წყვილები. ანი ჟირარდო და რენატო სალვატორი - კვირის პალიტრა

წყვილები. ანი ჟირარდო და რენატო სალვატორი

იგი თხემით ტერფამდე ფრანგი იყო - ხასიათით, გარეგნობითა და ჟესტებითაც კი. მხოლოდ მსოფლიოს მოდის დედაქალაქში გაზრდილს თუ შეუძლია, უკიდურესად დაღლილმა მაინც მოირგოს ლამაზი კაბა და მსუბუქი მაკიაჟის გარეშე უცხო თვალს არ დაენახოს. საოცარი ხიბლი ჰქონდა. იმდენად ლამაზი არ იყო, რამდენადაც თავისთავადი, ელეგანტური და მომხიბლავი.

ანი ჟირარდოს დედა მეან-გინეკოლოგი გახლდათ. პატარა ანის კარგად ახსოვს, ომის პერიოდში თითქმის ყოველ ღამე, როგორ აბრახუნებდნენ მათი სახლის კარზე და დედა სრულიად უცხო ადამიანებს სადღაც მიჰყავდათ. გოგონა ბრაზობდა, დღისით დედა სულ საავადმყოფოში იყო, ენატრებოდა მასთან ყოფნა, ღამეც აღარ აჩერებდნენ შინ. "რაღა მაინცდამაინც ღამით ეწყებათ ქალებს მშობიარობა", - ბუზღუნებდა თავისთვის. ომი დამთავრდა, გოგონაც გაიზარდა და მასაც მოუნდა ექიმობა. ოღონდ არა მეანობა, არამედ ქირურგობა. სკოლის დამთავრებისთანავე სამედიცინო სასწავლებელში განაგრძო სწავლა. დღისით ლექციებზე დადიოდა, ღამით კი სამშობიაროში მუშაობდა სანიტრად, თან ბებიაქალებს ეხმარებოდა.

ომის მერე მოდამ ისევ გაშალა ფრთები... ქუჩის სტელაჟებზე მოდის ჟურნალები გამოიფინა... ანი მიხვდა, მედიცინა არ იყო მისი საქმე. ბევრი არ უფიქრია და კონსერვატორიაში სამსახიობო ფაკულტეტზე შეიტანა განცხადება. თეატრალური ცხოვრება მოსწონდა. სტუდენტები მთელი დღე სწავლობდნენ, ერთობოდნენ და გათენებისას იშლებოდნენ, ისიც მხოლოდ სამიოდე საათით. მერე ისევ თავიდან იწყებოდა ყველაფერი და დაღლას ვერ გრძნობდნენ. პედაგოგებმა მაშინვე გამოარჩიეს ნიჭიერი სტუდენტი, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ანი კაბარეშიც ცეკვავდა "კანკანს" და მოდურ წინდებს უკეთებდა რეკლამას. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაშინვე მიიღეს პარიზის საუკეთესო თეატრ "კომედი ფრანსეზში". იმ პერიოდში სამ მამაკაცთან გააბა ფლირტი, მერე ერთ-ერთზე, რეჟისორ ნორბერ კარბონიზე დაინიშნა კიდეც, მაგრამ საქმე ქორწინებამდე აღარ მისულა. თეატრში ორი წელი იმუშავა. კიდევ რამდენიმე წელი რომ დარჩენილიყო, კლასიკოს მსახიობად აღიარებდნენ, მაგრამ ანი ჟირარდო ვერ ეგუებოდა დახურულ სივრცეს, მიაჩნდა, რომ რაც უნდა კარგი როლი მიეღო და ეთამაშა, მაინც ერთ ადგილს ტკეპნიდა. კინო იზიდავდა, გაშლილი სივრცე და ხმაურიანი ცხოვრება. ყველას გასაკვირად დაწერა განცხადება და იმ თეატრიდან, რომელზეც ყველა მსახიობი ოცნებობს, წამოვიდა.

ისე ჩქარობდა, თითქოს სადღაც ელოდნენ... მაგრამ, ეტყობა, ბედისწერა ამზადებდა იმ დიდი სიყვარულისთვის, რომელიც ანის ელოდა. მოულოდნელად დიდი იტალიელი რეჟისორი, ლუკინო ვისკონტი გაიცნო, რომელმაც ჯერ თავის სპექტაკლებში მიიწვია, მერე კი კინოსინჯებზე. რომში დედა აცილებდა ხოლმე. მაშინ ვერც ერთი ვერ იფიქრებდა, რომ მალე ანის რომი ისე შეუყვარდებოდა, რომ პარიზს დიდი ხნით დატოვებდა. მოგვიანებით ანი ჟირარდო იტყვის: პარიზის ღალატი მხოლოდ რომთან შეიძლებაო.

ფილმ "როკო და მისი ძმების" გადაღებისას გაიცნო ორი მიმზიდველი მამაკაცი. ერთი ფრანგი იყო და ძალიან ლამაზი, მეორე იტალიელი, ბრგე და მუდამ საჩხუბრად გამზადებული. ანი ზეიმობდა. როგორც იქნა, ეღირსა ის როლი, რომელიც მის ხასიათთანაც ახლოს იყო და კინოსამყაროშიც გზას უხსნიდა. ეს გახლდათ მეძავი ნადიას როლი. გვერდს კი უმშვენებდნენ ალენ დელონი და რენატო სალვატორი. ძალიან მალე დაუახლოვდნენ ანი და რენატო ერთმანეთს, ცოტა ხანში სცენარის მიხედვით დაწერილმა რომანმა რეალურ ცხოვრებაში გადაინაცვლა. რენატო არ მალავდა, რომ ეს მინიატიურული და მომხიბლავი ფრანგი ქალი სიგიჟემდე უყვარდა, ანი ჟირარდო იტალიელს გრძნობითვე პასუხობდა. გადაღებების მერე KvirisPalitra.Geისინი რომსა და მილანში დასეირნობდნენ გათენებამდე. მიირთმევდნენ პიცას, ნაყინს და უსაშველოდ ბედნიერები იყვნენ. მალე დაქორწინდნენ კიდეც.

რენატო ბობოქარი ცხოვრების მოყვარული იყო. კაზინოში თამაში უყვარდა, ანი უკვე თავისად ეგულებოდა და როცა ცოლი კაზინოს გამო საყვედურობდა, გულწრფელად უკვირდა, რა იყო ამდენი სადავო, მერე რა, თუკი დღეს დიდი ფული, მანქანა ან ბინა წააგო?.. ხვალ შეიძლება ორჯერ მეტი მოიგოს, განა ამისთვის ღირს ჩხუბი და სკანდალი? არც ქალებთან ფლირტს იკლებდა ტემპერამენტიანი იტალიელი და ამის გამო ანი ჭკუიდან გადადიოდა. დილას დაბრუნებულ ქმარს კარს მიუჯახუნებდა და პარიზში მიფრინავდა. რამდენიმე დღეში რენატო ეხვეწებოდა, - დამიბრუნდი, უშენოდ ცუდად ვარო და ჟირარდოც კვლავ რომში მოფრინავდა.

სხვათა შორის, ბავშვობაში გადატანილი ვირუსული ინფექციის გამო, ექიმები ამბობდნენ, რომ ანის შვილი არასოდეს ეყოლებოდა, მაგრამ მოხდა სასწაული - ანიმ გოგონა გააჩინა, ჯულია დაარქვეს. ბავშვი საოცრად ჰგავდა მამას. დრო რომ გავიდა, რენატოს გაჭრილი ვაშლივით დაემსგავსა, მასავით ზორბა იყო, ერთი თავით მაღალი თავის კოხტა დედაზე. რენატო სალვატორი კი საყვარელს საყვარელზე იცვლიდა. იმ პერიოდში ცნობილ რეჟისორს კლოდ ლელუშს თავდავიწყებით უყვარდა ანი ჟირარდო. ქალს სიამოვნებდა ცნობილი მამაკაცის ყურადღება, თუმცა მისთვის მაინც რენატო იყო მთავარი.

ანიმ ღალატი მძიმედ გადაიტანა. მან ვეღარ შეძლო პატიება და წამოვიდა ქმრისგან. რენატოს სამშობლოში ცნობილი წყვილის დაშორებას მტკივნეულად განიცდიდნენ. იტალიელები რენატოს ამტყუნებდნენ, ფრანგ რძალს კი გულშემატკივრობდნენ. ამჯერად სალვატორის ხვეწნა-მუდარამ არ გაჭრა. იმ დროს რენატოს ქუჩაში გამოსვლა უჭირდა. თვითონაც უკიდურესად განიცდიდა ანის დაკარგვას, თითქოს ეს არ კმაროდა, გარეთ გასულს, როგორც კი თვალს მოჰკრავდნენ იტალიელები, მაშინვე ჩხუბს უწყებდნენ, ეს რა ქალი დაკარგე, როგორ უღალატეო?!

ბოლო წლები სალვატორიმ სხვა ქალთან გაატარა, მაგრამ მისი გული კვლავ ანი ჟირარდოს ეკუთვნოდა. ორივე აღიარებდა, რომ ღმერთმა მათ მხოლოდ ერთხელ არგუნა სიყვარული.

ანი ჟირარდო ალცჰაიმერით დაავადდა. სენმა მას ბოლო წლებში მეხსიერება თანდათან გამოაცალა, თუმცა მაშინაც არ დავიწყებია რენატო. ქალი ძველებურად დასეირნობდა რომში თავის საყვარელ მამაკაცთან ერთად და ძალიან ბედნიერი იყო. ანი ჟირარდო 2011 წლის 28 თებერვალს გარდაიცვალა. იგი პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს, იქ, სადაც განისვენებენ ონორე დე ბალზაკი, ედიტ პიაფი, ჯიმ მორისონი და სხვა გამოჩენილი ადამიანები.

(სპეციალურად საიტისათვის)