალიან უნდოდა, ექიმი გავმხდარიყავი. ქულა დამაკლდა... მეგობარმა, ნოდარ ფირანიშვილმა მირჩია, თეატრალურში ჩააბარეო. ის უკვე იქ სწავლობდა. ნოდარი, ვიდრე ჩააბარებდა, დრამწრეზე დადიოდა, მე კი ლექსიც არ წამიკითხავს გამოთქმით... საბუთების მიღების ბოლო დღე იყო, მეორე დღეს ტური იყო დანიშნული. სამი ტური ტარდებოდა, - ლექსი, იგავი, პროზა უნდა წაგეკითხა... მერე გამოცდები იწყებოდა. მოვბრუნდით შინ და დავიწყეთ მომზადება. მოვძებნეთ მეხუთე კლასის ლიტერატურის წიგნი, რომელშიც ყველაზე პატარა ლექსი იყო "არწივი" და თანაც  ზეპირად ვიცოდი, ამიტომაც ეს ავირჩიეთ, კრილოვის ერთი იგავ-არაკი და ვაჟას "ამოდის, ნათდება" მომამზადებინა ნოდარმა - რაც შეიძლება ვაჟკაცურად, ხმამაღლა წაიკითხეო.

მეორე დღეს შევედი აუდიტორიაში. პროჟექტორები მანათებს, სიღრმეში გრძელ მაგიდას უსხედან გამომცდელები... დაიწყეო. როგორც მასწავლა ნოდარმა, ისე დავჭექე! არავინ არაფერს მეუბნება... შუაში იჯდა მელოტი კაცი, თურმე დიმიტრი ალექსიძე, რომელსაც აჰყავს ჯგუფი. რა წაიკითხე, თუ გესმისო. როგორ არა-მეთქი. მერე არ შეგეცოდა არწივიო? დავფიქრდი, - მეცოდებოდა ნამდვილად. თუ გეცოდება, რას ყვირი გაბრწყინებულიო... კარგი, ახლა უყვირლად წაიკითხეო. დავიწყე იგავი... დამავიწყდა. თავიდან დაიწყეო... დავიწყე, ისევ დამავიწყდა... გადადი პროზაზეო. ახლა პროზას როგორ მოვყვებოდი, წუხანდელ ნასწავლს... გამომიშვეს. ნოდარს ვუთხარი, დამანებე თავი, არ არის ჩემი საქმე მსახიობობა-მეთქი. მეორე დღეს გამოვედით ბირჟაზე. ვდგავართ, ზოგი დამცინის, ზოგი მეხუმრება... ნოდარმა - წამოდი, რუსთაველზე გავიაროთო.  ჩავიარეთ თეატრალურ ინსტიტუტთან. სიაა გამოკრული. სიაში ვარ. კარგად რომ მოგამზადე ტურისთვის, გახვედიო, - ნოდარმა... ამ დროს მოვიდა მიმღები კომისიის მდივანი - გინდა ამ ინსტიტუტში სწავლაო? ვგიჟდები, ისე მინდა-მეთქი. თუ გიჟდები, რატომ არაფერი მოამზადეო. გადაწყვიტეს, ტურებიდან მოგხსნან, თუ სწავლა გინდა, იარე ინსტიტუტში, მოგამზადებს პედაგოგი და მერე გახვალ გამოცდებზე. ოღონდ ეს არავინ გაიგოსო. ყოველ დილით ყოვლად უანგაროდ მამეცადინებდა რეჟისორი ასიკო გამსახურდია. გავედი გამოცდებზე და ჩავირიცხე...

ჩემი შუადღე

თეატრალურიდან ოთხჯერ გამრიცხეს. მე მგონი, ახლაც თეატრალურის სტუდენტი ვარ.   პირველ კურსს ვამთავრებიდით. "საბუდარელ ჭაბუკს" იღებდნენ. მოვიდა თეატრალურ ინსტიტუტში კაცი. მთავარ როლში ბიჭი დამტკიცებული გვყავს, მაგრამ მისი მეგობრებისთვის გვჭირდება რამდენიმე პირველკურსელიო. გრიმი დამადეს და ეპიზოდის თამაში მთხოვეს. დამიბარეს მეორე დღეს. ასე გაგრძელდა კარგა ხანს. გადაღებაზე რომ მივიდოდი, იქ მხვდებოდა მაღალი, შავგვრემანი კაცი, ვინ იყო, არ ვიცოდი. ერთ დღეს მითხრა: შენი საქმე გადავწყვიტე, დაგამტკიცეთ მთავარ როლზე, მაღარიჩი უნდა იკისროო... ვისესხე ფული და იმ საღამოს მოვიწვიე ის კაცი და მისი მეგობრები რესტორანში. თურმე რეჟისორის, შოთა მანაგაძის მძღოლია, შოთა ლაფერაძე, ყური მოუკრავს, კახიანი დავამტკიცეთო... თებრონეს როლზე ბელა მირიანაშვილი აიყვანეს. დაიწყო გადაღება და... ორივე გაგვრიცხეს ინსტიტუტიდან... დამთავრდა გადაღება. დავდეთ პირობა - კინოში არასოდეს ვითამაშებთო. აღგვადგინეს.  მერე ისევ მიმიწვიეს ფილმში - "პაპა გიგია" იყო, თუ "მწვანე ოქრო". ისევ გამრიცხეს. დამთავრდა გადაღება - აღმადგინეს. ასე განმეორდა ოთხჯერ...

