"სულ გახდილი კი არ დავდივარ"- რაზე წყდება გული მერსი სულხანიშვილს - კვირის პალიტრა

"სულ გახდილი კი არ დავდივარ"- რაზე წყდება გული მერსი სულხანიშვილს

"საკმარისია სტუდიაში გვყოლოდა, ტრანსგენდერი, რომ უამრავი კომენტარი წამოვიდა"

"დედამ კარგად იცის, ვინც ვარ. შესაძლოა, უთქვამს კიდეც, რომ ეს საქართველოა და არა საფრანგეთი, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს, ვინმეს რაიმე დავუმტკიცო."

მერსი სულხანიშვილი, ეს სახელი და გვარი, ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, გეტყვით, ვინ არის და რითი გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. გოგონა, რომელმაც მკერდი მოიშიშვლა და საზოგადებას თავი ასე დაამახსოვრა, პროფესიით ჟურნალისტია, იზიდავს მოდის სფერო და ამ სფეროზე ბევრსაც წერდა, თუმცა ჩვენში მას სულ სხვა იმიჯით იცნობენ.

- მერსი, არ გაწუხებს იმიჯი, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიძინე?

- ხანდახან შეიძლება მაწუხებს კიდეც, რადგანაც ზოგჯერ მეგობრებისგანაც კი მესმის კრიტიკა. მეუბნებიან, - ჭკვიანი გოგო ხარ და ასე რატომ გაგიცნესო? ჩემმა გარშემომყოფებმა იციან, რეალურად ვინც ვარ. ტელეეკრანი სხვა რამ არის და მის მიღმა ცხოვრება - სხვა. ჯერ 23 წლის ვარ და კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი... ისეთი ნეგატიური დამოკიდებულება, როგორც ჩემზეა, სხვებზეც აქვთ. თუმცა ვინ ვინ არის და როგორი, ამას დრო შეაფასებს...

- ისე, რაც უნდა გააკეთო ხომ იცი, რომ მაინც ის გოგონა იქნები, რომელმაც მკერდი მოიშიშვლა და ასე გახდა პოპულარული...

- იცით, რომ გადაცემა "სხვა რაკურსის" პროდიუსერის ასისტენტი ვარ. ამავე დროს იმავე გადაცემის ჟურნალისტიც. ერთ-ერთ შოუში სტუმრის სტატუსით ვიყავი და იმავე შოუში, ჩემი როგორც ჟურნალისტის, სიუჟეტიც გავიდა, რომელიც დადებითად შეაფასეს, მაგრამ მაყურებელმა იმის ინდეტიფიცირება ვერ მოახდინა, რომ ეს ერთი და იგივე ადამიანი იყო და ასე მრავალფეროვნად წარვდექი ერთსა და იმავე გადაცემაში...

- სწორედ ამას გეუბნები. მოკლედ, გულს გტკენს ეს ყველაფერი? თუ უკვე შეეჩვიე?

- საერთოდ, ასეა, ვიღაც მიგიღებს, ვიღაც - არა. გული იმაზე მწყდება, რომ როდესაც გადაცემაში სერიოზულ თემებს ვამზადებთ, ამას გამოხმაურება არ აქვს. არადა, ასეთი სერიოზული შოუ ჩვენს სატელევიზიო სივრცეში არ არის.

- მე კი ვიტყოდი, რომ თქვენნაირი მკაფიოდ ყვითელი გადაცემა, აქამდე მართლა არ ყოფილა...

- ტელევიზია წარმოადგენს ყველაზე უარესს, რაც თანამედროვე კულტურაში არსებობს, თუმცა ამავე დროს მისი ყველაზე უფრო "კიჩური", დეკორატიული ელემენტი, რამაც შეუძლებელია, არ დაგაინტრიგოს, რეიტინგია. რის მიხედვითაც ვხვდებით, რას ითხოვს მაყურებელი... ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩვენი გადაცემა მკაფიოდ ყვითელია. უსერიოზულეს თემებს ვამზადებთ, რომელიც საზოგადეობის პრობლემებს ეხმიანება.

- შეიძლბება, ბევრი მაყურებელი ჰყავს გადაცემას, მაგრამ მას დადებითად ცოტა თუ აფასებს. ძირითადად ნეგატიურ კონტექსტში მოგიხსენიებენ.

