ის, რაც გამოქვეყნდება 10 წლის შემდეგ!..
13-07-2009
10 წლით ადრე ექსკლუზიურად ”კვირის პალიტრისთვის”!..

”ჭკუით, ქართველებო, ყოფნა-არყოფნის ეპოქაში ვცხოვრობთ!”

”ღმერთო, როდის მოვა მშვიდობა ჩემს ულამაზეს სამშობლოში?!”


საქართველოს მომავალი თაობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი წამოიწყო ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა - ”დავწეროთ ახალი მატიანე”. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პიროვნებებს შესთავაზეს, შეეფასებინათ განვლილი 2008 წელი და თავისი ნააზრევი საკუთარი ხელნაწერის სახით გადაეცათ ხელნაწერთა ფონდისთვის.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს უკვე გადაეცა რამდენიმე ხელნაწერი. რესპონდენტები - ”მემატიანეები” არიან: ჭაბუა ამირეჯიბი, დენის კიფი (დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში), ვლადიმერ პაპავა,
ამბა-ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი, ზაალ სამადაშვილი, რობერტ სტურუა, ჯონ ტეფტი, დათო ტურაშვილი და სხვები.

ბუბა კუდავა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი: - 2008 წლის მიწურულს გადავწყვიტეთ, განვლილი წელი შეეფასებინათ ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე რეიტინგულ პიროვნებებს. მაშინ დავეყრდენით ”კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებულ რეიტინგებს. შემდეგ მივხვდით, რომ ეს
წრე უნდა გაგვეფართოებინა. რეიტინგის ცნება პირობითია. საუკუნის გასვლის შემდეგ მომავალი მკითხველისთვის შეიძლება დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდეს, ადამიანი იმ კონკრეტულ წელს რეიტინგული იყო თუ არა. შევადგინეთ 120 კაცის სია, რომლებიც გამორჩეულნი არიან კულტურის, პოლიტიკის, ეკონომიკის, არასამთავრობო სექტორის, ჟურნალისტიკის, სპორტის სფეროში. საინტერესოა, არა მარტო წლის, არამედ სხვადასხვა კონკრეტული მოვლენის შეფასებაც. კიდევ უკეთესი იქნება გავაფართოოთ ეს პროექტი და მომავალში მოვლენების შეფასება ვთხოვოთ სრულიად უცნობ ადამიანებსაც, ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც ამისი სურვილი ექნება. ისტორიას ხშირად ასეთი წყაროები აკლია. ილია ჩიოდა, საქართველოს ისტორია მეფეთა ისტორიაა და ხალხი არ ჩანსო. ახლა ნაკლებად ვაფასებთ 2008 წლის ისტორიას, მაგრამ საუკუნის შემდეგ ამ ხალხის ნააზრევი უმნიშვნელოვანესი გახდება. ვფიქრობთ, ეს ხელნაწერები ათი წლის შემდეგ გამოვაქვეყნოთ. მომავალში უფრო საგულისხმო იქნება იმ თემების წამოწევა, რაზეც დღეს ვსაუბრობთ. ათი წელი კი ძალიან მალე გავა... შემდეგ უკვე წლების მიხედვით გამოვა ხელნაწერთა კრებულები.

”კვირის პალიტრას” კი ექსკლუზიურად ვთავაზობთ ამონარიდებს 2008 წლის მატიანიდან (სტილი დაცულია).

ჭაბუა ამირეჯიბი:

”რუსეთის იმპერიის დანგრევას ჩვენს საუკუნეში და უფრო ადრეც, აღდგენის მოხალისეები გამოუჩნდნენ და ეს არა მხოლოდ იმით გაამჟღავნეს, რომ ტერიტორიები წაგვართვეს, არამედ, ჯერ კიდევ XVIII საუკუნის დასაწყისში გამჟღავნებული სურვილი დაადასტურეს. მეტიც, პუტინმა ორჯერ წარმოთქვა ჩვენი მისამართით - ქართველი ერი უნდა განადგურდესო. განადგურებას, პირისაგან მიწისა აღგვას გვიპირებენ პროფესიონალი მკვლელები...

საშველი მხოლოდ იმაშია, რომ ექვს საუკუნეზე მეტხანს კაცობრიობის ისტორიაში არც ერთ იმპერიას არ უარსებია ბიზანტიის გარდა. ეს კრიტიკული ზღვარი და ბიზანტიის გამონაკლისი იმით აიხსნება, რომ ქრისტიანული სარწმუნოების გარშემო ჰყავდათ შემოკავშირებული მთელი აღმოსავლეთ ევროპა და წინა აღმოსავლეთი, რაც მაჰმადიანური სამყაროს საპირწონესაც წარმოადგენდა.

გამოსავალი?.. ძნელია იკისრო, მთელ ერს ამ კითხვის პასუხი ურჩიო და მაინც... ოცი წლით როგორმე უნდა გავიგრძელოთ ფიზიკური და სახელმწიფოებრივი არსებობა. რუსებმა ექვსას წელიწადს უკვე გადააჭარბეს და მათი იმპერია დაშლა-დანაწევრებას ვერაფრით გადაურჩება...