ხუთი წელი ვიყავით შეყვარებულები მე და ფლორა. მამამისი პოლკოვნიკი იყო. სულ პლეხანოვზე მხედავდა... მერე გაიგო, არტისტიაო... მერე, - ინსტიტუტი არ დაამთავრაო... რად უნდოდა ამნაირი სასიძო. ბოლოს, უთხრა ქალიშვილს, კარგი, გაჰყევი, ხელობა არ აქვს, მაგრამ ხან ექიმი იქნება, ხან ინჟინერი და იცხოვრებთ ასეო...

"თეთრ ქარავანს" ვიღებდით ყაზბეგში. მითხრეს, ცოლად მოიყვანე შენი შეყვარებული, რამდენ ხანს უნდა იყოთ ცალ-ცალკეო. წამომყვა თამაზ მელიავა, გიზო გაბესკირია, აქ დამხვდა ნოდარ დუმბაძე... ჯვარი სიონში დავიწერეთ.

არასოდეს შევხვედრივარ სპარტაკ ბაღაშვილის მსგავს განათლებულ, ბრძენ და პროფესიონალ კაცს... სამი წელი ვიღებდით "თეთრ ქარავანს". ცხვარი 6-ის ნახევარზე გამოჰყავთ, ამიტომ 4 საათზე ვდგებოდით და მივდიოდით გადაღებაზე. არ მახსოვს, რომ გამოვიდოდი, ავტობუსში სპარტაკ ბაღაშვილი არ დაგვხვედროდა. მუშაობაც იცოდა და ლხინიც. ფილმი რომ ნახა, უკმაყოფილო დარჩა, - ჩემს გმირს ხომ წასვლა უნდა, ცხვრის მიტოვება... ნაწყენი დარჩა - ასეთი შვილის მამა თუ უნდა ვყოფილიყავი, სულ არ მინდოდა გადაღებაო.

პირველი შვილი რომ გამიჩნდა, ძალიან გავიხარე... თუმცა ახალგაზრდა კი ვერ ხვდები, რა არის ეს... ამ ამბის აღსანიშნავად წავედით კახეთში მე და ჩემი მეგობრები. ერთი კვირის მერე ჩამოვედით. ახლა შვილთაშვილებს ველოდები ნინისგანაც და ანასტასიასგანაც... ძალიან ვნერვიულობ...

პატარა ბინა მქონდა, მაგრამ სიყვარულით ვცხოვრობდით. მერე უბედურება დაგვატყდა თავს - 14 წლის ვაჟი, ლადო გამოგვეცალა ხელიდან...

დროდადრო მძიმდება სული... მაგრამ გაჩნდა ერთი, მეორე, მესამე შვილიშვილი... არ შემეძლო, მათთვის ცხოვრება დამემძიმებინა... კაცის ვალია, სხვაზე იფიქრო და მარტო შენს თავზე არა...

ჩემი საღამო

დიდი ფული არასოდეს მქონია, თუმცა ოჯახის შენახვა არ გამჭირვებია. ფულის სასესხებლად მოსული კაცი უკან არ გამიბრუნებია. ახლა რომ ვთქვა, რამდენი პრობლემა მაქვს, არავინ დაიჯერებს. ისე აღარ ვარ, 25 წლისა რომ ვიყავი, მაგრამ 50-ის ვიყავი, 60-ის თუ 70-ის, ერთნაირად ვგრძნობდი თავს... რაც უნდა გაგეცინოთ, ჭკუის მომატებასაც ვერ ვგრძნობ მაინცდამაინც... მაგრამ აწი რაღა დროსია, აწი არ გამოვა ჩემგან არაფერი.