წყვილები. ედიტ პიაფი და მარსელ სერდანი - კვირის პალიტრა

წყვილები. ედიტ პიაფი და მარსელ სერდანი

მისი ცხოვრება სავსე იყო დარდითა და ტკივილით, მაგრამ საშველს ყოველთვის სიმღერით პოულობდა. არაერთი გატაცება და რომანი ჰქონია, მაგრამ ის ერთი სულ სხვა იყო - განუმეორებელი და ულამაზესი. მითი იმის შესახებ, რომ ასეთი სიყვარული სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ  მოდის, რომანის დასაწყისშივე გაჩნდა.

საფრანგეთში დღემდე რომანტიკულ წყვილად მიიჩნევენ ედიტ პიაფსა და მარსელ სერდანს. ლეგენდარული მომღერალი მას შემთხვევით, სულ სხვა ქვეყანაში შეხვდა. ედიტს ვინ არ იცნობდა მისი ხავერდოვანი ხმის წყალობით, საფრანგეთში აღმერთებდნენ, მიუწვდომელ ქალად მიიჩნევდნენ და ბევრი მხოლოდ შორიდან ეთაყვანებოდა.

ედიტი 1947 წელს ჯერ საბერძნეთში, შემდეგ კი ამერიკაში გაემგზავრა საგასტროლოდ. სწორედ იქ გაიცნო ცნობილი მოკრივე მარსელ სერდანი. თანამემამულემ დიდხანს გაიჩერა ქალის ნატიფი, პატარა თითები კრივით გაუხეშებულ, დიდ და ძლიერ ხელის მტევანში, მაგრამ ქალი მიჩვეული იყო მამაკაცებისგან ყურადღებას. მოგვიანებით სერდანი ამ შეხვედრას სასწაულს დაარქმევს: ეს იყო ჯადოსნური წუთი, რომელმაც მაგრძნობინა, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი და ძალიან დიდი იწყებოდაო.

KvirisPalitra.Geყველგან, სადაც ედიტი და მარსელი იყვნენ, იქვე ჩნდებოდა ჟურნალისტებისა და პაპარაცების ჯგუფი. პრესა აჭრელებული იყო მათი ფოტოებითა და ხშირად გამოგონილი ამბებით, რომელთაც სკანდალური სათაურები ჰქონდათ. ედიტი განიცდიდა ატეხილ აჟიოტაჟს, მაგრამ საკმარისი იყო, მარსელს მისთვის ერთი-ორი სიტყვა ეთქვა, უცებ მშვიდდებოდა. ცნობილი მოკრივის სიტყვები მართლაც მაგიურად მოქმედებდა ქალზე. ძლიერი მამაკაცის გვერდით ედიტი იმედიანად და კარგად გრძნობდა თავს. ედიტი მარსელზე რამდენიმე წლით უფროსი იყო, თუმცა გარეგნულად ეს არც იგრძნობოდა. ის ნატიფი და პატარა იყო, სერდანი კი ჩასხმული, დაკუნთული და ძლიერი. მითქმა-მოთქმის შემდეგ მარსელ სერდანმა გადაწყვიტა სახალხოდ ეთქვა სიმართლე: მე და ედიტი საყვარლები ვართ. ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ცოლად კი იმიტომ ვერ მომყავს, რომ მე უკვე მყავს ცოლიც და შვილებიცო. ამ აღიარებამ შოკში ჩააგდო მთელი საფრანგეთი. ჟურნალისტებს ერჩივნათ სიმართლე საერთოდ არ გაეგოთ და ტყუილებით გაბერილი სკანდალური ამბები გამოექვეყნებინათ, მაგრამ სერდანმა მათ ცივი წყალი გადაასხა. ამის მერე მათ შესახებ "სენსაციური" წერილი აღარ გამოქვეყნებულა. მხოლოდ ერთხელ კიდევ აჭრელდა პრესა, როცა სახელოვანი მოკრივე ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ედიტს სიცოცხლე აღარ უნდოდა. რომ არა ერთგული მეგობრები, უსათუოდ თავს მოიკლავდა. ისევ სიმღერამ იხსნა. ხანგრძლივი პაუზის მერე გამართა საღამო, რომელიც მარსელს მიუძღვნა.

როგორი იყო ედიტ პიაფის ცხოვრება მარსელ სერდანამდე? - თვითგადარჩენისა და თვითდამკვიდრების ბრძოლებით, დიდი დანაკარგის ტკივილით აღსავსე... თუმცა იყო დიდებაც...

