წყვილები. ჯულიეტა მაზინა და ფედერიკო ფელინი
პატარა ჯულიეტა მისი შთაგონების წყარო იყო

"რომ არა ფელინი, ჩემი თავი არასოდეს მეყვარებოდა. მე ხომ ერთი პატარა მრგვალი სახე და ჯაგარივით თმა მაქვს", - წერდა ჯულიეტა მაზინა თავის მოგონებებში. ფელინი კი ამბობდა: "მე ვმუშაობ კინოში იმიტომ, რომ ეს მთელი ცხოვრებაა, ცხოვრების ულამაზესი ყვავილი კი, ჩემი ცოლია - ჯულიეტა მაზინა." ფელინის გენიალურობას ყველა აღიარებდა, მან ხომ კინოს სამაროში "ფელინიზაცია" მოახდინა, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რა იქნებოდა მისი შემოქმედება, ჯულიეტა რომ არ ყოფილიყო.
ფელინი ამას არც მალავდა და სახალხოდ აცხადებდა: "ჯულიეტა ჩემი ბეატრიჩეა!"

მართლაც, რეჟისორს ყველაზე ცნობილი და გახმაურებული ფილმები: "დედიკოს ბიჭები", "გზა", "ტკბილი ცხოვრება", "კაბირიას ღამეები", "კაზანოვა", "რვანახევარი", "ამარკორდი", "რომი", "ჯინჯერი და ფრედი" - ჯულიეტას სიყვარულმა გადააღებინა.

ტონინო გუერა იხსენებდა: "სიკვდილამდე ორი დღით ადრე ფედერიკომ მითხრა, -
როგორ მინდა, კიდევ ერთხელ შევიყვაროო! სიყვარული ცხოვრებაში ხომ ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლავი რამაა, შემოქმედისთვის კი - შთაგონების წყარო... როცა გიყვარს, შენ უბრალოდ ადამიანი კი აღარა ხარ, არამედ თითქოს სურნელებად იქცევი, ჰაერში ლივლივებ. სწორედ ეს განცდაა ცხოვრებაში მთავარი. ფელინი ამ გრძნობით აღსავსე იყო და ამაში დიდი დამსახურება სწორედ მის ცოლს მიუძღვოდა."

როცა ფელინიმ ფილმი "გზა" დაასრულა და "ოსკარიც" მიიღო, მაზინა იხსენებდა: "მეგონა, "გზისთვის" სრულიად შემცვლიდა, გრეტა გარბოს ან კეტრინ ჰეპბერნს დამამასგავსებდა, მან კი ჩემი სახე კიდევ უფრო დაამრგვალა, თმა კი - უფრო უხეში გახადა". ამაზე  ფელინიმ ცოლს განუცხადა: "მე კიდევ უფრო მაცდური გაგხადე, ვიდრე მერლინ მონროა". ჯელსომინას როლის შემსრულებელ მაზინას ჩარლი ჩაპლინსაც ადარებდნენ, რაც მთავარია, მისი გენიალური მეუღლე შეუდარებლად მიიჩნევდა.

მათ ერთმანეთი 1943 წელს გაიცნეს. ფელინი 23 წლის იყო, მაზინა - 2 წლით უმცროსი. ფელინიმ გოგონას ხმა საკვირაო რადიოსერიალში "ჩიკო და პოლინა" მოისმინა. სცენარის ტექსტი თავად ფედერიკოს ეკუთვნოდა, მაგრამ ვინ კითხულობდა, არ იცოდა. დაინტერესდა მისით, გაიცნო, მაგრამ პირველი ნახვით განხიბლული დარჩა. სამაგიეროდ, როცა დაუახლოვდნენ, მიხვდნენ, რომ ერთად უნდა ყოფილიყვნენ. მოგვიანებით მაზინა იხსენებდა: "მე და ფედერიკოს ვერ დაგვარქმევენ ოჯახს, არც მემკვიდრე, არც ახლო ნათესავი... ჩვენ უფრო წყვილი ვართ, ორი ადამიანი, რომელიც ურთიერთშეთანხმებულად ერთად ცხოვრობს. თუმცა განვსხვავდებით კიდეც: მე ლაპარაკი მიყვარს, ის - სიტყვაძუნწია. მე მოგზაურობა მიყვარს, ის - ვერ იტანს. მე მუსიკას სიამოვნებით ვუსმენ, მას  კითხვა ურჩევნია. ხშირად მეკითხებიან, - როგორ ცხოვრობ გენიოსთან ერთად, რთული არ არისო? მე ვპასუხობ: სულელთან ცხოვრება უფრო გამიჭირდებოდა-მეთქი".

