მათი სიყვარული ხანძარს ჰგავდა... - კვირის პალიტრა

მათი სიყვარული ხანძარს ჰგავდა...

წყვილები. ვივიენ ლი და ლოურენს ოლივიე

მარგარეტ მიტჩელის რომანს ამერიკელები უკვე ეროვნულ საგანძურად მიიჩნევდნენ, როცა ელვისუსწრაფესად გავრცელდა ამბავი მისი ეკრანიზაციის შესახებ. მთელი ამერიკა მოუთმენლად ელოდა, ვის დაამტკიცებდნენ სკარლეტ ო’ჰარას როლზე. 1500-მდე მსახიობი იღებდა მონაწილეობას შესარჩევ ტურში, მათ შორის იყვნენ ცნობილებიც, მაგრამ რეჟისორს, ჯორჯ კიუკორს, არავინ მოსწონდა. ისინი გარეგნობით ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ, მაგრამ სკარლეტის "ცეცხლი" აკლდათ. მალე რეჟისორს პროდიუსერმა ინგლისელი მსახიობის კანდიდატურა შესთავაზა. ჯორჯ კიუკორმა ინგლისელი ლედის შესრულებით რამდენიმე ფილმი ნახა და მოიხიბლა. გადაწყდა - სცარლეტ ო’ჰარას როლს ვივიენ ლი ითამაშებდა.

ამერიკელები ბობოქრობდნენ, - "განა, ჩვენ დაგველია ნიჭიერი და მშვენიერი მსახიობები?" - მაგრამ დასრულდა ფილმის გადაღება და ვივიენი ამერიკელთა კერპი გახდა. ვინც მას კარგად იცნობდა, ამბობდნენ, რომ იგი საოცრად ჰგავდა სკარლეტს. ფილმმა 10 ოსკარი აიღო, მათ შორის იყო ჯილდო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვისაც.

ვივიენ მერი ჰარტლი 1913 წლის 5 ნოემბერს დაიბადა, ინდოეთის შტატ დარჯილინგში. მამამისი ერნესტ ჰარტლი ინგლისური წარმოშობის ინდური კავალერიის ოფიცერი იყო. დედა - ჰერტრუდა ირლანდიელი გახლდათ. ვივიენი პატარაობიდანვე ამჟღავნებდა მხატვრული კითხვის ნიჭს. იგი ოჯახში ერთადერთი ბავშვი იყო და მის განათლებაზე მშობლები გადამეტებულადაც კი ზრუნავდნენ. 7 წლის გოგონა აღსაზრდელად მიაბარეს ინგლისის წმინდა გულის მონასტერში. ამის შემდგომ ვივიენმა KvirisPalitra.Geსწავლა ლონდონის დრამატული ხელოვნების აკადემიაში განაგრძო. აი, ერთი ეპიზოდი აკადემიაში სწავლებისას, სადაც კარგად ჩანს მისი ხასიათი, მიზანსწრაფულობა, რაც ასე დიდი დოზით გააჩნდა ლიტერატურულ გმირს, სკარლეტს:

აკადემიის ეზოში მეგობართან სეირნობისას ვივიენი მეგობართან ერთად მონუსხული შესცქერის მხედრების ვარჯიშს. ერთ-ერთი, ყველაზე წარმოსადეგი მხედარი უახლოვდება მათ, ორივეს თავაზიანად ესალმება და შემდეგ მის მეგობართან აბამს საუბარს... დამშვიდობების შემდეგ აღტაცებული ვივიენი ეკითხება მეგობარს:

- ვინ არის ეს წარმოსადეგი ჯენტლმენი?

- როგორ მოგწონს? ლამაზია, არა? - კითხვაზე კითხვით პასუხობს ქალიშვილი.

- ნამდვილი ინგლისელია, მე მას ცოლად გავყვები! - ამბობს ვივიენი.

- კი, მაგრამ ის ხომ ჩემი საქმროა? - გაკვირვებისგან თვალები უფართოვდება მეგობარს. ვივიენი კი ჯიუტად პასუხობს:

- ეგ არაფერი, ის ხომ ჯერ არ მიცნობს!

და მართლაც, ის წარმოსადეგი ჯენტლმენი ადვოკატი ჰერბერტ ლი ჰოლმანი აღმოჩნდა, რომელსაც უსაზღვროდ შეუყვარდა ვივიენი და ცოლადაც შეირთო. პედანტი ჰოლმანი ცოლზე 13 წლით უფროსი იყო და გულზე სულაც არ ეხატებოდა ცოლის სამსახიობო კარიერა.

...ვივიენს რთული მშობიარობა ჰქონდა, გააჩინა გოგონა, მთელი სამი კვირა საავადმყოფოში იწვა, იქიდან გამოსულმა კი დედას უთხრა: "მეტს აღარასოდეს გავაჩენ!" ჰოლმანი ცოლს უშლიდა თეატრში სიარულს, მისგან სრულ მორჩილებას მოითხოვდა. ვივიენს კი არათუ დიდი და კომფორტული სახლი, მთელი მსოფლიო ეპატარავებოდა. მისთვის უცხო იყო ვინმეს მორჩილება, თუნდაც ის ქმარი ყოფილიყო. იგი ჯიუტად დადიოდა თეატრში, სანამ სპექტაკლ "სათნოების ნიღაბში" პირველი სერიოზული როლი არ მიიღო.

