წყვილები. გიგა ლორთქიფანიძე და ქეთევან კიკნაძე. - კვირის პალიტრა

წყვილები. გიგა ლორთქიფანიძე და ქეთევან კიკნაძე.

გიგა ლორთქიფანიძე მაშინ უკვე თეატრალური ინსტიტუტის ლექტორი იყო, ქეთინო კიკნაძე კი, - მესამე კურსის სტუდენტი. გიგამ ის შემთხვევით დაინახა დერეფანში... დაინახა და მაშინვე ის გაიფიქრა, - ეს გოგო ჩემი ცოლი გახდებაო. არადა, 30 წლის გიგას მანამდე გატაცებაც მრავლად ჰქონდა და  რომანიც, თუმცა ასეთი რამ ფიქრად არც მოსვლია. ეს ალბათ უკვე ბედისწერა იყო, ერთ ნახევარს მეორეს რომ შეახვედრებს და ერთ მთლიანობად აქცევს...

 

ქეთინო ძალიან გამხდარი და მომხიბვლელი გოგონა იყო. ოცნებობდა, მსახიობი გამხდარიყო, დიდი მონდომებით სწავლობდა. გიგა მისი პარალელური ჯგუფის ხელმძღვანელი გახლდათ. იმ პირველი დანახვის მერე "პატივცემულ ლექტორს" ხშირად უხდებოდა ამ კაფანდარა გოგონას ნახვა, მაგრამ მერე და მერე მხოლოდ თვალის შევლება აღარ აკმაყოფილებდა რომანებით ცნობილ რეჟისორს. მას სტუდენტთან დალაპარაკება და დაახლოვება სწადდა... მალე საახალწლო კარნავალი მოაწყვეს სტუდენტებმა. ყველა მხიარულობდა, ქეთინო არ გაჩერებულა, ცეკვავდა და ცეკვავდა. ვინ აღარ იწვევდა მას საცეკვაოდ, სტუდენტი თუ ლექტორი, გიგა კი იდგა და ღიმილით შესცქეროდა პეპელასავით მოფარფატე გოგოს. ქეთინო ჩაუქროლებდა ახალგაზრდა, სიმპათიურ ლექტორს და თავისთვის გულში უკვირდა, - ნეტავ,  ეს კაცი რატომ მომჩერებია, რა სჭირსო? არადა, გიგას ახალგაზრდობაში უბედური შემთხვევისას დაკარგული ფეხის გამო, სად შეეძლო ამდენი ტრიალ-ბზრიალი.

KvirisPalitra.Geიმ პერიოდში ერთი უცნაური "ტრადიცია" იყო ინსტიტუტში - ლიფტით სარგებლობის უფლება მხოლოდ ლექტორებს ჰქონდათ, სტუდენტები კი ფეხით ადი-ჩამოდიოდნენ კიბეებზე. ერთხელაც, პირველ სართულზე პირისპირ შეეჩეხნენ ერთმანეთს ლექტორი და სტუდენტი. გიგას ბევრი არც უფიქრია და აქოშინებულ გოგონას (ეტყობა, ლექციაზე აგვიანდებოდა) უთხრა: ლიფტში გეპატიჟები, მე აგიყვან ზემოთო. აშკარად მრავლისმთქმელი შეთავაზება იყო და მიხვდა ქეთინო, რომ ეს მათი ურთიერთობის დასაწყისს ნიშნავდა. მერე კინოშიც დაპატიჟა გიგამ, მაგრამ დიდ-პატარისგან ქეთინოს გაგონილი ჰქონდა, - მისგან თავი შორს დაიჭირე, ბევრი ქალი ჰყავს ხაფანგში გაბმულიო. პირდაპირ ვერ სტკიცა უარი, მაგრამ მოიმიზეზა, - სამეცადინო მაქვსო. რამდენიმე დღის შემდეგ გიგამ მეგობრებთან ერთად დაპატიჟა გოგო. ამჯერად დასთანხმდა ქეთინო. ერთ გასეირნებას მეორე და მესამეც მოჰყვა... უკვე ორნი დადიოდნენ ერთად, საერთო ბევრი ჰქონდათ და ბევრსაც ლაპარაკობდნენ სპექტაკლებზე, პიესებზე, მსახიობებზე... მეხუთე შეხვედრაზე გიგამ პირდაპირ უთხრა, - ქეთინო, ამდენი სიარული არ შემიძლია, თუ მომყვები, დროზე გამომყევი ცოლადო…

ქეთინოსათვის ასეთი შემოთავაზება მოულოდნელი აღმოჩნდა, ცოტა არ იყოს დაიბნა კიდეც. ინსტიტუტში უკვე შემჩნეულები იყვნენ და წყვილადაც მოიაზრებოდნენ, მაგრამ ასე მალე მაინც არ ელოდა სტუდენტი გოგო  რეჟისორისგან ამ წინადადებას. ესღა მოახერხა, - ცოტა დამაცადეთ, მოვიფიქრებო. ისე ინერვიულა, სამი დღე შინიდან არ გამოსულა. არ იცოდა, რა პასუხი გაეცა გიგასთვის. ის მასზე 10 წლით უფროსი იყო, თანაც უკვე ცნობილი რეჟისორი, ქეთინოს კი ჯერ დამწყები მსახიობიც არ ერქვა. მართალია, გიგა გარეგნობით დასაწუნი არ იყო, მაგრამ გოგოს მისი გახმაურებული რომანები აფრთხობდა... ინსტიტიტში რომ მივიდა, გიგამ მაშინვე, - აბა, რა ქენი, მოიფიქრე თუ არაო, - აჯახა. ქეთინო გაწითლდა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა: "დიახ, გადავწყვიტე, თანახმა ვარ".

ქეთევან კიკნაძის მამა მაშინ რეპრესირებული იყო, დედამისი ბორჯომში ცხოვრობდა. ჩამოვიდა ქალიშვილის სანახავად და გიგამ იმ დღესვე დაუკრა თავი, - თქვენი შვილის ხელს გთხოვთო. ისე უცებ დაიწყო და განვითარდა მათი ურთიერთობა, ქეთინო თავბრუდახვეული იყო - არ იცოდა, სწორედ იქცეოდა თუ არა, მაგრამ შინაგანი ხმა კარნახობდა, რომ ამ კაცისთვის, რომელიც ასე უცებ შეიჭრა მის ცხოვრებაში, უარი არ უნდა ეთქვა.

დადგა ხელმოწერის დღეც. მმაჩის ბიუროში სიძე იდგა მოწმე-მეჯვარესთან ერთად და პატარძალს უცდიდა, ქეთინო კი იგვიანებდა.Mმსახიობი ლია კაპანაძე გულამოვარდნილი მივარდა ქეთინოსთან სახლში, რამე ხომ არ მოუვიდაო და რას ხედავს, პატარძალი საწოლში წევს, საბანი პირამდე აქვს დაფარებული და შეშინებული თვალებით იმზირება. - რა გჭირს, გოგოო, - შეჰყვირა ლიამ. - ვერ წამოვალ, მეშინია, ერთიანად ვკანკალებო, - მიუგო ქთინომ. სულ ძალისძალით წამოაგდო მეგობარმა შეშინებული პატარძალი, წინდაწინ შეკერილი კაბა ჩააცვა და ხელჩაკიდებული წაიყვანა. ამასობაში კი სიძე ნერვიულობისგან ბოლთას სცემდა, თან გულში ათას რამეს ფიქრობდა, - ახლა რომ ქეთინო არ მოვიდეს, ხომ ხალხის სამასხარაო გავხდებიო. მისი მეჯვარე პეტრე გრიზინსკი გახლდათ, გიგამ ისე უცებ გადაწყვიტა ცოლის მოყვანა, რომ პეტრემ ვერც მოასწრო ძმაკაცის საცოლის გაცნობა. მეგობარს ღიმილით ეკითხებოდა თურმე, -  ბიჭო, ვინაა ამისთანა, ამდენი ხალხი ფეხზე რომ დაგვაყენა და გვაცდევინებს, მე არ ვიცნობო? - არა, არ იცნობ, შენს ნაცნობ გოგოს ცოლად როგორ მოვიყვანო? - უპასუხნია გიგას. ამ დროს მივიდნენ კიდეც ქეთინო და ლია. ხელისმოწერა შედგა.

KvirisPalitra.Geიმ დღიდან 52 წელი გავიდა. მათი ოჯახი მტკიცე გამოდგა. იყო პატარ-პატარა უსიამოვნებები და პრობლემები, მაგრამ მათ ყველაფერს გაუძლეს. სამი ქალიშვილი შეეძინათ, ახლა უკვე შვილიშვილები და შვილთაშვილებიც ჰყავთ. გიგა კარგა ხანს ხუმრობდა, - სულ ქალები მახვევია თავს, კიდევ კარგი, სიძეები მაინც კაცები შემხვდნენო. კი ხუმრობდა, მაგრამ მის გულს მაინც ეთანაღრებოდა, რომ გვარის გამგრძელებელი არ ჰყავდა. ერთ-ერთმა სიძემ (უმცროსი ქალიშვილის ქმარმა) კი სიმამრს ასიამოვნა და თავის ბიჭს ბაბუის გვარი მისცა. ყველა შვილიშვილი ძალიან უყვარს გიგას, მაგრამ ის პატარა მოსახელე და მოგვარე სიცოცხლეს ურჩევნია.

ქალბატონი ქეთევანი ამბობს, - ხასიათის სიმძიმის მიუხედავად, გიგა ყოველთვის რომანტიკული და საინტერესო კაცი იყო, ამიტომაც წყენა დიდხანს არც მიმყვებოდაო. გიგა კი აღიარებს, რომ შეუღლებიდან მათი სიყვარული დღითიდღე იზრდებოდა და ახლა მას ცოლი უსაზღვროდ უყვარს, იმაზე მეტად, ვიდრე ახალგაზრდობაში.

- ადამიანები ბერდებიან, ნამდვილი სიყვარული კი - არა! - ასე სწამს რეჟისორს და თვლის, რომ უბედნიერესი კაცია.

(სპეციალურად საიტისათვისათვის)