წინსაფრიანი დედოფალი - კვირის პალიტრა

წინსაფრიანი დედოფალი

"ნიჭი, შეხედო  საკუთარ თავს იუმორით, ჩემთვის ყველა ღირსების ტოლფასია"

პაპარაცების მცდელობა, გადაქექონ მისი წარსული და რაიმე საეჭვო აღმოაჩინონ, ამაოა. მერილ სტრიპის სახელს სკანდალები არ უკავშირდება. თუმცა, ერთ-ერთ სკანდალურ წიგნში  ჰოლივუდის უნიჭიერესი მსახიობი, ერთგული ცოლი და საუკეთესო დედა ქმრის ღალატში მაინც დაადანაშაულეს - თითქოს ის  ქმარს ჯეკ ნიკოლსონთან ღალატობდა. 1986 წელს ეკრანებზე გამოვიდა მათი ერთობლივი კინონამუშევარი "ეჭვიანობა", 1987 წელს კი - "ნარშავა".

პირველ ფილმზე მუშაობისას სტრიპი თითქოს თავს ისე აჩვენებდა, რომ პარტნიორს ვერ იტანდა, მეორე ფილმზე კი აზრი მკვეთრად შეიცვალა. მწერალი მარკ ელიოტი ირწმუნება, რომ ჯეკი და მერილი, როგორც კი განმარტოების საშუალება მიეცემოდათ, შანსს ხელიდან არ უშვებდნენ...

არადა, ოსკარის" სამი პრემიის მფლობელი დონ ჰამერზეა დაქორწინებული და მასთან უკვე 35 წელია ცხოვრობს. მერილ სტრიპსა და დონ ჰამერს ოთხი შვილი ჰყავთ...

სტრიპების ოჯახში ყველა ხატავდა, ყველგან ქაღალდი და საღებავი ეყარა... გოგონას განსაკუთრებით დედის კოსმეტიკის ჩანთაში ჩაძრომა უყვარდა:

,,ბავშვობაში უშნო ვიყავი, მახინჯი იხვის ჭუჭულივით. ფანქარს მოვიმარჯვებდი და სახეზე ნაოჭებს ვიხატავდი. ახლა ზუსტად ისე გამოვიყურები, როგორც მაშინ ვიბერებდი თავს", - იცინის სტრიპი.

15 წლის მერი ლუიზ სტრიპი საოპერო მომღერლობაზე ოცნებობდა, თუმცა დრამატული ხელოვნებისკენ ლტოლვამ იმძლავრა და სკოლაში თითქმის ყველა თეატრალურ წარმოდგენაში მონაწილეობდა.

მოგვიანებით სწავლა ვასარის კოლეჯში გააგრძელა, სადაც გაბედულად თანხმდებოდა ურთულეს როლებს. 1975 წელს უნივერსიტეტი დაამთავრა და ნიუ-იორკში გადასახლდა, სადაც ბროდვეიზე დაიწყო თამაში. 1977 წელს ფრედ ცინემანის "ჯულიაში" პატარა როლი შეასრულა. გადასაღებ მოედანზე ჯეინ ფონდასთან, ვანესა რედგრეივსა და მაქსიმილიან შელთან ერთად თამაშობდა.

ჯონ კაზალე თეატრში გაიცნო. სცენარის მიხედვით კაზალეს ანგელოზის როლი უნდა ეთამაშა... რეალურ ცხოვრებაში იგი ცოლიანი იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მერილთან რომანი გაება. მათი სიყვარული ალბათ,„ჰეფი-ენდით დასრულდებოდა, რომ არა ექიმები, რომლებმაც ჯონს საზარელი დიაგნოზი - სიმსივნე დაუსვეს. სწორედ მაშინ მერილი, რობერტ დე ნირო და კაზალე დაამტკიცეს ფილმზე„"ირმებზე მონადირე". ჯონის ჯანმრთელობა დღითი დღე უარესდებოდა და პროდიუსერებმა, რომლებიც ხედავდნენ, როგორ იფერფლებოდა მსახიობი, მისი შეცვლა გადაწყვიტეს, მაგრამ სტრიპი და დე ნირო პროექტიდან წასვლით დაიმუქრნენ, თუკი კაზალეს სხვა მსახიობით შეცვლიდნენ... ჯონმა ბოლომდე ითამაშა, თუმცა მონტაჟისას მისი როლი თითქმის სრულად ამოჭრეს.

მერილი მაშინ 29 წლისა იყო. მხოლოდ ერთი რამ სურდა - ჯონთან ყოფილიყო და ყველაფერში დახმარებოდა, მაგრამ ბედმა სხვაგვარად გადაწყვიტა. იმ დროისთვის ,,ჰოლოკოსტის" გადაღების კონტრაქტზე ხელი უკვე მოწერილი ჰქონდა, ამიტომ ავსტრიაში გამგზავრება მოუხდა. "ჰოლოკოსტმა" "ემის" 8 ჯილდო დაიმსახურა, თუმცა მერილი ცერემონიას არ დასწრებია, კაზალეს საავადმყოფოში თავზე ედგა, მის სიყვარულს  ორიოდე კვირის სიცოცხლე დარჩენოდა...

მერილი იტანჯებოდა, უჭირდა იმის წარმოდგენა, რომ კაზალე მისი ცხოვრებიდან გაქრა, ამას ისიც დაერთო, რომ კაზალეს ცოლმა ბინიდან გააგდო. წასასვლელი არსად ჰქონდა და ძმამ მეგობრის სახელოსნოში ცხოვრება შესთავაზა. მეგობარი ამ დროს ევროპაში იყო, მოულოდნელად დაბრუნდა და, როგორც წლების შემდეგ ინტერვიუში  თქვა, შინ დაღლილი, გაწვალებული, ფაქიზი, სუსტი, მაგრამ, იმავდროულად, ძლიერი ქალი დაუხვდა. ქალი სახელოსნოს გვერდით ერთ პატარა ოთახში დასახლდა და მალე მოქანდაკე დონ ჰამერისა და მსახიობის რომანი ქორწინებით დასრულდა. მათ სამაგალითო წყვილად მიიჩნევენ ჰოლივუდში, დღემდე ერთად ცხოვრობენ და 4 შვილიც ჰყავთ. მერილი შესანიშნავი დედაა და ჰოლივუდის სხვა მსახიობებისაგან განსხვავებით გადაღებებზე უარს ამბობს, თუკი ისინი სასკოლო არდადეგებს არ ემთხვევა...

"ოჯახი ჩემთვის მთავარი ღირებულებაა და სიკვდილამდე ასე იქნება. ჩვეულებრივი დედა ვარ. როცა შვილები უქმეებზე მსტუმრობენ, წინსაფარს ვიკეთებ და ქურასთან ვდგები", - ამბობს სტრიპი.

,,როგორი ხართ სინამდვილეში? რას ითვისებთ თქვენი გმირებისგან? როგორ ირჩევთ როლებს? თქვენი თაობის მთავარ მსახიობად გთვლიან, ხომ არ გავნოთ დიდებამ?" - ეკითხებიან ჟურნალისტები 30 წლის შემდეგ.

"პერსონაჟებისგან არაფერს ვითვისებ. ისინი თავისთავად არსებობენ. ყველა ძალიან მიყვარს. ყველას ვგავარ რაღაცით... დიდება ვერ გააფუჭებს იმ ადამიანს, რომელიც დღესაც თვითონ აუთოებს თეთრეულს", - პასუხობს მსახიობი.

,,მე და რეჟისორი? - ამჟამად შეუძლებელია... ვიცი, რომ დღე-ღამე უნდა გავასწორო. მე თუ მკითხავთ, აშშ-ის პრეზიდენტობისა და ნიუ-იორკის მერობის შემდეგ ყველაზე რთული პროფესია რეჟისორობაა. ყველა პრობლემის გადაჭრას ელიან შენგან, ყოველთვის სათანადო სიმაღლეზე უნდა იყო. ეს კი ჩემი ძლიერი მხარე სულაც არ არის. საოცრად არაორგანიზებული ადამიანი ვარ. ვცდილობ, თავი მოვაბა ყველაფერს, მაგრამ არ გამომდის. მინდა დედას ვგავდე, რომელიც არასდროს კარგავდა იმედს, ხალისს, ყოველთვის კარგ ხასიათზე იყო და სულ ხუმრობდა საკუთარ თავზე. ნიჭი, შეხედო  საკუთარ თავს იუმორით, ჩემთვის ყველა ღირსების ტოლფასია".

3 ოსკარის მფლობელი

"არ მიყვარს, როცა დაჟინებით მაკვირდებიან და მათვალიერებენ. არც ზემოდური კაბებით კეკლუცობა მხიბლავს. სიტყვით გამოსვლას ხომ საერთოდ ვერ ვიტან! არ არის ჩემში ის აუცილებელი "ნივთიერება", გლამურს რომ უწოდებენ... ერთხელ დედამ მითხრა, სხვა შენს ადგილას რას არ იზამდა, ოღონდ ,,ოსკარის" ცერემონიაზე მოხვედრილიყოო! მე კი შინ ყოფნა მომწონს და ცერემონიების ტელევიზიით ყურება მირჩევნია. თანაც სამი ,,ოსკარი" უკვე მაქვს".