- ეს საზოგადოების პრობლემაა. თან, ვფიქრობ, რომ სიმართლე მწარეა. მართლა ბევრი სერიოზული გადაცემა გვქონდა. მაგალითად, ფსიქიატრიულ კლინიკებზე. გადაცემას რეიტინგი კი ჰქონდა, მაგრამ გამოხმაურება არც დადებითი და არც უარყოფითი არ ჰქონია. რატომ? ნუთუ არავინ შეწუხადა ამ ფაქტით?! მაგრამ საკმარისია სტუდიაში გვყოლოდა, ტრანსგენდერი, რომ უამრავი კომენტარი წამოვიდა. იგივე გავაკეთეთ გადაცემა უმწეო მოხუცებზე. ვერ ვხდები რატომ ვართ მკაფიოდ ყვითელები?

- გასაგებია, რომ ხშირად აქცენტს ფსკერზე აკეთებთ, მაგრამ ამ ყველაფერს ისეთი მხრიდან, ისე ნატურალისტურად აჩვენებთ, ისეთი დეტალიზება ხდება რაღაცების, რომ მისი ყურებისას სიამოვნებას ვერ იღებს მაყურებელი...

- გადაცემა, ვიმეორებ ეხება საზოგადოებრივ პრობლემებს. მაგალითისთვის ვიტყვი, - არსებობს მძიმე და მსუბუქი ლიტერატურა, მას იმიტომ კითხულობენ, რომ დასკვნა და ანალიზი თავად გააკეთონ, შეცდომა რომ აღარ დაუშვან... ამიტომ ყველაფერს ვუჩვენებთ, რათა ნახონ. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი შემოქმედებითი გუნდი ამ თემებზე ლაპარაკობს... საზოგადოება რამდენად კარგი გამგონია, ეს სხვა საკითხია.

- დავუბრუნდეთ შენს იმიჯს. ცნობილი მკერდის მოშიშვლებით რომ არ გამხდარიყავი, საზოგადოება ასე მასობრივად რითი და როგორ გაგიცნობდა?

- ცხოვრებაში რაღაცები შემხვევით ხდება. როგორი ვიქნებიდი, რომ არა შემთხვევითობა თუ ღვთის წყალობა, ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. სწორედ შემთხვევითობაშია საიდუმლო. ხანდახან სულაც არ ფიქრობ, რომ ამა თუ იმ ადგილას მოხვდები, მაგრამ მოულოდნელად აღმოჩნდები. ჩემს პოპულარობაზე ახლაც მეცინება. ამისთვის ნაბიჯი სპეციალურად არ გადამიდგამს, თავისით მოხდა. პროფესიით ჟურნალიტი ვარ, ვწერდი მოდაზე და ახლაც ვემსახურები ამ სფეროს. თუმცა ჩემთან, ამ ეტაპზე ტელევიზიამ ოდნავ წინ გადმოინაცვლა. ჩვეულებრივად ერთხელ ერთი ფოტოსესია მქონდა, სადაც ჯინსის პერანგი მეცვა და ღრმად გახსნილი, სადაც მკერდის ფორმები მიჩანდა. მოდის სფეროს წარმომადგენელი რომ არ ვყოფილიყავი, მაგალითად, იურისტი, პედაგოგი, იმ გამჭვირვალე კოსტიუმს არ ჩავიცვამდი. მოდის სფერომ მიბიძგა.

- და გაგათამამა?

- არ ვთვლი, რომ თამამი ვარ. ეს ყველაფერი ერთ-ერთი იმიჯია. ერთხელ გაიხდი და მეორედ არ გაიმეორებ, ანუ სულ გახდილი კი არ დავდივარ, როგორც საზოგადოებას ჰგონია.

- როგორ შეგიფასა დედამ ეგ ნაბიჯი?

- დედამ კარგად იცის, ვინც ვარ. შესაძლოა, უთქვამს კიდეც, რომ ეს საქართველოა და არა საფრანგეთი, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს, ვინმეს რაიმე დავუმტკიცო. ვიმეორებ, ჩატარდა ექსპერიმენტი და საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი. ეს არის და ეს. ამ ყველაფერში მინუსიც არის და პლუსიც. მაგრამ ვატყობ, ეს მინუსი ცხოვრების ბოლომდე გამყვება. უბრალოდ, ადამიანებს მინდა, ვუთხრა, ნუ შეიქმნიან ზედაპირულ შთაბეჭდილებას და ასვე ნუ შეაფასებენ მათ... პიროვნება მართალია, ერთი შეხედვით, სამოსით იქცევს ყურდღებას, მაგრამ ჩემთვის მაინც მისი ჭკუა-გონება და განათლებაა მთავარი. ასეთია ჩემი დამოკიდებულება.

ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)