დალიდა - "შავი ორქიდეის" სამი სიკვდილი - კვირის პალიტრა

დალიდა - "შავი ორქიდეის" სამი სიკვდილი

"სიცოცხლე ჩემთვის აუტანელია. მაპატიეთ. დალიდა"- ყველა, ვინც მას უყვარდა, ერთიმეორის მიყოლებით მიდიოდნენ ამ ქვეყნიდან. დალიდამაც გადაწყვიტა, რომ სიცოცხლე აღარ ღირდა...

პოლონელი მხატვარი ჟან სობესკი ერთადერთი მამაკაცი იყო, რომელმაც "შავი ორქიდეა" მიატოვა და... ცოცხალი გადარჩა!

დალიდა უკანასკნელად 1988 წლის აპრილში  გამოჩნდა პარიზის ცნობილი საკონცერტო დარბაზის "ოლიმპიას" სცენაზე. მომღერალი იმ დღეს დამატყვევებელი იყო. დარბაზი ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს.

რამდენიმე დღის შემდეგ კი იგი საკუთარ სახლში ქათქათა გამჭვირვალე პენუარით შეიმოსა, თეთრ მუყაოზე სიკვდილისწინა მოკლე ბარათი დაწერა: "სიცოცხლე ჩემთვის აუტანელია. მაპატიეთ. დალიდა", შემდეგ ბარათი ოქროს ბუდას ქანდაკებას მიამაგრა, შავი სათვალე გაიკეთა, დაწვა, საძილე საშუალებების სასიკვდილო დოზა მიიღო, ჭიქა ვისკი მიაყოლა და... მაშინ“ეგვიპტის დედოფალი, როგორც მას უწოდებდნენ, და ფრანგული ესტრადის კაშკაშა ვარსკვლავი 54 წლისა იყო...

იტალიური წარმოშობის ეგვიპტელი იოლანდა კრისტინა ჯილიოტი 16 წლისა იყო, როცა რამსეს II-ისა და დედოფალ ნეფერტიტის ტაძრები დაათვალიერა. სწორედ იქ, ლუქსორში, მას უცნაური ამბავი შეემთხვა: დედოფალ ნეფერტიტის ხმა ჩაესმა: “"რას ისურვებდი, საყვარელო ბავშვო?" "მინდა შენსავით ლამაზი ვიყო და ვარსკვლავად ვიქცე", - მიუგო იოლანდამ.“"მაშინ მსხვერპლი უნდა გაიღო და დალილად იქცე",” - კვლავ ჩაესმა დედოფლის შორეული ხმა.

დალილა ბიბლიური იგავის გმირი, სამსონის შეყვარებული იყო, რომელსაც უღალატა და თმა შეაჭრა, რითაც ძლევამოსილება წაართვა და სასიკვდილოდ გაწირა.

"და მაშინ, როგორც დალილა, ყველა შენი ქმრის სიკვდილში დამნაშავე იქნები", - განაგრძო ხმამ. "თანახმა ვარ", -  გაბედულად წარმოთქვა იოლანდამ.“"მაშინ ნილოსის გაღმა უნდა გახვიდე, სადაც ყოველ საღამოს მზე მეფეთა ველის მიღმა ჩადის. იქ მკვდრების ნაპირია, იქ არის მარადისობის დასაწყისიც... მშვიდობით, დალილა".”

დალილამ მართლაც მიაღწია დიდების მწვერვალს და მეგავარსკვლავად იქცა. თუმცა, მუდამ შენატროდა ნაცნობ მეფუნთუშე ქალს, რომელსაც შინ მოსიყვარულე ქმარი და სამი შვილი ელოდა...

მანამდე კი 22 წლისა 1954 წლის 24 დეკემბერს ის გემიდან საფრანგეთის სანაპიროზე გადმოჯდა, სადაც ამაოდ ცდილობდა მსახიობის კარიერის აწყობას. მარცხს მარცხი მოსდევდა და გოგონამ უკვე ეგვიპტეში დაბრუნება გადაწყვიტა, როცა საფრანგეთში ფილმ "ტუტანხამონის ნიღბის" გამოსვლასთან დაკავშირებით დალილას ფოტო ჟურნალ "Cinemonde"-ს გარეკანზე მოხვდა. და დიდებამაც არ დააყოვნა.

იოლანდა გავლენიანი ფრანგული რადიოსადგურ "ევროპა 1"-ის კონკურსში "ხვალინდელი ვარსკვლავები" მიიწვიეს. იქ კი დამწყებ მომღერალს ყურადღება მიაქციეს "ლეიბლის" მფლობელმა ედი ბარკლაიმ და რადიოს დირექტორმა ლუსიენ მორისმა, რომელმაც პირველმა გაუშვა დალილას სიმღერები ეთერში. ისინი ბევრს მუშაობდნენ, თუმცა, თავდაპირველად, უშედეგოდ, არადა, ლუსიენი ხედავდა, რომ დალილას ქარიზმა ჰქონდა. მორისი კი ჯიუტი იყო. მალე სიმღერა “"ბამბინოც" იშვა\ და “"შავი ორქიდეის", როგორც მას თაყვანისმცემლებმა შეარქვეს, დიდების ჟამიც დადგა. წარმატება ისეთი განუზომელი იყო, რომ ედიტ პიაფიც კი აალაპარაკა.

ერთ-ერთი პროდიუსერის რჩევით, იოლანდამ ეგვიპტური ფსევდონიმი დალილა დალიდათი შეცვალა.