ისინი გაცნობიდან რამდენიმე თვეში, 30 ოქტომბერს დაქორწინდნენ. ფელინი თავის მოგონებების წიგნში "მე ვიხსენებ", ჯულიეტაზე წერდა: "ის იყო პატარა და უმწეო, ნაზი და უმანკო, ერთი სიტყვით, ძალიან კარგი. მუდამ მზრუნველობას მოითხოვდა და მეც არ ვაკლებდი. მის თვალებში ჩემი ანარეკლი მიყვარდა!"

წყვილის ურთიერთობა მართლაც საოცრად თბილი, მეგობრული და პარტნიორული იყო. მათი კავშირი იმის მერე უფრო გამტკიცდა, რაც ჯულიეტა კიბიდან ჩამოვარდა და მუცელი მოეშალა. მეორე ფეხმძიმობაც ტრაგიკულად დამთავრდა - ახალშობილმა მხოლოდ ორი კვირა იცოცხლა. ფელინი წერდა: "დაღუპულმა ბავშვმა უფრო მეტად დაგვაკავშირა, ვიდრე ამას ცოცხალი ბავშვები შეძლებდნენ. თუ უშვილო ოჯახი არ ინგრევა, ეს იმას ნიშნავს, რომ კავშირი მტკიცეა და მეუღლეებს ერთმანეთი ეიმედებათ.

რეჟისორს ძალიან უყვარდა ცოლის მოხარშული მაკარონი, - "მხოლოდ ჯულიეტამ იცის მისი ასე გემრიელად მომზადება. მიირთმევ მთელ თეფშს და ძილს მიეცემი" - ამბობდა ფელინი.

ცნობილია, რომ ფედერიკო ფელინი ქალებთან ურთიერთობისას ყოველთვის მორცხვი იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდა: არ მინდა ისეთი ქალი, ვისაც დიდებული საყვარლები ჰყავდა, რადგან ყოველთვის შედარებებს დაიწყებენ და არა მგონია, კონკურენციას გავუძლოო.

KvirisPalitra.Ge"ყოველთვის აღმაგზნებდა მშვენიერი სანახაობა - როცა ქალი ზის და საჭმელს გემრიელად შეექცევა. დარწმუნებული ვარ, ქალს, რომელსაც ჭამა უყვარს, შეუძლებელია არ უყვარდეს სექსი. ასეთი ქალი კი მამაკაცისთვის განსაკუთღებით მიმზიდველი და ამაღელვებელია. შესაძლოა, ამიტომაც მაინტერესებს ტანსრული ქალები", - წერდა ფელინი თავის მემუარებში...

და მართლაც, მის ფილმებში ასეთი ქალები სჭარბობენ, თუ არ ჩავთვლით პატარა ტანის ჯულიეტა მაზინას. მათ ერთად 50 წელი იცხოვრეს, ბავშვების ნაცვლად კი ფილმები ჰქონდათ საერთო.

1993 წლის 3 აგვისტოს ფელინის ინსულტი დაემართა. ექიმები დიდხანს იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ - 31 ოქტომბერს დიდი მაესტრო გარდაიცვალა. "მე მინდა მასთან წავიდე", - თქვა ჯულიეტამ ქმრის ცხედართან და 5 თვეში მართლაც წავიდა...

ფელინის გარდაცვალებისთანავე გავარდა ხმები მისი ორმაგი ცხოვრების შესახებ. გაირკვა, რომ რეჟისორს ჰყავდა მეორე ქალი - ანა ჯოვანინი, იდუმალი საყვარელი, მთელი 36 წლის განმავლობაში! ლამაზი და ტანსრული აფთიაქარი ზუსტად ისეთი იყო, როგორსაც წარმოსახავდა ფელინი თავის ფილმებში. იგი საყვარელს მეტსახელად "პაჩოკას", ანუ "ფუნთუშას" ეძახდა. ფელინიმ მას სამსახური დაატოვებინა, რათა სრულ განკარგულებაში ჰყოლოდა. პირველსავე მოთხოვნაზე ანა ფელინთან ჩნდებოდა... ალბათ, გენიოსებს ესეც ეპატიებათ... ფედერიკო ფელინის ცხოვრება უყვარდა თავისი ტკბილ-მწარე ბადაგით, მისთვის ცხოვრება ყველანაირი გძნობითა და ემოციით იყო აღსავსე. მისი ნამდვილი მეწყვილე კი პატარა ტანისა და ბავშვური სახის ჯულიეტა მაზინა გახლდათ.

(სპეციალურად საიტისათვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები