წყვილები. სესილია თაყაიშვილი და ვასო გოძიაშვილი
წყვილები. სესილია თაყაიშვილი და ვასო გოძიაშვილი
უცნაურია, მაგრამ ზოგჯერ ისეთ წყვილებს ვიხსენებ, რომელთაც დიდხანს არ უცხოვრიათ ერთ ჭერქვეშ. მათგან ერთ-ერთს (ან ორივეს ცალ-ცალკე) მალევე შეუქმნია მეორე ოჯახი, მაგრამ იმ ძველი "რაღაცის" გამო საზოგადოების თვალში მაინც წყვილად დარჩენილა. ამაზე საკმაოდ დიდხანს ვიფიქრე (რაც ამ რუბრიკაზე ვმუშაობ) და მივხვდი, მათ "მარადიულობას" თავად იმ ადამიანებმა შეუწყვეს ხელი.

ორი ადამიანის ურთიერთობაში ვინ გაიგებს მტყუან-მართალს, პირადი ცხოვრების გამომზეურებას ხომ ყველა ერიდება, ამიტომაც საიდუმლოდ დარჩენილი დეტალები კიდევ უფრო იდუმალსა და საინტერესოს ხდის
იმ წყვილს, რომელსაც უკვე "ყოფილი" ჰქვია.

უდიდესი მსახიობი და შეუდარებელი ბებია - სესილია თაყაიშვილი 1906 წლის 17 სექტემბერს დაიბადა ბათუმში. მის ოჯახში ბევრი გამოჩენილი ადამიანი იკრიბებოდა KvirisPalitra.Geდა პატარა სესილიას სტუმრებთან ყოფნა ძალიან ართობდა. ის გაფაციცებული აკვირდებოდა ყველას ქცევას, მიმიკას, ლაპარაკის მანერას... მერე კი ზუსტად იმეორებდა
ნანახსა და გაგონილს. შემდეგ თეატრში წაიყვანეს და იქიდან დატყვევებული გამოვიდა ბავშვი. იზეპირებდა ლექსებს, ტექსტებს და ოჯახში სანახაობებსა და საღამოებს მართავდა. მშობლები მიხვდნენ, რომ სესილია მსახიობობის გარდა, სხვა არაფერზე იფიქრებდა, ამიტომაც ხელს უწყობდნენ. 8 წლის იყო, როცა ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. 16 წლისამ ფაღავას სამსახიობო სტუდიაში ჩააბარა და სასწავლებლის დამთავრებისთანავე რუსთაველის თეატრში დაიწყო მუშაობა. ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში სტუდენტებს სახელგანთქმული სტანისლავსკი ესტუმრა. ყველა შეეცადა, თავი მოეწონებინა მისთვის, მაგრამ მან ამდენ ახალგაზრდაში რატომღაც სესილია ამოარჩია, რომელმაც ხნიერი ქალის როლი შეასრულა. სტანისლავსკი ადგა, გოგონას მიუახლოვდა და თავზე ხელი გადაუსვა. ეს ათას ეპითეტსა და კომპლიმენტზე მეტს ნიშნავდა. იმ დღეებში სესილია მართლაც უბედნიერესი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავი სტანისლავსკის მიმდევრად არასოდეს ჩაუთვლია.. იგი მასწავლებლებად ახმეტელსა და მარჯანიშვილს მიიჩნევდა.

რუსთაველის თეატრში ცოტა ხანს იყო, მალე კოტე მარჯანიშვილის თეატრში გადაინაცვლა. ამის მიზეზი მარტო დიდი რეჟისორი და მისი ახლებური ხედვა როდი იყო. მართალია, სესილიასთვის კოტე მარჯანიშვილის დახვეწილი და ესთეტიკური რეჟისურა უფრო მისაღები გახლდათ, ვიდრე ახმეტელის გმირულ-რომანტიკული სულისკვეთება, მაგრამ თეატრის შეცვლის მიზეზი მაინც სხვა იყო. ეს გახლდათ მისი მეუღლე, ვასო გოძიაშვილი. მათ შვილი შეეძინათ, დათო გოძიაშვილი, რომელიც სესილიას მთელ ქვეყანას ერჩივნა.

ისინი რამდენიმე წელიწადში დაშორდნენ, მაგრამ საზოგადოების ყურადღება მაინც მათკენ იყო მიმართული. ვასომ სესილიას შემდეგ მეორე ოჯახი შექმნა, ცოლყოფილი კი აღარ გათხოვილა და ამიტომაც ხალხმა უცებ შექმნა ლეგენდა სესილიას ერთგულებასა და გაუცვეთელ სიყვარულზე. თაყაიშვილს არ უყვარდა პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, სამსახიობო კარიერაზეც თავს არიდებდა ინტერვიუებს. ასე იყო ვასო გოძიაშვილიც, რომელიც ჟურნალისტებსა და თეატრმცოდნეებს სახალისო ამბებსა და ანეკდოტებს უყვებოდა. როცა ვასოს მორიგი რომანი გახმაურდებოდა, სესილია წარბებს ასწევდა და იტყოდა, აბა, ამას მე როგორ ავიტანდიო... თუმცა შვილს, დათოს, არასოდეს ახსოვს, რომ დედას მამაზე ცუდი რამ ეთქვას.