1957 წელს დალიდას ფირფიტის 300 000 ასლი გაიყიდა, რასაც კვალდაკვალ მოჰყვა მსოფლიო ჰიტები, დღესაც რომ ასრულებენ მსოფლიოს უდიდეს სცენებზე, მაგალითად, ლარა ფაბიანი.

დალიდას ფოტოები ჟურნალის გარეკანებიდან აღარ ჩამოდის. ალენ დელონთან ერთად ის წერს უმშვენიერეს დუეტს: "პაროლე, პაროლე" ("სიტყვები, სიტყვები").

1961 წელს, 5-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, დალიდა ცოლად გაჰყვა რადიომაგნატ ლუსიენ მორისს, თუმცა, მალე კანში გასტროლებისას პოლონელი მხატვარი ჟან სობესკი გაიცნო, რომელთანაც ბობოქარი რომანი გააჩაღა. თუმცა, ჟანმა მალე მიატოვა დალიდა და ერთადერთი მამაკაცი იყო, რომელიც "შავი ორქიდეისგან" წავიდა და... ცოცხალი გადარჩა! მორისმა კი დალიდას ღალატი ვერ აპატია, მიუხედავად იმისა, რომ მათი გზები კიდევ ერთხელ, მცირე ხნით გადაიკვეთა. რამდენიმე წლის შემდეგ მორისმა თავი მოიკლა...

არანაკლებ ტრაგიკულად დასრულდა დალიდას რომანი იტალიელ კომპოზიტორ ლუიჯი ტენკოსთან. 1967 წელს სან-რემოს ფესტივალზე მათ ერთად შეასრულეს კომპოზიცია "მშვიდობით, სიყვარულო, მშვიდობით", თუმცა, საზოგადოებამ ცუდად მიიღო ნონკონფორმისტი შემსრულებელი. სიმღერა სან-რემოს ფესტივალის ფინალში ვერ გავიდა, პატივმოყვარე ტენკომ სირცხვილი ვერ მოინელა და ღამით სასტუმროს ნომერში თავი პისტოლეტით მოიკლა. მისი ცხედარი  დალიდამ აღმოაჩინა და მუჭებით ყლაპა ბარბიტურატები, თუმცა, 90-საათიანი კომის შემდეგ სიცოცხლეს დაუბრუნდა, ოღონდ ხელების ნეკროზის განვითარების გამო რამდენიმე ოპერაციის გადატანა მოუხდა.

70-იანი წლების დამდეგს დალიდა ხანგრძლივ ურთიერთობას აბამს ავანტიურისტ რიშარ შამფრესთან. ექსცენტრიკული მხატვარი, რომელიც საკუთარ თავს გრაფ დე სენ-ჟერმენს უწოდებდა, და "სამსონის ქვრივი" ერთად წერენ დუეტებს, ბობოქრად გამოხატავენ გრძნობებს, მაგრამ 1981 წელს ერთმანეთს შორდებიან. ორი წლის შემდეგ კი შამფრეს სან-ტროპეში მისსავე ავტომანქანაში გარდაცვლილს პოულობენ.

დალიდას ფსიქიკა იმ დროისათვის საბოლოოდ შეირყა. გაურთულდა თვალის დაავადებაც, ბავშვობიდან რომ ტანჯავდა, რის გამოც არც ერთი ღამე ანთებული ნათურის გარეშე არ უძინია. ჭორიკანებმა მეტსახელი გამოუძებნეს ვარსკვლავს - "შავი ქვრივი", თანაც, იმხანად იდუმალი სნეულებით იღუპება ქონდრისკაცების - პიეტროსა და ლუჩიას ოჯახური წყვილი, ვარსკვლავის სახლის საქმეებს რომ უძღვებოდა და დალიდაც ძალზე მიჯაჭვული იყო მათზე.

"ცოტა არ მიცხოვრია და ბევრსაც მივაღწიე, - თქვა ერთხელ მომღერალმა, - მაგრამ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ისე არ არის".

დალიდა ხშირად ამბობდა: "თუ გინდა, ბედნიერი იყო, იყავი ბედნიერი მალულად". ის ძალიან იტანჯებოდა მარტოობით და დარწმუნებული იყო, რომ მის ცხოვრებაში კარგი აღარაფერი მოხდებოდა. უშვილო, უბედური და მარტოსული ვარსკვლავი ბოლო ხანებში ბევრს ეწეოდა და უძილობას ებრძოდა, ზოგჯერ მეგობრებსაც ურეკავდა თხოვნით, რომ ღამე მარტო არ დაეტოვებინათ.

სიკვდილი მუდამ კვალდაკვალ სდევდა. ყველა, ვინც მას უყვარდა, ერთიმეორის მიყოლებით მიდიოდნენ ამ ქვეყნიდან და დალიდამაც გადაწყვიტა, რომ სიცოცხლე აღარ ღირდა. მომღერლის სიკვდილის შემდეგ კაცობრიობას მისი 2000 სიმღერა და 120 მილიონი ფირფიტა დარჩა.

ჟანა დ,არკისა და სარა ბერნარის შემდეგ დალიდა მესამე ქალია, ვისაც პარიზში ძეგლი დაუდგეს.

ძნელი სათქმელია, მართლაც ითამაშა თუ არა მის ტრაგედიაში როლი ფსევდონიმად არჩეულმა სახელმა, თუმცა, დამთხვევაზე საუბარიც ძნელია: დალიდას სამივე საყვარელმა მამაკაცმა ხომ თავი მოიკლა! ვინ იცის, ეგებ ეს დედოფალ ნეფერტიტის არა მარტო წყალობა, არამედ წყევლაც იყო".