წყვილები. ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი - კვირის პალიტრა

წყვილები. ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი

ისინი "კლეოპატრას" გადაღებისას დაახლოვდნენ და ისე შეუყვარდათ ერთმანეთი, მთელი მსოფლიოს ყურადღება მაშინვე მიიპყრეს. ფილმშიც რომანტიკულ წყვილს თამაშობდნენ. ქალი ელიზაბეთ ტეილორი გახლდათ, კაცი - რიჩარდ ბარტონი, ფილმი კი - "კლეოპატრა". გადაღების დასრულებიდან ძალიან მალე ელიზაბეთი იტყვის: "მინდა რიჩარდ ბარტონის ცოლი ვიყო, მისი ჩრდილიც მინდა ვიყო, შეიძლება ბევრს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ მასთან ერთად უდაბნოშიც კი ვიცხოვრებდი!"

ელიზაბეთისგან ახალი ქორწინება არავის გაჰკვირვებია. იგი ხომ რიჩარდამდე ოთხჯერ იყო გათხოვილი, აი, ბარტონს კი, მეგობრები აფრთხილებდნენ: ტეილორი მონსტრია, გაგანადგურებს, მასთან საქმე არ დაიჭიროო. ყველაზე უახლოესმა მეგობარმა ლოურენს ოლივიემ კი ასეთი დეპეშა გაუგზავნა რიჩარდს: "აირჩიე, რა გინდა იყო - ცნობილი დრამატული მსახიობი თუ საფირმო საქონელი?" ბარტონის სამშობლოში - ინგლისში, ყველა შეშფოთებული იყო მისი არჩევანით, მაგრამ რიჩარდმა საყვარელ ქალს ახლობლების ჩიჩინის მიუხედავად ზურგი არ შეაქცია... სხვათა შორის, დრამატულ მსახიობადაც დარჩა.

ელიზაბეთ ტეილორი პატარაობიდანვე გასაოცრად ლამაზი იყო. იგი 8 წლის ასაკში გადაიღეს ფილმში. დებიუტის მერე მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ტანად პატარა გახლდათ, მაგრამ არც ერთ პროდიუსერსა და რეჟისორს ამის გამო არ დაუწუნებია. მას ისეთი შარმი და მომხიბვლელობა ჰქონდა, ტანდაბლობას არად აგდებდნენ.

ელიზაბეთი 18 წლისა გათხოვდა. მისი პირველი ქმარი - ნიკ ჰილტონი  სასტუმროების ცნობილი ქსელის უმდიდრესი მაპატრონე გახლდათ. მათი ქორწინება მხოლოდ ერთ წელს გაგრძელდა. პირველი განქორწინების შემდეგ თავბრუსდამხვევი სისწრაფით ერთმანეთს მიჰყვა ელიზაბეთის შემდეგი ქორწინებები... მეორე ქმარი ინგლისელი მსახიობი, მაიკლ უილდინგი ბევრად უფროსი იყო ელიზაბეთზე, მას ჭკუის დაკარგვამდე უყვარდა თავისი "პატარა ანგელოზი"... ისინი 5 წელი იყვნენ ერთად და ორი ვაჟიშვილი შეეძინათ.. შემდეგი ქმარი, პროდიუსერი მაიკლ ტოდი, იუდეველი იყო და მისი ხათრით ელიზაბეთიც იუდეველი გახდა. მათ ქალიშვილი შეეძინათ და არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანდა მათი ცოლქმრობა, რომ არა ტრაგიკული შემთხვევა. მაიკლის თვითმფრინავი "ბედნიერი ლიზი" ავიაკატასტოფისას დაიმსხვრა. ელიზაბეთი მაშინ 26 წლის იყო. სასოწარკვეთილ, მაგრამ უღმერთოდ ლამაზ ქვრივს ტოდის მეგობარი, მომღერალი ედი ფიშერი ამშვიდებდა. მათ შორის სასიყვარულო სიმები გაიბა. ედიმ ლიზის გამო ოჯახი მიატოვა და ტეილორი მოიყვანა ცოლად...

KvirisPalitra.Geელიზაბეთს მღელვარე რომანები სულაც არ უშლიდა ხელს კარიერულ აღმასვლაში, პირიქით, ყოველი ახალი სასიყვარულო ურთიერთობა მას ახალ ძალასა და ენერგიას ჰმატებდა. ცინიკოსები ტეილორზე მუდმივად ქირქილებდნენ, მაგრამ "კლეოპატრას" შემდეგ ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ლიზი სასწაულად ლამაზიც იყო და უსაზღვროდ ნიჭიერიც.

ელიზაბეთმა პირველი ოსკარი ფილმ "ბატერფილდ 8"-ში მიიღო. სხვათა შორის, მას არ უნდოდა ამ ფილმში მონაწილეობა, უღიმღამოდ მიიჩნევდა, მაგრამ ის ძალით დაითანხმეს - თუ აქ არ ითამაშებ, ვერ მიიღებ როლს "კლეოპატრაში", - უთხრეს მას... ეს უკვე ბედისწერა გახლდათ. ის შეხვდა მამაკაცს, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარდა.

ელიზაბეთ ტეილორისა და რიჩარდ ბარტონის თანაცხოვრება ყველაზე დიდხანს - 12 წელი გაგრძელდა(!), ისიც ხანმოკლე დაშორებებით. მათ ორჯერ იქორწინეს, მაგრამ ბოლოს მაინც გარდაუვალი შეიქნა მათი განქორწინება. ერთხელ ბარტონმა ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს თქვა: "ოდესღაც ელიზაბეთმა მითხრა, - ჩვენი უბედურება ის იყო, რომ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთიო. ახლა მივხვდი, რომ ის მართალი იყო..."

სანამ სამუდამოდ დაშორდებოდნენ, ბობოქარი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ხან ჩხუბობდნენ, ხან სიყვარულის ზღვაში იძირებოდნენ და ამ ყველაფერს არც არასოდეს მალავდნენ. რთული იყო ელიზაბეთის გვერდით ყოფნა, იგი ხომ ჭირვეულთა შორის უჭირვეულესი ქალბატონი ბრძანდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რიჩარდ ბარტონი ბედნიერ კაცად თვლიდა თავს. მან ხომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალის გული მოინადირა! ისინი ერთმანეთს ძვირადღირებულ საჩუქრებს უძღვნიდნენ, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ხელგაშლილობასა და სიყვარულის გამოხატვაში - როცა ელიზაბეთმა რიჩარდს ვან გოგის ნახატი უყიდა, ბარტონმა მას თვითმფრინავი აჩუქა, შემდეგ კი ორივემ ერთად შეიძინა თეთრი იახტა. ბარტონმა იცოდა, რომ ელიზაბეთს ძვირფასი სამკაულები უყვარდა. მან ცოლს 23-კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი, მარგალიტი "პრეგრინა" (რომელიც თავის დროს მარია ტიუდორს აჩუქეს) და უნიკალური კოლიე უყიდა. ამ კოლიეს ამშვენებდა ბრილიანტი ტაჯ-მაჰალი.

რიჩარდი ტეილორს ასე მიმართავდა ხოლმე: "ჩემი პატარა ქარაფშუტა ებრაელი" და ლიზის ეს სულაც არ სწყინდა. ბარტონს სასმელი უყვარდა. მან ელიზაბეთიც მიაჩვია სმას. მათთვის ძვირადღირებული სასმლები ჩამოჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნიდან. როდესაც ისინი ქალაქში გამოდიოდნენ, ქუჩები იკეტებოდა, ხოლო სასტუმროს, სადაც ცხოვრობდნენ ხოლმე, შეირაღებული ხალხი იცავდა. მათ არ შეეძლოთ ერთმანეთის გარეშე ყოფნა, მაგრამ ერთად ზოგჯერ აუტანლები იყვნენ. ტეილორმა სახალხოდ აღიარა, რომ პანიკურად ეშინოდა იმ დღისა, როცა რიჩარდის გარეშე დარჩებოდა: "არც კი მინდა წარმოვიდგინო KvirisPalitra.Geრიჩარდის გარეშე ჩემი ცხოვრება, ალბათ მოვკვდები", - თქვა მან.

1984 წლის აგვისტოში, როცა რიჩარდ ბარტონი გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ იმასაც ცოლი ჰყავდა და ელიზაბეთიც გათხოვილი იყო, ტეილორი შოკში ჩავარდა. იგი კარგა ხანს ვერ გამოვიდა დეპრესიიდან და გვიან ისიც აღიარა: მე ახლა უბრალოდ ვარსებობ, რიჩარდთან კი ვცხოვრობდიო...

...ათიოდე დღის წინ, 79 წლის ასაკში XX საუკუნის უდიდესი და ულამაზესი მსახიობი - ელიზაბეთ ტეილორი გარდაიცვალა...

(სპეციალურად საიტისათვის)