"ო­რი ცო­ლი მყავს და ორი­ვე­ზე ვგიჟ­დე­ბი" - მრავალცოლიანობა საქართველოში - კვირის პალიტრა

"ო­რი ცო­ლი მყავს და ორი­ვე­ზე ვგიჟ­დე­ბი" - მრავალცოლიანობა საქართველოში

"ერთი ჩემი მეზობელია, სამი ცოლი ჰყავს. ქვევით არის კიდევ ახალგაზრდა კაცი და მასაც რამდენიმე ცოლი ჰყავს. ადრე უფრო ბევრი იყო ასეთი ოჯახი. მომწონს მრავალცოლიანი ოჯახები, კაცისთვის უფრო კარგია. თუ ვინმე იჩხუბებს და ოჯახს არევს, ის უნდა წავიდეს სახლიდან. კაცი თუ ერთნაირი გულით უყურებს ქალებს, მას ჩვენი რელიგიის მიხედვით უფლება აქვს, შვიდი ცოლი მოიყვანოს."

 

გთავაზობთ სტატიას გაზეთ "ყველა სიახლის" არქივიდან:

საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა და არსებობს ოჯახები, სადაც ერთ მამაკაცს 2 ან 3 ცოლი ჰყავს. "ყველა სიახლე" სოფელ კაბლში მცხოვრებ ნოვრუზ ალმაზოვის ოჯახს ესტუმრა. სოფლის მოლა ოჯახში ორ ცოლთან და მეათეკლასელ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. მისი პირველი მეუღლე სალია ალმაზოვა ქუჩაში შეგვხვდა და ოჯახში სწორედ მან მიგვიყვანა.

- 1966 წელს გავყევი ცოლად ნოვრუზს, გარიგებით შევქმენით ოჯახი. მოვეწონე, ჩემს მშობლებსაც მოეწონათ ბიჭი და გავყევი ცოლად. მე ვინ რას მკითხავდა? 12 წლის შემდეგ მოიყვანა მეორე ცოლი, ახლა ერთად ვცხოვრობთ და კარგად ვგრძნობთ თავს. წამობრძანდით და თავად ნახავთ ამას, არ ვჩხუბობთ, "ხოშიანად" ვუგებთ. ჩვენს მეზობელსაც ჰყავს სამი ცოლი, მაგრამ, სამწუხაროდ, ბავშვი ვერც ერთთან ვერ გააჩინა. ხომ არ გაშორდება ამ ცოლებს? კიდევ გვყავს ერთი ასეთი მეზობელი, მაგრამ ის არ ამბობს, რამდენიმე ცოლი რომ ჰყავს.

ალმაზოვების ეზოში ნოვრუზის მეორე ცოლი - ფატიმა შეგვეგება. როცა გაიგო, რომ მათ ოჯახზე ვაპირებდით სტატიის მომზადებას, ძალიან გაუხარდა. თავსაფარი გაისწორა და სურათების გადასაღებად მოემზადა:

- გარიგებით გავხდი ნოვრუზის ცოლი. მოვეწონეთ ერთმანეთის მშობლებს და მათ დაგვაქორწინეს. მაშინ პატარა ვიყავი, არც უკითხავთ ჩემთვის არაფერი. მოვიდნენ, წამიყვანეს და გადავიხადეთ ქორწილი. ძალიან ლამაზი ქორწილი გვქონდა, სალიაც იყო ქორწილში. 75 წლის ვარ უკვე და სამივე ბედნიერად ვცხოვრობთ ამ სახლში. სალია არის საგარეო საქმეების მომგვარებელი, ის მიდის ბაზარში, მე სულ სახლში ვარ და ოჯახს ვუვლი. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც საჭიროა. ჩვენი ქმარი როგორც იტყვის, ისე ვიქცევით, ქალი კაცს უნდა დაემორჩილოს.

ცოლებთან გასაუბრებისას ეზოში თავად ნოვრუზ ალმაზოვი გამოვიდა, პირველმა ცოლმა, სალიამ, გახარებულმა უთხრა, ახალი ტანსაცმელი ჩაიცვი, სურათები უნდა გადაგვიღონო და სახლში შეიყვანა.

ნოვრუზ ალმაზოვი:

- კაბალში გავიზარდე, ყველა ევროპაში მიდის საცხოვრებლად, მე თელავში წავედი, როცა გავიზარდე, 12 წელი ვიცხოვრე იქ. ძალიანმომწონდა თელავი, დედაჩემი იყო თელაველი. 1957 წელს ისევ ამ ფუძეზე დავბრუნდი კაბალში. მერე ცოლი მოვიყვანე. ოჯახები შეთანხმდნენ სალიას ოჯახთან, მივედით და წამოვიყვანეთ სახლში. სალიას მერე ფატიმა მომეწონა, ვუთხარი ოჯახს და ესეც მოვიყვანე ცოლად. კარგი ქორწილი გადავიხადეთ. ორივე კარგად იქცევა, ორივე მიყვარს, ორივეზე ვგიჟდები, დინჯი ქალები არიან, მემორჩილებიან, ვინც არ დამიჯერებს - წავა ამ სახლიდან. სალია უფრო მამაცი ქალია, ყველაფერი იცის, ყველას იცნობს. მე ვარ მათი უფროსი და რასაც მინდა, იმას ვავალებ...

ერთმანეთის ჯიბრზე ქალები უფრო აქტიურობენ და ასე ცხოვრობს ჩვენი დიდი ოჯახი. სალია დადის ბაზარში, მეზობლებთან, პენსიის ასაღებად. მე სოფლის მოლა ვარ და ჩემი საქმე ლოცვაა. ყველას ვუსურვებ კარგ გზაზე დადგომას.

- ბევრი თქვენნარი ცხოვრობს ამ სოფელში?

- არა, მე ვარ და კიდევ ერთი ჩემი მეზობელია, სამი ცოლი ჰყავს. ქვევით არის კიდევ ახალგაზრდა კაცი და მასაც რამდენიმე ცოლი ჰყავს. ადრე უფრო ბევრი იყო ასეთი ოჯახი. მომწონს მრავალცოლიანი ოჯახები, კაცისთვის უფრო კარგია. თუ ვინმე იჩხუბებს და ოჯახს არევს, ის უნდა წავიდეს სახლიდან. კაცი თუ ერთნაირი გულით უყურებს ქალებს, მას ჩვენი რელიგიის მიხედვით უფლება აქვს, შვიდი ცოლი მოიყვანოს.

 

თამარ ბოჭორიშვილი