ჭკუით, ქართველებო, ყოფნა-არყოფნის ეპოქაში ვცხოვრობთ!”

მეუფე დავითი:

”ორი საუკუნის გზაგასაყარზე საოცარი, განსაკვირველი სიზუსტით წარსული ისტორიებიდან, აღიბეჭდა XX საუკუნის ბოლო ათწლეულის მძიმე და ამავდროულად, სიხარულითა და ნუგეშით სავსე პერიოდი. ჩვენი თაობის ადამიანებისთვის 1800-იანი წლებიდან მოყოლებული სისხლიანი ისტორია წიგნის ფურცლებიდან ჯერ კინოთეატრების ეკრანებზე, სამამულო ომის მოვლენებთან ერთად, ტკივილის და სიხარულის ცრემლით გადმოვიდა და შემდეგ 1990-იანი წლები ჩვენი, ყველას, დიდიან-პატარიანად თანამონაწილეობით თბილისის ქუჩებიდან და შემდეგ მთელ საქართველოში გაცოცხლდა, როგორც გაშლილი წიგნის ჩაკითხული სტრიქონები. ასე ჩაიარა ჩვენ თვალწინ ჩვენი უგუნურობით ან სხვათა წაქეზებით ძმათა შორის სისხლის ღვრამ, ძარცვა-შეურაცხყოფამ, ნებაყოფლობითმა მძევლობამ და გადასახლებამ, გაჭირვებამ და სამშობლოს მონატრების ზღვა ცრემლმა. მაგრამ ნუგეში იყო. სანთელი ენთო”.

ზაალ სამადაშვილი:

”იმისათვის, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და პიროვნების თავისუფლებისთვის ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობდეს, საზოგადოებაში საკმარისი ოდენობით უნდა იყვნენ შთამომავლები იმ ბავშვებისა, რომლებსაც მეხსიერებაში სამუდამოდ ჰქონდათ აღბეჭდილი ცხენზე ამხედრებული, თოფ-იარაღში ჩამჯდარი მამა, მომავალი სამშობლოს გადასატანად დიდ და უთანასწორო ომში”.

რობერტ სტურუა:

”გასული წლის 31 ივლისს 70 წელი შემისრულდა. თეატრის მსახიობებმა და დირექციამ მცირე დარბაზში ჩემთვის მოულოდნელად მხიარული საღამო გამიმართეს. სტუმრად მოუწვევიათ ნათესავები, მეგობრები, უცხოელები... ვიცინეთ, ვიმხიარულეთ... ასე დასრულდა ჩემი დაბადების დღე.

ასე სასიამოვნოდ დაიწყო ჩემთვის ზაფხული. მაგრამ ერთი კვირაც არ იყო გასული, მოწმენდილ ცაზე უეცრად იჭექა... ომი... ომი ოსეთში... ორ დღეში პარლამენტის წინ ქართველებმა ცეკვა-თამაში გააჩაღეს - გამარჯვებას ზეიმობდნენ. დილით კი აღმოჩნდა, რომ რუსები გორს მოადგნენ...

ღმერთო, როდის მოვა მშვიდობა ჩემს ულამაზეს სამშობლოში?!”

დათო ტურაშვილი:

”რუსეთ-საქართველოს ომის გამო, შეუძლებელია გაგახსენდეს რამე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე აგვისტოს დაბომბვა, როცა გასულ წელზე ფიქრობ და წერ. ისეთი საშინელება დამემართა, რომ ახლაც მრცხვენია და მაინც გავიხსენებ, რადგან ისე გავმწარდი, რომ მართლა დავაპირე იმ დღეებში რუსული წიგნების დაწვა. ეტყობა, უსუსურობის გამო ვიფიქრე, რომ ასე შემეძლო ჩემი პროტესტის გამოხატვა - ჩავიტან-მეთქი ეზოში რუსი ავტორების წიგნებს და შვილების თანდასწრებით დავწვავ-მეთქი. ალბათ ჩავიტანდი კიდეც, სულ ბოლო წამს რომ არ გადამეფიქრებინა და მადლობა ღმერთს, რომ გადავიფიქრე. მერე გადავწყვიტე, რუსი მწერლების წიგნები რუსეთის საელჩოსთან მიმეტანა და უკან დამებრუნებინა მათთვის, რადგან მილან კუნდერა გამახსენდა იმ დღეებში.

რუსეთის საელჩოსთან მივედი კიდეც, მაგრამ ხალხი უნიტაზებით დამხვდა შენობის წინ და წიგნების დაბრუნებაც გადავიფიქრე.

გასული წელი საშინლად მახსენდება. იმ საშინელი და მწარე გაკვეთილებიდან თუ სწორ დასკვნებს გავაკეთებთ, მაშინ ეს განსაცდელი კარგი გამოცდილება იქნება ჩვენთვის. ხოლო თუ წელსაც სხვაგან დავიწყებთ ჩვენი პრობლემების მიზეზების ძებნას, თავისუფლების შანსებს ისევე გაგვიქრობს ისტორია, როგორც ეს ფურცელი გადაშალეს ჩემმა შვილებმა”.




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?