წარმატებულ სპექტაკლს დაესწრო უკვე ცნობილი ინგლისელი მსახიობი, ლოურენს ოლივიე. იგი შექსპირის გმირების - ოტელოს, ჰენრი მეხუთეს, რიჩარდ მესამეს, მეფე ლირის უბადლო შემსრულებელი გახლდათ. ისიც აღფრთოვანდა ლამაზი და ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობის თამაშით და სპექტაკლის შემდეგ გულწრფელად მიულოცა წარმატება. მალე მათ ფილმში "ხანძარი ლონდონის თავზე" მიიღეს როლები, სადაც საყვარლებს თამაშობდნენ. გადაღების დროს მათ შორის რომანი მართლაც ხანძარივით აგიზგიზდა. ერთად უნდოდათ ყოფნა, მაგრამ არც ოლივიეს ცოლი და არც ვივიენის ქმარი არ იყვნენ განქორწინებაზე თანახმა. ისინი წამოვიდნენ ოჯახებიდან და ერთად დაიწყეს ცხოვრება. როდესაც ერთის ქმარიც და მეორის ცოლიც მიხვდნენ, რომ ძალით ვეღარ შეინარჩუნებდნენ ოჯახებს, განქორწინაზე თანხმობა მისცეს.

შეყვარებულმა წყვილმა 1940 წლის 30 აგვისტოს იქორწინა სანტა-ბარბარაში. ამის შემდგომ მათ ერთად ითამაშეს ფილმში "ლედი ჰამილტონი", რომელმაც კინოკრიტიკოსთა დადებითი შეფასებები და მაყურებელთა დიდი სიმპათია დაიმსახურა. ამ ფილმის დახურული ჩვენება მოაწყო უინსტონ ჩერჩილმა. ჩვენებას რუზველტიც ესწრებოდა. ვივიენი და ოლივიე ჩერჩილის უსაყვარლესი მსახიობები გახდნენ და მათ მუდამ ეპატიჟებოდა სადილზე.

KvirisPalitra.Ge1947 წელს ოლივიეს რაინდის წოდებაზე წარადგინეს. ვივიენი თან ახლდა მას ბუკინგემის სასახლეში და მას შემდეგ ვივიენს მათი განქორწინების მიუხედავად ლედი ოლივიედ მოიხსენიებდნენ.

ჯერ კიდევ 1945 წელს ვივიენს ტუბერკულოზი აღმოუჩინეს. ავადმყოფობამ მის ფსიქიკაზე იმოქმედა. დაეწყო ფსიქიური შეტევები, რომლის დროსაც ვივიენი ქმარს მუშტებით ესხმოდა თავს, მერე კი აღარაფერი ახსოვდა. ხანდახან საქმე ელექტროშოკამდეც მიდიოდა. ცოლის ერთ-ერთი თავდასხმის დროს ოლივიეს ნერვებმა უმტყუნა, ძირს დავარდა და პატარა ბავშვივით ატირდა... ვივიენი ორსულად იყო და მიუხედავდ პირველი მძიმე მშობიარობისა, მაინც აპირებდა ბავშვის გაჩენას, მაგრამ მუცელი მოეშალა, რამაც დეპრესიაში ჩააგდო.

როცა ვივიენს 45 წელი შეუსრულდა, ლოურენსმა ცოლს ძვირადღირებული როლს-როისი აჩუქა და გამოუცხადა, - გეყრებიო.

ვივიენმა მძიმედ გადაიტანა განშორება, მაგრამ არასდროს არავის აძლევდა უფლებას, ლოურენსზე აუგი ეთქვა. ახალ სასიყვარულო თავგადასავალზე აღარც უფიქრია. ვივიენს სიცოცხლის ბოლომდე მხოლოდ ერთი კაცი - ლოურენს ოლივიე უყვარდა.

1967 წლის 7 ივლისს გარდაიცვალა მეოცე საუკუნის უდიდესი მსახიობი, მარტოობაში. იგი საწოლიდან იატაკზე გადმოვარდნილი იპოვეს. ვივიენის სიკვდილის შემდეგ დადგინდა, რომ ექიმები ტუბერკულოზის მკურნალობის დროს ისეთ პრეპარატს უნიშნავდნენ, რომელიც ფსიქიკურ დარღვევბს იწვევდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვივიენის შემდეგ ლოურენსმა კიდევ შექმნა ოჯახი, იგი არ მალავდა, რომ სამ ოფიციალური მეუღლეთაგან (პირველი ჯილ ესმონდ მური გახლდათ, მეორე ვივიენ ლი, მესამე კი - ჯოან პლოურაიტი) ყველაზე დიდი და მგზნებარე სიყვარული ვივიენთან აკავშირებდა. ოლივიემ სიცოცხლეშივე შექმნა თავისი საფლავის ეპიტაფია - "ის იყო მაგარი!" ლონდონის დიდი ეროვნული თეატრი მის ახელს ატარებს.

ვივიენ ლი და ლოურენს ოლივიეს წყვილი, მიუხედავად დაშორებისა, დღემდე ერთ-ერთ რომანტიკულ და ლამაზ წყვილად რჩება კინოსამყაროში.

 (სპეციალურად საიტისათვის)