წყვილები. ლანა ღოღობერიძე და ლადო ალექსი-მესხიშვილი
ყოვლის მომცველი და საკვირველი სიყვარული  

"არსებობს სიყვარული, რომელიც დიდი ტკივილია მაშინაც კი, როცა იგი ორმხრივია," - მითხრა ლანა ღოღობერიძემ. იგი რეჟისორია ბევრი ფილმისა, რომელიც მაყურებელმა ეკრანზე გამოსვლისთანავე შეიყვარა: "ერთი ცის ქვეშ", "მე ვხედავ მზეს", "როცა აყვავდა ნუში", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე"" დღეს ღამე უთენებია", "აურზაური სალხინეთში", "ორომტრიალი" და მრავალი სხვა... ტელეფონში კი წინდაწინ შევუთანხმდი, რომ საუბარი მის ფილმებზე კი არა, პირად ცხოვრებაზე უნდა ყოფილიყო. მაშინვე დამთანხმდა. ვერ ვიტყვი, რომ წარსულის გახსენება

გაუადვილდა-მეთქი. მოგონებები მისთვის ორივე ერთად იყო - ტკივილიც და ბედნიერებაც...

მან თავისი მეუღლე, ლადო ალექსი-მესხიშვილი ბაკურიანში გაიცნო. ლადო მაშინ უკვე ცოლშვილიანი იყო, ლანაზე 13 წლით უფროსი, ცნობილი არქიტექტორი, მრავალი საინტერესო შენობის ავტორი, მათ შორის სპორტის სასახლისაც. გამორჩეული გარეგნობისა გახლდათ, ამიტომ ქუჩაში გასული უმალ ხალხის ყურადღებას იპყრობდა.

მექალთანის სახელიც ჰქონდა. ხომ იცით, ჭორის აგორებას სულ მცირეოდენი სჭირდება ჩვენს პატარა ქალაქში?! ჰოდა, ბაკურიანამდე, როცა ლანამ თავის მეგობართან რუსთაველის გამზირზე სეირნობისას თვალი მოჰკრა ლადო ალექსი-მესხიშვილს, კარგა ხანს უკან სდია:

"ის უკვე საკმაოდ შეჭაღარავებული კაცი იყო, იღლიაში რამდენიმე უზარმაზარი პლანშეტი ჰქონდა ამოჩრილი, მოხდენილად ადგამდა ფეხებს, მოდიოდა საოცრად შეკრული, ამავე დროს თავისუფალი ნაბიჯებით. მისი სილამაზე, მიხრა-მოხრა, ზამბარასავით შეკრული ტანი ისეთ ენერგიას და სიცოცხლისადმი სწრაფვას ასხივებდა, რომ მე და გული (ლანას მეგობარი-ავტ.) სუნთქვაშეკრულნი დავედევნეთ და იქამდე ვდიეთ რუსთაველის ხალხით სავსე გამზირზე, ვიდრე მთელი ეს პლანშეტები ხელიდან არ დასცვივდა. გააფთრებულმა აქეთ-იქით მიმოიხედა, თითქოს დამნაშავეს ეძებსო, ჩვენ კი, გულგახეთქილები, ხეს ამოვეფარეთ და თან სიცილით ვიფხრიწებოდით, რადგან მართლაც დამნაშავედ მიგვაჩნდა თავი - ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ის ჩვენმა დაჟინებულმა მზერამ წააბორძიკა."

ამის მერე იყო ბაკურიანი. მაშინ ჯერ კიდევ კოხტაგორა არ ფუნქციონირებდა და ყველა შეჯიბრი ბაკურიანის ცენტრში, პარკში ტარდებოდა. მონაწილეები ერთმანეთში ირეოდნენ, ჯერ ბიჭები უნდა გამოსულიყვნენ, მერე - გოგონები. სამკერდე ნომრების დარიგების დრო რომ დადგა, გამოირკვა, რომ ნომრები ყველას არ ჰყოფნიდა. ამიტომ ისინი ჯერ ბიჭებს KvirisPalitra.Geდაურიგეს და მერე იმავე ნომრებით, კენჭისყრის პრინციპით, გოგონებს უნდა ეასპარეზათ. საოცარი დამთხვევა მოხდა! ლადოსაც მეცამეტე ნომერი შეხვდა და ლანასაც. ლადოს დაშვების დრო რომ დადგა, გოგონას ლამის გული გაუჩერდა, თვალს არ აშორებდა მოთხილამურეს. ლადო მსუბუქად და სწარაფად მოჰქროდა. გაიარა ერთი კარი, მეორე...…მეათე... უკვე ფინიშს უახლოვდებოდა, რომ ერთი თხილამური გაექცა, შეტორტმანდა, თავი ვერ შეიკავა და ხეს შეასკდა. ლანას სუნთქვა შეეკრა, ასე ეგონა, რაღაც დაიზიანა მოასპარეზემ, მაგრამ ლადო წამოდგა, გემრიელად გადაიხარხარა, ნომერი მოიხსნა და ლანას სიცილით უთხრა: იმედია, ეს რიცხვი თქვენთვის უფრო იღბლიანი იქნებაო. მერე თავისივე ხელით გაუკეთა ნომერი. იმ დღეს ლანამ მშვენივრად იასპარეზა და ქალთა შორის მეორე ადგილი დაიკავა. ის დღე იყო და ის დღე. როგორც ლანა ღოღობერიძე ამბობს: "20 წლის ასაკში თავს დამატყდა მთელი ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელი დიდი, ყოვლისმომცველი და საკვირველი გრძნობა."

ახლა, როცა მოგონებებით დაიხუნძლა მისი ყოველდღიურობა, ლანას დაუსრულებლად შეუძლია მეუღლეზე ილაპარაკოს:

- ის უკიდურესობების ადამიანი იყო. თუ უხაროდა, უხაროდა ისეთი თავდავიწყებული სიხარულით, რომ გარშემო ყველას სხივი ეფინებოდა, თუ დადარდიანდებოდა, მის გვერდით მყოფსაც გადაედებოდა მისი ნაღველი. შეეძლო რამდენიმე დღე და ღამე თავი არ აეღო და 2000 ესკიზი დაეხატა, ქეიფიც თავდავიწყებული იცოდა, თამადობაც, მაგრამ თუ მობეზრდებოდა. შეეძლო უცებ ამდგარიყო სუფრიდან და თამადობაც კი მიეტოვებინა. საერთოდ, ერთ ადგილას დიდხანს ვერ ძლებდა... ზღვაში რომ შევიდოდა, გამოსვლა აღარ იცოდა. ისე შორს მიცურავდა, ჰორიზონტზეც კი აღარ ჩანდა ხოლმე. ზამთარი ისე არ გავიდოდა, ბაკურიანში არ წასულიყო. მთიდან დაშვებისას თხილამურებით ზედიზედ რამდენიმე სალტოს აკეთებდა - სპორტის ეს უძნელესი სახეობა სულ რამდენიმე წლის წინ გავრცელდა მსოფლიოში. დილას 6 საათზე დგებოდა, ჯერ კუს ტბაზე აირბენდა, იქიდან უძოზე აქანდებოდა და მერე კლდე-ღრეზე თავქვე დაეშვებოდა სირბილით, თან უსათუოდ მინდვრის ყვავილები, ზამთარში კი ნაირ-ნაირი ტოტები მოჰქონდა.  წლების განმავლობაში გვქონდა ურთიერთობა. რამდენჯერმე გადავწყვიტეთ, რომ უნდა დავშორებულიყავით - ამდენი ჭორი, ტყუილ-მართალი ერთმანეთში ირეოდა და ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენზე ძალიან მოქმედებდა. თანაც ვატყობდი, რომ ლადოსთვის არ იყო იოლი ოჯახიდან წამოსვლა. KvirisPalitra.Geარადა, მეც და მასაც გვიჭირდა ცალ-ცალკე ყოფნა. დაშორება იმასთან, ვინც შენი ცხოვრების ნაწილია, უსაშველოდ, აუტანლად მტკივნეულია. სიცოცხლე უცებ კარგავს აზრს, საშინელი სიცარიელე გეუფლება. ლადოს გარეშე ვიყავი გამომშრალი, როგორც წვიმას მოწყურებული მიწა... გადიოდა დრო და ჩვენ ისევ ვრიგდებოდით. ერთ-ერთი ხანგრძლივი დაშორების შემდეგ საბოლოოდ მივედით იმ დასვნამდე, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია, თავის მოტყუებას აზრი არ აქვს და ჩვენც შევუღლდით... მერე გაჩდნენ ქეთი და ნუცი.

- ლადო უამრავ დროს უთმობდა თავის პატარა შვილებს. დილაობით მთებში დაჰყავდა. 2-3 წლის ქეთის მხარზე გადაიკიდებდა ხურჯინივით და ისე აჰყავდა უძოზე. როცა ბავშვები წამოიზარდნენ, სიხარულით დაყვებოდნენ მამას. მე თუ გადაღება მქონდა, ლადოს მარტო მიჰყავდა ქეთი-ნუცა ზღვაზეც და მთაშიც. ვისაც ისინი ერთად უნახავს, ყველა აღტაცებული მიამბობდა, რა კარგი სანახავი იყო - კოხტაგორიდან როგორ მოქროდა   სპორტული აღნაგობის კაცი და მას უკან როგორ მოსდევდნენ კვიცებივით პატარა გოგოები; ან ზღვაში როგორ მიაპობდა სამივე ერთად ლურჯ ტალღებს... ვინ იცის, იქნებ ლადო გრძნობდა, რომ განგების ძალით, სულ ცოტა დრო რჩებოდა ბავშვებთან ურთიერთობისთვის და მისი KvirisPalitra.Geგანსაკუთრებული დამოკიდებულება თავისი უმცროსი შვილებისადმი ამითაც იყო განპირობებული. მძაფრად მგრძნობიარე ადამიანის წინათგრძნობა ხომ ერთ-ერთი ისეთივე აუხსნელი ფენომენია, როგორიც ბევრი სხვა რამ ჩვენს სამყაროში, - მითხრა დამშვიდობებისას ქალბატონმა ლანამ.

იგი, მიუხედავად ბევრი ტკივილისა, მაინც ბედნიერ ქალად თვლის თავს, რადგან იცის, რომ ისეთი სიყვარული, როგორიც მას და ლადო ალექსი-მესხიშვილს ჰქონდათ, ღვთით ბოძებული საჩუქარია.

(სპეციალურად საიტისათვის)

მემე
22 ნოემბერი 2015 20:00
რა ქალი ყოფილა :დ ცოლიან კაცთან ურთიერთობას ჰქვია მეძავობა.
realisti
30 მაისი 2011 08:30
ამ ადამიანზე გააკეტეთ სტატია,როგორი წვლილი მიუძღვის ეროვნული მთავრობის დამხობაში და სამოქალაქო ომის გაჩაღებაში,ეს ე.წ. "კიბეების ქალბატონი".საზოგადოებას ყველაფერი ახსოვს!?

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა