წყვილები. ჟერარ დეპარდიე და კაროლ ბუკე - კვირის პალიტრა

წყვილები. ჟერარ დეპარდიე და კაროლ ბუკე

მათ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს ერთმანეთი. ეს ადგილი შეხვედრათა ნუსხაში პირველია, რადგან მსახიობები, ძირითადად, აქ უახლოვდებიან ერთმანეთს... მერე იწყება რომანი, გახმაურებული და ვნებიანი, რომელსაც  მრავალი ჟურნალ-გაზეთი დიდ დროს და ადგილს უთმობს, მოუსვენარი პაპარაცები კი კუდში დასდევენ წყვილებს.

ჟერარ დეპარდიემ დაინახა თუ არა, მაშინვე აუჩქროლდა გული. კაროლ ბუკე მართლაც მშვენიერი და წარმტაცი იყო, თუმცა ქალებისგან განებივრებულ ჟერარს იმედგაცრუება ელოდა. კაროლმა იგი ახლოს არ მიუშვა. მათი ურთიერთობა საქმიანს არ გასცილებია. ჟერარი უკვე ცოლშვილიანი იყო, გული კი დასწყდა, მაგრამ ოჯახიდან წამოსვლას არ აპირებდა და როგორღაც გადახარშა ქალის გულგრილობა.

ჟერარ დეპარდიე პროვინციაში, ერთ ღატაკ უბანში დაიბადა. იქ იზრდებოდა 17 წლამდე. სიყმაწვილე ქუჩაში გაატარა. სულ ჩხუბობდა. ამის დასტურია გატეხილი ცხვირი, რომლის ესთეტიკურობასა და პლასტიკაზე გამდიდრებულმაც არ იფიქრა. მას ასეთი მოსწონდა თავი და უნდოდა, ქუჩის "სახსოვარი" სულ ჰქონოდა. ერთხელ, როცა მორიგი ჩხუბის შემდეგ ტვინის შერყევით მოხვდა საავადმყოფოში, მწოლიარემ თვალი გადაავლო წარსულს და მიხვდა, ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. პარიზში გამგზავრება გადაწყვიტა.

დედაქალაქში ჩასულმა სამსახიობო კურსებზე ჩააბარა. ნიჭმა თავისი ქნა და მალევე მოხვდა თვალში რეჟისორებს. იმავე კურსებზე გაიცნო ელიზაბეტ გუინოტი, რომელიც ერთი ნახვისთანავე შეუყვარდა და ცოლადაც მოიყვანა.

რაც შეეხება კაროლს, იგი 4 წლის იყო, როცა მშობლები გაშორდნენ. დედამ დატოვა ქმარ-შვილი და საფრანგეთის სამხრეთით გადასახლდა, ზღვასთან ახლოს. კაროლს უფროსი დაც ჰყავდა, მაგრამ მამამ მხოლოდ უმცროსი ქალიშვილი მიაბარა მონასტერში, იმედოვნებდა, რომ მონაზვნები უკეთ იზრუნებდნენ გოგონაზე. მართლაც, ასე მოხდა. კაროლს უყვარდა იქაურობა. მონასტერში საგნებთან ერთად მას ასწავლიდნენ ბევრ საჭირო რამეს, რაც ცხოვრებაში გამოადგებოდა. უპირველესად კი გოგონამ მოთმინება და თავშეკავება ისწავლა. ალბათ, ეს იყო მიზეზი, რომ უსაზღვროდ შეყვარებულ მამაკაცებს კაროლი ცივად ექცეოდა. ჟერარმა მას "ყინულის დედოფალი" უწოდა, მან ჯერ არ იცოდა, რა მგზნებარე და მრავალწლიანი რომანი ელოდა საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალთან. ისინი დროდადრო ხვდებოდნენ ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე, მაგრამ დამთავრდებოდა ფილმის გადაღება და ისევ თავიანთი გზით მიდიოდნენ.

1984 წელს, როცა რეჟისორმა ბერტრან ბლიემ ფილმის "ნაპირი მარჯვენა, ნაპირი მარცხენა" გადაღება დაიწყო, ჟერარი და კაროლი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. ბუკე უკვე დაქვრივებული იყო. მას ნარკომანი ქმარი ჰყავდა, რომელიც წამლის ზედოზირებით გარდაიცვალა. კაროლმა არ იცოდა, რა იყო ბედნიერება, მისგან მხოლოდ ორი ძვირფასი არსება დარჩა: ვაჟები - დიმიტრი და ლუი, რომლებთან ერთადაც ცხოვრობდა პარიზთან ახლოს. ეს ყველაფერი კარგად იცოდა დეპარდიემ. მან იმხელა სიყვარული და ყურდღება მიაგება სითბომონატრულ ქალს, რომ კაროლი "გალღვა". ერთად რამდენიმე ბედნიერი დღე გაატარეს. გადაღება დასრულდა და ისინი კვლავ ოჯახებს დაუბრუნდნენ, მაგრამ ახლა უკვე ერთიც იტანჯებოდა და მეორეც.

კაროლი ვეღარ ძლებდა ამ ქარიზმატული ფრანგის გარეშე. სადღაც შორს დარჩა მისი თავშეკავება, ჟერარის მონატრებასა და სიყვარულს ვეღარ მალავდა. იმ პერიოდში დეპარდიეს ამერიკაში იღებდნენ. კაროლმა იქ ჩააკითხა, მაგრამ ჟერარს ვიღაცამ ენა მიუტანა, რომ მისი არყოფნის დროს კაროლს "მაღალი რანგის"თაყვანისმცემელი გამოუჩნდა და ისინი ერთად ნახა საზოგადოებამ. ჟერარი ამ ამბავმა გააცოფა. როგორც დაჭრილი დათვი, ისე ღრიალებდა, ხან ტიროდა, ხან მუშტებს უბრახუნებდა კედელს...

კაროლმა ძლივს დააწყნარა და აუხსნა, ჩვენ შორის არაფერი მომხდარა, უბრალოდ, შენი წასვლით დატოვებულ სიცარიელეს ვავსებდიო... და ჟერარმაც დაუჯერა. ასეა, როცა ადამიანი ძალიან გიყვარს, ან უნდა დაუჯერო და მასთან დარჩე, ან არ დაუჯერო და წახვიდე. დეპარდიეს კი არ შეეძლო კაროლისგან წასვლა. მათ ერთად დაიწყეს ცხოვრება, მაგრამ ქალს არ უნდოდა, რომ მისი ოჯახი დაენგრია, არადა დეპარდიე გამუდმებით სთხოვდა, ცოლად გაჰყოლოდა.

ერთ-ერთი მოკლეხნიანი დაშორების დროს, როცა დეპარდიე გადაღებით იყო დაკავებული, ხმა გავარდა, რომ მან რომანი გააბა 17 წლით უმცროს სენეგალელ მოდელთან, კარენ სიგუსთან. დეპარდიეს ოჯახს ღრმა ნაპრალები გაუჩნდა, მაგრამ ცოლის რისხვა არაფერი იყო კაროლის ბობოქრობასთან. თავშეკავების ნასახიც აღარ შერჩა, ისტერიკა დაემართა.

კარენმა დეპარდიესგან ქალიშვილიც გააჩინა, მაგრამ სკანდალის შემდეგ, ყველას გასაკვირად, მოდელი დაუბრუნდა თავის საქმროს, ახალგაზრდა მსახიობს ვინსეტ პერესს და ჟერარი ამ უკანასკენლის მეჯვარე გახდა. რაღა თქმა უნდა, ცოლთან განქორწინება გარდაუვალი შეიქნა.

KvirisPalitra.Geჟერარმა და კაროლმა კი ხელმოუწერლად განაგრძეს ცხოვრება დეპარდიეს მამულში, სადაც მსახიობი მეღვინეობამ გაიტაცა. კაროლიც სიამოვნებით ეხმარებოდა ამ საქმეში. ერთად თითქმის 20 წელი იცხოვრეს, მაგრამ ბოლოს მათ ურთიერთობაშიც გაჩნდა ბზარი. საზოგადოება ხედავდა, რომ შეხვედრებზე ერთად აღარ ჩნდებოდნენ. დაირხა ხმა მათ გაშორებაზე, წყვილი კი კარგა ხანს ჯიუტად დუმდა. ბოლოს, 2005 წელს, ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადეს, რომ სცილდებოდნენ.

კაროლმა თქვა: ჟერარის ენერგიამ საოცრად დამღალა და გამომფიტა, მე ახლა მშვიდად ცხოვრება მინდა, მეტი არაფერიო... დეპარდიემ კი აღიარა: კაროლს მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს, ძალიან ეჭვიანიაო... ასე ირიბად გათქვეს დაშორების საიდუმლო.

კაროლმა ვერ გაუძლო დეპარდიეს რომანებსა და ფლირტებს, დაიღალა მასთან კამათით და წავიდა. ჟერარს კი მიაჩნდა, რომ მისი წუთიერი გატაცებებისთვის საყვარელ ქალს ყურადღება არც უნდა მიექცია და არც ეჭვიანობის სცენები მოეწყო.

განშორებიდან ერთი წლის შემდეგ, ჟერარ დეპარდიემ თავისი ახალი ღვინის პრეზენტაცია მოაწყო. ღვინოს კი "კაროლ ბუკე ლაკრუა დე პეიროლი" დაარქვა. წყვილის მეგობრები არ გამორიცხავენ, რომ რამდენიმეწლიანი დაშორების შემდეგ ისინი კვლავ შერიგდნენ. "მათ ხომ გაგიჟებით უყვართ ერთმანეთი", - ამბობენ ისინი.

(სპეციალურად საიტისათვის)