ირაკლი კაკაბაძე: პრეზიდენტობა ჩემი საქმე არ არის, გიორგის უფრო შეეფერება
ირაკლი კაკაბაძე: პრეზიდენტობა ჩემი საქმე არ არის, გიორგის უფრო შეეფერება
რამდენიმე ხნის წინ ინტერნეტით საინტერესო ფოტო გავრცელდა. მასზე ასახულნი არიან გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, ირაკლი კაკაბაძე, გიო მგელაძე, მამაო გრიგოლი (ერის კაცობაში გიორგი ჭიჭინაძე), ქორ-ეპისკოპოსი მეუფე შიო (ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი) 25 წლის წინ... შემდეგ, მეორე ფოტო საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გიო მგელაძემაც გამოაქვეყნა სათაურით - იგივე წელი, იგივე "სასტავი"... ამ ფოტოზე ახალგაზრდების პატრიარქთან აუდიენციაა ასახული. იმის გათვალისწინებით, რომ სულ მალე "სასტავის" ერთ-ერთი წევრი, გიორგი მარგველაშვილი შესაძლოა ქვეყნის პრეზიდენტად მოგვევლინოს, უფლებადამცველსა და
მწერალ ირაკლი კაკაბაძეს ვთხოვეთ, ახალგაზრდობისდროინდელი ამბები გაეხსენებინა.


ირაკლი კაკაბაძე:

-ეს ფოტო გადაღებულია 1988 წლის იანვარში. კათოლიკოს-პატრიარქმა ისურვა ჩვენთან შეხვედრა და ჩვენც მივედით. ძალიან კარგი დღე იყო და ექვსივენი ძალიან ბედნიერები გამოვედით ამ შეხვედრიდან. კათოლიკოს პატრიარქთან დღემდე ძალიან გულითადი და კარგი ურთიერთობა მაქვს, ისევე როგორც ამ
ფოტოზე აღბეჭდილ სხვა ადამიანებს. ილია მეორესთან შეხვედრის მერე ადამიანი თავს დამშვიდებულად გრძნობ. ჩემი აზრით, პატრიარქი გახლავთ არა მხოლოდ რელიგიური, არამედ უდიდესი საზოგადოებრივი მოღვაწე. ახლახანს დავესწარი მის შეხვედრას ამერიკული დიპლომატიის ერთ-ერთ ყველაზე წარჩინებულ წარმომადგენელთან, ამერიკის ყოფილ ელჩთან გაეროში ჯონ მაკდონალდთან, სადაც მაკდონალდმა აღნიშნა, რომ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პატრიარქისეული გეგმა ყველა სხვა გეგმას ბევრად სჯობია. ნამდვილად მეამაყება, რომ ასეთი მასშტაბის ადამიანს ვიცნობ და ფაქტიურად ბავშვობიდან მაქვს მასთან ურთიერთობა.

- მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ისევ მეგობრობთ ამ სურათზე გამოსახულ ადამიანებთან?


-ყველა ეს ადამიანი ჩემი ახლო მეგობარია და მეტნაკლებად ყველასთან მაქვს ურთიერთობა. ერთადერთი მამა გრიგოლი არ მინახავს კარგა ხნის განმავლობაში და ისიც იმიტომ, რომ ის დაკავებულია ერთობ მნიშვნელოვანი საქმეებით, რომლებიც ჩემს ამქვეყნიურ სამყაროს იმდენად არ ეხება. ყველა ეს ადამიანი საოცრად ღირსეული პიროვნებაა.

-როდესაც ამ ფოტოს იღებდით, მაშინ თუ წარმოგედგინათ, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა და ერთ დღესაც გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს?

-სიმართლე გითხრათ, როდესაც ეს ფოტო გადაიღეს, მაშინ ბევრმა ჩვენგანმა ისიც კი არ იცოდა, ერთი წლის მერე რა იქნებოდა. მე რომ ვთქვა, რომ ეს ყველაფერი იმთავითვე ვიცოდი-თქო, ცხადია, ბაქიაობა იქნება. ისე კი, ძალიან მიხარია, რომ ჩემს ახალგაზრდობის მეგობრებს საქმე კარგად მიუდით: გიო მგელაძე უნიჭიერესი რეჟისორი და ფოტო-ხელოვანია, აგრეთვე საკმაოდ ინოვაციური მწერალი, ლევან ვასაძე ბიზნესმენი და ქმელმოქმედი (ყველა ჩვენგანს ძალიან ეხმარებოდა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და ამას ვერავინ დაუკარგავს), მეფე შიო ერთ-ერთი გამორჩეული რელიგიური მოღვაწეა, რომელიც სულ ახალგაზრდა ასაკიდან ეკლესიის სამსახურშია, ასევე უაღრესად განათლებული პიროვნებაა მამა გრიგოლი, იგივე გიორგი ჭიჭინაძე და გიორგი მარგველაშვილზე ხომ საუბარიც ზედმეტია. მე და გიორგი კლასელებიც ვიყავით, კურსელებიც და თანამშრომლებიც. მასთან "ჯიპა"-ში 6 წლის განმავლობაში ვასწავლიდი კონფლიქტების მოგვარების ხელოვნებას და მეცნიერებას და მის პროფესიონალიზმზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია. ასე რომ, ბედნიერი ვარ, რომ ღვთის წყალობით, ჩვენი სამეგობროს ყველა წევრი კარგადაა და თავისებურად ადგება საკუთარ საზოგადოებას და ქვეყანას.

- ბატონო ირაკლი, თქვენ უშვებდით ჟურნალს "დისიდენტი". ეს უბრალოდ პროტესტი იყო ეპოქისადმი, თუ მართლა ისე ფიქრობდით, როგორც წერდით?

- მაშინ ჩვენ ყველას ძალიან რომანტიული წარმოადგენა გვქონდა "თავისუფალ ბაზარზე" და თანამედროვე დასავლეთზე. ახლა ეს წარმოდგენები უფრო რეალისტურია, რადგან ბევრი ჩვენთაგანი გაიზარდა და უკეთ გაეცნო, რა სიკეთეები მოგვიტანა ამ "თავისუფალმა ბაზარმა". თუმცა თავისუფლად აზრის გამოთქმის სურვილი არც ერთ ჩვენგანს არ დაუკარგავს და ყველა ჩვენგანი, სლენგზე რომ ვთქვათ, ისევ "თავისუფად ბაზრობს" იმას, რასაც ფიქრობს.

- გიო მგელაძემ ისიც გაგვიმხილა, ირაკლის პრეზიდენტობა უნდოდა. უამრავ ორგანიზაციას ქმნიდა და მერე ყველას პრეზიდენტი თვითონ იყოო. მას შემდეგ პრეზიდენტობაზე აღარ გიფიქრიათ?

-მე რისი პრეზიდენტობაც მინდოდა, იმის პრეზიდენტი უკვე ვიყავი - ეს იყო ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც მერე გადაიქცა კომკავშირის ალტერნატიულ, ოპოზიციურ ორგანიზაციად და რომელმაც საბოლოო ჯამში დაანგრია ახალგაზრდა კომუნისტური კავშირი. რაც შეეხება ქვეყნის პრეზიდენტობას, ეს ჩემი საქმე არ არის, აი, გიორგის უფრო შეეფერება. მე მირჩევნია მქონდეს აკადემიური და პროფესიონალური თავისუფლება და ასე ვაკეთო ჩემი საქმე. პოლიტიკურ კარიერაზე რომ მეფიქრა, მაშინ ამდენ ”სიგიჟეს” ვერ გავაკეთებდი ბოლო 20 წლის განმავლობაში. რატომღაც მგონია, რომ ჩემთვის ეს უფრო საინტერესო გზაა. ჩემნაირი ადამიანისთვის აკადემიური და ხელოვნების სამყარო არის თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალება. ექსპერიმენტული ქუჩის თეატრი, პოეზია, პროზა და სინთეზური ხელოვნება - მულტიმედია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პატივს არ ვცემ იმ მსხვერპლს, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარ ადამიანებს იღებენ თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის. ვფიქრობ, რომ გიორგი მარგველაშვილი ამ ეტაპზე დიდ პატივისცემას იმსახურებს თუნდაც იმისათვის, რომ დათანხმდა ამ მძიმე სამუშაოს. ეს არის უმძიმესი სამუშაო. პირდაპირ ვიტყვი, რომ მე ამას ვერ შევძლებდი. ამ შემოთავაზებაზე დათანხმება დიდ გამბედაობას და დიდ მოთმინებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ დიდ პატივისცემას იმსახურებს ყველა ის ადამიანი, რომელიც უანგაროდ დათანხმდება ამ ტვირთის აწევას.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)
naTela
05 ნოემბერი 2017 14:31
რატომ უნდა იყოს ეთნიკურად არა ქართველი პრეზიდენტად, არ ცხოვრობენ საქართველოში საპრეზიდენტო კაცები? ის უნდა იყოს ძალიან განათლებული, კეთილშობილი პირივნება, რომელსაც ქართული მიწა, ხე, ცა და სამYარო ეყვარება, ქართველი ადამიანის ბედით დაინტერესდება, ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის გაირჯება. ადამიანების ბედი შეაწუხებს, წამლებს კი არ გაუძვირებს, უფასოდ დაურიგებს.სკოლები და უმაღლეს სასწავლებლები უფასო იქნება. ბავშვს წესიერ განათლებას მისცემს. პირველ რიგში, ნაცნობობა და ქრთამი მოისპობა. აი ასეთი პრეზიდენტი გვინდა.ამაზე ფიქრი ახლავე რომ დაიწყოს და მომავალი თაობა პატრიოტული გრძნობით გაიზარდოს.
temo gvaladze
28 ოქტომბერი 2013 00:29
ეთნიკურად არა ქართველი , შენზე მეტი ქარტველი და პატრიოტი რომ, იყოს ამაზე თუ გიფიქრია
ჯიჯი ალფაიძე
26 ოქტომბერი 2013 18:56
ძლივს გვეღირსა თბილისელი პრეზიდენტი.ძაან მაგარი ფოტოა და ყველა კარგი ადამიანია.მრავალ ლამაზ შემოდგომას დაგასწროთ ღმერთმა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?