1915 წლის ზამთრის ერთ სუსხიან საღამოს ერთმა ქალმა პარიზის ბნელ და ბინძურ ქუჩაში, იქ, სადაც მხოლოდ მაწანწალები დადიოდნენ, იმშობიარა. დაიბადა გოგონა. დედა, ალბათ, ბავშვს ქუჩაშივე მიაგდებდა და აღარც გამოხედავდა პირმშოს, რომ არა დროულად გამოჩენილი პოლიციელები. ქალი იძულებული გახდა ჩვილი თბილ ქსოვილში შეეხვია და თავისთან წაეყვანა. ეს ქალი ცირკის მსახიობი ანეტა მაიარი გახლდათ, ედიტის დედა. მამა იმ დროს პირველ მსოფლიო ომში მოხალისედ იყო წასული, ისიც თავის დროზე ცირკის მსახიობი გახლდათ. ლუი გასონი ომიდან დროებით რომ დაბრუნდა და გაიგო,  ცოლმა გოგონა გასაზრდელად თავის მშობლებს მიუყვანა, მაშინვე მიაკითხ შვილს. პატარა ედიტი იქ ძალიან ცუდ პირობებში დაუხვდა. ბევრი აღარ უფიქრია, მოჰკიდა ხელი და ბერნში წაიყვანა, სადაც დედამისი ცხოვრობდა. ლუის დედა მართლაც არაფერს აკლებდა გოგონას. მალე უფროსებმა აღმოაჩინეს, რომ გოგონა ბრმა იყო. ექიმებთან მიიყვანეს, გაასინჯეს, მათ კი დაასკვნეს, ალბათ, გოგონამ ჩვილობაში თავის ტრავმა მიიღო ან ძლიერი ინფექცია გადაიტანა, რის გამოც დაბრმავდაო. მაშინ ბებიამ იგი ერთ სამლოცველოში მიიყვანა, რომელსაც ხალხი გაუგონარ სასწაულებს მიაწერდა... და მართლაც მოხდა სასწაული. იქ მოლოცვის მერე გოგონას თვალისჩინი დაუბრუნდა. 8 წლამდე მასზე ბებია ზრუნავდა, შემდეგ მამამ გოგონა ისევ პარიზში წაიყვანა. 15 წლამდე ედიტი ქუჩის სანახაობებში მონაწილეობდა. ედიტი მღეროდა, მამა კი აკრობატულ ილეთებს ასრულებდა. მოგვიანებით ედიტმა გაიგო, რომ მამას სხვა შვილებიც ჰყოლია. 11 წლის დ რომ გაიცნო, უსაზღვროდ შეიყვარა და გადაწყვიტა, მისთვის მიეხედა. მამამ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ედიტმა მამასთან ცხოვრებ აღარ მოინდომა და დასთან ერთად იქირავა პაწაწკინტელა ოთახი. იგი კვლავ ქუჩაში მღეროდა, ასე შოულობდა ფულს, სანამ კაბარეში "ჟუან ლე პენი" არ მიიწვიეს. სწორედ აქ გაიცნო ლუი დიუპონომი,  რომელსაც ცოლად გაჰყვა. შეეძინათ გოგონა, მარსელი. ედიტს კვლავ მარტოს უხდებოდა ოჯახზე ზრუნვა. ლუი მის ხარჯზე ცხოვრობდა და ედიტმა KvirisPalitra.Geგადაწყვიტა, გაშორებოდა. ქმარმა, იმ იმედით, რომ ადრე თუ გვიან, ედიტი შეურიგდებოდა, გოგონა თავისთან წაიყვანა. ორი თვის შემდეგ ედიტმა გაიგო, რომ ბავშვი ცუდად იყო. მიაკითხა მას და საავადმყოფოში დააწვინა. იმხანად მთელ ევროპაში "ისპანკა" მძვინვარებდა, რომელმაც მრავალი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ედიტი თავის გოგონას ერთი წუთითაც არ მოშორებია. თვითონაც დაავადდა. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ მოახერხეს, ედიტი კი გადარჩა. უსახსროდ დარჩენილს იმის ფულიც კი არ ჰქონდა, რომ შვილი დაესაფლავებინა და კვლავ ქუჩაში გავიდა. ამჯერად არა სასიმღეროდ... ერთმა კაცმა, რომელმაც კოხტა, მაგრამ სევდიანსახიან ახალგაზრდა ქალთან მოისურვა ღამის გატარება, ჰკითხა,  რატომ გახდი მეძავიო, ედიტმა უპასუხა: მე მეძავი არა ვარ. ეს იქნება ჩემს ცხოვრებაში პირველი და უკანასკნელი შემთხვევა. ფული მჭირდება, რათა შვილი დავასაფლავოო... და კაცმა ფული მისცა, ისე, რომ სამაგიეროდ არაფერი მოუთხოვია.

ამის შემდეგ ედიტის კარიერა თავბრუდამხვევი წარმატებით განვითარდა. კაბარეში მომღერალი ჯერ ცნობილმა პროდიუსერმა ლუი ლეპლემ აღმოაჩინა, შემდეგ კი რეიმონ ასსომ, რომელმაც ურჩია, რომ სახელი "პატარა ბეღურა" აღარ შეეფერებოდა. სწორედ მან დაარქვა მომღერალს ედიტ პიაფი. რაიმონმა იგი სახელგანთქმულ "მიუზიკ-ჰოლ ABC"-ში გამოიყვანა, სადაც ედიტი საფრანგეთის უდიდეს მომღერლად აღიარეს. ედიტ პაიფი თაყვანისმცემლებისგან განებივრებული იყო საჩუქრებით, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე მისთვის ყველაზე ძვირფასი მარსელ სერდანის ნაჩუქარი ერთი პატარა, ლამაზი თაიგული იყო წარწერით: "ქალს, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ!" მართალია, თაიგული დაჭკნა, მაგრამ იგი სიკვდილამდე არ მოუშორებია უსაზღვროდ შეყვარებულ მომღერალს.

(სპეციალურად საიტისათვის)