ვასო გოძიაშვილი ერთი წლით იყო სესილიაზე უფროსი. 1905 წელს დაიბადა, თბილისში. მამა ადრე გარდაეცვალა, ვასო მაშინ წლინახევრის იყო. დედამ ოთხი ქალიშვილი და ორიც ვაჟი დიდი წვალებით გაზარდა. სულ უჭირდათ, თან ცუდი პერიოდი იყო. 1930 წლამდე ხან რევოლუციები, ხან სამოქალაქო ომი იყო, ხან ბოლშევიკ-მენშევიკები, წითელ-თეთრები დათარეშობდნენ ქვეყანაში. ვასოს კი გამუდმებით სწყუროდა სწავლა. ხან სად მუშაობდა, ხან სად, რომ დედას დახმარებოდა.

როცა ჯერ კიდევ ბავშვმა "ოტელო" ნახა, მეზობლებისგან ძველი ტანსაცმელი ითხოვა, სახე მურით შეიფერადა და სამეზობლოსათვის ოტელო ითამაშა. იმდენად მოეწონა მაყურებელს, რომ ოვაციასთან ერთად ფულიც არ დაენანა და გახარებულმა ვასომ თანხა დედას ჩააბარა უკლებლივ. მერე იყო და, თბილისს რუსეთის ცირკი ეწვია. მისმა  დირექტორმა სიამოვნებით მიიღო მონდომებული და უდავოდ ნიჭიერი ბიჭი, ნომრებიც მისცა იუმორისტული ტექსტით, მაგრამ ეს ამბავი ვასოს უფროსმა ძმამ გაიგო და ყურში ხელჩავლებული გამოათრია იქიდან. ვასომ ბევრი იტირა მაშინ, მაგრამ ძმის რიდი და შიში ჰქონდა, რახან უთხრეს, იქ აღარ წახვიდეო, აღარც წასულა.

რომ წამოიზარდა, ფაღავას სტუდიაში ჩააბარა. იქ გაიცნო სესილია, შეუყვარდათ ერთმანეთი და დაოჯახდნენ, მაგრამ მუსუს გოძიაშვილს გაუჭირდა ცოლის ერთგულება, სესილიამ კი ღალატი არ აპატია. მოგვიანებით ვასო შვილიშვილებს თავისებური თბილისურ-კინტოური კილოთი უამბობდა: "ვააა,…ქალებში ვინ არ წასულა, ჩემი რომ გაუკვირდა ცოლსა!Kკინაღამ არ მამკლა, კაცო! ძლივს გამოვასწარი!" 
ორივემ ცალ-ცალკე განაგრძო ცხოვრება.

KvirisPalitra.Geორივე ძალიან შეიყვარა მაყურებელმა. სესილია თეატრში იმდენად არ ახსოვს დღევანდელ საზოგადოებას, რამდენადაც ფილმებში თამაშით. ნახეს და დიდმა თუ პატარამ ერთხმად აღიარა, რომ იგი შეუდარებელი ბებია იყო (ფილმებში "მანანა", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "ნატვრის ხე"). სხვა სახასიათო როლიც ბევრჯერ უთამაშია, მაგრამ "ბებია" მაინც სულ სხვა იყო. მახსოვს, როცა გიგა ლორთქიფანიძესთან ინტერვიუ ჩავწერე, სესილიაზე თქვა: ქართველებიდან ჩემთვის ყველაზე დიდი მსახიობი სესილია თაყაიშვილია. გაგიკვირდებათ და მან საღი კბილებიც კი დაიძრო, რომ ნამდვილ ჩიფჩიფა ბებიას დამსგავსებოდა, წინსაფარს აიფარებდა და ჯიბეში სუნელს იყრიდა. ასე შედიოდა როლში, ამიტომაც იყო მისი ბებია ბრწყინვალე და განუმეორებელიო.

რაც შეეხება ვასოს, მისი სიკო "ქეთო და კოტეში" ან "ძველი ვოდევილები" ნამდვილი ფეიერვერკი გახლდათ. თეატრმცოდნენი ამბობენ, მარტო ეს როლები რომ ეთამაშა ვასოს, მაინც დიდი მსახიობების რიცხვში დარჩებოდაო. ამ ორი დიდებული მსახიობის შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები კი მუდამ იამაყებენ, რომ ასეთი წინაპრები ჰყავდათ.  

(სპეციალურად საიტისათვის)
*
18 სექტემბერი 2017 14:44
ქალბატონი სესილია შეუდარებელი ბებია იყო.ის არ იყო მხოლო მარიტას ,მანანას და ზურიკელას ბებია ის იყო ყველა ჩვენთაგანის ბებია..
ეკა გადახაბაძე
12 ივლისი 2017 12:46
ტელევიზიით ხშირად უნდა აჩვენებდნენ მათზე თუნდაც პატარა ჩანახატებს.ახალგაზრდებს სულ თვალში უნდა ხვდებოდეთ ეს და სხვა დიდებული სახეები...
11 ივლისი 2017 00:26
გე.ნიოსები ნათელში იყოს მათი სული.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები