პურმარილი ხმელა პურის ამარა და რამაზის ყრუ ზვიგენი - კვირის პალიტრა

პურმარილი ხმელა პურის ამარა და რამაზის ყრუ ზვიგენი

შტრიხები რამაზ ჩხიკვაძის პორტრეტისა...

"ისე ლამაზად დაგანახებდა სამყაროს, ისე მხიარულად გაუძღვებოდა შიმშილსაც და გასაჭირსაც, რომ მის გვერდით ვერასოდეს იქნებოდი ცუდად..."

"მზად იყო, სიკვდილს სიცილით შეჰგებებოდა..."

"რასაც უთქმელს ტოვებდა, მის სურათებში იყო ნათქვამი..."

როგორ გადაურჩა რამაზის თვითმფრინავი კატასტროფას

დიდ მსახიობზე, რამაზ ჩხიკვაძეზე ბევრი რამ იციან მისმა თაყვანისმცემლებმა, თუმცა სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მსახიობის ცხოვრება ისეთივე ამოუწურავია, როგორიც მისი ხელოვნება, შეიძლება დაუსრულებლად იკითხო და მოისმინო ამბები, კიდევ ერთხელ წარმოიდგინო, როგორი იყო იმ ფეიერვერკის მიღმა, რომელსაც სცენასა და კინოეკრანზე ქმნიდა.

ქართული ღვინის გემო

ყოველთვის ისე დალხენილი არ ყოფილა, როგორიც შეიძლება ჰგონებოდათ, გასაჭირიც ბევრი ჰქონდა ნანახი. ცხოვრების ურთულეს პერიოდშიც არ დაუკარგავს ხალისიანობა და მოყვასის სიყვარული.

მსახიობი დალი მაცაბერიძე იხსენებს: - გასტროლებიდან ვბრუნდებოდით. პურის გარდა, საგზლად აღარაფერი გვქონდა. ყველა პურს შევექცეოდით. უცებ გვესმის რამაზის მონოლოგი: - ეს წიწილა მაინც რა არის! იფ-იფ, როგორ დაუბრაწავთ. მოვატეხ ახლა ამ ბარკალს, ამოვაწებ ახალ ტყემალში და... აი, ეს არის საჭმელი! - რამაზმა ლუკმა გადაყლაპა და განაგრძო, - მოიცა, ამ კუპატსაც გავსინჯავ! რა გემრიელია, რა ცხარეა, პირი დამიშუშხა... ახლა ხაჭაპურიც, ჩემო ბატონო! ხედავ, როგორ იწელება ყველი?! გადმოდის კიდეც. თანაც ცხელია, ხელში ვერ დაიჭერ! უფ-უფ! რა არის?! ისე, კაცს სულ არ გინდა ასეთი პურმარილი, მარტო პური და ეს ახალი ტყემალიც საკმარისია, ჩააწებ და მიირთმევ გემრიელად!

გავჩუმდით. ფეხაკრეფით მივუახლოვდით რამაზს. თითქმის დავიჯერეთ, რომ მართლა გამართულ სუფრას  უჯდა. რას ვხედავთ: პირღიმილიანი ზის სკამზე, ხელში ხმელა პური უჭირავს და ისე გემრიელად გეახლებათ, მართლა გეგონება, ჩამონათვალი კერძებიდან არაფერი დაჰკლებიაო.

ასე იცოდა, ისე ლამაზად დაგანახებდა სამყაროს, ისე მხიარულად გაუძღვებოდა შიმშილსაც და გასაჭირსაც, რომ მის გვერდით ვერასოდეს იქნებოდი ცუდად...

ლიკა ჭავჭავაძე, მსახიობი: - პატარა წყარო იქნებოდა, მცენარე თუ უბრალოდ კენჭი, ისე მიეფერებოდა, ისე დაელაპარაკებოდა, განცვიფრებულს დაგტოვებდა. სუფრასთან განუმეორებელი იყო, სპონტანურად დგამდა ისეთ სპექტაკლს, რომ მთელი საღამო დღესასწაულის თანაზიარი იქნებოდი.

ერთ ფოტოზე რამაზი კახეთშია, რთველში, გლეხებს ელაპარაკება, ხელში კი ბარაქიანი მტევნები უჭირავს და ისე ესიყვარულება, როგორც მადლიან ქართულ ღვინოს: მტევანი მისთვის არ იყო უბრალოდ ყურძენი, ის კეთილშობილი სითხის დედა იყო... ვაზის ეროვნული ფესვიდან ამოჰქონდა სიყვარულის განცდა, რომელსაც მერე ასე უანგარიშოდ გასცემდა ხოლმე რამაზ ჩხიკვაძე. რაღაცით ჰგავდა ქართული ღვინის გემოს, რაც უფრო ახლოს გაიცნობდი, მეტად მოიხიბლებოდი...

თუ მსახიობი ხარ - გადარჩები

"თუ მსახიობი ხარ - გადარჩები", - ამ ფრაზას ვითომ ხუმრობით ამბობდა. სინამდვილეში, როცა ძალიან სტკიოდა გული, იცოდა, თუ მსახიობი იყო, გადარჩებოდა, ამ ტკივილს გაუმკლავდებოდა. ბოლოს და ბოლოს, იმიტომ არ იყო მსახიობი, რომ საკუთარი განცდებიც "გაეწვრთნა" და მოქმედებაც?! ვერავინ ნახავდა მოწყენილს, დათრგუნვილს. სცენაზეც ლაღობდა და კულისებშიც.

ლიკა ჭავჭავაძე: - ცხრა სპექტაკლში ვიყავი მისი პარტნიორი. სპექტაკლში - "ხალისიანი მეგობრები" (აკაკი დვალიშვილის დადგმა) რამაზ ჩხიკვაძე დედაჩემის - თამარ ჭავჭავაძის განებივრებულ შვილს თამაშობდა. სასაცილო სცენები ჰქონდათ. მახსოვს, დედაჩემი შლიდა ხელებს და უძახდა: - პასკუნები და პუსკუნები, მოდი ჩემთანო (ასე მეძახდა მეც ბავშვობაში). რამაზი სასაცილო ბაჯბაჯით გაემართებოდა მისკენ. დარბაზი ხარხარებდა. ამ სპექტაკლში მუსიკოსის როლის შემსრულებელი მსახიობი ნათელა ფალიაშვილი ავად გახდა. მოულოდნელად მთხოვეს, შემეცვალა. უნდა შევსულიყავი სცენაზე, დავმჯდარიყავი ფორტეპიანოსთან, დამეკრა ბეთჰოვენის "მთვარის სონატის" დასაწყისი. მერე რამაზი უნდა შემოვარდნილიყო სცენაზე და დაკვრა შემეწყვიტა. დავიწყე დაკვრა - არ შემოდის... გავიმეორე თავიდან პასაჟი, - ისევ არ მოდის. ავღელდი. მესამედ დავიწყე დაკვრა და თვალი გავაპარე კულისებისკენ. იქ დედაჩემი დგას და რამაზს მუჯლუგუნებს ურტყამს, ბოლოს, ხელი ჰკრა და ისე შემოაგდო სცენაზე... დაკვრა შევწყვიტე და ამოვისუნთქე. რამაზი მეუბნება: - რატომ შეჩერდით? განაგრძეთ, სიამოვნებით მოგისმენთ. ამ დროს დედაჩემი შემოვარდა სცენაზე გაცეცხლებული და თავისი რეპლიკით სპექტაკლს ბუნებრივი მსვლელობა დაუბრუნა. მდგომარეობა განიმუხტა. სპექტაკლის შემდეგ რამაზს ვკითხე, ასე რატომ მომექეცი-მეთქი. გაიცინა. შენ ახლა იწყებ სცენაზე თამაშს. უნდა იცოდე: თუ მსახიობი ხარ, ყველა მდგომარეობიდან უნდა იპოვო გამოსავალი, უნდა გადარჩეო...

დალი მაცაბერიძე: - "ბებერ მეზურნეებში" მოულოდნელად ავად გახდა მსახიობი და სასწრაფოდ მე შემიშვეს სპექტაკლში. ძალიან ვღელავდი. ტექსტიც კი არ ვიცოდი. რამაზს ვთხოვე, მოდი, რეპეტიცია გავიაროთ-მეთქი. ნუ ღელავ, ყველაფერს მე გაგაკეთებინებო. სცენაზე გავედით და ერთ ეპიზოდში, სადაც ჩემ უკან იჯდა, უცებ მკითხა: - რა არის, გაგივიდაო? ჯერ ვერ მივხვდი, რას მეკითხებოდა, მერე ძირს დავიხედე - თურმე განგებ არ დაუქცევია წყალი?! ისეთი სიტუაცია შეიქმნა, სიცილი ამივარდა. ვიდრე ვიცინოდი, რამაზმა ჩემი ტექსტიც ჩაარაკრაკა და თავისიც, დარბაზიც აახარხარა და სპექტაკლიც უმაღლეს დონეზე ჩაამთავრა. მერე მითხრა: - ყველაფრისთვის მზად უნდა იყოო... სცენა - სცენად, მაგრამ ცხოვრებაშიც არაერთხელ მოუგვარებია პრობლემები სიცილ-სიცილით... თავადაც გადარჩენილა და სხვისთვისაც უსწავლებია: უნდა გადარჩე!

ღიმილს იქით

მოწყენილს და სასოწარკვეთილს ვინ დაინახავდა! გამომუშავებული ჰქონდა, არასოდეს გაემჟღავნებინა სატკივარი...

ლიკა ჭავჭავაძე: - ხომ სულ ხუმრობდა და იცინოდა, მაგრამ მარტო რომ დარჩებოდა, სევდა ერეოდა. რამდენჯერმე მოვკარი თვალი ძალიან დარდიანს...

ერთხანს, როცა მშობლებთან პრობლემები ჰქონდა, რამაზი და ნატაშა ჩემს ძმასთან - ბადრი კობახიძესთან ცხოვრობდნენ. თვითონ ამ საკითხზე ლაპარაკს ერიდებოდა, თუმცა ძალიან ნერვიულობდა. რამდენჯერმე მამამისს შევხვდი ქუჩაში და მკითხა: - რამაზი როგორ არისო... ისიც ძალიან ღელავდა. რამაზის დედა არ მინახავს, მაგრამ მამა სულ დადიოდა სპექტაკლებზე, ის რომ პარტერში იყო, რამაზს აუცილებლად დაეტყობოდა განსაკუთრებული მღელვარება... უსაზღვროდ სტკიოდა გული. ბოლო დროს, როცა მასთან მივდიოდი, თავის ნახატებს მიჩვენებდა, ვგრძნობდი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რასაც ხატავდა... თითქოს ის, რასაც უთქმელს ტოვებდა, მის სურათებში უნდა ყოფილიყო ნათქვამი...

"შვისტოკი" და ყრუ ზვიგენი

დალი მაცაბერიძე: - ერთხელ კუბიდან მექსიკაში მივდიოდით გასტროლებზე, საბჭოთა კავშირის ნაჩუქარი თვითმფრინავით უნდა გადავფრენილიყავით. ოკეანის თავზე ვიყავით, როცა თვითმფრინავი მოულოდნელად მკვეთრად დაეშვა ქვემოთ. ყველა შევშინდით. სტიუარდესებმა სამაშველო რგოლები დაგვირიგეს. მერე სასტვენები მოგვცეს - კატასტროფის შემთხვევაში, ოკეანეში ჩაცვენილებს ხმის გამოცემა რომ შეგვძლებოდა. ვიღაცამ თქვა: ამ "შვისტოკებით" ზვიგენებს დავაფრთხობთ, რომ არ შეგვჭამონო... უცებ რამაზმა ამოყო თავი: არ მინდა მე ეს "შვისტოკი". ისეთი ბედი მაქვს, ყრუ ზვიგენი შემხვდებაო... ისეთი ხარხარი ატყდა, აზანზარდა ყველაფერი. ახლა შეშინებული სტიუარდესები გამოცვივდნენ, რა ხდება, გაჩერდით, არ შეიძლება ასეთი ხმაურიო... აღარავის გვახსოვდა, რომ კატასტროფის საშიშროება იყო...

არ ვიცი, აქედან გაჩნდა ანეკდოტი "ყრუ ზვიგენზე", თუ მანამდეც არსებობდა და რამაზმა საჭირო დროს  გაიხსენა, მაგრამ ის კი ფაქტია, თვითმფრინავის მგზავრებმა იმ დრამატულ წუთებში პირველად მოისმინეს ეს ხუმრობა და ისე ახარხარდნენ, ლამის მართლა ჩამოაგდეს თვითმფრინავი.

წინასწარ ვინ რა იცოდა, რა მოხდებოდა, იქნებ მართლაც კატასტროფით დასრულებულიყო ის ფრენა... რამაზ ჩხიკვაძე მზად იყო და სიკვდილს სიცილით ეგებებოდა - ესეც მთავარი შტრიხია მისი პორტრეტისა...