წყვილები. სოფი ლორენი და კარლო პონტი - კვირის პალიტრა

წყვილები. სოფი ლორენი და კარლო პონტი

წყვილი, რომელიც ვატიკანს დაუპირისპირდა

იგი 13 წლამდე ისე გამხდარი და უშნო იყო, რომ ბიჭები დასცინოდნენ და კბილის საჩიჩქნ ჩხირს ეძახდნენ...

უცნაური რამ არის ბედიწერა, როდის რა სიურპრიზს მოგიწყობს, ღმერთმა იცის... იმ კნაჭა გოგოსთვის კი ყველაზე მოულოდნელი სიურპრიზი ის იყო, რომ 15 წლისა უცებ დამშვენდა, თან ისე, რომ ქუჩაში თვალს აყოლებდნენ...

წლების შემდეგ ეს "შეუხედავი" გოგონა კინოვარსკვლავი გახდა, მთელი იტალია აღმერთებდა და მას კათოლიკური წესის "შებღალვაც" კი აპატია. დიახ, ის სოფი ლორენი გახლავთ, ბუნებრივად ლამაზი, ელეგანტური და მუდამ მომხიბვლელი...

სოფია ვილანი შიკოლონე თავადაპირველად რომში ცხოვრობდა. მას დედა - რომილდა, მარტო ზრდიდა. მამა - რიკარდო ოდნავადაც არ იწუხებდა თავს მათთვის. არადა, რომილდას ის ძალიან უყვარდა და ელოდა. რიკარდო მხოლოდ ერთხელ დაბრუნდა მასთან და რომილდა მეორედ დაფეხმძიმდა. გაჩნდა გოგონა, მარია, თუმცა სოფიასგან განსხვავებით მამამ მას გვარი არ მისცა. რომილდას გაუჭირდა დედაქალაქში ყოფნა და საცხოვრებლად ნეაპოლის ახლოს მდებარე მეთევზეთა პატარა ქალაქ პოცუოლიში გადავიდა.

სოფია ბავშვობიდან ვერ იტანდა რძეს. ვერც დედის და ვერც ძროხის რძე შეირგო, კრუნჩხვები ემართებოდა, ამიტომაც იყო ასე გამხდარი და ფერმკრთალი. მის გადარჩენას ვერავინ ფიქრობდა. დედას იგი უკვე გამოტირებულიც ჰყავდა, მაგრამ გარდატეხის ასაკში, სოფია ყველას გასაკვირად შეივსო და გალამაზდა. რომილდა მიხვდა, რომ მათი (მარტოხელა დედისა და ორი გოგონას) გადარჩენა უფროსი შვილის სილამაზეს თუ შეეძლო... მან სრულიად შემთხვევით ნახა სარეკლამო განცხადება: "გინდა გახდე "ზღვის პრინცესა?" - მიიღე მონაწილეობა კონკურსში!" და ბევრი აღარ უფიქრია, გადაწყვიტა ბედი ეცადათ. რომილდამ სოფიას ამ კონკურსისათვის ვარდისფერი ფარდებისგან შეუკერა კაბა, ფეხსაცმელები კი კედლის საღებავით შეუთეთრა...  ჟიურის ძალიან მოეწონა სოფია და მეორე ადგილი მიაკუთვნა. ამ წარმატებამ რომილდას იმედი ჩაუსახა გულში - ახლა სოფიას შეეძლო  თავისი გარეგნობით რომშიც ეცადა ბედი...

ერთი ლირაც არ ედოთ ჯიბეში, მაგრამ რომილდამ მაინც გარისკა და რომში გაემგზავრნენ. იმ დროს ამერიკული ფილმის გადაღება მიმდინარეობდა დედაქალაქის ცენტრში და გადამღებ ჯგუფს მასობრივი სცენებისათვის ხალხი სჭირდებოდა. რომილდას ცალ ხელში ჩემოდანი ჰქონდა ჩაბღუჯული, ცალ ხელშიც სოფია. მან სასწაულებრივად გაარღვია ხალხის რიგი და რეჟისორამდე რომ მიეღწია მის ხმას, რაც ძალა და ღონე ჰქონდა ხმამაღლა დაიყვირა: ჩვენ შიმშილით ვიხოცებით, ინგლისური არ ვიცით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პურის ფული ვიშოვოთო. რეჟისორი დედა-შვილით დაინტერესედა და თავისთან იხმო. მათ სამუშაო მიიღეს.

სწორედ, იმ გადაღებაზე იმყოფებოდა ცნობილი იტალიელი პროდიუსერი კარლო პონტი. იგი მოიხიბლა ნორჩი, უშუალო და მიზანსწრაფული გოგონათი. ცოტა ხანში პონტიმ სოფია კინოსინჯებზე მიიწვია. თუმცა წინდაწინ გააფრთხილა: თუ გინდა, რომ მსახიობი გახდე, ცხვირი უნდა დაიმოკლო და ცოტათი გახდეო. საკუთარ ყურებს არ უჯერებდა სოფია... სულ რაღაც ორი წლის წინ სიგამხდრის გამო დასცინოდნენ, ახლა კი წონაში დაკლებას სთხოვდნენ, თუმცა იმასაც მიხვდა დამწყები მსახიობი, რომ კინო საოცრებათა სამყაროა, რომლისთვისაც  ღირდა მსხვერპლის გაღება. სოფია მკაცრ დიეტაზე დაჯდა, მაგრამ ცხვირის დამოკლებაზე სასტიკი უარი თქვა... გავიდა დრო და პონტი მიხვდა, სოფია მართალი იყო, ამ ქალის სილამაზე და შარმი მისი უშუალობასა და ბუნებრივობაში მდგომარეობდა.

პონტის სოფია თავდავიწყებით შეუყვარდა. გადაწყვიტა, ცოლად მოეყვანა, მაგრამ იცოდა, რომ ამისათვის ბრძოლა და საკმაოდ რთული ბარიერის გადალახვა მოუწევდა. კარლო 22 წლით უფროსი იყო სოფიაზე, თან დაოჯახებული. განქორწინება და მეორე ცოლის მოყვანა კი, იმ დროისათვის კათოლიკური წესით დაუშვებელი იყო და დიდ ცოდვად ითვლებოდა...

პონტი თვადაპირველად სოფიას ნაკლებად ცნობილ ფილმებში იღებდა. გოგონას იმდენად უნდოდა კინოვარსკვლავი გამხდარიყო, რომ ყველა როლზე თანხდებოდა, თანაც კარლოს თვალდახუჭული ენდობოდა. ცნობილი პროდიუსერი მას KvirisPalitra.Geარწმუნებდა, რომ ფილმში სიშიშვლე, თანაც ასეთი დახვეწილი სხეულის გამოჩენა, არ იყო სირცხვილი... და სოფიაც შიშვლდებოდა. ამ ფილმებში სოფია ლაძაროს ფსევდონიმით გამოდიოდა, 60-იანი წლების დასასწყისში კი, როცა სოფიას ცოლად მოყვანა გადაწყვიტა, პონტიმ მას ფსევდონიმი გამოუცვალა, ლორენი დაარქვა და ყველა ის ფილმი გამოისყიდა, სადაც იგი შიშველი ჩანდა. კარლოს არ უნდოდა, რომ მისი მომავალი ცოლის რეპუტაცია ეჭვის ქვეშ დამდგარიყო, არც სკანდალი სურდა, მაგრამ ამას მაინც ვერ გაექცა. მთელი იტალიის ყურადღება ამ წყვილის მიმართ იყო მიპყრობილი. როგორც საავდროდ გამზადებული მოქუფრული ცა, ისე იყო საზოგადოება გასუსული და საბუნტედ გამზადებული.

მაშინდელ იტალიაში ქვეყნის დაქცევად არ ითვლებოდა, თუ ქალსაც და კაცსაც საყვარელი ეყოლებოდა (თუმცა ფარულად), მაგრამ სიყვარულის გამო ოჯახის დანგრევა - ეს უკვე დიდზე დიდი სკანდალი გახლდათ... ყველა გაფაციცებით ელოდა, როგორ განვითარდებოდა ახალგაზრდა, სექსუალური, იტალიური კინოს ამომავალი ვარსკვლავისა და დაოჯახებული, ასაკოვანი, მდიდარი პროდიუსერის სასიყვარულო ურთიერთობა. პონტი ცოტა ხანს ფეხს ითრევდა, არ უნდოდა, საზოგადოების მწარე მათრახი მოხვედროდა. ერთ მშვენიერ დღეს სოფიმ კარლო პონტი დედისა და დის გასაცნობად თავისთან ოჯახში დაპატიჟა. საღამო მშვენიერი გამოვიდა, მაგრამ ამ "მშვენიერებას" კარლოს თითზე წამოცმული ბეჭედი აფუეჭებდა. სოფიამ გეგმა შეიმუშავა - მან გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, კარლო სამუდამოდ ხელში ჩაეგდო. პონტის ის უკვე წრფელი გულით უყვარდა, მაგრამ მასთან დაქორწინებას ზემოთხსენებული მიზეზის გამო ვერ ბედავდა. სოფიამ ეშმაკობა იხმარა - ადგა და სხვა ახალგაზრდა მამაკაცთან გააბა ფლიტრი. პონტი ანკესსზე წამოეგო, იეჭვიანა, შეეშინდა ძვირფასი ქალის დაკარგვა, რომელიც მისი აღმოჩენილი იყო, ოჯახიდან წამოვიდა, იტალიას საერთოდ გაერიდა და მექსიკაში დაიწერა სოფიაზე ჯვარი...

