"ყველა დაავიწყა - ქმარიც და ადრინდელი საყვარლებიც. მარლენი ასე აღფრთოვანებული არასოდეს ყოფილა!" - კვირის პალიტრა

"ყველა დაავიწყა - ქმარიც და ადრინდელი საყვარლებიც. მარლენი ასე აღფრთოვანებული არასოდეს ყოფილა!"

"გაბენი საკმაოდ ეჭვიანი იყო, ამის გამო ხშირად მოსდიოდათ ჩხუბი, რომლის დროსაც შეეძლო საყვარელი ქალისთვის დაერტყა კიდეც"

არაორდინარული ქალი და მამაკაცი იმისათვის, რომ ისტორიას რომანტიკულ წყვილად შემორჩე, სულაც არაა საჭირო ოფიციალური ქორწინება. არაორდინარული ქალი და მამაკაცი, რომლებსაც თავის დროზე დიდი გრძნობით უყვარდათ ერთმანეთი, რომლებმაც საზოგადოების ყურადღება მიიქციეს, უკვე საინტერესო წყვილია.  კინოკრიტიკოსებმა მათ ურთიერთობას მგზნებარე რომანი უწოდეს, თითოეულს ცალ-ცალკე კი, ადამიანი-ლეგენდა.

მარლენ დიტრიხი 1901 წელს დაიბადა. პატარაობიდანვე თავისებური ხასიათი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად სწავლობდა, სასწავლებელი სიმწიფის ატესტატის აღებამდე მიატოვა. მარლენი მხოლოდ ორ რამეს აღმერთებდა - კინოს და მუსიკას. იმდენად უნდოდა კინოსამყაროში გზის გაკაფვა, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში ცნობილი ვარსკვლავის, ჰენრი პორტერის მისამართი გაიგო, მის ფანჯრებთან ყოველ საღამოს მიდიოდა და ვიოლინოზე სერენადებს უკრავდა, მღეროდა და პატარ-პატარა წარმოდგენებს უწყობდა. მერე თეატრში მოეწყო, სადაც ეპიზოდურ როლებს აძლევდნენ.

ლამაზი გარეგნობა ჰქონდა, ქუჩაში გასულს ყველა თვალს აყოლებდა. სარეკლამო აგენტებს იგი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და ქალის გრძელი წინდების რეკლამაში მიიწვიეს. უცებ გავარდა ჭორი, - მისი ფეხები მილიონ დოლარადაა დაზღვეულიო. მალე ცოლად გაჰყვა რუდოლფ ზიბერს და მისგან ქალიშვილი გააჩინა. დიტრიხისათვის ქორწინებასა და ქმარს ხელი არ შეუშლია, ჰყოლოდა საყვარლები, რომელთა შორის ჟან გაბენს ყველაზე დიდი ადგილი ეჭირა. მისი სიმღერები უკვე ყველგან ისმოდა, ყველას მოსწონდა... უფრო და უფრო  მკაფიოდ იკვეთებოდა ცის კაბადონზე ახალი ვარსკვლავი - მარლენ დიტრიხი.

როცა მომღერალმა ცნობილი რეჟისორი შტერნბერგი შემთხვევით გაიცნო კაფეში, მის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო. "ცისფერმა ანგელოზმა" ისეთი გამაოგნებელი წარმატება მოუტანა მარლენსა და რეჟისორს, რომელსაც გადამღები ჯგუფი არც კი მოელოდა. ამის მერე მარლენ დიტრიხი თავისუფლად ჩნდება საზოგადოებაში ფრაკითა და ბინოკლით ხელში. სულაც არ აწუხებს მითქმა-მოთქმა, რომ მას ბისექსუალად მიიჩნევენ. წარმატებამ მას თავბრუ არ დაახვია. ისე იქცეოდა, თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილყო. ამერიკულმა ფილმმა "მაროკომ" უდიდესი შემოსავალი მოუტანა და მარლენმა ჰოლივუდში მდიდრული ვილა იყიდა, რომელსაც შიგნიდან მისი საყვარელი თეთრი ბეწვი ჰქონდა გამოკრული.

მარლენს ჩვევად ჰქონდა, - წელიწადში ერთხელ ევლოპაში ემოგზაურა.  პირველი მოგზაურობის დროს მან ერიჰ-მარია რემარკი გაიცნო. მისი და დიდი მწერლის ურთიერთობა მალე გახმაურდა კიდეც, მაგრამ აი, დადგა  მეორე მოგზაურობის დრო და მის ცხოვრებაში ჟან გაბენი გამოჩნდა! გაბენმა ყველა დაავიწყა, ქმარიც და ადრინდელი საყვარლებიც. მარლენი ასე აღფრთოვანებული არასოდეს ყოფილა! ის აღიარებდა, რომ ჟანი მისი ერთადერთი და განუმეორებელი სიყვარული იყო. ისინი სიყვარულის ზღვაში იყვნენ ჩაძირულები და ეგონათ სულ ასე გაგრძელდებოდა...

მარლენს ერთხელ თავის მეგობართან წამოსცდა, - ეს გრძნობა სიგიჟის ზღვართან მიმიყვანს, რომლისთვისაც ყველაფერს გავიღებო. ასე თბილი, დამყოლი და ალერსიანი იგი არავისთან ყოფილა. გაბენს კი მძიმე ხასიათი ჰქონდა, ეჭვიანიც იყო. მას ხომ ამქვეყნად ყველაზე სექსუალური, ყველასთვის სასურველი ქალი უყვარდა, მარლენს თვით ჰიტლერიც კი ეტრფოდა და გერმანიაში ჩასვლის სანაცვლოდ დიდძალ ფულს სთავაზობდა, რაზედაც ქალი მუდამ უარზე იდგა. მან ამერიკის მოქალაქეობა მიიღო, რათა ფაშისტურ გერმანიაში ჩასვლა არავის დაეძალებინა.

ჟანსაც უგონოდ უყვარდა მარლენი, ევედრებოდა, ცოლად გაჰყოლოდა, მისგან შვილები უნდოდა. ქალი კი რატომღაც აჭიანურებდა ქორწინებას. მარლენს  ეგონა, როცა მოისურვებდა, გაბენი ყოველთვის მზად იქნებოდა ამისათვის. მარლენს არ უყვარდა სამზარეულოში ყოფნა, მისთვის მუდამ სხვა ამზადებდა საჭმელს, ახლა კი სიამოვმებით ფუსფუსებდა ჟანისთვის და ათასნაირ ნუგბარს უმზადებდა გურმან ფრანგს.

KvirisPalitra.Geმათი იდილია ომმა დაარღვია. გაბენი ფრონტზე წავიდა. მოგვიანებით მის გზას მარლენიც დაადგა და ტყვიების ზუზუნსაც არ მოერიდა, ისე მივიდა ბრძოლის ველზე. გაბენი გაოგნებული იყო...

მაგრამ ქალი კვლავინდებურად ზიბერის ცოლად რჩებოდა. შეყვარებულებს ფული შემოლეოდათ, ჯერ განქორწინებისთვის და შემდეგ ქორწინებისთვის თანხები სჭირდებოდათ, რათა დიდხანს უზრუნველად ეგრძნოთ თავი. მარლენმა როგორც კი ნიუ-იორკში გადაღებებზე მიწვევა მიიღო, არც დაფიქრებულა, ისე გაემგზავრა ამერიკაში. მან დროებით დატოვა გაბენი იმ იმედით, რომ მალე სულ ერთად იქნებოდნენ.

როგორც აღვნიშნეთ, გაბენი საკმაოდ ეჭვიანი იყო, ამის გამო ხშირად მოსდიოდათ ჩხუბი, რომლის დროსაც შეეძლო საყვარელი ქალისთვის დაერტყა კიდეც. რამდენიმე შემთხვევის შემდეგ მარლენმა გადაწყვიტა, - კრივი ესწავლა! მან ჰემინგუეისგან ისწავლა რამდენიმე ილეთი და წარმატებით იგერიებდა გაბენის შემოტევებს. ორჯერ საქმრო ნოკაუტშიც კი "გაისტუმრა", თუმცა ეს მათი გრძნობის განელებას სულაც არ ნიშნავდა, ჟანი ძალიან გაბრაზდა, როცა გაიგო, რომ მარლენი მის დაუკითახავად გაემგზავრა ამერიკაში. მან არ აპატია მარლენს და შურისძიების მიზნით მალევე დაქორწინდა 18 წლის მანეკენ გოგონაზე, რომელმაც მას სამი შვილი აჩუქა. მარლენი გაბენის ნაბიჯმა შოკში ჩააგდო, ვერა და ვერ იჯერებდა, რომ ჟანმა უღალატა და მათ შორის ყველაფერი დასრულდა...

ჟან გაბენის ნამდვილი სახელი და გვარი ჟან-ალექსის მონკორჟე გახლდათ. საფრანგეთსა და ჰოლივუდში მცირეხნიანი სამსახიობო საქმიანობის შემდეგ გადაწყვიტა სამხედრო სამსახურში შესულიყო. იგი გენერალ დე გოლის განმათავისუფლებელ არმიას შეუერთდა, მედალი და ორდენიც დაიმსახურა, შემდეგ კი მოკავშირეებთან ერთად ჩრდილოეთ აფრიკაში საბრძოლველად გაემგზავრა. იქიდან გამარჯვებული დაბრუნდა... ჟურნალისტების მიერ შემონახულია ფირი, როცა იგი ფრანგულ არმიასთან ერთად პარიზში ტრიუმფით შემოდის. მარლენი მას მოუთმენლად ელის და როგორც კი თვალს მოჰკრავს ტანკზე შემომჯდარ ჟანს, მისკენ გზას მიიკვლევს... გაბენმა დიტრიხს საბოლოოდ მაინც მოუჭრა მასთან მისასვლელი გზა. ქალი კი დიდხანს ჯიუტად ცდილობდა მის დაბრუნებას; საკმარისი იყო, სადმე ჟან გაბენის მონაწილეობით გადაღებული ფილმების ჩვენება გამართულიყო, მარლენიც წამსვე იქ ჩნდებოდა. გაიგო თუ არა, რომ გაბენმა ნორმანდიაში საფლავისათვის ადგილი შეიძინა, მანაც მეზობლად ნაკვეთი იყიდა... თავის დროზე ჟანმა იგი სმას მიაჩვია. გაბენთან დაშორების შემდეგ კი სასმელს უფრო მიეძალა. სცენაზე ვერ გადიოდა, ორი-სამი ჭიქა რომ არ დაელია. განსაკუთრებით ვისკი უყვარდა. ერთხელ იმდენი დალია, რომ ორკესტრთან ჩავარდა და ხელი მოიტეხა; მიუხედავად ამისა, სცენაზე მაინც დაბრუნდა და იმღერა.

ჟან გაბენი დიტრიხზე გაცილებით ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან, 1976 წელს. მისი სიკვდილი მარლენისათვის დიდი ელდა აღმოჩნდა. იგი კარგა ხანს იყო ფარდებჩამოშვებულ სახლში ჩაკეტილი, ერთი თვე ფანჯრიდანაც კი არ გადაუხედავს. სიცოცხლის ბოლო წლები მარლენ დიტრიხმა მარტოობაში გაატარა. მსახიობი 1992 წლის 6 მაისს გარდაიცვალა, როცა კანში ფესტივალი იხსნებოდა. მარლენის ცხედარს ჯერ საფრანგეთის დროშა გადააფარეს, მერე ამერიკის და ბერლინში ისე გააგზავნეს. იქ კი უკვე გერმანული დროშის ქვეშ მიაბარეს მშობლიურ მიწას. მისი სიკვდილის მერე იპოვეს ჩანაწერების რვეული, სადაც ეწერა: "ვუძღვნი ჩემს დიდსა და ჭეშმარიტ სიყვარულს - ჟანს!"

(სპეციალურად საიტისთვის)