"ჩვენ გვინდა, ჩვენი შვილები ნამდვილი მამაკაცები იყვნენ..."– "ფესვების" რეჟისორის ფიქრები დღევანდელობაზე (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ჩვენ გვინდა, ჩვენი შვილები ნამდვილი მამაკაცები იყვნენ..."– "ფესვების" რეჟისორის ფიქრები დღევანდელობაზე (ექსკლუზივი)

"ყველაფერს იმის მიხედვით ვაკეთებთ, რას იტყვის სხვა... – სხვისი ყოფაც არ ვატირე?!"

"ჩვენ გვინდა, ჩვენი შვილები ნამდვილი მამაკაცები იყვნენ..."

"ბევრი ცნობილი შემოქმედი იყო განსხვავებული ორიენტაციის, მაგრამ თავისთვის იყვნენ."

"არ მიმაჩნია სწორად, როდესაც ქალს და კაცს შორის სიყვარული აღარ არსებობს და მაინც ერთად არიან, ხალხი რას იტყვისო."

"შიმშილი ანადგურებს ადამიანს, სისხლი იცვლება"

”რეზო თაბუკაშვილი უნიჭიერესი კაცი იყო და არაჩვეულებრივი პიესა ჰქონდა - ”რას იტყვის ხალხი”... ეს პიესა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დაწერა და მართლაც ასეა, რომ უმეტესად ყველაფერს იმის მიხედვით ვაკეთებთ, რას იტყვის სხვა... – სხვისი დედაც და ყოფაც არ ვატირე?! ჯერ თავად უნდა გრძნობდე ადამიანი კარგად თავს... ამბობს ცნობილი რეჟისორი - გუგული მგელაძე...

გუგული მგელაძე:

- ადამიანი როგორც უყურებ ამ ცხოვრებას, ისეთივეა ცხოვრებაც. მე ჩემი ფილმების ყურება მიყვარს, რადგან საოცარი წლები და ახალგაზრდობა მაგონდება. ყველა გრძნობა და მათ შორის - შური ადამიანს დაბადებიდან აქვს, მაგრამ, რასაც გაუღვივებს საზოგადოება, ადამიანიც ისეთად ყალიბდება. ცოტა შური ალბათ მეც მაქვს, ადამიანი სხვანაირად არ შეიძლება იყოს... უკვე ბევრი წლები ვიცხოვრე და ირგვლივ ბევრი რამ შეიცვალა. კაცის დამოკიდებულება შეიცვალა ქალის მიმართ. ადრე თითქოს უკეთესი იყო, ან შეიძლება ვცდები და ახლა არის უკეთესი. არ მიმაჩნია სწორად, როდესაც ქალს და კაცს შორის სიყვარული აღარ არსებობს და მაინც ერთად არიან, ხალხი რას იტყვისო. ჯობია მთელი ცხოვრება მარტო იყოს ადამიანი და ბუნებრივად სიყვარული თუ არ ეწვევა, არც დაოჯახდეს. რეზო თაბუკაშვილი უნიჭიერესი კაცი იყო და არაჩვეულებრივი პიესა ჰქონდა - ”რას იტყვის ხალხი”... ეს პიესა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დაწერა და მართლაც ასეა, რომ უმეტესად ყველაფერს იმის მიხედვით ვაკეთებთ, რას იტყვის სხვა... – სხვისი დედაც და ყოფაც არ ვატირე?! ჯერ თავად უნდა გრძნობდე ადამიანი კარგად თავს.

- ცხოვრებაში ალბათ ბევრი სირთულეც შეგხვდათ...

- 18 წლის ვიყავი, მეორე მსოფლიო იმი რომ დაიწყო. ენით აუწერელი გაჭირვება იყო, მაგრამ რატომღაც ხალხი ძალიან თბილად იყო ერთმანეთის მიმართ. თუმცა ომი და გაჭირვება საშინელებაა. ჩვენს მეზობლად ქალი ცხოვრობდა, რომელიც ლენინგრადიდან იყო. მან ერთხელ თქვა, ხანდახან თავი მინდა მოვიკლა, რომ მომაგონდება, ლენინგრადში რომ გაჭირვების წლები იყო და ჩემს შვილს ვუყურებდიო... ძალიან მიჭირს ამის გამეორება, მაგრამ შვილს შესაჭმელად ვუყურებდიო, ამბობდა. ეს ხომ წარმოუდგენელია, მაგრამ ლენინგრადში ისეთი შიმშილი იყო, თაგვები და ვირთხები გაწყდნენ. შიმშილი ანადგურებს ადამიანს, სისხლი იცვლება, ის ადამიანი აღარც არის.

- პირად საუბარში ამბობდით, 80 წლის ვარ და ამ ასაკშიც კი მენატრება შეყვარებული ვიყო, ქალთან ურთიერთობას არაფერი ჯობია და რატომ ამჯობინებენ მამაკაცები განსხვავებულ ორიენტაციასო...

- რა თქმა უნდა, მამაკაცი იმისთვის არის დაბადებული რომ ქალი ხიბლავდეს. თუმცა თუ დაიბადა არასრულფასოვანი და ავადმყოფი, ასეთი უნდა გვეცოდებოდეს. ზოგიერთები რომ გარყვნილების პროპაგანდით მოდიან, ეს უნდა აიკრძალოს! ერთი საზიზღრობა არ შეიძლება. ეს ადრეც იყო და ბევრი ცნობილი შემოქმედი იყო განსხვავებული ორიენტაციის, მაგრამ თავისთვის იყვნენ. ერთ ხელოვანს უთხრეს, ნუ ხარ ეგეთი, თორემ გადაგასახლებენო, (კომუნისტების დროს ციხე იყო განსხვავებული ორიენტაციისათვის) მან მიუგო, იქაც იგივეს გავაგრძელებ და ისევ გადმომასახლებენო... ნაკლი რომ გაქვს, უნდა დამალო და არავინ შეაწუხო შენით. ჩვენ გვინდა, ჩვენი შვილები ნამდვილი მამაკაცები იყვნენ...

- არ გსურთ დღევანდელობაზე ფილმი გადაიღოთ?

- მე ახლაც შემიძლია, კარგი ფილმი გადავიღო, მაგრამ შვილი და შვილიშვილი რეჟისორები არიან და სამმა კაცმა რომ გაშვერილი ხელით ვიაროთ, სირცხვილია.... ძალიან მიხარია, როცა ვხედავ, რომ ჩემი ფილმები დღესაც გადის. ანუ დროს გაუძლო. ”ბურთი და მოედანი” 50 წლის წინ გადავიღე, ნახევარი საუკუნის ფილმია და დღესაც ხშირად გადის. ბევრს უთქვამს, რომ ჩემი ფილმებიდან ”ფესვები” განსაკუთრებულად მოსწონს. ერთი ცნობილი პიროვნება და ვითომ პატრიოტი კი ამბობდა, ”ფესვების” ყურებისას ცრემლები წამომივიდა კი არა, არანაირი რეაქცია არ მქონდაო. გივი სიხარულიძემ თქვა, (ცოტას წავიტრაბახებ) თუ გინდა ეროვნება ჩაუწერო ქართველს, ”ფესვები” უნდა აყურებინოო... თუ იტირებს, ქართველი უნდა ჩაუწერო, თუ არა - არაქართველიო. ზოგიერთებს კი ისიც უთქვამთ, ამ ფილმის ნახვის შემდეგ ისევ სამშობლოში დავბრუნდიო. ერთმა კაცმა დამირეკა, ცოლი გადმოვასვენე უცხოეთიდან, ფილმის ნახვის შემდეგო...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)