მაგრამ წყვილი როდემდე იქნებოდა მექსიკაში? სხვადასხვა ქვეყანაშიც რომ ემოგზაურათ, ბოლოს ხომ მაინც უნდა დაბრუნებულიყვნენ იტალიაში? ძნელი აღმოჩნდა კარლოს ცოლისთვისაც ამის შეგუება. მათი ოჯახი ფეხზე მყარად იდგა, კარლოს მეშვეობით საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირათ, შვილები უკვე დიდები იყვნენ... თუმცა კარლოს გული უკვე სხვას ეკუთვნოდა. საიდანღაც გამოტყვრა ეს ტანმაღალი გოგონა ნეაპოლიდან და ასაკოვანი კაცი ჭკუიდან შეშალა. კარლოს, როგორც ხელოვან ადამიანებს სჩვევიათ, ბევრჯერ ჰქონია ფლირტი და ხანმოკლე რომანი ლამაზმანებთან, რის გამოც ღიმილით ეტყოდა ხოლმე ცოლს, - ხომ იცი, რომ ეს არასერიოზულიაო... ახლა კი ქალბატონი პონტი ხვდებოდა, რომ საქმე სერიოზულად იყო... და ქალმა  ღირსეული ნაბიჯი გადადგა - მან კარლოსთან ერთად მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა, რის შემდეგაც ქმარს გაშორდა, კარლომ 1966 წელს მეორედ იქორწინა სოფიაზე.

KvirisPalitra.Geპირველი სერიოზული როლი სოფიამ ენტონი ქუინთან ერთად ითამაშა ფილმში "ატილა - ღმერთის რისხვა". საყოველთაო აღიარება კი ლორენმა ვიტორიო დე სიკას ფილმ "ნეაპოლის ოქროთი" მოიპოვა, სადაც მან ნეაპოლიტანელი ფარდულის გამყიდველის როლი შეასრულა. სწორედ, დე სიკამ გახსნა სოფიას ნიჭი ბოლომდე და თავის ყველაზე ცნობილ ფილმებში - "ჩოჩარა", "გუშინ, დღეს, ხვალ" და "ქორწინება იტალიურად" ათამაშა. ყველა ამ ფილმმა უამრავი ჯილდო დაიმსახურა. მალე ლორენს ჰოლივუდშიც უხმეს, სადაც ორი ფილმში ითამაშა, კერი გრანტთან და ფრენკ სინატრასთან ერთად. კერის და სოფიას ერთმანეთი შეუყვარდათ, მაგრამ მათი დაშორება გარდაუვალი აღმოჩნდა. სოფიამ უარი თქვა მეორედ მოსულ სიყვარულზე. იგი ვერ მიატოვებდა კაცს, რომელმაც სოფი სიღატაკეს გადაარჩინა და კინოვარსკვლავი გახადა. სოფი პონტისთან დარჩა. მათ ორი ვაჟი შეეძინათ. სოფი ლორენსა და კარლო პონტის დღემდე მიიჩნევენ რომანტიკულ წყვილად. ისინი ვერ დააშორა ვერც ვატიკანმა, ვერც მითქმა-მოთქმამ, ვერც ასაკობრივმა სხვაობამ და ვერც  ახალგაზრდა, მომხიბვლელმა ადამიანებმა, რომლებიც ასე მრავლად იყვნენ ორივეს გარშემო.

 (სპეციალურად საიტისთვის)